ორშაბათის სიზმარი - მაია ბურჭულაძე

May 1, 2017 | Author: Maia Burchuladze | Category: N/A
Share Embed Donate


Short Description

ორშაბათის სიზმარი - +...

Description

მაია ბურჭულაძე მეთექვსმეტე დეტექტიური რომანი ციკლიდან „დიმიტრი ძნელაძე კრიმინალისტიკის ლაბირინთებში“

ორშაბათის სიზმარი

მის სიკვდილს ელოდა ყველა _ ოჯახის წევრებით დაწყებული პირადი ექიმით დამთავრებული _ ის კი, თითქოს სიკვდილს ედგა ჯიბრში, ცოცხალი თავის არ ნებდებოდა. იწვა თავის განიერ საწოლში და აღსასრულის მოლოდინში წამებს ითვლიდა. რაღაც მომენტში ეჩვენებოდა, რომ აი, დადგა ამქვეყნიურთან განშორების დიადი ჟამი, მაგრამ ეტყობა სულს არ ეთმობოდა სიბერისგან დაუძლურებული, მაგრამ მაინც მშობლიური სხეული _ გასაფრენად გამზადებული უკანვე ბრუნდებოდა და გაურკვეველი ხელმოსაჭიდის ძებნაში უსაგნოდ დაფუთფუთებდა. _ სულს ღაფავს. _ აღნიშნა ვიღაცამ. `ხოო... დიდებული ნათქვამია. დროული. ვღაფავ.~ გაიფიქრა სულთმობრძავმა და თვალის გახელა სცადა. არ გამოვიდა. სიფრიფანა ქუთუთო არ დაემორჩილა ტვინიდან წამოსულ იმპულსს. ერთადერთი ორგანო, რომელიც ჯერ კიდევ განაგრძობდა ფუნქციონირებას, იყო მარჯვენა ყური. მარცხენაში _ სმენადობა ექვსიოდე წლის წინ დაუქვეითდა _ ვირუსული გრიპი რომ შეეყარა, მაშინ. ოპერაციის გაკეთება შეეძლო, ექიმი იყო და არ გაუჭირდებოდა, მაგრამ იქამდე ითრევდა ფეხს, ვიდრე უფრო ვერაგი დაავადება არ გამოუჩნდა _ კიბო. ახლა ეს კიბო შიგნიდან ხრავდა, ნელ-ნელა, ულუფობით, თითქოს მოთმინებაზე ცდიდა. _ მამა, `ღაფავს~ რა არის? _ ეს ანო იყო, მომაკვდავის ცხრა წლის შვილიშვილი. _ კვდება. _ ლაკონურად უპასუხა ვასომ, მისმა უმცროსმა ვაჟმა. _ აკი, ღაფავსო... _ ვერ გაიგო ანომ. _ ლიკუნა, გაიყვანე რა ბავშვი, ამის ნერვები მაქვს?! _ ვასო ცოლს შეუწყრა. _ რა ვქნა, რამდენიც გავიყვანე, იმდენჯერ უკან შემოიპარა. _ თავი იმართლა ლიკუნამ. _ შენც მიუჯექი და არ შემოიპარება. ისედაც, რა საჭიროა ეს ალიაქოთი?! უჰაერობაა. ავადმყოფი კი არა, ჯანმრთელი კაცი დაიხრჩობა. _ ვერ გავიგე, სხვები დარჩნენ და ოჯახის წევრები გავიდნენ? _ ლიკუნამ ისე შეიცხადა, თითქოს აგონიაში მყოფი მამამთილი მისთვის განკუთვნილ ნატვრის თვალს მულებს გადასცემდა. _ `ალიაქოთი~ რა არის? _ არ მოისვენა ანომ. _ აი, ხომ გითხარი?! _ ნიშნისმოგებით ამოიოხრა ვასომ, _ ბავშვი კი არა, ენერგეტიკული ვამპირია. _ შენ თვითონ ხარ ვამპირი. _ შეუტია ცოლმა.

_ და ვამპირი რა არის? _ ანომ ჯერ მამას შეხედა, მერე _ დედას. _ ანო, მოდი ჩემთან, გენაცვალოს მამიდა, მე დაგიჯდები და გაგართობ. _ ეს სიტყვები მომაკვდავის უფროს ქალიშვილს, მერიკოს ეკუთნოდა და სპეციალურად, რძლის დასანამუსებლად იყო ნათქვამი. ლიკუნამ ჯერ ქმარს შეუღრინა, მერე მულს და ანო წინ გაიგდო. _ ისე, მართლა მძიმე ჰაერია, ფანჯარა ხომ არ გაგვეღო? _ იკითხა ნელიკომ, მომაკვდავის მეორე ქალიშვილმა. _ ოოო, არ მინდაააა... _ გზადაგზა აწუწუნდა ანო. `რა ჰქნას, ბავშვია და აინტერესებს, რამ შეყარა ერთად სრულიად სანათესაო. გაფაციცებულები ელოდებიან, როდის გავფშეკ ფეხებს, რომ მერე ჯგუფური კუნტრუშით დაიძრნენ ანდერძის გასახსენელად. რა სახეები ექნებათ, როცა შინაარს გაეცნობიან?! იფ, ერთი დამანახა და მერე... მერე თუნდაც ჯოჯახეთში...~ _ ინატრა მომაკვდავმა. ერთი საათში მის ნატვრას ახდენა ეწერა.

___

ახალგაზრდა მიკროქირურგს გვანცა გორდეზიანს იმ საღამოს მორიგეობა უწევდა. გვანცა პლასტიკური ქირურგიის კლინიკაში მუშაობდა, პროფესორ ვასილ თოფურიას ხელმძღვანელობის ქვეშ, რომელიც ბოლო ერთი კვირა მომაკვდავ მამას ედგა თავზე. კლინიკა ვასოს მამის, აკადემიკოს ედუარდ თოფურიას სახელს ატარებდა და ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ელიტურად ითვლებოდა. ედუარდის სამივე შვილი მამის კვალს გაჰყვა და მისივე დაარსებულ კლინიკაში მუშაობდა: ვასო მთავარ ექიმად, ნელიკო _ მთავარ მენეჯერად, მერიკო _ რეკონსტრუქციის განყოფილების გამგედ. ოჯახის ორივე სიძეც კლინიკის წამყვანი სპეციალისტები გახლდათ. რა დასამალია და, გვანცაც ნათესავის სტატუსით მოხვდა კლინიკაში. მისი ქმარი, ზაზა თოფურია, ვასოს ბიძაშვილად ეკუთვნოდა. სწორედ ზაზას ჩაწოდებით აირჩია მიკროქირურგია და არა პედიატრია, როგორც გათხოვებამდე ჰქონდა გეგმაში. გვანცას უყვარდა ღამის მორიგეობა, ასე უკეთესად უმკლავდებოდა მარტოობას. ზაზას ისეთი სამუშაო გრაფიკი ჰქონდა, სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ გააკონტროლებდი. კამათისა და საყვედურების დრო წარსულს ჩაჰბარდა, ან ეგუები ქრონიკულად მოუცლელ ქმარს, ან ეყრები. გვანცაც შეეგუა, ყოველდღე ხომ ვერ წაუყენებ პრეტენზიებს სამსახურიდან მობრუნებულ მეორე ნახევარს, უფრო სწორედ, ყოველ დილით... შოუ ბიზნესის სფეროში ზაზა ერთ-ერთ გავლენიან პროდიუსერად ითვლებოდა. ამ სფეროს თავისი კანონები აქვს _ სიმღერის ჩაწერისას შეიძლება ისე დაგათენდეს თავზე, სულ დაკარგო დროის შეგრძნება. ზაზას ჰქონდა პროფესიონალური ალღო _ კანით გრძნობდა ნიჭიერ მომღერალს. ფულის გაკეთების უნარი კი მამისგან ერგო. მამა ცნობილი ბანკირი ჰყავდა _ გოგი თოფურია. კარიერის დასაწყისიი ზაზას მისი ფულიც გამოადგა და მისი კავშირებიც. დღეის მდგომარეობით კი აღარავინ ეძახდა `გოგის ბიჭს~. დღეს ამაყად ატარებდა საკუთარი ოფლითა და შრომის მოპოვებულ სტატუსს. გვანცასაც ეამაყებოდა ქმარი, მაგრამ რაღაცნაირად გვერდიდან. სიამოვნებდა, როდესაც სხვები ზაზას აქებდნენ, მეგობრები თვლიდნენ, რომ გაუმართლა. გვანცას კი დღესაც ვერ აეხსნა _ რატომ გააკეთა ზაზამ არჩევანი მასზე _ სამედიცინო ინსტიტუტის

უპრეტენზიო სტუდენტზე და არა რომელიმე ამომავალ ან უკვე გაბრწყინებულ ვარსკვლავზე. ის არც მდიდარი მამის შვილი იყო, არც კალმით ნახატი მზეთუნახავი, არც სიმღერის ნიჭი გააჩნდა, რომ გეფიქრა, რაღაც გამოდნებაო. ზაზამ კი ცოლად მოიყვანა. რატომ? მათი ოთხწლიანი თანაცხოვრება უსიტყვო დუელს ჰგავდა. არ აღიარებდნენ, რომ ორივეს შეეშალა, რომ გრანდიოზულ ქორწილში მრავალგზის წარმოთქმული სურვილი: `ასი წლის მერეც ასე გყვარებოდეთ ერთმანეთიო~ _ ძირშივე მცდარი იყო, რადგან გვანცა ჯიბრით გათხოვდა და არა სიყვარულით. ის მთელი გულით ცდილობდა სანიმუშო ცოლი ყოფილიყო, მაგრამ ზაზამ არ აუბა მხარი _ თავშიც არ მოსვლია ცხოვრების წესის შეცვლა. თითქოს ცოლი კი არ მოიყვანა, არამედ ნანატრი აქსესუარი შეიძინა, რომელიც თაროზე შემოდო დ დროთა განმავლობაში დაივიწყდა. გვანცა ეჭვიანობდა, იბუტებოდა, ბრაზობდა... მერე შეეგუა, ბოლოს კი სულერთი გახდა. `სულერთია~ _ ყველაზე უმტკივნეულო, ამავე დროს, ყველაზე სახიფათო ფაქტორია ცოლ-ქმრულ ცხოვრებაში, ჯანმრთელ ორგანიზმში შეპარულ სიმსივნეს ჰგავს, იქამდე უძლებ, ვიდრე ტკივილი არ დაგგრიხავს. გვანცამ ფანჯარაში გადაიხედა. კლინიკის ეზოში მისი მანქანა იდგა _ შემოდგომის ფოთლებით დაპენტილი ორკარიანი `მერსედესი~. კომუფლაჟიან ტანკს ჰგავდა. ბავშვობა გაახსენდა... მამასთან ერთად ბოტანიკურ ბაღში სეირნობა და გამხმარი ფოთლების გროვაში კოტრიალის ბედნიერება. ნოსტალგიამორეულმა აკრიფა მშობლიური სახლის ნომერი. ყურმილი მამამ აიღო. _ ხომ მშვიდობაა, ცუნცულ? _ ბატონი ბადრის ხმაში სიხარული და შეშფოთება ერთდროულად იკითხებოდა. _ კი. უბრალოდ მოგიკითხეთ. _ ღამის ათ საათზე? _ ათია, თორმეტი ხომ არა! გაგაღვიძე? _ არა, არა, ტელევიზორს ვუყურებდი. უხ, ეს ფეხბურთი ბოლოს მომიღებს, გამისკდა გული... კაი, ფეხბურთი იქით იყოს, შენ სად ხარ? _ კლინიკაში. მორიგე ვარ. _ კლინიკაში... მორიგე... და უცებ მამა გაგახსენდა! _ არ დაიჯერა ბადრიმ. _ აბა, მომიყევი, ცუნცულ, მოხდა რამე? _ მომენატრეთ. _ მონატრების ამბავი დედაშენს ჰკითხე, გუშინ გიორგის სურათი დაეჭირა და შორიდან ესიყვარულებოდა. _ მერე, ვინ უშლის შვილიშვილის ნახვას... ახლოდან. _ შენ სულ სამსახურში ხარ, უცხო დედაკაცს ჩამოუჯდეს?! `უცხო დედაკაცში~ ბადრი გორდეზიანი ძიძას გულისხმობდა. ვერაფრით მოენელებინა, რომ მის ერთადერთ შვილიშვილს კასტინგში გამარჯვებული ძიძა ზრდის. _ მამა, მამიკო, იმ `უცხო დედაკაცს~ ლამარა ჰქვია და ფაქტიურად ჩვენი ოჯახის წევრია. _ დაიწუწუნა გვანცამ. _ ამას ეძახის ოჯახს?! ქმარი ალთას, ცოლი ბალთას, ბავშვი ძიძასთან. არა, ცუნცულ, ეს ოჯახი კი არა, ეს... ეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია. _ ბადრიმ

მრავალმნიშვნელოვანი პაუზა გააკეთა და დიდაქტიკურ იერიშზე გადავიდა. _ მამიდაშენიც ექიმია, მაგრამ ისე აქვს დრო გადანაწილებული, ქმარ-შვილისთვისაც იცლის. _ მამიდაჩემი სტომატოლოგია. _ შენ რომ ბავშვთა პედიატრიას გაჰყოლოდი, დღის პირველ ნახევარში პოლიკლინიკაში იჯდებოდი, მეორე ნახევარში _ სახლში, შენ ხარ ჩემი ბატონი, ქმარშვილთან. _ რას მირჩევ, ოცდაშვიდი წლის ასაკში სპეციალობა შევიცვალო? _ მე გირჩევ, დამოკიდებულება შეიცვალო. ქალი ღამეს სახლში უნდა ათენებდეს და არა სამსახურში. _ ქმარი არ მსაყვედურობს, შენ რა პრეტენზია გაქვს, არ მესმის?! _ სწორედ ეგ მაეჭვებს. პასუხად გვანცამ ამოიოხრა. ბადრისთვის რომ გეკითხა, მის ქალიშვილს მაგისტრის ხარისხი ბაკინჰემის უნივერსიტეტში კი არა, თბილისში უნდა დაეცვა და ნაშუაღამევს მოსული ქმრისთვის ფეხები დაეთბილა. _ რატომ გაჩუმდი? _ ხმა მიაწვდინა მამამ. _ გაგრძელებას ველოდები, ბარემ ბოლომდე დაიცალე. _ გეწყინა? _ ნწუ. _ ნუთუ... ნუთუ ასეთ ცხოვრებაზე ოცნებობდი? _ ასეთ ცხოვრებაზე ვერც ვიოცნებებდი, მამა. _ სიმდიდრეს გულისხმობ? _ რატომაც არა?... სიმდიდრე და წარმატება რამ გაყო?! მე ვცდილობ ვიყო წარმატებული, აქედან გამომდინარე, მდიდარი. რა არის ამაში დასაძრახი? _ თქვენ თუ სიმდიდრე გაკლიათ?! შენი მამამთილის კაპიტალი შვილთაშვილებს გაწვდება. _ რას მირჩევ, მამამთილის წყალობის მოლოდინში ფეხი ფეხზე გადავიდო? _ არა. _ აბა? ყურმილის მეორე მხარეს ჩაახველეს. _ მამა? _ დაუძახა გვანცამ. _ მოგვეცი ბავშვი, მე და დედაშენი გავზრდით. _ ერთი ამოსუნთქვით წარმოიძახა ბატონმა ბადრიმ და განაჩენის მოლოდინში გაისუსა. გვანცა, ცოტა არ იყოს, დაიბნა: _ სამსახურში ატარებს თუ როგორ არის თქვენი საქმე? _ დედაშენი რას მიკეთებს? _ რას ნიშნავს, `რას მიკეთებს~... მუშაობს.

_ აღარ მუშაობს. _ ჩამქრალი ხმით თქვა ბადრიმ _ შემცირებაში მოაყოლეს. გვანცა შეწუხებული ჩამოჯდა სკამზე. მისი ენერგიული, სამსახურზე ორიენტირებული დედა `შეამცირეს~! _ როდის? _ სამი დღე იქნება. _ მე რატომ არაფერი ვიცი? _ დაგერეკა და გეცოდინებოდა. _ მოუჭრა მამამ. გვანცას შერცხვა. ის ყოველთვის კარგი შვილი იყო, როგორც ჩანს ზაზას ჩემფეხება დამოკიდებულება გადმოედო, უფრო სწორედ მოირგო, როგორც ტანსაცმელი. კომფორტული აღმოჩნდა ცხოვრება პრინციპით _ `დაიკიდე და მოგეშვება~. პროფესიის გაფეტიშება კი ჯანმრთელი, ნორმალური ოჯახის უხეირო სუროგატს უფრო ჰგავდა, ვიდრე იმავე პროფესიის სიყვარულს _ ვითომ, შემხედეთ, როგორი საქმიანი ვარ, რა დროის შვილთან თამაშია, პაციენტები მყავს მისახედიო. _ კარგი, მამა. _ თქვა ხმადაბლა. _ დაველაპარაკები ზაზას. _ დაელაპარაკე, თორემ დედაშენი ისეთ დეპრესიაშია, სამი დღე ხალათი არ გაუხდია. წარმოგიდგენია, დილის დგება და წასასვლელი აღარ აქვს. _ გინდა ჩემს მამამთილს ვეტყვი, რამეს გამოუძებნის... _ არ მინდა. _ გააწყვეტინა ბადრიმ. _ რატომ? _ დედაშენის ენერგია ახლა შენს შვილს უფრო სჭირდება, ვიდრე თოფურიების ბიზნესს. _ მოკლედ, აცრილი ხარ მძახლებზე. _ არა, რატომ, შენს მამამთილს პატივს ვცემ. _ ყალბი პათეტიკით შესძახა ბადრიმ. _ თუ პატივს სცემ, რატომ არ მიხვედი დაბადების დღეზე, აკი დაპატიჟებული იყავი? _ გაიგე, ცუნცულ, არ ვარ მე ის კაცი, რესტორნიდან კაზინოში გავუხვიო, კაზინოდან აბანოში, აბანოდან კიდევ ღმერთმა უწყის სად... ღამე ჩემს ცოლთან ჩახუტება მიყვარს და არა... მოკლედ, ნუ მალაპარაკებ, ისედაც იცი. _ მიყვარხარ, მამ. _ გული აუჩუყდა გვანცას. _ კარგი, წავედი, თორემ ავტირდები. _ ატირდი, ქალს უხდება ცრემლი. _ ექიმს არ უხდება. გვანცამ ყურმილი დაკიდა და კედელზე ჩამწკრივებულ სერტიფიკატები შეავლო მზერა. რასაკვირველია, მეტიჩრობაა, მაგრამ ვასო ექიმმა _ პრესტიჟის ამბავიაო და თუკი ვინმეს-რამე ჯილდო მოგეპოვებათ, ყველამ ყველაფერი გამოფინეთო. ნოუ ჰაუმ მედპერსონალში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ასაკოვანი ექიმები, სოლიდური სტაჟითა და არანაკლები ამბიციებით, დაიბოღმენ, რადგან ახალგაზრდა სერტიფიცირებულებთან შედარებით უმცირესობაში აღმოჩნდნენ. გვანცამ კედელს თვალი მოწყვიტა და კაბინეტიდან გამოვიდა. კლინიკის ყველაზე კაპრიზულ პაციენტს ძილი ნებისას თუ არ უსურვებს, ხვალ თავისმართლება მოუწევს.

ცნობილი ტელევარსკვლავი თინა გავაშელი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვდა საკუთარი პერსონის მიმართ. ინკოგნიტოდ გაკეთებული პლასტიკური ოპერაციის გამო თინა მიუწვდომელი აღმოჩნდა გარე სამყაროსთვის და ახლა ლაპარაკის ქრონიკულ დეფიციტს განიცდიდა. გვანცა შეძლებისდაგვარად ცდილობდა ამ დეფიციტის შევსებას, მაგრამ ვარსკვლავად წოდებულს არ ჰყოფნიდა ათწუთიანი მოკითხვები. თინას შეეძლო საათობით ელაპარაკა პლასტიკური ოპერაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე, ასაკის ფაქტორზე ჟურნალისტის ცხოვრებაში, პირდაპირი ეთერის ხიბლზე, შურიან კოლეგებზე... ერთადერთი ტაბუდადებული თემა იყო პოლიტიკა. ჟურნალისტური ეთიკა ავალდებულებდა დუმილს თუ მართლა რაღაც ჰქონდა დასამალი, გვანცამ არ იცოდა. პრინციპში არც აინტერესებდა, თუ, რა თქმა უნდა, სიტყვა არ ჩამოვარდებოდა დიმიტრი ძნელაძეზე _ თინას კოლეგასა და გვანცას ყოფილ შეყვარებულზე. კარიერის დასაწყისში თინა გავაშელი არც განსაკუთრებული გარეგნული მონაცემებით გამოირჩეოდა, არც განსაკუთრებული ინტელექტით, სამაგიეროდ ჰქონდა მაღალი ხმა, ძლიერი ენერგეტიკა და სამართლიანი ქალის იმიჯი, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ რიგითი კორესპონდენტიდან ქვეყნის მასშტაბით ყველაზე რეიტინგული თოქ შოუს წამყვანამდე ამაღლებულიყო. პრიმადონის ტიტულის შესანარჩუნებლად საჭირო გახდა გარეგნობაში მცირეოდენი კორექტივების შეტანა _ სახის წრიული დაჭიმვით დაწყებული, მოშვებული საჯდომის გამკვრივებით დამთავრებული. თუკი ედუარდ თოფურიას სავიზიტო ბარათი ცხვირი იყო, ვასილ თოფურიამ სხეულის ინტიმური ნაწილების `ჭრა-კერვით~ გაითქვა სახელი. ნაოპერაციევ ცხვირს, დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი, ვერსად დამალავ. სულ სხვაა სხეულის კორექცია... ამ კუთხის ვასოს კლიენტები სრულ კონფიდენციალობას ითხოვდნენ. არც თინა იყო გამონაკლისი. გაცილების იოლია ეგზოტიკურ მასაჟს დააბრალო უეცარი მეტამორფოზა, ვიდრე გამოტყდე, რომ გარეგნობის შესაცვლელად დანის ქვეშ დაწექი. თინას საავტორო გადაცემა ახალი ფორმატით უნდა გასულიყო ეთერში, სადაც წამყვანი პროკურორის პოზაში კი არ იჯდა, არამედ სტუდიაში გადაადგილდებოდა. არ არსებობდა ქვეყნად დიზაინერი, რომელიც მომგებიანად შეფუთავდა თინას არამომგებიან ფორმებს. გვანცამ თავმომწონედ შეათვალიერა დერეფნის ვიტრინაში გამკრთალი საკუთარი სილუეტი. თხელი, მოქნილი სხეული ჯერჯერობით კორექციას არ საჭიროებდა. ზევით აწეული და სარჭით დამაგრებული თმა ასაკს მატებდა, სამაგიეროდ ხაზს უსვამდა მაღალ ყელსა და პატარა ყურებს. პალატაში გამოკეტილი თინა პრესას ეცნობოდა. ექიმის დანახვაზე ფერადოვანი ჟურნალი გვერდზე გადადო და გაღიმება სცადა. ულამაზოდ გამოუვიდა _ ჯერაც მოუშუშებელი ნაწიბურების გამო მიმიკრიისას კანი ეჭიმებოდა და სტკიოდა. _ როგორ ხართ? _ თბილად მოიკითხა გვანცამ. _ აი, უსაქმურობისგან ყვითელ პრესას ვკითხულობ. იმდენი სისულელე წერია... _ თავი იმართლასავით თინამ, აქაოდა, ტაბლოიდი რა ჩემი საკადრისიაო. _ ზოგჯერ სისულელის კითხვაც სასარგებლოა. _ დაამშვიდა გვანცამ. _ მეც მანდა ვარ! _ გაუხარდა თინას, მაგრამ მხოლოდ თვალებით. _ ახლა წავიკითხე: თურმე დემი მურს გაახალგაზრდავება ნახევარი მილიონი დაუჯდა. წარმოგიდგენიათ? ნახევარი მილიონი რომ მქონდეს, საერთოდ წავიდოდი სამსახურიდან. გვანცა ფრთხილად დაიხარა თინას სახესთან _ ყურების გაყოლებაზე საფენები შეამოწმა. _ ერთი სული მაქვს ეს ჭინჭები ჩამოვიგლიჯო და ჩემი განახლებული ფიზიო შევათვალიერო. _ მოგუდული ხმით ჩაილაპარაკა თინამ.

_ `განახლებული~ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია... ისეთი არაფერი გაკეთებულა, რომ საკუთარი თავი ვერ იცნოს, უბრალოდ... უბრალოდ პატარა ხარვეზები გამოვასწორეთ. _ ტაქტიანად თქვა გვანცამ. _ `სრულყოფილება დეტალებშია~, როგორც იმ რეკლამაიი, არა? _ კი, ნამდვილად ასეა. _ მომწყინდა აქ ყოფნა... ცნობილი მიზეზების გამო მობილური გათიშული მაქვს, ხომ იცით, დაიწყება: სად ხარ, ვისთან ერთად, როდის ჩამოხვალ... ხალხს საზღვარგარეს ვგონივარ. მინდა ფურორი მოვახდინო! _ ეჭვი არ შეგეპაროთ, მოახდენთ. _ პატივცემულ ვასილს რომ შემოევლო და ერთი დაეხედა თავისი ნამუშევრისთვის, არაფერი დაუშავდებოდა. _ თინა პლასტიკურ ქირურგს გადაწვდა, იცოდა, რომ გადასცემდნენ. _ ვასო ექიმი მომაკვდავ მამას ადგას თავზე. _ ღმერსო მაპატიე, მაგრამ ის ადამიანი იქნებ ორი კვირა არ კვდება?! მე კი გამოწერა მეჩქარება. ვასო პირადად დამპირდა ოპერაციის შედეგების რეგულარულ შემოწმებას. გართულება რომ დამეწყოს, ვინ არის პასუხისმგებელი? _ ნუ ღელავს, თინა, ვასო ყოველდღიურად კითხულობს სავისი პაციენტების ამბებს. _ ყოველდღიურ მოკითხვას, სჯობდა ერთხელ დაეხედა... _ წუხელ დაგხედათ, მაგრამ გეძინას და აღარ შეგაწუხათ. _ ვაიმე, ეს რა მითხარის?! _ შეწუხდა სინა, _ არ მიყვარს, როცა მძინარეს დამცქერიან. _ გააჩნია ვინ... ექიმისთვის შეიძლება. _ გაუღიმა გვანცამ. თინამ ცნობილი მიზეზების გამო ღიმილი ვერ დაუბრუნა, მაგრამ სრულიად სერიოზული გამომეტყველებით უთხრა შემდეგი: _ იცით, გვანცა, თქვენთან საუბარი მამშვიდებს და გეტყვით რატომ: იშვიათი ტემბრის ხმა გაქვთ, პლიუს გამართული მეტყველება... ტელევიზიები სანთლით ეძებენ თქვენი მონაცემების ჟურნალისტებს. განსაკუთრებით, საინფორმაციო გამოშვებას უჭირს. შეხედავ, სიმპათიური გოგოა, მონდომებული, ხმა კი ბავშვური აქვს _ მაღალი, წიკვინა. შემიძლია, რეკომენდაცია გაგიწიოთ. _ მე? ტელევიზიაში? _ გვანცას გულიანად გაეცინა. რა მაგარი იქნება, დიმიტრის რომ კოლეგად რომ მოევლინოს?! _ არა, თქვენ სწორედ ვერ გამიგეთ, კორესპონდენტობას არც შემოგკადრებდით. `ტვ-21~ _ში სამედიცინო შინაარსის გადაცემაზე ტენდერია გამოცხადებული, თუ საინტერესო პროექტს შემოგვთავაზებთ, სიამოვნების დაგეხმარებით. _ მადლობა, მაგრამ არ მგონია ამ საქმიდან რამე გამოვიდეს. _ მე ჩემი გითხარით. ჩვევა მაქვს ასეთი, კადრების დეფიციტის გამო ნებისმიერ ადამიანს ჟურნალისტურ ჭრილში განვიხილავ. _ თინა უცებ გაჩუმდა და საჩვენებელი თითი ქვევით მიმართა. _ სართულით დაბლა ვინ წევს?

_ პაციენტი. მამრობითი სქესის. _ დააზუსტა გვანცამ. _ სქესი ვიცი, აივნიდან მოვკარი თვალი. მე მაინტერესებს ვინაობა. _ ერევნელი სომეხია. _ დარწმუნებული ხართ? _ რატომ მეკითხებით? _ ერთ ბობოლას მივამსგავსე და... _ როდის მოასწარით მიმსგავსება, ამ პაციენტს თქვენს მოსვლამდე გაუკეთდა სახის პლასტიკა და რამდენადაც ვიცი, დღესაც საფენი ადევს. _ სახე მართლაც არ დამინახავს, სამაგიროდ დავინახე მოსვირინგებული მკლავი. გვანცამ გაკვირვებულმა შეხედა. თინა მიხვდა პასუხის ორაზროვნებას და სასწრაფოდ განმარტა: _ ეს ის არაა, რაც თქვენ იფიქრეთ. მსგავსი სვირინგი აუზზე დავინახე და მეხსიერებაში ჩამებეჭდა. _ ასეთი ორიგინალური სვირინგი იყო? _ იცით, ჩვეულებრივი ღუზა. უბრალოდ შესრულების მანერამ დამაეჭვა. ასეთებს ადრე ციხეებში იკეთებდნენ. _ თინამ შეთქმულივით დაუწია ხმას. _ ის თქვენი ბობოლა ნაციხარია? _ ჭორის დონეზე ვიცი, რომ იჯდა. _ ალბათ, ქართველი და სომეხი ბობოლები საბჭოსა ციხეში იხდიდნენ სასჯელს, სრულიად შესაძლებელია ერთნაირი სვირინგები გაეკეთებინათ. მაშინ მოდაში იყო სვირინგი. პრინციპში, ახლაც მოდაშია, მაგრამ სხვანაირი. _ ჰო, ალბათ... _ დაბნეულად დაეთანხმა თინა, _ შეიძლება ვიცოდე რატომ დასჭირდა სახის პლასტიკა? _ ავარიაში მოხვდა და ნაკვთების დეფორმაცია მიიღო. ასეთ შემთხვევაში, პლასტიკა საუკეთესო გამოსავალია. _ თბილისში რა მოარბენინებდა, დავიჯერო, ერევანში არ ჰყავთ კარგი ქირურგები? _ ჩვენზე უკეთესები ნამდვილად არ ჰყავთ. ჩვენზე უკეთესი სპეციალისტები მხოლოდ მოსკოვშია. ცხადია, პოსტ საბჭოთა სივრცეს ვგულისხმობ. _ მაშინ მოსკოვში რატომ არ წავიდა? _ ამდენი არ ვიცი. მართალი გითხრათ, თვალით არ მინახავს ეგ პაციენტი, არც ოპერაციას დავსწრებივარ. უკაცრავად, ერთი წუთით. მობილურის ზარმა გვანცას სულზე მიუსწრო. ცნობისმოყვარე ჟურნალისტმა ცოტა არ იყოს დაღალა, მავანს ღუზა ექნება ამოსვირინგებული, მავანს _ კოსმოსური ხომალდი. მაგალითად, გვანცას ერთმა ნაცნობმა წელის არეში ჩინური იეროგლიფით შეყვარებულის სახელი ამოისვირიგნა. ეგონა, მთელი ცხოვრება ეყვარებოდა, მაგრამ ერთ წელიწადში დაიშალენ. ახლა დადის და პარტნიორად ყოფილი შეყვარებულის სეხნიას ეძებს. _ ხო, ზაზა, _ გაეპასუხა ქმარს.

_ ედუარდი მოკვდა. _ რაღაცნაირი საზეიმო ხმით აუწყა ზაზამ. _ საწყალი, დაისვენა... _ გვანცა შეწუხებული გამომეტყველებით გაემართა გასასვლელისკენ. _ მაგან კი დაისვენა, მაგრამ ოჯახი, რომ იტყვიან, გაღიმებული დატოვა. _ ჩაიფხუკუნა ზაზამ. _ ვერ გავიგე... მოხდა რამე? _ სკამზე თუ არ ზიხარ, დაჯექი. _ კაბინეტში შევალ და დავჯდები. გვანცამ გამომშვიდობების ნიშნად თინას ხელი დაუქნია და ლაპარაკ-ლაპარაკის გავიდა პალატიდან. პალატიდან გავიდა თინაც, მაგრამ გვანცას არ გაჰყოლია, ხალათის ფართხუნით ჩაიქროლა დერეფანში და ქვედა სართულზე გაუჩინარდა.

___

ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ედუარდ თოფურია ვარაუდობდა. ანდერძმა ოჯახი შოკში ჩააგდო. აღმოჩნდა, რომ წყნეთის ფეშენებელური აგარაკი ოჯახის უფროსმა ვინმე დარეჯან წაქაძეს გადაულოცა. პირველად იფიქრეს, საქმე უკანონო შვილთან ჰქონდათ _ იქნებ ედუარდმა ახალგაზდობაში იმამაძაღლა, შვილი შეეძინა, სიბერეში კი სინდისმა შეაწუხა და ამ გაღვიძებული სინდისის მისაჩქმალად უძრავი ქონება უფეშქაშა. ოჯახმა მსტოვრები აფრინა და მალე პასუხიც მიიღო _ დარეჯან წაქაძე ერთი გაჭირვებული სოფლელი ქალი იყო, მრავალშვილიანი დედა, რომელსაც არც ინტიმური, მითუმეტეს, არც მეგობრული კავშირი არ ჰქონია სახელგანთქმულ ქირურგთან. _ ეს ხომ სრული აბსურდია, უკაცრავად და, მარაზმატიკი მოხუცის ბოროტი ხუმრობა! სად გაგონილა ნახევარმილიონიანი ქონების გაჩუქება, როდესაც სახეზეა კანონიერი მემკვიდრეები? _ ვიშვიშებდნენ ედუარდის ქალიშვილები. გულის სიღრმეში ნელიკოც და მერიკოც აგარაკს სათავისოდ მოიაზრებდნენ. რასაკვირველია, ვასოს და მის ოჯახს წლის ნებისმიერ დროს შეეძლოთ აგარაკით სარგებლობა, მაგრამ თუ სამართალია, მამისეული ქონებიდან სოლიდური წილი ქალიშვილებსაც ეკუთვნოდათ. ვასოს რჩებოდა მშობლების დიდი ბინა ვერაზე და მამის დაფუძვნებული კლინიკა, რომელსაც ისედაც განკარგავდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. წილებზე ჯერ კიდევ ედუარდის სიცოცხლეში არსებობდა ფარული დაპირისპირება, რომლის სულისჩამდგმელი ოჯახის დიასახლისი, ქალბატონი ნათელა გახლდათ. ცხადია, დედას მზე და მთვარე ერთადერთ ვაჟზე ამოსდიოდა, მაგრამ მემკვიდრეობის გარეშე არც ქალიშვილების დატოვება სურდა. ვასოს ერთი კინკილა შვილი ჰყავდა, ისიც გოგო, მაშინ, როდესაც ქალიშვილებმა საერთო ჯამში ხუთი შვილიშვილი აჩუქეს, აქედან _ სამი ბიჭი. მართალია თოფურიას გვარს არ ატარებდნენ, მაგრამ ნათელას ხელში იყვნენ გაზრდილები და დაფრთიანებულები. ცოლის მინიშნებებს ედუარდი ხაზგასმული დუმილით პასუხობდა, ქალებმაც ჩათვალეს, რომ დუმილი თანხმობის ნიშანია და აღარ აცივდებოდნენ. ჩააცივდებოდნენ და კაი ტურას დაიჭედნენ, არ იყო ედუარდი ის კაცი, ვინმე დაესვა თავზე. კაკუნის გარეშე შვილიშვილიც ვერ შეაღებდა მისი კაბინეტის კარს. რას საქმიანებდა მცხოვანი მედიკოსი იმ კაბინეტში, ვის სასარგებლოდ ჭრიდა და კერავდა ანდერძს, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გახდა

ცნობილი. აგარაკი _ ვიღაც დარეჯანს, კლინიკა _ არა პირადად ვასოს, არამედ სამივე შვილს თანაბრად. დირექტორთა საბჭოში საოჯახო კლანის გარდა შეყვანილ იქნა ედუარდის საყვარელი მოწაფე და ვასოს კოლეგა ნიკა ღუდუშაური, რაც თავისთავად გამორიცხავდა ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებას. მოკლედ, ანდერძს ოჯახის ყველა წევრი ხმამაღლა აპროტესტებდა... ვასოს გარდა. ბოლოს ისიც გამოვიდა `გაღიმებული~ მდგომარეობიდან, ტრიბუნივით ასწია ხელი და ყველას გასაგონად თქვა: _ მორჩეს ამაზე ლაპარაკი, ასეთი იყო მამაჩემის ნება! ფუტკრის სკასავით აზუზუნებული სანათესაო მომენტალურად ჩაცხრა. მართლაც, მიცვალებულს პირველ რიგში დატირება და დამარხვა სჭირდებოდა და არა საყოველთაო გაკიცხვა. შოკისმომგვრელი ანდერძის ფონზე მაინდამაინც არავის ეტირებოდა, მაგრამ წესი წესია, სულ რომ ბრაზით გიცახცახებდეს ჯიგარი, კეთილი უნდა ინებო და ღირსების სრული დაცვით მოირგო ჭირისუფლის პოზა. მით უფრო, სამძიმარზე მთელი თბილისის სამედიცინო ელიტა გამოცხადდება. გამორიცხული არაა, თვით პრემიერმა ინებოს მობრძანება. ყოველდღე კი არ უკვდება ქვეყანას ედუარდ თოფურიას რანგის აკადემიკოსები. ვასომ მხოლოდ ნაშუაღამევს მოახერხა განმარტოება. სააბაზანოში შეიკეტა, სანუკვარი ფხვნილი სარეცხის მანქანაზე დაყარა და ხარბად შეიყნოსა. ალკოჰოლი ვერ ჩაუხშობდა ყელში გაჭედილ ბოღმას, კოკაინი თუ უშველიდა, სხვა ვერაფერი! ვასო ერთადერთი იყო, ვინც იცოდა _ ანდერძი არ ყოფილა `მარაზმატიკი მოხუცის ბოროტი ხუმრობა~, როგორც ნელიკოს წამოცდა. ის ვასოს დასანამუსებლად იყო შედგენილი. გამოდის, მამამ ვერ დაივიწყა, არ აპატია, თუმცა ბოლომდე ვერ გაიმეტა, სახალხოდ არ ამხილა, ცხოვრებისა და მუშაობის გაგრძელების შანსი დაუტოვა. შანსი და ჯვარი. კაიფის დაჭერის მოლოდინში ვასომ თავი გადააგდო და ჭერს მიაჩერდა. იქ ცხრა წლის ბიჭუნას კონტური დაიხატა. მას ძველმოდური სახელი ერქვა _ შიო. გამოხედვაც დიდი ადამიანისა ჰქონდა, თითქოს გული უგრძნობდა, რომ მფარველი ანგელოზივით მომღიმარი თეთრხალათიანი ექიმი სინამდვილეში სიკვდილის ანგელოზი იყო. მისი სიკვდილის ანგელოზი...

თორმეტი წლის წინჴბჱ

_ მიშველეთ რამე, ედუარდ ექიმო, ჩემი ბიჭი ბულტერიერმა დაგლიჯა! ამ სიტყვების შემოიჭრა ჯანსუღ ჯაჯანიძე ვასილ თოფურიას ცხოვრებაში და როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, სამუდამოდ დარჩა. იმ დღეს ახალგაზრდა ექიმი ვასო თოფურია მამამისის კაბინეტში იმყოფებოდა და ხვალინდელი ოპერაციის დეტალებს ათანხმებდა. მამა-შვილი გაოცებული მიაჩერდა დაუკითხავად შემოჭრილ ორმეტრიან ახმახს. _ დაბრძანდით, ჩემო ბატონო, დაბრძანდით და დამშვიდებულ გულზე ამიხსენით, რა და როგორ... _ჲუთხრა ედუარდმა.

_ რა დამამშვიდებს, როცა ჩემს ანგელოზივით ბიჭს სამუდამო სიმახინჯე ემუქრება! _ ახმახი ილაჯგაწყვეტილი დაეხეთქა სკამზე. _ სახე დაუზიანდა? _ დაუზიანდა რომელია?! ვააბშე აღარა აქვს სახე, თითქმის სკალპიანა ააგლიჯა! _ შესძახა ცრემლმორეულმა და თავში ხელები წაიშინა. ედუარდმა სულის მოთქმა აცადა. მრავალწლიანმა პრაქტიკამ ემოციების მართვა ასწავლა, ისედაც, არ მიეკუთვნებოდა სენტიმენტალურთა კატეგორიას. `ყველას სატკივარი თუ გულთან ახლოს მიიტანეთ, ძილი დაგიფრთხებათ. _ არიგებდა შვილებს, _ გამოუძინებელი ექიმი კი საოპერაციო ბოქსში არ შეიშვება. ეს იგივეა, ბავშვს ნაჯახი მისცე სათამაშოდ~. ედუარდთან მომუშავე ქირურგებს ასევე ეკრძალებოდათ ოპერაციის გაკეთება ნაბახუსევზე. განაწესის დამრღვევი ლამის `მგლის ბილეთით~ ტოვებდა სამსახურს. _ სად არის ბავშვი ამ მომენტისთვის? _ საქმიანად დაეკითხა ედუარდი, როცა აღელვებული მშობელი მეტ-ნაკლებად დამშვიდდა. _ ჯერჯერობით რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მაგრამ იქ სახის პლასტიკას არ აკეთებენ. უნდა დამეხმაროთ ექიმო, რადაც არ უნდა დამიჯდეს ჩემს ბიჭს პირვანდელი სახე უნდა აღუდგინოთ. _ გააჩნია დაზიანების ხარისხს... სკალპიანა თუ ააგლიჯა, პირვანდელი იერსახის დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ არსებობს გადანერგვის პრაქტიკა, მხოლოდ მისი საშუალებით შეგვიძლია კანის ამოგლეჯილი ფრაგმენტების აღდგენა. _ `გადანერგვა~ რას ნიშნავს, ტრაკიდან რო იღებენ და სახეზე აწეპებენ? _ გულუბრყვილოდ იკითხა კაცმა. _ საჯდომიდანაც და სხვა ადგილებიდანაც. _ კორექტულად შეუსწორა ედუარდმა, _ ზურგიდან, თეძოდან, ბარძაყიდან... _ არა, არა, გლეხის საბანივის დალატკავებული შვილი არ მინდა! _ კატეგორიულად თქვა კაცმა, _ ბავშვი ისედაც ტრამვირებულია, ახლა რა გინდათ _ გასატყავებლად გავიმეტო?! _ სხვანაირად არ კეთდება მსგავსი ტიპის ოპერაციები. _ ცივად მიუგო ედუარდმა. _ მე მითხრეს, რომ კეთდება. _ ახმახმა ხმას დაუწია და ცბიერი გამომეტყველების გადმოიხარა მაგიდაზე. _ იქნებ მიკარნახოთ, როგორ? _ დონორის საშუალებით. გადაუნერგეთ ჩემს ბიჭს დონორის კანი. _ გამორიცხულია. _ რატომ? ედუარდმა ვასოს შეხედა _ ვითომ, მოუსმინე, რა მიედ-მოედება ეს კაციო. ვატომ გაგებით დაუკრა თავი _ ყველაფერს მივხვდი და სრულიად გეთანხმებიო. _ რამდენი წლისაა თქვენი ვაჟი? _ ცხრა. _ იქნებ ისიც მიკარნახოთ, საიდან გამოვჩეკოთ დონორად ცხრა წლის თეთრკანიანი ბიჭი? _ თეთრკანიანი რა შუაშია?

_ დონორისა და პაციენტის სქესი და რასა იდენტური უნდა იყოს. მოკლედ, ერთმანეთს ემთხვეოდეს. _ მოთმინებით აუხსნა ედუარდმა. _ ააა, ეგ სხვა ამბავია... _ კაცი წამით ჩაფიქრდა, თუმცა სწრაფად იპოვა გამოსავალი _ მერე რა, იყოს თეთრკანიანი! აფრიკაში ხო არ ვცხოვრობთ, ზანგები გვეხვიოს გარშემო?! პირადად მე, დონორში ნებისმიერი თანხის გადამხდელი ვარ. ხაზს ვუსვამ, ნებისმიერი თანხის, თქვენ უღონდ ციფრი დაასახელეთ. _ თქვა და მეტი დამაჯერებლობისსვის მაგიდას ბეჭდიანი თითი ჩამოარტყა. ვასო მიხვდა _ ახლა თუ არ ჩაერია, მამამისი კინწისკვრით გააგდებს კაბინეტიდან `ნებისმიერი თანხის~ გადამხდელ ბეჭდიან ახმახს. _ უკაცრავად, თქვენი სახელი? _ რბილად დაეკითხა. _ ჯანსუღი მქვია. _ შეუძლებელს ითხოვთ, ბატონო ჯანსუღ, დონორობა დასაშვებია შინაგან ორგანოებზე, ისიც განსაზღვრულ ჩარჩოებში. რაც შეეხება პლასტიკას, აქ უძლურები ვართ, კანონი კრძალავს გვამური ტრანსპლანტანტის გამოყენებას. _ რას ნიშნავს გვამური?! გვამი რა ჯანდაბად მინდა?! _ ჯანსუღად წოდებულმა შვილიდან მამაზე გადაიტანა მზერა და პირიქით. _ აბა, დონორი რას ნიშნავს? იქნებ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილის გამო ცოცხალ ადამიანს გაატყავებენ? _ ააა, ჰოოო.. _ ჯანსუღმა კეფა მოიფხანა და ხელმეორედ ჩაფიქრდა. _ მოიცა, ცოცხალს ვერა, მაგრამ... ხომ შეიძლება ვიღაც ავარიაში მოჰყვეს და... ნუ, მოკვდეს, რა... თუკი დონორი გვამურს ნიშნავს, რა პრობლემაა, გადავნერგოთ. _ მგონი გასაგებად აგიხსნეს, რომ მსგავსი ქმედება კანონის აკრძალულია. _ ვერ მოისმინა ედუარდმა. _ არ არსებობს კანონი, რომელსაც ფულის გამო ადამიანი არ დაარღვევს. _ ცალყბად აღნიშნა ჯანსუღმა. _ არსებობს ეთიკის კანონები, რომლებიც განხილვას არ ექვემდებარება. _ თუკი ადამიანი მოკვდა, რა შუაშია ეთიკა? მკვდარი მკვდარია. _ მერე, რომელ ჭკუათმყოფელი მშობელი მოგცემს შვილის გვამს ექსპერიმენტების ჩასატარებლად? _ ექსპერიმენტის? _ დადარაჯებული ხმის იკითხა ჯანსუღმა. _ დიახ, დიახ, ექსპერიმენტის. _ ე. ი. რომც გამოჩნდეს დესაფერისი დონორი, ასპროცენტიან გარანტიას ვერავინ მომცემს? _ ვერა. _ დაბეჭდა ედუარდმა. _ ორგანიზმი ან მიიღებს ტრანსპლანტანტს, ან არა. იმუნური სისტემის შესანარჩუნებლად მთელი ცხოვრება მედიკამენტების მიღება მოუწევს, ადვილი არაა სხვისი ორგანოთი ცხოვრება. _ მახინჯად დარჩენა კიდევ უფრო ძნელია. _ რა გითხრათ... უბედური შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული. _ ე. ი. უარს მეუბნებით.

_ კანონის დარღვევაზე კი, პლასტიკის შესახებ მხოლოდ ბავშვის ნახვის შემდეგ მოგახსენებთ აზრს. _ იმის თქმა გინდათ, რომ ჩემს ბიჭს მაიმუნის ტრაკივით წითელი და ნაოზიანი სიფათი უნდა ჰქონდეს?! _ სიტყვები შეარჩიეთ, პატივცებულო, თუ არადა მიბრძანდით აქედან! _ კარზე მიუთითა ედუარდმა. მაგრამ მისი გაშვერილი თითი ჰაერში დარჩა. ჯანსუღი არც უსმენდა, არც უყურებდა, ხელი ქურთუკის ჯიბეში ჩაეყო და ისტერიულად იქექებოდა. როგორც იქნა, ლამაზი ბიჭუნას ფოტოსურათი ამოიღო, სინანულით დახედა და თითქოს ექიმების დასანამუსებლად მაგიდაზე გააცურა. _ აი, ეს არის ჩემი ჯანიკო, უფრო სწორედ იყო... ახლა მარტო კბილებიღა შერჩა... _ ჯანსუღმა ხმაურით ჩაყლაპა ნერწყვი და ათრთოლებულ ცხვირზე სახელო გაისვა. _ ვწუხვარ. _ ჩაილაპარაკა ედუარდმა. _ მხედველობაც დაკარგა? _ დაინტერესდა ვასო. _ არა, თვალები გადაურჩა, მაგრამ სახე, სახე... ის ძაღლი... ის შობელძაღლი ბულტერიერი ჩემს ხელში იყო გაზრდილი. არ ვიცი, რამ გააგიჟა, რა მოეჩვენა... სხვისი რომ ყოფილიყო, პატრონს ზედ დავაკლავდი, მაგრამ ჩემი ძაღლი იყო და თავს ხომ არ მოვიკლავდი? ჯანიკოს თუ ეშველება, არც მაგაზე ვარ უკანდამხევი, მაგრამ მე რომ მოვკვდე, დაგლეჯილი ბავშვი ვის დავუტოვო?... დედამისს? რომელსაც სტრესის ნიადაგზე დიაბეტი განუვითარდა და აქეთ არის მისახედი?! კაცო, ხელი რომ მოეჭამა, ან ფეხი, არ დავეძებდი, ბოლო-ბოლო ინვალიდი იქნებოდა, ჯოხს დაიჭერდა, პროტეზს გაიკეთებდა... სახეს რა მოვუხერხო, სახეს! _ გულდამწვარი მამა ისეთი ძალით ჩააფრინდა საკუთარ ლოყებს, ლამის ხორციანად მოიგლიჯა. _ ვერაფრით დაგაიმედებთ. _ ედუარდმა ხელები გაშალა და აუდიენციის დამთავრების ნიშნად ფეხზე წამოდგა. ჯანსუღმა ლოყების წვალებას თავი დაანება, ნაწყენი მზერა ესროლა ექიმებს და უკანმოუხედავად გავარდა. კაბინეტში დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა. _ არადა, არის ამ ბავშვის დახმარების შანსი. _ ხმადაბლა თქვა ვასომ. _ მე უარი არ მითქვამს დახმარებაზე, უბრალოდ ეს უბედური კაცი შეუძლებელს მთხოვს. _ ედუარდმა ხალათის ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და კაბინეტში ბოლთა დასცა. რაც მეტს იმოძრავებს, მის უფრო მალე დაიცლება ემოციური შლაკებისგან. ხვალინდელ ოპერაციაზე ცივი გონებისა და მახვილი თვალის უნდა გამოცხადდეს. კარგ რამეზე უნდა იფიქროს, მაგალითად, თევზაობაზე. რამდენი ხანი არ ყოფილა სათევზაოდ, მოენატრა ალიონის სიგრილე, მოდუნებულ თითებში აცახცახებული ანკესი, სიპ ქვაზე მოფართხალე თევზი... _ ...არ გთხოვს შეუძლებელს. _ ოცნებიდან ვასოს ხმამ გამოარკვია. _ ფინეთში აკეთებენ ასეთი ტიპის ოპერაციებს, სტაჟირებაზე ყოფნისას, ჩემი თვალით ვნახე. _ შედეგი თუ გინახავს, შედეგი! _ დაანამუსა ედუარდმა. _ ცოტა ნიღაბს ჩამოჰგავს, მაგრამ ნიღბით ცხოვრება უკეთესია, ვიდრე მაიმუნის უკანალით.

_ პირი თუ ვერ ამოძრავე შენს გემოზე, ქუთუთო თუ ვერ დაახამხამე, გაცინება თუ დისკომფორტს გიქმნის, რა აზრი აქვს ტრანსპლანტანტის გამოყენებას?! უაღრესად სარისკო ოპერაციაა, მეტი რომ არ შეიძლება, ისეთი. სქესის გამოცვლა გაცილების იოლია, ვიდრე გვამური დონორის გამოყენებით პაბიტუსის აღდგენა. აბა, წარმოიდგინე, არაუგვიანეს 6-8 საათის მკვდარს სახის ქსოვილს აცლი და გადაგაქვს დაზარალებულზე. არა, შენ წარმოიდგინე და მერე გადმომილაგე დიადი აზრები. _ მამა, როცა მსგავს ოპერაციას წარმოვიდგენ, ტანში მბურძგლავს და ხელები მექავება. _ ვასომ აღტაცების ნიშნად ხელებიც კი მოიფშვნიტა. _ ცივი შხაპი მიიღე და გადაგივლის. გამომივიდა აქ, ადგილობრივი ჩამოსხმის დოქტორი ფრანკენშტეინი! _ არ გადამივლის. _ დაბეჯითებით თქვა ვასომ და მამას თვალი გაუსწორა. _ რამე რომ იყოს, გარისკავდი, არა? _ დონორი რომ მეგულებოდეს, კი. ედუარდმა ერთხანს უსიტყვოდ უყურა შვილს, მერე ახლოს მივიდა და მაგიდასთან დაიხარა: _ ვასო, მეორედ არ გაიმეორე ეგ სისულელე, თორემ გაიგებს ის გადარეული კაცი და მოგითრევს თბილ-თბილ გვამს. _ გააჩნია, რა წარმომავლობის გვამია. თუ კრიმინალური არაა... _ გაჩუმდი! რა წარმომავლობისაც არ უნდა იყოს, ადრე თუ გვიან კრიმინალის სუნი აუვა. გვამური ტრანსპლანტანტის გამოყენება მთელ რიგ ქვეყნებში კანონით დასჯადია, ჩვენსავით ღარიბი ქვეყანა რომ ნებაზე მიუშვა, ნამდვილი ნადირობა გაიმართება _ ამდენი სოციალურად დაუცველი ბავშვი დაძრწის ქუჩაში... ედუარდი დონორის ინსტიტუტის პლიუსებსა და მინუსებზე მსჯელობდა, მაგრამ ვასო ცალი ყურით უსმენდა. მას თვალწინ ედგა შიო წაქაძე, ჭკუასუსტი ბიჭუნა მერვე პალატიდან... რა არის მისი სიცოცხლე ფეხების გარეშე? ფეხები რომ ჰქონდა, მაშინაც ტვირთად აწვა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს. დედამისს არ ეცალა ინვალიდი ბიჭისთვის _ შიოს გარდა ხუთი ჰყავდა გასაზრდელი, მამამისი ლოთობდა. სოფელში პატარა შიოს სიმთვრალეში გაკეთებულს ეძახდნენ _ ცხრა წლისას ხუთი წლის ბავშვის ჭკუა ჰქონდა. როცა ყანაში ჩაძინებულ შიოს ტრაქტორმა გადაუარა, დარეჯანი მეექვსეზე იყო ფეხმძიმედ. ფეხებდასხეპილ ბიჭს მთელი წელი დაატარებდნენ ერთი საავადმყოფოდან მეორეში, ვიდრე რომელიღაც საქველმოქმედო ორგანიზაციის შეამდგომლობით თოფურიების კლინიკაში არ აღმოჩნდა. კლინიკამ საკუთარი სახსრების შეუძინა ფეხების პროტეზი, რომელსაც დათრგუნულმა შიომ ზედაც არ შეხედა. იწვა თავისთვის და არაფერზე რეაგირებდა. ექიმების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, დედამისი არ ჩქარობდა შვილის სოფელში წაყვანას, კვირაში ერთხელ შემოირბენდა, მაწვნის ქილებს ტუმბოზე დაულაგებდა, ლოყაზე ხელს მოუთათუნებდა და უკანვე გარბოდა. ერთი ასეთი შემორბენის შემდეგ მთელი თვე აღარ გამოჩენილა. სოფლიდან ხმები ჩამოვიდა, თითქოს რთული მშობიარობა ჰქონდა და თავისი თავი გასჭირვებიაო. კლინიკის ადმინისტრაციამ შიოს ბავშვსა თავშესაფარში გადაყვანა გადაწყვიტა, ვასოს თავში სულ სხვა გეგმა მომწიფდა _ ყველასგან მივიწყებული შიო ბულტერიერის მიერ დაგლეჯილი ბიჭის დონორი უნდა გამხდარიყო.

___

წუხანდელი მორიგეობის შემდეგ გვანცას ტკბილად ეძინა. რაღაც მომენტში სახლის სიღრმიდან გამოსულმა ხმებმა გამოაფხიზლა, მაგრამ იმდენად სასიამოვნო სიზმარს ხედავდა, ძილის შებრუნებას შეეცადა. სიზმარი ასეთი იყო: ის და დიმიტრი შუშის ორანჟერეაში იმყოფებოდნენ _ ულამაზესი ყვავილებისა და მცენარეების გარემოცვაში. იყო ბევრი სითბო, ბევრი სინათლე და სრული ჰარმონია. ალბათ ასე გამოიყურება სამოთხე, ოღონდ ყოველგვარი შემინული კედლების გარეშე. შუშის მიღმა უჟმური ამინდი იდგა _ გვიანი შემოდგომა ან ზამთრის პირი. ხეები არ ჩანდა, კუშტად შეკრულ ცაზე ზანტად კრავდა კამარას ჭილყვავების გუნდი. დიმიტრი ბამბუკის ძირში იდგა და დისტანციურად უხმობდა. გვაცამ ადგილს მოსწყდა და უწონობის მდგომარეობაში წალივლივდა მისკენ. მსვლელობის პროცესიი გაეღვიძა. თუთიყუში, სახელად კუკური, ისე თავდავიწყებით უსტვენდა, თითქოს სიზმრისეულ ორანჟერეაში იმყოფებოდა და არა რკინის გალიაში. ეს იყო კაკადუ-კოროლას ჯიშის ყვითელი თუთიყუში სტაფილოსფერი ქილვაშებით, რომელიც ზაზამ შვილს დაბადების დღეზე აჩუქა. გიორგის ძაღლი ერჩია, მაგრამ ძაღლს გასეირნება სჭირდებოდა, აცრები, განსაკუთრებული მოვლა, თუთიყუშის კი დაუყრი საკენკს და მთელი დღე თავისუფალი ხარ. თუ ძალიან შეგაწუხებს, გალიას ქსოვილს გადააფარებ და წამში მიჩუმდება. დაძინებას აზრი არ ჰქონდა, გვანცამ ტკბილად გაიზმორა და წამოდგა. მის დანახვაზე კუკურიმ გალობაში გარდამავალი სტვენა შეწყვიტა და მოსალოდნელი განავარდების მოლოდინში ისტერიულად დაიწყო ხარიხაზე სირბილი _ მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით. _ დე, გამოუშებ? _ სამზარეულოდან ფაფით მოთხუპნილი გიორგი გამოიჭრა, უკან, თეფშით ხელში მოსდევდა ძიძა ლამარა _ ფაშფაშა ქალი მებრძოლი გამომეტყველებით მრგვალ სახეზე. _ სანამ ბოლომდე არ შეჭამ, არ გამოუშვებს. _ გვანცას მაგივრად უპასუხა ლამარამ. _ გამოუშვეეებს... _ გაჭინჭყლდა გიორგი. _ დე, გამოუშვებ, ხო? გვანცა ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა. არც გიორგი ემეტებოდა უარისთვის, არც ლამარას წყენინება უნდოდა, რომ არაფერი ვთქვათ კუკურიზე, რომელმაც ხარიხიდან გალიის კარებთან გადმოინაცვლა და მოუთმენლად ჩამოარტყა ნისკარტი მავთულის საკეტს. ლამარასთვის რომ გეკითხა, თოფურიების თუთიყუშით აღტაცება მდიდარი ადამიანების კაპრიზი უფრო იყო, ვიდრე სიყვარულთან მიახლოებული გრძნობა. მისთვის არსებობდა სასარგებლო ფრინველი, ქათამი მაგალითად, ბატი, ინდაური... თუთიყუშისგან რა ხეირია? მხოლოდ თვალებს აბრიალებს და ყველგან სკორავს. ლაპარაკი მაინც იცოდეს, გაერთობოდა კაცი! რაც მთავარია, თავის მოსაზრებებს ძიძა ლამარა ხმამაღლა ამბობდა _ ყოველგვარი მორიდების გარეშე. თავდაპირველად გვანცას აღიზიანებდა მისი გლეხური პირდაპირობა, მოგვიანებით კი მიხვდა _ მის გათამამებულ ივილს მხოლოდ ლამარასთანა `გლეხის ქალი~ თუ მოარჯულებს და ცალ ყურში უშვებდა. _ ერთი ლუკმაც, და გამოვუშვათ. _ გვანცამ შვილს კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა, მაგრამ გიორგიმ არ დააფასა _ ფაფიან თეფშს დაეჯღანა და უარის ნიშნად თავი გააქნია. _ აბა, აბა, ვაჭრობა არ გამაგონო! _ გვანცამ ლამარას თეფში გამოართვა და ერთის ნაცვლად შვილს სამი ლუკმა ჩასტენა, რის მერეც საზეიმოდ გააღო გალიის კარი.

კუკური წამში გამოფრთხიალდა, რამდენიმე საპატიო წრე დაარტყა ოთახს და სულის მოსათქმელად კარნიზზე ჩამოჯდა. _ სულ ეს იყო შენი განავარდება? _ ქვევიდან დაეკითხა გვანცა. _ ჩამოდი, რა?! _ ჩიტს შეეხვეწა გიორგი. კუკურიმ ზევიდან ჩამოხედა და ქოჩორი რკალად გაშალა. რაც იმას ნიშნავდა, რომ საფრთხე იყნოსა. საფრთხე შეიძლება ყოფილიყო ლამარასგან წამოსული უარყოფისი იმპულსები, სულაც ჭერში მოლიცლიცე შუქ-ჩრდილები, რომლებსაც მტაცებელ ფრინველებად აღიქვამდა. საერთოდ, მშვიდ მგომარეობაში კუკური ქოჩორს კეცავდა და მტრედის ხუნდს ემსგავსებოდა. _ აუუ, ჩამოფრინდეს, რაა? მინდააა... _ გიორგი დედას ხალათის კალთაზე წაეპოტინა. _ ჩამოფრინდება, როცა მობეზრდება. _ როდის მობეზრდება? _ კუკური, როდის მოგბეზრდება? _ ასძახა გვანცამ. კუკური უცებ მოწყდა კარნიზს და გალიის სახურავზე დაეშვა. ეს იმას ნიშნავდა, რომ უკვე მობეზრდა. გიორგის გაუხარდა _ პატარა ხელი ჩიტისკენ წაიღო, მაგრამ დედამ არ აცალა. _ გაუშვი, ვერ ხედავ, იზმორება. შენ რომ იზმორები, ხელს გიშლიან? მართლაც, კუკურიმ მარჯვენა ფეხი გაჭიმა და მარაოსავის გაშალა მარჯვენა ფრთა. იგივე მოძრაობა მარცხენა მხარეს გაიმეორა. _ რატო იზმორება? _ დაინტერესდა ბავშვი. _ ცოცხალი არსებაა და იმიტომ. _ ძაღლიც იზმორება? _ ჰო. _ ბუზიც? _ ბუზიც. _ ლამარაც? _ ალბათ. _ გვანცამ დამნაშავესავით გახედა ძიძას, რომელიც ირონიულად აკვირდებოდა ჩიტის გამამხნევებელ ვარჯიშს. _ ვიზმორები კიდეც და პირის დაბანაც არ მეზარება, ზოგიერთივით. _ თავისებური ჩაურტყა ლამარამ და სამზარეულოში შეფრატუნდა. _ `ზოგიერთი~ ვინაა? _ იკითხა გიორგიმ. _ ალბათ, შენ. _ მეე?... მე `ზოგიერთი~ კი არა, გიორგი ვარ. _ მერე, პირი რომ გაქვს მოთხუპნილი ბატონო გიორგი, იცი? გვანცა ჩაიცუცქა, შვილის ვარდისფერი ლოყები ხელისგულებში მოიქცია და ფაფიანი ტუჩები ნაზი მოძრაობის მოწმინდა. გიორგის ოქროსფრად დაწინწკლული, თაფლისფერი თვალები ჰქონდა, როგორც მამამისს. სწორი ჩოლკა წარბებს უფავარდა და ბალონკა ძაღლს ამსგავსებდა.

_ გიო, ბადრი ბაბუასთან დარჩები? _ კი. _ ღამეც დარჩები? _ ლალი ბებია ზღაპარს მომიყვება? _ მოგიყვება. _ მაშინ წავიდეთ. _ გიორგიმ მზადყოფნით ააბაკუნა ფეხები. _ დღეს არა, ხვალ. ან ზეგ. ჯერ მამას შევეკითხები. _ მამა სად არი? _ აწი უნდა მოვიდეს. _ გვანცამ საათს დახედა. პირველს აკლდა ოცი წუთი. _ კარგი, წყალს გადავივლებ, შენ კუკურის ეთამაშე, ოღონდ სახეს ახლოს ნუ მიუტან, არ ჩაგინისკარტოს. გვანცამ სააბაზანოს მიაშურა. წინ დამღლელი დღე ელოდა _ ედუარდ თოფურიას პანაშვიდზე უაზრო ყურყუტი და ანდერძით შეურაცხყოფილი სანათესაოს ყურება. სილამაზის სალონში რომ არ შეიაროს, ზაზას ვერ გადაურჩება. მის ქმარს ფენით გაშფეკილი თმა მოსწონდა და არა ბუნებრივად ტალღოვანი, როგორიც გვანცას დედისგან ერგო. ქმარი მის ჩაცმულობასაც აკონტროლებდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რომელიღაც ვიპ პერსონის გასვენებაში გვანცა ჯინსის შარვლით და სპორტული ქურთუკით გამოცხადდა. ზაზას გართულება ჰქონდა დრეს კოდზე, მის გარდერობში თანაარსებობდნენ შავი ფრაკი თეთრი ყელბაფთით და ჩოხა-ახალუხი ქამარ-ხანჯლით. ეს უკანასკნელი ერთადერთხელ ეცვა, მაგრამ ქვეყნის ფული მიაფშვნიტა და ძალიანაც ამაყობდა შენაძენით. `ყაზილარი ფიშტოთი~, აშაყირებდა გვანცა, რომლისთვისაც არსებობდა ტანსაცმლის ერთადერთი ბრენდი _ კომფორტული. დღეს კი ქუსლებზე უნდა შემხტარიყო, კაბა შეერჩია, თმა გაესწორებინა, მაკიაჟი გაეკეთებინა... და მთელ იმ ფარსში მიეღო მონაწილეობა, რასაც ედუარდის დატირება ერქვა.

სააბაზანოდან გამოსულმა გვანცამ ხარბად შეიყნოსა ახალგამომცხვარი ხაჭაპურის სურნელი _ ყველაზე მადისაღმძვრელი სურნელთა შორის. ოქროს ქალია ეს ლამარა, სულაც არ ევალება საჭმელების კეთება, მაგრამ აკეთებს. რა ჰქნას, მონატრებულია სამზარეულოში ტრიალს. რძალმა იქამდე უბზუა ცხვირი, ვიდრე სახლიდან არ გაისტუმრა. პირდაპირ კარზე არ მიუთითა, მაგრამ როცა საოჯახო ვახშამზე არ გეპატიჟებიან, ყველაფერი ნათელია. რძალზე მეტად შვილზე იყო ნაწყენი _ თან წყევლიდა, თან ლოცავდა, თან კიცხავდა. _ ლამარა დეიდა, ქმარი თუ გამეყრება, იცოდეთ, თქვენი ბრალი იქნება. _ გვანცამ ხაჭაპურის ნაჭერი დაითრია და სული შეუბერა. _ ყოველდღე თუ გამიკეთებთ ასეთ გემრიელობებს, გავსუქდები და დამიწუნებს. _ აუხსნა ღიმილით. _ ააა, _ შვებით ამოისუნთქა ლამარამ, _ მეც არ ვიფიქრე, რავა ჩემი რძალივით ლაპარაკობს მეთქი ეს გოგო! _ რაო, ქმართან გაყრის გაშანტაჟებდათ? _ არც უმაგისობა იყო. _ მაინც, რას გერჩოდათ?

_ ეჭვიანობდა, შვილო... ჩემს ბიჭს ჩემი ნახელავი რომ ერჩია მაგისას, წყინდა. დალოცვილო, ისწავლე საჭმელების გაკეთება და ვნახოთ, ვისი აჯობებს. ერთი კვირა წყალწყალა ლობიოთი რომ გახეთქავ კაცს, მოუნდება დედის გაკეთებული, აბა, რა?! ჩაის მიაყოლებ თუ ყავას? _ ჩაი, თუ არ შეწუხდებით. _ რა შემაწუხებს, პირიქით, მსიამოვნებს. იმათაც ასე ვემსახურებოდი, მაგრამ დაგიფასა?! რომ მეტყოდა ჩემი შვილი: `შენი გაკეთებული ჩახოხბილი მომენატრაო,~ ცოლი `დედიკოს ბიჭს~ ეძახდა. _ იქნებ ჯობდა დაგეთმოთ სამზარეულო, თვითონ მიხედავდნენ თავს. _ დავუთმე, გენაცვალე, აგერ, მუშაობა დავიწყე ამ სიბერეში! საღამოს რვა საათზე მივდიოდი სახლში, შევიძურწებოდი ჩემს ოთახში, ჩავრთავდი ტელევიზორს და ვიყავი გასუსული. ესეც არ მოეწონა _ დედაშენი მთელი დღე გავარდნილიაო სახლიდან, ხელს არაფერზე წამიკრავსო... _ ლამარამ ჩაით გალიცლიცებული ზიქა მაგიდაზე გააცურა და გულის მოოხება განაგრძო. _ ყველაზე უფრო რა მაგიჟებდა, იცი? ჩემ გასაგონად რომ დასცინოდა ქმარს, მე რომ მომესმინა და გულზე გავსკდარიყავი. ვსკდებოდი კიდეც, რა დასამალია... ვაი, რა სიტყვებით არ ამკობდა, მრცხვენია გახსენება... ისიც, ბოთე, ითმენდა. მეტის ღირსია, როგორ არ თქვას კაცმა! _ დააყოლა გაბრაზებულმა და სახაჭაპურე ცომს მუშტები დაუშინა. _ რატომ ითმენდა, ვერ ითრია თმების? _ რას გაბედავდა, გენაცვალე... მშიშარაა ჩემი ბიჭი, ბეჩავი. თმებით თრევა კი არა, ხმამაღალი სიტყვა არ დასცდება. არ უყვარს აყალმაყალი, თავზე რომ უქნან, ხმას არ გაიღებს. ვერ ხვდება _ რაც მეტს ითმენს, მით უარესი. არ ვიცი, რამ გაზარდა ეგეთი უენო... ეხ, ჩემი ბრალიცაა, ვაღიარებ... გარეთ არ ვუშვებდი _ ცუდ წრეში არ მოხვდეს, ნარკომანებს არ გადაეყაროს მეთქი... ახლა რომ გითხრა, კალთებს მაგლიჯავდა: არიქა, ეზოში მინდაო, _ მოგატყუებ. სახლში ყოფნა ერჩია, ტელევიზორის ყურება, კაი დიდი ვირგლა იყო და მაინც ჯარისკაცობანას თამაშობდა. ისე მშრომელი ბიჭია, ვერ დავუკარგავ, ჯამაგირს კაპიკ-კაპიკ ცოლს აბარებს. კაი დედიმისისშვილია, არ ჩააბაროს... _ იქნებ ქმრის მორჩილება აღიზიანებს? _ გვანცამ ყოყმანით შეხედა ხაჭაპურის მეორე ნაჭერს. ვერ მოითმინა, უკბიჩა. ეს ლამარას რძალი არა მხოლოდ დაუნახავი, სულელიც ყოფილა. მარტო ხაჭაპურის გამო ღირდა დედამთილის ატანა. _ თუ ასე აღიზიანებს, წავიდეს, ვინ იჭერს... მაგრამ სადაა წამსვლელი, თბილისში ცხოვრებას ეღირსა! _ სოფლელია? ლამარამ თავი დაუქნია და გიორგის ჭყლოპინს მიაყურადა. სამზარეულოში ზაზამ შემოვიდა, თან შემოიყოლა წელზე შემოხვეული შვილი. _ შენ კიდევ არ ჩაგიცვამს? _ ჰკითხა აბანოს ხალათში შეფუთულ ცოლს. _ რა უნდა ჩემს ჩაცმას, თხუთმეტ წუტში მზად ვარ. _ სალონი? _ თუ მოვასწრებ, შევივლი. _ უნდა მოასწრო. _ ზაზამ ხაჭაპური დაითრია და ნაჩქარევად გაღეჭა. _ დაჯექი, ადამიანურად შეჭამე. გინდა, ჩაის დაგისხამ? _ შესთავაზა გვანცამ. _ არა, მეჩქარება. უფრო სწორედ გვეჩქარება. მანქანის გარეცხვა

უნდა მოვასწრო, წვერის გაპარსვა... აუ, რა გემრიელია! _ ზაზამ ბავშვი ჩამოსვა, ზეზეულად დალია გვანცას ჩაი და ქურთუკის ღილი შეიხსნა. სიგარეტის, ხარისხიანი ტყავის, უძილო ღამის სუნი ასდიოდა. _ გასვენება როდის არის? _ ხუთშაბათს. _ ე. ი. ხუთშაბათამდე ვასოს კლინიკაში ვერ ვიხილავთ. _ ნწუ. რა არის, რო?! _ წუხელ თინა გავაშელი გამოთქვამდა პრეტენზიას. _ შოუ რომელსაც მიჰყავს? _ ხო. _ რაო, რა მინდაო? _ მიმიკური ნაოჭების კორექცია გაუკეთდა დ გართულების ეშინია. _ გვანცამ გიორგი კალთაში ჩაისვა და ხაჭაპური დააჭერინა. _ ვასოს ახლა შილაფლავის პრობლემა უფრო აწუხებს, ვიდრე თინას მიმიკური ნაოჭები. _ როგორ გეკადრება, თინას რომ რამე გაურთულდეს, ვასოს კლინიკას გააყიდინებს. გიორგი, ნუ ათამაშებ ფეხებს, ჭამე! _ ვასო ისეთ დღეშია, მგონი საერთოდ დაანებოს თავი ექიმობას. _ თქვა ზაზამ და ჯიბიდან მობილური ამოიღო. _ ანდერძთან დაკავშირებით? ზაზა თავის ქნევით, ღეჭვითა, მესიჯის კითხვით გავიდა სამზარეულოდან. გვანცამ თვალი გაააყოლა და უსაგნოდ ამოიოხრა.

___

_ ვჯდები თოფურიების ოჯახურ ინტერიერში? _ ჰკითხა ქმარს სალონიდან გამოსულმა გვანცამ და კეკლუცად გაუღიმა. ზაზამ მოწონების ნიშნად ცერი ასწია და მანქანა დაძრა. _ ჯდები რომელია, ამოვარდნილიც ხარ! _ რას ნიშნავს, `ამოვარდნილი~, ეს კარგია თუ ცუდი? _ შენი ბუნებრივი სისადავე ჩრდილავს თოფურიძეების ხელოვნურ სიკაშკაშეს. _ ბრილიანტებს გულისხმობ? _ მათ შორის, ბრილიანტებს. _ ე. ი. აღარ მიბრაზდები? _ რასთან დაკავშირებით? _ ყურის გახვრეტასთან.

_ ააა... _ გაახსენდა ზაზას, _ არა, უბრალოდ ის საყურეები მენანებოდა, სპეციალურად შევუკვეთე, დიზაინზე ვიჩალიჩე, შენ კი წიხლი მიკარი. _ საყურის ხათრით ხომ არ გავიხვრეტდი ყურს? _ რატომ საყურის, ქმრის ხათრით. _ კარგი რა, რით ვერ მოინელე?! _ დიდი ხანია მოვინელე. მაშინ კარგად არ გიცნობდი და მეგონა თავს იფასებდი. _ ახლა მიცნობ? _ გვანცამ გვერდულად შეხედა ქმარს და ინტერესით დაელოდა პასუხს. ზაზა კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელს ჰგავდა _ მოკლე ცხვირი, სავსე ტუჩები, ნუშისებრი ჭრილის თვალი. თმას არა მხოლოდ სიმელოტის შესანიღბად, არამედ იდეალურად მრგვალი თავის წარმოსაჩენად იპარსავდა. უხდებოდა. ოფიციალურ ადგილებში, თუნდაც ბიძამისის პანაშვიდზე, კლასიკურად გამოწყობილი დადიოდა _ ყველამ იცოდეს, რომ შოუ ბიზნესშიც შეიძლება შეინარჩუნო სოლიდური კაცის იმიჯი. _ ალბათ გიცნობ, მაგრამ... _ ზაზამ ყოყმანით ჩამოქაჩა ტუჩის კუთხეები. _ მაგრამ... _ მაგრამ არ მტოვებს შეგრძნება, რომ ერთხელაც შეიძლება რაღაც ფოსტას გამოხვიდე. _ მაგალითად, პანაშვიდზე ბოტასებით გამოვეძრო, არა? _ არა, ეს ეტაპი უკვე გავიარეთ და მგონი დავძლიეთ. სხვა რამეს ვგულისხმობ... შენ შეიძლება ვერ იცნო ძალიან ცნობილი პერსონა, სულაც ქვეყნის პირველ პირი... და სახალხოდ იკითხო მისი ვინაობა. _ პირველ პირს ნამდვილად ვცნობ. _ დაამშვიდა გვანცამ. _ მეორეს? _ მეორეს? მეორეს ვერ ვიხსენებ... უნდა ვიცოდე? _ არა, არ უნდა იცოდე, მაგრამ წლის საუკეთესო მომღერალს, რომელიც შენი ქმრის ძალისხმევით მოხვდა დიდ სცენაზე, სახეზე მაინც უნდა სცნობდე. იმ საღამოს, ფილმის პრემიერაზე, ერთი წუთით დაგტოვე მასთან მარტო და რა ჰკითხე? _ რა ვკითხე? _ გული გაუსკდა გვანცას. _ თქვენ რას საქმიანობთო. იყო თუ არა ასე? _ უხერხული პაუზის შესავსებად ვკითხე, წარმოდგენა არ მქონდა, ვინ არის. ეწყინა? _ იმანაც ჩათვალა, რომ თავს იფასებ. გვანცამ თავის მართლება დააპირა, მაგრამ ზაზას მისთვის აღარ ეცალა _ სვლა შეანელა და გაფაციცებულმა გაიხედა ფანჯარაში. თურმე საცობში მოხვედრილან. ზედ გზაჯვარედინზე, რომლის ცენტრში მდგარი პოლიციელი ჟონგლიორის შესაშური სისხარტით მანიპულირებდა ზოლიანი ჯოხით. _ ფუი, ეს მინდოდა ახლა, დედაჩემი ქუჩაში მელოდება! _ ზაზამ მწყრალად გახედა დადუმებულ შუქნიშანს. _ რა ვქნათ? _ უნდა დაველოდოთ, სხვა რა გზა გვაქვს... რას იტყვი, გიორგი დროებით ჩემებთან რომ გადავიდეს საცხოვრებლად? _ სასხვათაშორისოდ იკითხა გვანცამ, მაგრამ შინაგანად დაიძაბა.

_ მიზეზი? _ ჩვენი მოუცლელობა. _ ძიძა რისთვისაა? _ ძიძა ბებია-ბაბუას ვერ შეუცვლის. _ ერჩი რამეს ლამარას? _ არა, არა, ლამარას გაშვება არც მიფიქრია. უბრალოდ შენი აზრი მაინტერესებს გიორგისთან დაკავშირებით. _ ჩემი აზრი ასეთია _ ბავშვი მშობლებთან უნდა იზრდებოდეს. _ მაშინაც კი, როცა მშობლები მისთვის ვერ იცლიან? _ მაშინაც კი. _ ლოგიკა? _ ლოგიკა მარტივია. ოჯახი ბავშვიდან იწყება. რას მთავაზობ, საკუთარი ხელით დავწვა ის ერთადერთი ხიდი, რომელიც ერთმანეთთან გვკავშირებს? _ ზაზას ხმაში ფარული წყენა გაჟღერდა. გვანცამ გაჩუმება ამჯობინა. ალალ-მართალი ცოლი უსათუოდ მოითხოვდა ახსნაგანმარტებას. ის კი არ იყო მართალი _ არც ზაზასთან, არც დიმიტრისთან, არც საკუთარ თავთან. ზაზა ქვეცნობიერის დონეზე გრძნობდა ცოლის არეალში სხვა მამაკაცის ფანტომის არსებობას, მაგრამ ფანტომის გამო ცოლს ვერ აუშარდებოდა. დანიშნულების ადგილამდე ხმა არ ამოუღიათ. არ ჩათვალეს საჭიროდ მიძინებული ეჭვის გამოცოცხლება. ყველაფერს თუ ფროიდის სულისკვეთებით მიუდექი, სახელი დაარქვი და მსჯელობის საგნად გაიხადე, ვერც ოჯახს შეინარხუნებ, თავსაც გაძარცულად იგრძნობ. ნაკლები იფიქრე და ბევრი იმოქმედე _ ამ დევიზით გვანცა მაქსიმალურად მოკლე დროში მოერია დეპრესიას. ვიღაც-ვიღაცეებზე ხომ საერთოდაც არ უნდა იფიქრო! რასაკვირველია, თუკი ტაბუირებულ ობიექტს საკუთარი ფეხით არ ეახელი და თავი არ შეახსენე. ედუარდ თოფურიას პანაშვდზე მიმავალი გვანცა გორდეზიანი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სულ რამდენიმე საათში ე. წ. ობიექტს არა მხოლოდ თავს შეახსენებდა, არამედ თავსაც დაჰკარგავდა. თოფურიების ეზოში ბოლთას სცემდა გვანცას დედამთილი ქალბატონი მედეა. ეგვიპტის კურორტიდან გამოყოლილი რუჯი სოლარიუმში განეახლებინა, იმდენად მოდურად ეცვა და იმდენად მოვლილი იყო, რომ საკუთარ ფიტულს ჩამოჰგავდა. _ დედაჩემი რა ვიდზეა?! _ აღფრთოვანება ვერ დამალა ზაზამ. დედა მისთვის ქალურობის ეტალონი იყო _ მუდამ ფორმაში, შემართული, დაუზარელი... დედამთილის მიმართ გვანცას გაორებული გრძნობა ჰქონდა _ მადლიერების და მსუბუქი გაღიზიანების. მადლიერების იმიტომ, რომ მედეა არასოდეს ერეოდა რძლისა და შვილის ცხოვრებაში, გაღიზიანებას იწვევდა ამ ასაკშეპარული მანდილოსნის დაუოკებელი, რაღაც ავადმყოფური სწრაფვა ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. მეორე მხრივ, მისი გაგებაც შეიძლებოდა _ ბანკირის ცოლის სტატუსი აიძულებდა `ვიდზე~ ყოფნას. გვანცას მამამთილი არ იყო ბუნებით მექალთანე, მაგრამ ცოლის არ იყოს, ისიც სტატუსის ტყვეობაში იმყოფებოდა _ დიდი ფულის პატრონი უბრალოდ ვალდებულია დროგამოშვებით `პატივი სცეს~ შეტევაზე გადმოსულ ქალებს. სხვა თუ არაფერი, პრესტიჟის ამბავია.

მედეამ ზედაპირულად გადაკოცნა რძალ-შვილი (ზიანი რომ არ მიეყენებინა უზადო მაკიაჟისთვის) და კითხვა-კითხვით სადარბაზოსკენ დაიძრა: _ ზაზა, გამაგებინე, რა ხდება? მამაშენი დუმს, ვასო დუმს. პირი შეკარით თუ რა გჭირთ? _ ანდერძთან დაკავშირებით? _ სწორედაც. აბა, ედუარდის მდგომარეობა ისედაც ნათელია. მკვდარს რაღა გააცოცხლებს, მაგრამ სიცოცხლეში რას ფიქრობდა ეს კაცი? ზაზამ ძველებური ლიფტის კარი გააღო და ქალები გაატარა: _ მეც ეგ მაინტერესებს. არა უშავს, დედა, გავაცუნცულებთ ედიკას სასაფლაოზე და მერე მივხედავთ მაგ საქმეს. აბა, ვიღაც დედაკაცის ძუნძგლიან შთამომავლებს ხომ არ დავუტოვებთ თოფურიების საგვარეულო აგარაკს? _ რატომ საგვარეულო, იქ არ უცხოვრიათ თოფურიების წინაპრებს. ედუარდმა აგარაკი საკუთარი სახსრებით ააშენა. _ შენიშნა გვანცამ. _ რისთვის ააშენა, რომ ვიღაც ნაბიჭვრებმა იპარპაშონ? _ ზაზამ უკმაყოფილოდ გადახედა ცოლს. _ იცი, რამდენი წელი არემონტებდა?... ვისთვის წვალობდა, მრავალშვილიანი დარეჯან წაქაძისთვის? _ თვითონ ეს დარეჯანი რას ამბობს? _ დაინტერესდა მედეა. _ კარგი რა, დედა... ვის სცალია ახლა დარეჯანისთვის, კაცი ჯერ არ გაციებულა! _ სამაგიეროდ, შენი ბიძაშვილები არიან მეტისმეტად გაცხელებულები, ბიცოლაშენზე აღარაფერს ვამბობ. ქალი გიჟად არის. _ მაზლისცოლი მოიკითხა მედეამ. _ გიჟად არა, მუნჯად. _ ჩაიფხუკუნა ზაზამ, _ არ იცის, დაიტიროს ქმარი თუ დაწყევლოს. ლიფტი გაჩერდა და სამეულმა ბაქანზე გადაინაცვლა. ოფიციალური პანაშვიდის დაწყებას ცოტაღა აკლდა. ნელიკო და მერიკო გამართულები ისხდნენ მაღალზურგიან სკამებზე, შუაში ეჯდათ მხრებში მოხრილი და ძაძებში გახვეული დედა, ქალბატონი ნათელა. უმცროსი რძლისგან განსხვავებით, ნათელა უბრალო ქალი იყო. სილამაზის სალონს იმ იშვიათ შემთხვევაში სტუმრობდა, როცა ფეხზე გარქოვანებული ფრჩხილები ჰქონდა დასაჭრელი. სახლში ფუსფუსი უყვარდა, შინაურების მომსახურება, ქმარს, ხომ იტყვიან, სულს უბერავდა, იმას კი თურმე სხვა ქალი ჰყოლია გულში ამოზრილი, სხვისთვის ემეტებოდა აგურ-აგურ ნაშენი აგარაკი. რას იტყვის ხალხი?! ან კანონიერ ცოლს რა პასუხს გასცემს, როცა იმქვეყნად შეხვდებიან ერთმანეთს?! პასუხგაუცემელი კითხვები ზედმიწევნით აისახებოდა საბრალო ქვრივის სახეზე. და არა მხოლოდ ქვრივის... მხოლოდ ედუარდი იცქირებოდა უშფოთველად კედლის სიმაღლიდან. შავარშიაშემოვლებული ფოტო მის ისედაც მკაცრ ნაკვთებს კომპეტენციას მატებდა. ოჯახმა გაითვალისწინა გარდაცვლილის თხოვნა და ძვირფას კუბოს ქსოვილი გადააფარა. `რა მარაზმია ჩაშავებულ-ჩაყვითლებული გვამის ყურება, არ გამომაჭენოთ ქვეყნის დასაცინად~ _ დაიბარა ედუარდმა. თვითონ რომ გამოეჭენა საკუთარი შვილები, ეგ არაფერი! სადაც გაიხედავდი, ანდერძის გარშემო მიდიოდა გაცხოველებული მსჯელობა. _ ვასო სად არის? _ ზაზამ ოთახში შესვლისთანავე ბიძაშვილი მოიკითხა. _ კლინიკაში გამოიძახეს. _ უპასუხა მერიკომ. გვანცა შინაგანად დაიძაბა. წუხანდელმა ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა, დილის არანაირი ექსცესი არ ყოფილა. რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ მგლოვიარე ექიმი პანაშვიდიდან მოეხსნათ?!

_ მოხდა რამე, მერიკო მამიდა? _ დაეკითხა ქმრის ნათესავს. _ მგონი რომელიღაც პაციენტს პრობლემადშეექმნა. ნეტავ ვის? _ გაიფიქრა გვანცამ, მაგრამ ჩაძიებას მოერიდა და დედამთილის გვერდის დაჯდა. მედეამ აბრეშუმის მაქმანიანი ცხვირსახოცი მოიმარჯვა _ ვინიცობაა, ნათელამ გლოვის ზარი დასცეს, პატარაზე მეც ავსლუკუნდებიო, მაგრამ მაზლისცოლი არ აპირებდა მოთქმის ტირილს, მორჩილად იჯდა პირგამეხებულ ქალიშვილებს შორის და გარშემო ვერაფერს ამჩნევდა. სარიტუალო ოთახში ნელიკოს უფროსი ქალიშვილი მარიკა შემოვიდა. ნათესავებს მიესალმა, მინავლებული სანთელი გამოცვალა და მსუქანი წიგნიდან ლოცვის კითხვა დაიწყო. `ნეტავ მიუვა ურწმუნო ედუარდს მორწმუნე შვილიშვილს ლოცვა?~ _ თავისთვის მსჯელობდა გვანცა. მარიკაზე ამბობდნენ, მზესუნახავიაო. მართლა ლამაზი გოგო იყო _ მაღალი, თხელი, გრძელფეხება... შეიძლება ითქვას, უნაკლო. მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, თაყვანისმცემლების დეფიციტს განიცდიდა. `ხისტია და პლებეისკი იერი აქვს~, ერთხელ ზაზას წამოცდა. რასაკვირველია, ვიწრო წრეში, თორემ ნელიკოს ყურამდე რომ მიეღწია, ადგილზე ჩაქოლავდა საყვარელ ბიძაშვილს. არადა, ზაზამ ასიანში მოარტყა, როგორც ყოველთვის. აი, ცოლი კი შეცდა. თუ შეგნებულად გარისკა?! დრო გადიოდა. სამძიმარზე მისული ადამიანების რიცხვმა იმატა, ასევე იმატა ყვავილებისა და სუნამოების სუნებმა. გვანცამ ვერ გაუძლო სხვადასხვა არომატების შემოტევას და სამზარეულოში გადაინაცვლა, სადაც თოფურიების ქალები სიგარეტს ეწეოდნენ. მათ შორის, გვანცას მული სოფო, ვასიკოს ცოლი ლიკუნა, ლიკუნას დაქალი ნუცი. ნუცი არ იყო თოფურია, მაგრამ მისი აქტიური მონაწილეობის გარეშე არც ჩანგალი გაწკარუნდებოდა, არც ბავშვი ინათლებოდა, არც მიცვალებული პატიოსნდებოდა... ნუცი იყო გაჭირვების ტალკვესი, კომპენტენციის საზომი, დედა ტერეზა, თოვლის ბაბუა, ინჭორ ბიურო. ახლაც, რომელიღაც ცნობილი პერსონის გრანდიოზული ქორწილის ამბებს ჰყვებოდა. ყურმოკრულს კი არა, საკუთარი თვალით ნანახსა და საკუთარ გონებაში გადახარშულს. დანარჩენები პირდაღებულები უსმენდნენ, არც გაუგიათ გვანცას შემოსვლა. თურმე, ამ პერსონის ქორწილში დაუპატიჟებლად გამოცხადებულა ყოფილი საყვარელი _ ზურგმოშიშვლებული შავი კაბითა და თეთრი ვარდებით. ისე პროვოკაციულად გამოიყურებოდა, კაცება დორბლი უყრიათ, თამადას ყანწი გადაუყლაპავს... _ ნეფემ რაო? _ სული დაელია ლიკუნას. _ ნეფემ სუნი გაუშვა. _ რა სუნი, რას ამბობ, ნუცი? _ შიშისგან გაეპარა, გოგო! _ ვაიმე! _ შეიცხადა ლიკუნამ. _ სხვებმაც გაიგეს? _ ამის მოტყუებას ხომ ფანტაზიაც არ უნდა! _ ლიკუნას მისამართით თქვა სოფომ და კარში მდგარი გვანცა დაინახა. _ ვა, რძალო, როგორ ხარ? _ ისე ხალისიანად მოიკითხა, თითქოს გვერდითა ოთახში ლხინის სუფრა იყო გაშლილი. _ ჩუმად. _ დაანამუსა გვანცამ და ლოჯიის მხარეს გაიხედა, სადაც სამძიმარზე მისული ადამიანები ტრიალებდნენ.

_ უი, ხო. _ სოფომ ტუჩებზე თითები მიირტყა და თავის ფეხამდე შეათვალიერა რძალი. _ მაგარ ვიდზე ხარ! ეს ჩემი საოცნებო ჩექმა სად ითრიე? _ ზაზამ ჩამომიტანა, პრაღიდან. _ ჩანთა? _ ჩანსაც. _ მადე ინ ზაზა. მაგარია! არა, რა, სიხარულო, შენ უნდა დაიტრაბახო ქმარი, აბა, ჩემსას თუ გავახსენდები?! _ აკი, ნაძვის ხე ჩამომიტანაო?! _ გაახსენდა ნუცის. სოფომ ცალყბად ჩაიცინა და ქმრის დამუიავებას შეუდგა: _ ჯერ ერთი, მე კი არა, ბავშვებს ჩამოუტანა; მეორეც, ნაძვების მეტი რა იყიდება თბილისში, ავსტრიიდან რომ არ ეთრია, და მესამე _ რა დროს ახალი წელია, ხალხოოო?! _ ჰო, მორჩი, ნუ გაუტიე, შენ გულს ხომ ვერ მოიგებს კაცი! ზოგს ნაძვის ხე ჩამოაქვს, ზოგს _ საცვალი, ზოგსაც ჩექმა... ჩემთვის, მაგალითაც, არავის არაფერი ჩამოაქვს და მაინც კმაყოფილი ვარ. _ ნუციმ ბალიშივით მუცელზე ხელი მიიტყაპუნა. ხორცსავსე, ბოხხმიანი ნუცი არასოდეს ყოფილა გათხოვილი. მისი ერთადერთი რომანი ფიასკოსი დასრულდა. მეგობარი მამაკაცი, თითქმის საქმრო, ვერ შეეგუა ნუცის ცხოვრების წესს. თავის მხრივ, ვერც ნუცი შეეგუა ყოველ საღამოს სახლში ჯდომას და ვახშამზე ფიქრს. ერთადერთი, რასაც ნანობდა, იყო გაბრაზებულ გულზე გაკეთებული აბორტი. _ გოგოებო, ვასო არ გამოჩენილა? _ ხმადაბლა იკითხა გვანცამ. _ მართლა, სად დაიკარგა ეს კაცი? _ ლიკუნას ქმარი გაახსენდა და მობილური მოიმარჯვა. _ წეღან ისეთი სოლიდური გვამები შემოლაგდნენ, აშკარად ვასიკოს დაეძებნენ თვალებით. _ ჯანდაცვის სამინისტროს სასტავი იყო. _ შეაშველა ყოვლისმცოდნე ნუციმ. _ არ მპასუხობს. _ დაიწუწუნა ლიკუნამ. _ გადამრევს ეს კაცი, დავიჯერო გაგანია პანაშვიდის დროს ხელები დაიკაპიწა და საოპერაციოში შეხტა? _ გამორიცხულია. ოპერაციები დღის პირველ ნახევარიი კეთდება. _ გვანცამ თავი გააქნია და პანაშვიდიდან მოტეხვის მიზეზიც გამოაცხო. _ გული მიგრძნობს: ჩეპეა! ძალიან უხერხული იქნება, მე რომ დაგტოვოთ და კლინიკაში გავიქცე? _ ვისთან იქნება უხერხული, ჩემთან და ლიკუნასთან? _ შეიცხადა სოფომ. _ ცერბერივით რომ დაუჯინე დედაშენი, აბა, რა გეგონა! რძალია და დედამთილს პატივს სცემს. _ დაასკვნა ნუციმ. _ უი, უი, დედაჩემი თუ ცერბერია, ჩემი დედამთილი უეჭველი ვალკადავია. _ მეტი დამაჯერებლობისთვის სოფომ კბილებიც კი დაკრიჭა. _ რას ერჩი დედამთილს, ამისთანა ქმარი გაჩუქა. _ ლიკუნამ სიგარეტი ჩააქრო და აივანზე გამწკივებულ კაცებს გახედა. ყველაზე მაღალი და ყველაზე ლამაზი სოფოს ქმარი იყო. _ კი არ მაჩუქა, თან გამოჰყვა. დღემდე აკონტროლებს ამხელა კაცს. `ეს ჭამე, ის არ ჭამო, ეს ჩაიცვი, ის არ ჩაიცვა...~ ლამის ცოლთან დაწოლის დღეები უკარნახოს! _ რა ჰქნას, ეგ ერთი შვილი ჰყავს და...

_ მეც ერთი ქმარი მყავს. ჯერჯერობით. _ ორაზროვნად დაამატა სოფომ. _ ერთი რომ გყავს, უნდა მოუფრთხილდე და მტერი არ გაახარო! ვინ გააჩერებს ლევანისთანა ანტიკა-აპოლონს ეულად, კონკურსი გამოცხადდება დაჩქარებულ რეჟიმში. _ მოაკეტინა ნუციმ. სოფომ ეტყობა ნუცის დახატული პერსპექტივა წარმოიდგინა და შუბლი შეიკრა. _ პრინციპში... ხოო... არა, სიხარულო, სად მყავს სხვისთვის დასათმობი ქმარი? ჩვენში დარჩეს, დედამთილის ამბავშიც ვაზვიადებ. ცოტა კლიზმაა, მაგრამ ისე ნორმალური ქალია. _ კიდევ კარგი, მიხვდი. _ გოგოებო, მე წავალ, კარგი? _ მოიბოდიშა გვანცამ. _ ზაზა გააფრთხილე, სორემ ხომ იცი მაგის ამბავი, ბოჰემა ბოჰემად, მაგრამ მაინც მამალი აზიატია. _ მიაძახა სოფომ და ანთებული სიგარეტი ონკანს მიუშვირა. გვანცამ ზუსტად იცოდა, ფეხი არ ექნება გადგმული, რომ ქალები მის დამუშავებას შეუდგებიან. იმედია, ცუდს არაფერს იტყვიან, დიდი-დიდი, რომ ცოტა უკონტაქტოა, დისტანციური. ქმარს კიბის ბაქანზე მიაგნო, ვიღაც გაწკეპილ ტიპს აბოლებდა ახალი კლიპის დაფინანსების თაობაზე. ცოლს ზერელედ მოუსმინა, თავის დაკვრით შემოიფარგლა და სპონსორის შებმა განაგრძო. საწყალი ედუარდი მგონი მხოლოდ დარეჯან წაქაძეს მოუკვდა, ფიქრობდა კიბეზე ჩამავალი გვანცა.

___

თინა გავაშელს აღარც თავისი `განახლებული~ ჰაბიტუსი ახსოვდა, აღარც მომავალი გადაცემის ფორმატი. ჟურნალისტური ჟინით შეპყრობილი ბოლთას სცემდა პალატაში და ერთს ნატრობდა _ სენსაციური ინფორმაციის მოწოლისგან ნაკერები არ გარღვეოდა. სხვა დროს დაუფიქრებლად გააშანშალებდა ექსკლუზივს, მაგრამ ახლა სიტუაციის მძევალი იყო, ნებაყოფლობითი მძევალი _ არანაირი კავშირი გარე სამყაროსთან, მობილურიც კი სახლში დატოვა, სულს რომ არ წაეძლია დასარეკად. დიახ, მისი წინათგრძნობა გამართლდა _ სართულის დაბლა იმყოფებოდა ძებნილი ბიზნესმენი ჯანსუღ ჯაჯანიძე და არა ერევნელი სომეხი, როგორც გვანცა ექიმი ატყუებდა. შეიძლება არც ატყუებდა, ალალად არაფერი იცოდა სხვის სახელს ამოფარებული კრიმინალური ელემენტის შესახებ. დავუშვათ, მან არ იცოდა, ისმის კითხვა: ვასო თოფურია სად იყურებოდა? ნუთუ კლინიკის წამყვან ქირურგს წარმოდგენა არ ჰქონდა ჯაჯანიძის დანაშაულებრივ წარსულზე? ჰქონდა, მაგრამ თვალს ხუჭავდა. ეტყობა, იმდენი ფული შეაძლიეს, საერთოდ დაკარგა მხედველობის უნარი, სინდისიც თან მიაყოლა და იმისთანა რებრენდინგი ჩაუტარა ძებნილ ბიზნესმენს, რომ აწი ფინანსური პოლიცია კი არა, საკუთარი დედა ვეღარ იცნობს. ყალბ საბუთებს გაიშანსავს და ცხრა საზღვარს ერთად გადაახტება. ვასო კი წესიერი კაცივით დგას ჭირისუფალში და სამძიმარს იღებს. გაგიჟდება კაცი! თინა საწოლზე ჩამოჯდა და საკუთარ თავს მიაყურადა. რა ამოძრავებს სინამდვილეში _ მოქალაქეობრივი თვითშეგნება, ჟურნალისტური ჟინი თუ პირადი ანტიპათია? ალბათ, სამივე ერთად. მესამე _ განსაკუთრებით.

საქმე იმაშია, რომ ორი წლის წინ ჯანსუღმა თინა მოატყუა. პაემანი დაუნიშნა, თვითონ კი არ მობრძანდა. რბილად რომ ვთქვათ, გადააგდო. თინამ მთელი ღამე თეთრად გაათენა, ცხოვრებაში პირველად გაივლო გულში ქმრის ღალატი, საბედისწერო ქალის ამპლუა მოირგო, პოტენციურ საყვარელს კი პაემანზე მისვლა დაავიწყდა. რაც მთავარია, ბოდიშის მოხდაც არ უფიქრია, თითქოს თინა ვიღაც ვიგინდარა გოგოშკა ყოფილიყოს და არა გამოჩენილი ტელეწამყვანი! კაცმა რომ თქვას, საეჭვო მაქინაციებით გამდიდრებულ ტიპს თავს რომ გაუყადრებ, მეტის ღირსი ხარ, მაგრამ მაშინ ჯანსუღი სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებულ ბიზნესმენად მოიაზრებოდა, ჰქონდა დიდი ფული და დიდი გავლენა. თინას კი არაფერი ჰქონდა მებძოლი ჟურნალისტის იმიჯის გარდა. მობეზრდა! ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობდა, რომ როგორმე ქმრის უხერხემლობა გადაეფარა. განა ცუდი ქმარი ჰყავდა, უბრალოდ, როგორი რიგითი ინჟინერ-სისტემო-ტექნიკოსი იყო ათი წლის წინ, ისეთივედ დარჩა. ხელფასიც კი არ მომატებია, არათუ თანამდებობა. საღამოობით ლუდს წრუპავდა და ცოლს ურეკავდა _ წიწაკიანი ჩიპსი წამოიყოლეო. თინას ზოგჯერ ეჩვენებოდა, რომ ქმარს ჩიპსის გამო უყვარდა და ჩუმად ბრაზობდა. მაგრამ ეს იყო ზოგჯერ. ისე, სტაბილური ოჯახი ჰქონდათ _ ცოლი, ქმარი, შვილი, კატა... ჯანსუღი აუზზე გაიცნო. ტელეკომპანიასა და ელიტარულ საცურაო კომპლექსს შორის ბარტერი შედგა და რამდენიმე ჟურნალისტს უფასო აბონიმენტი ერგო. სწორედ იქ შენიშნა თინამ ჯანსუღის მკლავზე ამოსვირინგებული ღუზა. იმ ღუზას უნდა უმადლოდეს გაცნობას. ამან ჰკითხა, იმან უპასუხა და ლაპარაკიც აეწყო. მერე კოქტეილი მიირთვეს, იქვე, კომპლექსის ბარში, მერე ჯანსუღმა პაემანი დაუნიშნა და არ მოვიდა. მოგვიანებით, კორპორაციულ საღამოზე გადაეყარნენ ერთმანეთს, თინამ ზედაც არ შეხედა, ჯანსუღი კი გამოეცნაურა, თანაც ისე ალალად, რომ თინამ დაასკვნა: ამ კაცს არათუ პაემანზე მისვლა, მისი არსებობაც კი დავიწყებია, ვიდრე თვალში არ შეეჩხირა. ეს რაც შეეხება ჯანსუღთან პირველ შეხებას. მეორედ, აგერ ყურის ძირში აღმოჩნდა, უფრო სწორედ ფეხქვეშ _ სართულით დაბლა. ალბათ ახლა ლოგინში ნებივრობს და ინკოგნიტო კურიერის მიწოდებულ პრესას ეცნობა. ქართულ პრესას! თინას რომ საკუთარი თვალის არ ენახა, არ დაიჯერებდა. მაგრამ სულმა წასძლია და ვიდრე პანაშვიდზე გახვეტილი მედპერსონალი მობრუნდებოდა, მესამე სართულს ესტუმრა. სომხური გვარით დარეგისტრირებული პაციენტის პალატა დაკეტილი დახვდა, მაგრამ თინას ტანმა უგრძნო _ ის იქ არის. ჟურნალისტებსა და ექსტრასენსებს განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვთ, ამ კატეგორიისთვის არ არსებობს წინაღობა, უხილავი მემბრანით ეჭერენ სხვის ენერგეტიკას. თინამ დერეფანი დაზვერა, ხალათის კაპიუშონი თავზე ჩამოიცვა და კარზე დააკაკუნა. თუ მართლა ჯანსუღია, ფრანცისკანელი ბერივით გამოწყობილი ჟურმალისტი წესით ვერ უნდა იცნოს. კაკუნზე არავინ გამოეხმაურა. _ Господин, одну минуту если можно? _ ჩაარუსულა სინამ. კარი მოულოდნელად გაიღო. შემზადებული რომ არ ყოფილიყო, თინა ალბათ ჯანსუღს ვერ იცნობდა, მაგრამ ვასო თოფურია ჯადოქარი არ იყო, ადამიანისთვის ხმაც შეეცვალა. ხმა არ ექვემდებარება ასაკს, ის მხოლოდ ელფერს იცვლის _ ორგანიზმის ცვეთის შესაბამისად. _ Что вам надо? _ იკითხა ნაცნობმა ბასმა. _ По мойму на ваш балкон упала моя серёжка. _ თინამ მოკრძალებულად წაივლო ხელი ყურის ბიბილოზე. კაცმა ოდნავ დაუკრა თავი და საყურის მოსაძებნად გაემართა.

თინამ ისარგებლა მომენტით და პალატაში შეიჭყიტა. მაშინვე თვალში მოხვდა ლოგინზე დაგდებული ქართული პრესა _ ძებნილი ჯანსუღ ჯაჯანიძის ფოტოსურათით გარეკანზე. ცრუ სომეხი მალევე დაბრუნდა, რაც არ იყო, რას იპოვიდა?! _ Господин незнакомец, неужели вы умейте читатъ по грузински? _ ეშმაკურად დაეკითხა თინა. _ Нет! _ ცივად ესროლა იმან და კარი მიუჯახუნა. თინა სრულ ეიფორიაში დაბრუნდა პალატაში. გონება მაშინ დაეწმინდა, როდესაც კლინიკის ეზოში შემოსრიალებული ვასილ თოფურიას ჯიპი დაინახა. მედპერსონალი პანაშვიდზეა, მთავარი ჭირისუფალი კი კლინიკაში მოქანდა. რატომ? ნუთუ ჯანსუღმა გამოიძახა? ეიფორია განგაშში გადაიზარდა. თინამ კარი გადარაზა და ლოგინზე მოიკუნტა. ქვედა სართულიდან მოგუდული ხმები ისმოდა, ვიღაც ისტერიულად სცემდა ბოლთას. ან ვიღაცეები. მერე ყველაფერი მიწყნარდა და კარზე ფრთხილად დააკაკუნეს. _ ვინ არის? _ მუცლისმიერი ხმის იკითხა თინამ. _ გვანცა ვარ, გორდეზიანი. თინამ შვებით ამოისუნთქა და მოკლე სკუპების გაიქცა კარის გასაღებად. _ კიდევ კარგი! _ შესძახა ხმამაღლა. _ ხომ მშვიდობაა? _ გვანცამ გაკვირვებულმა შეათვალიერა აფორიაქებული ჟურნალისტი. _ არ ვიცი, არ ვიცი... _ მოხდა რამე? _ თუ მშვიდობაა, ვასო ექიმს რა უნდა აქ? _ მეც ამის გასარკვევად მოვედი. პანაშვიდზე მითხრეს, კლინიკაში გამოიძახესო. რეგისტრატურაში მითხრეს, ისეთი არაფერი მომხდარაო. ახლა დავდივარ და ვარკვევ, მართლა ფორსმაჟორია თუ ყალბი განგაში. _ ვასო რას ამბობს? _ არ მინახავს. კაბინეტშიც ვერ ვიპოვე, ვიფიქრე, თქვენს სანახავად თუ შემოვიდა... _ ჩემს სანახავად არ შემოსულა, მაგრამ დაახლოებით ვხვდები ვისთან არის. _ თინა საწოლზე ჩამოჯდა და იატაკს მიაშტერდა. _ როგორც ვატყობ, მეცხრე პალატის პაციენტი მოსვენებას არ გაძლევთ. _ ერევნელი სომეხი, არა? _ ცალბყად ჩაიცინა თინამ. _ დიახ. _ გვანცა, ერთი თხოვნა მექნება და უარი არ მითხრას, რა?... _ ვეცდები. _ არის ერთი ასეთი ჟურნალისტი... დიმიტრი ძნელაძე. გსმენიათ? გვანცამ ხშირ-ხშირად აახამხამა წამწამები. სმენია რომელია, წუხანდელ სიზმარში დიმიტისთან ერთად ორანჟერეაში იმყოფებოდა, დილის კი, იმის იმედით _ ეგებ სიზმარი გავიგრძელოო _ ძლივს გაფხრიწა თვალები. თინამ თავისებურად აღიქვა მიკროქირურგის რეაქცია და ახსნა-განმარტებას მოჰყვა:

_ სახეზე გეცოდინებათ, უბრალოდ არ გახსოვთ. რამდენიმე წლის წინ `კრიმინალური ქრონიკა~ მიჰყავდა, ახლა იმავე გადაცემის პროდიუსერია... სიმპათიურია, ღია ფერებში... ნუთუ არ იცით? _ ვიცი. _ ძლივს ამოღერღა გვანცამ. _ ჰოდა, დიმიტრის უნდა გადასცეთ წერილი ხელიდან ხელში. _ წერილი? _ ჰო, პატარა ბარათი. ოღონდ, ხელიდან ხელში. _ მობილურზე რატომ არ დაურეკავთ? _ სად მაქვს მობილური? _ მე მაქვს. _ გვანცა ხელჩანთას წაეპოტინა, მაგრამ თინამ კატეგორიულად შეაჩერა. _ არა, არა... ჯერ ერთი, ზეპირად არ მახსოვს დიმიტრის ნომერი, რომც მახსოვდეს, ტელეფონით კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ჟურნალისტური დანაშაულია. იქნებ დიმიტრის ტელეფონი ისმინება? რაც მაგას კორუმპირებული ჩინოვნიკები გაუშიფრავს, ცოცხალი როგორ არის, მიკვირს. _ მართლა? _ აბა?! საშინელ ზეწოლას უძლებს, ადრეც და არც ახლა აკლია. სხვა, მის ადგილზე, კაი ხანია დაახვევდა საქართველოდან, მითუმეტეს, წლების მანძილზე მუშაობდა საფრანგეთში, მგონი სახლიც აქვს. _ თინამ ფურცელი და საწერ-კალამი მოიმარჯვა, მაგრამ გვანცა არ აპირებდა შანსის ხელიდან გაშვებას _ რამდენი ხანია არაფერი სმენია დიმიტრიზე! _ არ ეშინია? _ რა? _ თავი ასწია სინამ. _ ამ... ამ დიმიტრის, არ ეშინია, რომ... რომ მოკლავენ? _ იცი, ვის ეშინია? ვისაც რაღაც აქვს დასაკარგი. დიმიტრიმ თავისი დასაკარგი უკვე დაკარგა... რამდენიმე წლის წინ ფეხმძიმე ცოლი მანქანაში აუფეთქეს. ერთი სიცოცხლეღა აქვს და მგონი ისიც ფეხებზე ჰკიდია. _ დავიჯერო, არავინ უყვარს? _ მგონი არა. რაღაცნაირი ინფანტილური ტიპია, პროფესიის გარდა არავინ და არაფერი აინტერსებს. მაგრამ თავის საქმეში მეტრია, მიწას შეჭამს და გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს. დიმიტრის პროფესიონალიზმის შესახებ გვანცამ ისედაც იცოდა, მას უფრო პირადი ცხოვრება აინტერესებდა. _ ტელევიზიაში იმდენი ლამაზი ქალია, ნუთუ არავინ მოსწონს? _ ეს ეკრანზე ჩანან ლამაზები... ღორს რომ მაკიაჟი გაუკეთო, ისიც ლამაზი გამოჩნდება. ლამაზი თუ არა, კარგად მოვლილი მაინც. თუმცა არიან გამონაკლისებიც... კაცს რომ თავი მოაწონო, მინიმუმ, უნდა დაგინახოს. დიმიტრი გიყურებს, მაგრამ შენში ჟურნალისტს ხედავს და არა ქალს. ერთმა ჩვენმა კოლეგამ ხან აქედან მოუარა, ხან იქიდან, მივლინებაშიც კი შეეტენა... რომ ვერაფერს გახდა, პირდაპირ ეთერში აუხსნა სიყვარული. _ როგორ, პირდაპირ ეთერში?! ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში მინახავს... _ გვანცა დარეტიანებული ჩამოჯდა სკამზე.

კვდებოდა, ისე აინტერესებდა დიმიტრის ამბები. ღმერთი-რჯული, ის არ ყოფილა ამ ლაპარაკის ინიციატორი, თინამ თავად წამოიწყო. მისტიკაა ნამდვილი. სასიამოვნო მისტიკა. ახდენილი სიზმარი. რა ცოტა სჭირდება ადამიანს აღმაფრენისთვის... კიდევ კარგი წინათგრძნობას აჰყვა და პანაშვიდიდან წამოვიდა. _ ....ეს გოგო საინფორმაციოში მუშაობდა, კორესპონდენტად. _ იხსენებდა თინა, _ ერთხელ, შოუში იყო სტუმრის სტატუსით, არის ასეთი ტოკ შოუ `გულახდილი საუბრები~. ჰოდა, იქ გამოტყდა `გულდახდილად~: უიმედოდ მიყვარს დიმიტრი ძნელაძეო. _ დიმიტრიმ, რაო? _ არც არაფერი. მხრები აიჩეჩა. _ თინამ დიმიტრის თემა ამოწურა და ფურცელს ჩაუღრმავდა. სამაგიეროდ გვანცა აივსო _ ფიქრით, ოცნებით, ფერამონებით... დიმიტრის ნახვის შანსი მიეცა, უნებლიე შანსი, მაგრამ ვინ თქვა, რომ ცხოვრებაში რაღაც შემთხვევით ხდება? იქნებ არც თინა აღმოჩნდა შემთხვევით კლინიკაში, არც გვანცა მოსულა შემთხვევით... დაუშვათ, შეხვდა დიმიტრის, დაუშვათ გადასცა წერილი, დაუშვათ შეხედეს ერთმანეთს თვალებში და გრძნობები განუახლდათ... და რა მერე? ისევ გაორება, ნევროზი, დეპრესია, ფუჭი იმედები... არა, ძლივს დამშვიდებულ სულს ვეღარ აიფორიაქებს. დიმიტრის ადგილი წარსულშია. დიდი-დიდი, სიზმარში. _ წერილი რომ ქვევით დავტოვო, რეცეფციაში, არ გადასცემენ? _ გაიბრძოლა გვანცამ. _ რამ შეგაშინათ, გვაცა ექიმო! დიმიტრი ინფანტილურია, კაციჭამია კი არა! თუმცა... თქვენსავით მომხიბვლელ ქალს რომ დაინახავს, შეიძლება გამოვიდეს საღათას ძილიდან. მინდა გითხრათ, დღეს განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურებით. ძალიან გიხდებათ კლასიკური სტილი. _ მადლობა. _ მეც წინასწარ გიხდით მადლობას. _ ხვალ დილით რომ მივუტანო, დაგვიანდება? დღეს უმანქანოდ ვარ და... კლინიკაში მოსვლამდე გავივლიდი. _ არა, არ დაგვიანდება. თუ ვინიცობა, დიმიტრი ადგილზე არ დაგხვდათ, სხვა რა გზაა, დატოვეთ რეცეფციაში, ოღონდ ჩემი სახელი არ ახსენოთ. ხომ იცით, დაგიწყებენ გამოკითხვას, თქვენ კი პასუხი არ გექნებატ. _ თინამ წერილი ოთხად დაკეცა, მეორე ფურცლისგან კონვერტისმაგვარი ჩასადები გააკეთა, წერილი ჩააცურა და გვანცას გაუწოდა. გვანცამ გამოემშვიდობა და კარისკენ გაემართა. _ ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მე როდის გამათავისუფლებთ ამ საფენებისგან? _ მიაძახა თინამ. _ დღესვე დაველაპარაკები ვასიკო ექიმს. პირობას გაძლევთ, არაუგვიანეს ხვალისა, გაგათავისუფლებთ. თინამ თავი დაუკრა და ნაღვლიანად გაუღიმა, თითქოს გულმა უგრძნო, რომ `ხვალ~ მის ცხოვრებაში აღარ იქნებოდა.

___

_ მე არც გუშინდელი ხელისუფალისთვის მიმღერია დითირამბები, არც დღევანდელისთვის, და არც ხვალინდელისთვის ვაპირებ! ჩემი საავტორო გადაცემა ან იქნება ისეთი, როგორიც არის, ან საერთოდ არ იქნება! _ ამ სიტყვებით დატოვა დიმიტრიმ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის კაბინეტი. კიდევ ერთი პარტაქტივისტი დაუჯინეს უფროსად, _ ფიქრობდა დერეფანში მიმავალი, _ კიდევ ერსი არაპროფესიონალი. ჰმ, `შეარბილეო~, თავად გადაცემის სათაური _ `კრიმინალური ქრონიკა~ _ გამორიცხავდა შერბილებას. თურმე, გააჩნია ვის დავარქმევთ კრიმინალს... რომელიღაც მიყრუებულ სოფელში მთვრალი გლეხკაცი მეზობელს დანას რომ გაუყრის, რაც შეიძლება მაგრად უნდა გაპიარდეს, პოლიტიკური მკვლელობა კი, რაც შეიძლება ეფექტურად შეიფუთოს. პრინციპით: რა იცი, ვინ მოვა ხვალ ხელისუფლებაში. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა დიმიტრის გადაცემას დახურვის საფრთხე ემუქრებოდა (იხ. `ცისფერი კომპრომატი~). არა უშავს, როგორც ადრე გამომძვრალა, ისე გამოძვრება ახლაც. მაღალი ინსტანციიდან წამოსული მესიჯი მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს საშიში, თუ დაუწექი, ორმაგად საშიში ხდება. დიმიტრიმ იცოდა, რა გახდა ახალი ხელმძღვანელობის ფორიაქის მიზეზი. `კრიმინალური ქრონიკის~ გადამღები ჯგუფი მთელი თვე ნადირობდა ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების კორუფციულ გარიგებაზე და ახლა, როდესაც ფარული ჩანაწერების მთელი კასკადი დაუგროვდათ, `შერბილებისკენ~ მოუწოდებენ. ანტიკორუფციული საბჭო მადლობას უხდის, რომელიღაც შუალედური რგოლი კი იძაბება. თურმე, ჯერ უნდა გაარკვიოს ვინ ლობირებს რგოლს და იმის მიხედვით შეაკოწიწოს გადაცემა. მოტივი იგივე _ რა იცი, ვინ მოვა ხვალ. მეორე სართულის ბაქანზე აგრესიული ნაბიჯი შეანელა. სად ჯობს ყავის დალევა _ კაბინეტში თუ ბუფეტში? ვიდრე ის ყოყმანობდა, მობილურმა დარეკა. საშვთა ბიუროდან რეკავდნენ. _ თქვენთან აუდიენციას ითხოვენ, მაგრამ საშვი არ აქვთ. _ მაშინ არ მცალია. _ მოუჭრა დიმიტრიმ. _ მეც მაგას ვეუბნები, მაგრამ დაჟინებით ითხოვს. _ რა ჰქვია, რა გვარია? _ ერთი წუთით... _ ბიუროს გოგონა ცოტა ხნით გაუჩინარდა. დიმიტრის საკმაოდ მკაფიოდ გაიგო მისი შეკისხვა, ასევე საკმაოდ მკაფიოდ გაიგო აუდიენციის მსურველის პასუხი: გორდეზიანი გვანცა. რაო?! რა თქმა უნდა, მოესმა, სად გვანცა, სად ტელევიზია?! _ გვანცა გორდეზიანი. _ გარკევევით უთხრეს საშვთა ბიუროდან. დიმიტრის ენა ჩაუვარდა, მაგრამ საშვთა ბიუროდან დაუყოვნებლივ პასუხს ითხოვდნენ, ამიტომ იძულებული გახდა ენა ამოედგა. _ გამოუწერე და მეორე სართულზე ამოუშვი. აქ დავხვდები. მინის ვიტრაჟში საკუთარი თავი შეათვალიერა. გასაპარსი ლოყები, მოგრძო თმა, ჯინსი, პიჯაკი იდაყვზე ტყავის აპლიკაციებით, კაშნე, სპორტული ფეხსაცმელი... არა უშავს, წავა. ხუთიოდე წუთში ისიც გამოჩნდა. ქალი, რომელიც უნდა გამხდარიყო მისი ცხოვრების ნაწილი, მაგრამ ვერ გახდა. ახლაც, თითქოს სხვა ცხოვრებიდან მოაბიჯებდა

_ გაშლილი მხრებით, საქმიანი, ყოველგვარი რომანტიკული აღმაფრენის გარეშე. ერთმანეთს კიბის ბაქანზე შეხვდნენ. არ გადაუკოცნიათ. _ გამარჯობა, დიმიტრი. _ გამარჯობა, გვანცა. _ საქმე მაქვს შენთან. _ მივხვდი. _ სად შეიძლება დავილაპარაკოთ? _ ჩემთან, კაბინეტში. _ დიმიტრი ნახევარი ნაბიჯით დაწინაურდა და მეორე სართულის დერეფანს გაუყვა. გვანცა ქუსლების პაკუნით მიჰყვა. მიდიოდა და უკვირდა _ რატომ არ ეკეცება მუხლები, არ ენისლება თვალები, არ მისდის გული... ნუთუ ყველაფერმა გაიარა, დიმიტრის მომნუსხველი ძალა კი სიზმარს შემორჩა მხოლოდ. კაბინეტში ბინდბუნდი იდგა. დიმიტრიმ ჟალუზები გახსნა და ოთახი ცივი, უსიამოვნო სინათლის აივსო. მოქუფრული ამინდი იდგა, უმზეო. ხის კენწეროებზე წუხანდელი ნისლის ნაფლეთები თვლემდნენ. _ მომიყევი. _ დიმიტრიმ კაშნე მოიხსნა და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა. _ შეიძლება, აქეს გადმოჯდე? _ სთხოვა გვანცამ. _ თორემ მზის შუქი ზურგში გირტყამს და მხოლოდ სილუეტი ჩანს. _ სად ხედავ მზეს? _ სადღაც ხომ არის... _ უსათუოდ სახეში გინდა მიყურო? _ კი, თორემ მგონია ჩრდილს ველაპარაკები. დიმიტრი ზანტად ჩამოხტა ფანჯრის რაფიდან, მაგიდას შემოუარა და გვანცას წინ დაჯდა. დღის სინათლე ახლა გვერდიდან ურტყამდა _ მარცხენა ყვრიმალსა და ოდნავ მოჭუტულ თვალს უნათებდა. _ ახლა კარგად მხედავ? _ ისე ნუ გამოიყვან, თითქოს შენს სანახავად მოვედი. _ ჯერჯერობით ამ ტელეკომპანიაში ერთი დიმიტრი ძნელაძე მუშაობს და ისიც მე ვარ. _ ისე მოხდა, რომ სწორედ შენთან გამომატანეს წერილი. _ გვანცამ ტევადი ხელჩანთიდან თინას წერილი ამოიღო და დიმიტრის გააწოდა. იმან სწრაფად ჩაიკითხა და გაკვირვებულმა შეხედა. _ ანუ, შენ ხარ ის მიკროქირურგი, ვისაც თინამ წერილი გამოატანა? _ მაგაზე საინტერესო არაფერი წერია? _ წერია, მაგრამ შენ არ გეხება, ეს უკვე ჟურნალისტური გამოძიების საქმეა. _ მეხება. _ ამოიოხრა გვანცამ და თავის ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდა. უკვე აღარ ჩანდა ისეთი საქმიანი და შორეული. ის იჯდა დიმიტრის წინ, ცოტა მოშვებული, ცოტა დარცხვენილი, ცოტა უმწეო და უსაშველოდ მიმზიდველი. იმდენად

მიმზიდველი, დიმიტრის მის წაბლისფერ თმაში ცხვირის ჩაყოფა და იქ გამოზამთრება მოუნდა. _ აწი ყველაფერი მეხება... _ განაგრძო გვანცამ, _ რადგან მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც უკანასკნელად ნახა თინა გავაშელი. _ რას ნიშნავს `უკანასკნელად~, აკი, ერთ კვირაში გამოვეწერებიო?! აგერ, წერს კიდეც... `სავარაუდოდ ერთ კვირაში გამოვეწერები, იქამდე შენს განკარგულებაში მიგულე...~ _ საქმე იმაშია, რომ ამ დილით თინა აღარ დამხვდა კლინიკაში. წესით უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით სადღაც აორქლდა. არ მჩვევია სხვისი წერილების კითხვა, დამიჯერე, არც ვაპირებდი, ვიფიქრე, წერილს ტელეკომპანიაში მივიტან, რეცეფციაში დავტოვებ და ჩემი გზის წავალ, მაგრამ თინას იდუმალი გაქრობის შემდეგ გადავწყვიტე წერილი გამეხსნა. რასაკვირველია, ჩემი საქმე არ არის, მეცხრე პალატაში ერევნელი სომეხი იწვა თუ თბილისელი კრიმინალი... მე ერთი ვიცი _ გუშინ თინა აფორიაქებული დამხვდა და ეს ფორიაქი სწორედ ამ ადამიანს უკავშირდებოდა. _ ერთი ამოსუნთქვით ჩაარაკრაკა გვანცამ და ალეწილ ლოყაზე ხელი მიიდო. _ კარგი, კარგი, ნუ ღელავ. _ დიმიტრი მის დასამშვიდებლად გადაიხარა, მაგრამ მალევე მოვიდა გონს, ხელით დაუმთავრებელი მოძრაობა გააკეთა და სკამზე გასწორდა. მის უწყინარ ჟესტს შეიძლება დაეფრთხო სტუმარი. _ ვინმემ იცის ამ წერილის შესახებ? _ არა. _ სახლშიც არაფერი გითქვამს? _ არა. _ თინამ გთხოვა გასაიდუმლოება? _ რომც არ ეთხოვა, რა საჭირო იყო აფიშირება... არ მგონია ჩემს ქმარს შენი სახელის გაგონება ესიამოვნოს. _ ეჭვიანობს? _ არა. _ მაშინ არ მესმის. _ ჩვენი აწმყო ჩვენი წარსულის პროდუქტია. _ ალბათ. _ დაეთანხმა დიმიტრი. _ კლინიკაში რას ამბობენ? _ ერთ-ერთი ვერსია ასეთია: თინას და სომეხ პაციენტს შორის შედგა რომანი და მათ ერთად დატოვეს კლინიკა. გაიპარნენ, ასე ვთქვათ. _ რა სისულელეა, თინას ქმარ-შვილი ჰყავს. _ გეთანხმები, სისულელეა, მაგრამ სადაც სიყვარულია, ქმარ-შვილი არ არის მთავარი წინაღობა, აქ სხვა რამეშია საქმე... წარმოუდგენელია, ნაოპერაციევ თინას, რომელმაც ინკოგნიტოდ გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია, სასიყვარულო ურთიერთობა გაება ვინმესთან, მის უფრო, კლინიკის პაციენტთან. კიდევ უფრო წარმოუდგენელია, მათი გაპარვის ფაქტი. _ მეც არაფერი ვიცოდი ოპერაციის შესახებ. _ ქმრის გარდა არავინ იცოდა. სხვებისთვის თინა საზღვარგარეთ იმყოფება.

_ კლინიკის ხელმძღვანელობა რას ამბობს? _ ვერსია რომანის შესახებ მთავარი ექიმის შემოგდებულია. _ შენ ფიქრობ, `შემოგდებულია?~ _ დიმიტრიმ გაკვირვების ნიშნად წარბები აზიდა. გვანცა დაიბნა. არ უნდოდა ვასოს ჩაივება, მაგრამ დიმიტრის რას გამოაპარებ _ აგერ, სიტყვაზე გამოიჭირა. _ ბოდიში, წამომცდა! _ წამოიძახა საკუთარ თავზე გაბრაზებულმა. _ კარგი, მიპატიებია. _ გაეღიმა დიმიტრის. _ რა მითხარი იცი... პირადად შენ, დაელაპარაკე მთავარ ექიმს? _ არ იყო სიტუაცია... მთავარ ექიმს მამა გარდაეცვალა, აკადემიკოსი ედუარდ თოფურია, პლასტიკური ქირურგი. _ გამიგია. მერე? _ მერე არაფერი. მგლოვიარე კაცს საკუთარი მამის პანაივიდზე ხომ არ დავკითხავდი? _ `მგლოვიარე კაცმა~ საიდან იცის ასე დაწვრილებით პაციენტების სასიყვარულო ამბები? _ ამ საღამოს კლინიკაში იყო. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა გვანცამ და მზერა აარიდა. _ რომელ საღამოს? _ წუხელ. _ მერე? გვანცა დადუმდა. რა იყო მერე, მან არ იცოდა. ფაქტია, რომ ვასოს კლინიკაში გამოჩენა საეჭვოდ დაემთხვა თინას გაუჩინარებას. თინას გაუჩინარებას კი წინ უძღოდა მისი დაინტერესება მეცხრე პალატის პაციენტით. გამოდის, ის, გვანცა, საკუთარი უფროსისა და ქმრის ნათესავის დასასმენად გამოცხადებულა დიმიტრისთან და ვერ მიმხვდარა! _ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს რაღაცას არ ამბობ ბოლომდე. _ მე კი ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნათესავს ვაბეზღებ. _ მთავარ ექიმს გულისხმობ? _ ჰო. _ ნათესავად გეკუთვნის? _ ვასო თოფურია და ზაზა, ჩემი ქმარი, ბიძაშვილები არიან. _ პიპოკრატეს ფიცს რა ვუყოთ? _ დიმიტრიმ ხმას დაუწია და სახე ახლოს მიუტანა. წეღან უარყოფილი ყველა ემოცია _ მუხლების კანკალით დაწყებული, გულის აჩქარების დამთავრებული _ გვანცას ერთდროულად ჩაერსო. _ მგონი პაციენტის ინტერესების დასაცავად ვარ აქ მოსული. _ რაც შეიძლება რიხიანად წამოიძახა და მაგიდაზე დაგდებულ დიმიტრის კაშნეს მექანიკურად წაეპოტინა.

_ მაშინ დაივიწყე, რომ ვასო შენი ნათესავია და ყველაფერი მომიყევი. _ არ ვიცი, რას გულისხმობ `ყველაფერში~... თუმცა ერთმა ინციდენტმა შეიძლება დაგაინტერესოს. _ კერძოდ? _ ედუარდ თოფურიას ანდერძმა.

___

გამთენიისას ჯანსუღ ჯაჯანიძე მამლის ყივილმა გამოაღვიძა. `არგადარჩენა~ _ დედაკაცივით შეუკურთხა ჯანსუღმა და უკმაყოფილოდ იცვალა გვერდი. სძაგდა სოფელი, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში დაიბადა და გაიზარდა. თორმეტი წლის იქნებოდა, როცა საკუთარ თავს პირობა დაუდო _ ადრე თუ გვიან ის უსათუოდ დატოვებს ნეხვიან ორღობეს და იცხოვრებს ქალაქში. გადაწყვეტილება თანასოფლელმა ზუზუმ მიაღებინა _ თბილისიდან საპატიო სტუმრის სტატუსით ჩამოსულმა მოჭიდავემ. ზუზუ `მერსედესის~ მარკის მანქანით ჩამოვიდა, რაც `ვოლგებისა~ და `ჟიგულების~ ეპოქაში მსოფლიოს მერვე საოცრების ტოლფასი იყო. ეცვა `ადიდასის~ ბოტასები და სპორტულები, ხელში კი პისტოლეტის ფორმის სანთებელას ათამაშებდა. სტუმრობის მიზეზი საჭიდაო სექციის საზეიმო გახსა იყო, რომელსაც წინ უძღოდა ზუზუს სიტყვით გამოსვლა სოფლის კლუბში. მოგვიანებით, პატარა მოედანზე მინი ტურნირი გაიმართა სოფლელი ბიჭების მონაწილეობით. მათ შორის იყო პატარა ჯანსუღიც. ზუზუმ შეაქო კუნთმაგარი ბიჭუნას მონაცემები, საღეჭი რეზინის კოლოფით დააჯილდოვა, ჩახტა თავის `მერსედესში~ და წავიდა. თან წაიღო ჯანსუღის სული, გული და სამომავლო ფიქრები. ის მეორე დღესვე გაწევრიანდა საჭიდაო სექციაში. თექვსმეტი წლისა უკვე თბილისში ასპარეზობდა, ოცი წლისას _ საზღვარგარეთ გასვლა ჰქონდა, ოცდახუთი წლის ასაკში კი ზუზუზე მაგარი პიპია ჰყავდა. მერე ყველაფერი ისე აეწყო, ჯანსუღი ყველაზე თამამ ფიქრებშიც რომ ვერ წარმოიდგენდა. ბიზნესი, პოლიტიკა, ისევ ბიზნესი, ნულების მზარდი რაოდენობა ანგარიშზე... და ახლა, როცა ლამის ნახევარი საუკუნე გალია, დასაჭერად დასდევენ! ჯანდაბას, საზღვარგარეთ მაინც გაესწრო! პრინციპში, არც ახლაა გვიან, რა თქმა უნდა, თუ ქვეშაფსია პროფესორი არ დაიწვა. შეეშინდა ბიჭს! როცა პატარა ჯანიკოს უკეთებდა ოპერაციას, ხელი არ აკანკალებია, ვიღაც ბოზანდარა ჟურნალისტის ხუშტუზე კი კინაღამ ბეჭებიდან ამოხტა: ქვეყანა გაიგებს, თავი მომეჭრება, ისაო, ესაო... ჯანსუღს არ მოეჭრება თავი ახალგამომცხვარი `როჟით~ რომ გამოაჭენონ ტელევიზორში?! დაპატიმრებაზე მეტად საყოველთაო დაცინვის ეშინოდა. მამალმა კიდევ ერთხელ შეახსენა არსებობა, ჯანსუღმა კიდევ ერთხელ შეუკურთხა _ ამჯერად ხმამაღლა, ძარღვიანად. მოსაშადად ჩეჩმაში გასვლა ესიკვდილებოდა, კომფორტს იყო მიხვეული, ქათქათა უნიტაზსა და უმაღლესი ხარისხის ტუალეტის ქაღალდს. სახლი, სადაც დამალვა მოუწია, ვასო თოფურიას შორეულ ნათესავს ეკუთვნოდა და ძალზე ჩამოჰგავდა ჯანსუღის ბავშვობისდროინდელ სახლს. იგივე ფარღალალა ჭიშკარი, ჩაჟამებული კარ-ფანჯარა, ჭრიალა იატაკი, სკლინტიანი საქათმე, ოღონდ ქათმების გარეშე. მსგავსება თრგუნავდა და პესიმიზმში აგდებდა. გამორიცხულია, ხელმეორედ გამხდარიყო ამ ცხოვრების ნაწილი, თავს შეაკლავდა და არ დაუშვებდა.

მაინც მოუწია ადგომა. ჩეჩმაში არ წასულა, იქვე, პარმაღზე დაიცალა შარდის ბუშტი და ზმორებით შებრუნდა სახლში. ლოგინში ნებივრობა გადაიფიქრა, საბანმა უკვე მოასწრო გაცივება, ჯანსუღი კი არ აპირებდა საკუთარი სხეულით გაეთბო ვიღაცის ძუნძგლიანი ჭინჭები. ბუხარში ცეცხლი შეუკეთა და ჯანიკოს მოსვლას დაელოდა. რომ არა საპატიო გარემოება, ჯანსუღი ცოცხალი თავით არ დააყენებდა რისკის წინაშე ერთადერთ შვილს, მაგრამ ვასოს მდგომარეობაშიც შეიძლება შესვლა. იმასაც ერთადერსი მამა ჰყავდა _ უნდა დაესაფლავებინა. ჯანსუღს კი შიოდა, ჰიგიენური მოხმარების ნივთები სჭირდებოდა, ელემენტალურად _ ხმის გამცემი, დამლაპარაკებელი. მეზობლის მამლის ამარა არ აპირებდა აქ ყურყუტს. აგერ, ძაღლმაც დაიყეფა. მეორე გაეპასუხა, მესამე... ცოტა ხანში კი ისეთი გნიასი ატყდა, ჯანსუღმა ფანჯარასთან მიირბინა _ ვაითუ, პოლიციის მანქანას უყეფენო. ყალბი განგაში აღმოხნდა. ძაღლები როგორც აყეფდნენ, ისევე ჩაცხრნენ. ხროვის პრინციპმა იმუშავა _ სადაც შენ, იქ მეო. სოფელში სიჩუმემ დაისადგურა, უცნაურმა, ძრწოლანარევმა სიჩუმემ, თითქოს განკითხვის ჟამი ახლოვდებოდა... ჯანსუღს თინა გავაშელის დალილავებული სხეული გაახსენდა. უსიამოვნო მოგონებას ხელი აუქიია. არავითარი `განკითხვის ჟამი~ არ არსებობს. არსებობს თვითგადარჩენის ინსტიქტი, რომელსაც ემორჩილება ნებისმიერი სულიერი. მაგალითად, ქვეშაფსია ვასოს ასი წელი არ სჭირდება ჯანსუღი, მაგრამ იძულებულია დაეხმაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანსუღი მასაც გაიყოლებს იძულებითი დასვენების ადგილებში და ორივე ერთად ორგანიზებული დანაშაულის მუხლით გასამართლდება. უნდა ეს ედუარდის ბიჭს? არ უნდა. აი, ჯანიკოს იმედი ნამდვილად აქვს, შვილი არ გასწირავს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამაგს მაინც დაუფასებს. თუ არ დაუფასებს? ჯანსუღი ჩაფიქრდა. უცნაური ბიჭია ჯანიკო, ხომ შვილია, მაგრამ ვერ გაიგებ გულში რა უდევს... ...

უკვე კარგად იყო გათენებული, როდესაც ჭიშკარს ჯანიკო მოადგა. ხელში მოზრდილი სპორტული ჩანთა ეჭირა და კონსპირაციის სრული დაცვის მოქმედებდა. გაიარგამოიარა, მიიხედ-მოიხედა და მხოლოდ ამის მერე შემოაბიჯა ეზოში. როგორც ყოველთვის, იმპოზანტურად გამოიყურებოდა _ ტანზე მომდგარი შავი ტყავის პალტო, შავი სათვალე, შავი შლაპა... ჯანსუღს ეხლაღა გაახსენდა, რომ მისმა ვაჟმა მანქანის ტარება არ იცის. განა შეიძლება ოცდაორი წლის ბიჭმა მანქანის ტარება არ იცოდეს, როდესაც მამამისის ავტოფარეხში სამი ავტომობილი ცდება? ჯანიკომ კი არ იცოდა. არც მართვის მოწმობის აღება უცდია, არც საჭის ტრიალის სურვილი გაუმჟღავნებია. სიჩქარის შიში ჰქონდა თუ რაღაც სხვა მოსაზრებით, ჯანსუღმა არ იცოდა. დიდად არც არასოდეს დაინტერესებულა. მისი მთავარი სადარდებელი ჯანიკოს გარეგნობა იყო და არა სულიერი მდგომარეობა, თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს... `შეხედეთ, შეხედეთ, ფანტომასი!~ _ ასეთი ეპითეტებით ამკობდნენ მის ჯანიკოს ონავარი ბავშვები. მართლებიც იყვნენ. უწარბო, უწამწამო, ქოსა არსება, უძრავი სახითა და უტუჩო პირით მართლა წააგავდა ფანტომასის კარიკატურას. ავადსახსენებელი ბულტერიერის თავდასხმის შემდეგ მხიარული ცელქი ბიჭუნასგან აღარაფერი დარჩა. მამამ საუკეთესო ფსიქოლოგები დაახვია, მაგრამ სრულიად ქვეყნიერებაზე განაწყენებულ პაციენტს არ სურდა რეალობასთან შეგუება. გარკვეული დროის გავლის შემდეგ ალაპარაკდა, მაგრამ ჩურჩულით _ საკუთარი მეტყველება აფრთხობდა და პანიკაში აგდებდა. ან როგორ უნდა ელაპარაკა გამართულად, როცა პირის აპარატის

მწყობრში მოყვანა ვერა და ვერ მოხერხდა. შესაძლო ხარვეზის თაობაზე ვასო ექიმი ჯანსულს აფრთხილებდა _ მსოფლიო პრაქტიკაში მიმიკის კუნთების აღდგენის ასპოცენტიანი შედეგი ჯერაც არ დაფიქსირებულაო _ მაგრამ გულდამწვარი მშობლისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა შვილის სახეზე აღმოცენებული ვიწრო ხვრელი ტუჩის სანაცვლად. ამ ხვრელიდან გამოსული ბლუკუნა ბგერების მოსმენისას ხომ ლამის სისხლი ჩაქცეოდა ტვინში. დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, ვიდრე ბგერებიდან სიტყვების, სიტყვებიდან კი წინადადების წარმოთქმას მოახერხებდნენ. მაქსიმალურად გადაჭიმული კანი არა მხოლოდ მეტყველებაში, ემოციის გამოხატვაშიც უშლიდა ხელს. ჯანიკოსთვის უცხო იყო ტირილი, სიცილი, განრისხება... ასეთ დროს ეხვენებდა, რომ ნაწილ-ნაწილ დაეშლება ძლივს შეკოწიწებული სახე. მას შემდეგ, რაც უკვე ზრდასრულ ჯანიკოს მამამ ოპერაციამდელი ფოტოსურათები აჩვენა, ბიჭის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა. სხვაობა უკეთესობისკენ იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ჯანიკომ უაზრო სინანულს შეეშვა და ახალი ჰაბიტუსის შესაფერის იმიჯზე ზრუნვა დაიწყო. ფანტომასთან მსგავსებამ თავისი დადებითი შედეგი გამოიღო. ამიერიდან, ჯანიკოს სამოსში მკაცრი, სადა ფორმები და მუქი ფერები დომინირებდა. გემოვნებაც შესაფერისი ჩამოუყალიბდა _ მისტიური შინაარსის ფილმები და წიგნები, მძიმე როკი... სკოლა და ინსტიტუტი ისე დაამთავრა, მეგობრები არ ჰყოლია. ჯანსუღი, რომელიც ლუკმას არ გატეხდა ძმაკაცების გარეშე, ამას ძალზე განიცდიდა. თუმცა, როცა მართლა გაუჭირდა, მის ცხოვრებაში არ აღმოჩნდა ადამიანი, ვისაც ბოლომდე ენდობოდა. ვასო არ იყო სათვალავში ჩასაგდები. პლასტიკურ ქირურგთან დანაშაულებრივი წარსულის გარდა არაფერი აკავშირებდა. _ ჯანიკო! _ დაუძახა ეზოშიაშეყოვნებულ შვილს. ჯანიკო ეჭვით მიაჩერდა თავგადაპარსულ მამაკაცს, რომელიც რაღაცით ჩამოჰგავდა მამამისს. ვასო ექიმმა გააფრთხილა პლასტიკური ოპერაციის შესახებ, მაგრამ ნანახმა მაინც შოკში ჩააგდო. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს საკუთარ თავს უყურებდა, ოღონდ თხუთმეტი, ოცი წლის შემდეგ. სადღა იყო მამამისის მსხვილი, კეხიანი ცხვირი... მოფლაშული ღაბაბიც ალაგმოდა, თვალებში კი _ ფორმაშეცვლილ, წაგრძელებულ თვალებში _ დატყვევებული ნადირის სევდა გამოსჭვიოდა. მისი ეშხიანი, ყოვლისშემძლე მამა უხეშად გამოქანდაკებულ სკულპტურას ჰგავდა, რომელიც ვიღაც ოხუნჯმა ტანსაცმელში გამოაწყო. _ მამი! _ აღმოხდა ჯანიკოს და ჩანთა ხელიდან გაუვარდა. _ მიცანი? _ ხმაზე, კი. _ ძაან ფინთად გამოვიყურები? _ მე ვიტყოდი, უჩვეულოდ. _ არა უშავს, შეეჩვევი. ეგეთები გადაგვიტანია?! _ ჯანსუღმა გაოგნებულ შვილს მხარზე ხელი დაჰკრა და ჩანთას დასწვდა. _ აი, ნაწიბურები გამიბაცდება, კანის ელასტიურობა აღდგება და მერე ნახე რა ბიჭი ვიქნები. ჰა, ჰა! ახლა როგორ ვარ იცი... ვითომ ტრაკიდან ვიღაც მექაჩება. მაგარი ცუდი შეგრძნებაა, ბუასილზე უარესი! არა უშავს, არა უშავს, ყველაფერი მიჩვევაა, ჩემგან არ გესწავლება. _ როგორ გარისკე, მამი? _ სხვა რა გზა მქონდა?! ან ციხე ან პლასტიკა. _ მოკლედ, დაგვებედა მამა-შვილს დალიანდაგებული ფიზიონომიით ცხოვრება.

_ რას იზამ, ასეთი ყოფილა ბედისწერა. კიდევ კარგი დედაშენი არ მოესწრო ამ დღეს. ფეხი გამოადგი, არ არის საჭირო ეზოში ციმციმი... ხომ იცი, სოფლის ხალხი, ყველგან ცხვირს ჰყოფენ _ ვინ ხარ, რატომ ხარ, სადაური... სახლში თბილოდა, ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა და ოთახს მოწითალო, მხტუნავი ჩრდილებით ავსებდა. ძველი გობელენგადაქექილი სავარძელიც კი მყუდროდ გამოიყურებოდა, თითქოს გიხმობდა _ მოდი, დაჯექი, მოისვენე, ცეცხლის ყურებით დატკბიო. _ კარგად მოწყობილხარ. _ აღნიშნა ჯანიკომ. _ შაყირობ? _ საკანს კი ჯობია. _ ყველაზე მურტალი რა არის იცი? ხმის გამცემი რომ არ გყავს. იქ, კლინიკაშიც იზოლაციაში ვიყავი, დედის სულს ვფიცავარ, გაფრენას ცოტა მაკლდა. _ მე არაფერი ვიცოდი ოპერაციის შესახებ, თორემ გინახულებდი. _ დაფიქრდი, რა სისულელეს როშავ! შენზე დამჯდარი კუდიღა მაკლდა ყველა სიკეთესთან ერთად! ფორსმაჟორი რომ არა, ყველაფერს ვასო მოაკვარახჭინებდა, მაგრამ მაინდამაინც ახლა გაფშიკა ფეხი დიდმა ედუარდმა. ძაღლი მიაკვდა სულში! მაგას რომ უარმა მაიძულა ვასოზე დამედო ფსონი. _ ჯანსუღმა მძიმე ჩანთა მაგიდაზე მოათავსა და ნივთების ამოლაგებას შეუდგა. _ რა ფორსმაჟორი? _ ჯანიკომ პალტო შეიხსნა და სავარძელში მოკალათდა. _ ოოო, ყავა კარგი მოფიქრებაა, ერთჯერადი სუპები ხო მისწრება... მომენატრა წვნიანი. _ ჯანსუღმა შვილის შეკითხვას წაუყრუა. _ რა ფორსმაჟორი, მამი? _ ფორსმაჟორი არაა, ტყე-ტყე რომ ვიმალები? რომელი დათა თუთაშხია მე ვარ, ან კაკო ყაჩაღი? _ ლიტერატურის ცოდნა გამოამჟღავნა ჯანსუღმა, მაგრამ ჯანიკო არ აპირებდა თემიდან გადახვევას. _ სხვა რამეს გეკითხები: კლინიკის დატოვება რამ გაიძულა მეთქი? _ რაც ნაკლები გეცოდინება, მით უკეთესი. ოჰო, კბილის პასტა, სველი სალფეტკი, პირსახოცი, ყოჩაღ, შვილო, არაფერი დაგვიწყებია... _ არ მენდობი? _ ჩააცივდა ჯანიკო. _ მოდი, იცი, რა ვქნათ? ყავა დავლიოთ. _ ჯერ კითხვაზე მიპასუხე. _ ვერ გავიგე, შენ ჩემს დასახმარებლად მოხვედი თუ დასაკითხად? _ იყვირა გაღიზიანებულმა ჯანსუღმა და იქვე ინანა. შვილის უძრავმა მზერამ რიხი გაუნელა. ჯანიკო არც ისეთი უბრალოა... დახე, რა კობრის თვალები დაარჭო! არ შეიძლება მისი წყენინება. ტოტი, რომელზეც ზიხარ არ უნდა მოიჭრა _ ცნობილი ამბავია. სხვათა შორის, ერთადერთი ტოტი, ისიც საკმაოდ მყიფე. _ არ მენდობი. _ დაასკვნა ჯანიკომ. _ რომ არ გენდობოდე, ვასოს შენთან კი არა, სხვებთან გავაგზავნიდი და ის სხვები მომიტანდნენ ყველა საჭირო ნივთს. _ ვინ `სხვებთან,~ მამაჩემო, შენს ტაშფანტურა ძმაკაცებთან?! ისე გაგყიდიან ოცდაათ ვერცხლად, არც დაასლოკინებენ. ძებნილი ჯანსუღ ჯაჯანიძე მაგათთვის ზედმეტი

ბარგია, ეგღა აკლიათ შენ გამო სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ. მკითხე, რომელმა მათგანმა დარეკა, რომელმა მოიკითხა შენი ამბავი... ან ჩემი, როგორც შენი შვილის. მკითხე და გეტყვი! _ გეკითხები. _ ძლივს გასაგონად ამოღერღა ჯანსუღმა. _ გპასუხობ. ამ მხრივ სრული შტილია. ჯანსუღმა ყავას თავსახური მოხსნა, დაყნოსა და ისევ ადგილზე დადგა. შვილმა უთხრა ის, რაც ისედაც იცოდა, უბრალოდ, თავს არ უტყდებოდა. რცხვენოდა და იმიტომ. გამოდის, სულ ტყუილუბრალოდ შეურყევიათ ჰაერი ბრტელ-ბრტყელი სადღეგრძელობით, მათი ძმობა და მეგობრობა სუფრას არ გასცდენია. _ კარგი, დაჯექი, მოგიყვები... _ უკვე ვზივარ. _ მაშინ ყავას დავასხამ და მერე. შენც ხომ დალევ? ჯანიკომ დიდსულოვნად დაუკრა თავი და შლაპა მოიხადა. _ ერთმა მიცნო. _ მძიმედ დაიწყო ჯანსუღმა. _ ერსმა ძაღლისშვილმა ჟურნალისტმა ქალმა. მანაც პლასტიკა გაიკეთა... იქ, კლინიკაში. არ ვიცი, როგორ გამშიფრა, ცხვირი არ გამომიყვია პალატიდან. _ მერე? ჯანსუღმა ხმაურის მოხვრიპა ყავა და სიგარეტს მოუკიდა. ოდნავ, სულ ოდნავ უცახცახებდა თითები. _ მოკალი? _ მიხვდა ჯანიკო. ჯანსუღი მრავალისმეტყველად დადუმდა.

___

დილაუთენია დიმიტრი მობილურის ზარმა გააღვიძა. რეკავდა `კრიმინალური ქრონიკის~ რედაქტორი მანანა. _ რა ხდება? _ ნამძინარევი ხმის გაეპასუხა დიმიტრი. _ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მწევარი გვამს გადააწყდა. გავაგზავნო გადამღები ჯგუფი? ძაღლიც და პატრონიც ჯერჯერობის ადგილზეა. _ კრიმინალისტები? _ თავისთავად. _ ვისი გვამია? _ ქალის. ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. დიმიტრი ცუდი წინათგრძნობით წამოჯდა ლოგინზე. _ ასაკი? _ ასაკი არ ვიცი, ძაღლმა მხოლოდ ხელის გამოჩიჩქნა მოასწრო, პატრონმა მაშინვე პოლიციას აცნობა. სხვა ინფორმაცია არ მაქვს.

_ სასწრაფოდ გააგზავნე ჯგუფი, ნახევარ საათში მეც შევუერთდები. შეიძლება უფრო ადრეც. _ დიმიტრიმ ყურმილი დაკიდა. შხაპის მიღებას ვერ მოასწრებს, ვერც ყავის დალევას. მერე, ყველაფერი მერე. ოც წუთში ბოროტმოქმედების ადგილზე იყო. გზისპირას, ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებულიყვნენ კრიმინალური პოლიციისა და ტელეკომპანიების მანქანები. დიმიტრიმ თავისი `პეჟო~ მიწაყრილთან გააჩერა და ზევიდან გადახედა დანაშაულის ადგილს. ტვ-21 _ ის გადამღები ჯგუფი იმპროვიზირებულ საფლავთან შექუჩულიყო და აშკარად ხელს უშლიდა კრიმინალისტების მუშაობას. დიმიტრი ქვა-ღორღიან, დამრეც ფერდობზე დაეშვა. წინ მეტოქე ტელეკომპანიის ოპერატორი მიიწევდა, ცალ ხელში კამერა ეჭირა, მეორეთი _ ჟურნალისტ გოგონას წონასწორობის დაცვაში ეხმარებოდა. გოგონა `ვაიმე-უიმეს~ ძახილით მიჩოჩავდა ფერდობზე, ხან რას წამოსდებდა ფეხსაცმლის ქუსლს, ხან რას. მოშორებით მდგარი ძაღლიანი მამაკაცი ძლივს აკავებდა კრემისფერი ლაბრადორს, რომელიც უყეფდა ყველას _ კრიმინალისტებს, ჟურნალისტებს, ოპერატორებს, მოახლოებულ დიმიტრის. _ თქვენმა ძაღლმა იპოვა გვამი? _ ჰო, ნეტავ ფეხი მომტეხოდა და აქეთ არ წამოვსულიყავი. _ ამოიოხრა კაცმა. _ რას ბრძანებთ, თქვენი ძაღლი რომ არა, ვინ იცის, რამდენ ხანს იქნებოდა მიწაში. _ ეგეც მართალია. ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა, როცა მიწიდან ამოჩრილი თითები შევნიშნე. შორიდან მცენარის ფესვები მეგონა, ახლოს რომ მივედი... უხ, ნუ გამახსენებთ! ერთი სიცოცხლე გავათავე... ძლივს გამოვაცალე ძაღლი. კიდევ კარგი მობილური თან მქონდა, მაშინვე პოლიციაში დავრეკე. ხუთ წუთში გაჩნდნენ, ვერაფერს უსაყვედურებ. _ სხვა დროსაც სეირნობთ ხოლმე ამ ტერიტორიაზე? _ თითქმის ყოველდღე. შორიახლოს ვცხოვრობ. _ და საეჭვო არაფერი შეგინიშნავთ? კაცმა პირველად შეხედა დიმიტრის, უფრო სწორედ ეხლაღა აღიქვა, რომ მის წინ ჟურნალისტია და არა რიგითი გამვლელი. აშკარად იცნო, სახეზე კეთილგანწყობილი გამომეტყველება დაეხატა. _ თქვენ, გადაცემა არ მიგყავდათ? _ დიახ, `კრიმინალური ქრონიკა~. _ რატომ აღარ ჩანხართ ეკრანზე? _ მომბეზრდა. პროექტის ავტორის რანგში ყოფნა მირჩვენია. _ არ მეგონა, ეთერში ჯდომამ თუ მობეზრება იცის. თქვენი აქ გამოჩენა ტელევიზიაში მუშაობას უნდა მივაწერო? _ რასაკვირველია. _ დაუდასტურა დიმიტრიმ. _ რა მკითხეთ წეღან? _ რაიმე საეჭვო ხომ არ შეგინიშნავს მეთქი? _ რას გულისხმობთ? _ ადამიანს, ნივთს, გადათელილ ბალახს...

_ გათელილ ბალახს ნამდვილად არ მივაქცევდი ყურადღებას, სხვა, ისეთი არაფერი... როკ, გაჩერდი, ფუ! _ კაცმა საყელურით გამოქაჩა აქოჩრილი ძაღლი, რომელსაც ნამდვილად ჰქონდა მიზეზი დასაბმელი გამხდარიყო, რადგან კრიმინალისტებს უკვე ამოეღოთ გვამი და იქვე, თხრილის პირას დაესვენებინათ. _ უკაცრავად. _ მოუბოდიშა დიმიტრიმ და დაძაბული ნაბიჯით თხრილისკენ გაემართა. დედიშობილა გვამი თინა გავაშელს ეკუთნოდა. ჰემატომებით დაკოპლილი ყელი თავისთავად ცხადყოფდა ძალადობრივ სიკვდილზე. მიწით მოთხუპნილ სახეს ჯერ კიდევ შერჩენოდა პლასტიკური ოპერაციის ნაკვალევი, რომ არა გვანცას მონაყოლი, დიმიტრი ვერც იცნობდა კოლეგას. _ ვითომ გაუპატიურებაა? _ იკითხა ვიღაცამ. _ გაუპატიურებულიც იქნება და გაძარცულიც. ვერ უყურებთ, საცვლებიც არ შეურჩენიათ საცოდავისთვის. _ თქვა სხვამ. დიმიტრიმ უსიტყვოდ მოიხსნა კაშნე და გვამს სასირცხვო ადგილზე მიაფარა. კრიმინალისტემა გაკვირვებულებმა მოხედეს _ რატომ გაიმეტა ჟურნალისტმა ძვირფასი კაშნე გადასაგდებად? ერთადერთი, ვინც რაღაც იყნოსა, იყო ტვ-21 _ ის ოპერატორი, რომელმაც გადაღება შეაჩერა და თვალებში შეხედა დიმიტრის. იქ მან საკუთარი ეჭვების დასტური ამოიკითხა და კამერიანა დაეშვა მიწაზე. _ ამას რაღა მოუვიდა? _ ოპერატორის მისამართით იკითხა კრიმინალისტმა და დიმიტრის მიუბრუნდა. _ ნაცნობია? _ კარგად დააკვირდით. _ მე? _ კრიმინალისტმა გულზე მიიდო ხელი. _ დიახ, თქვენც და... საერთოდ, ყველამ. _ არ გადამრიო! დავიჯერო ნაცნობია? _ მას მთელი საქართველო იცნობს. კრიმინალისტი ინტერესით დაიხარა გარდაცვლილის სახესთან. ხელთათმანიანი ხელით შუბლზე დაყრილი თმა გადაუწია. საწყალი, ფურორზე მეოცნებე თინა ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ დაუშვებდა ასეთი შინაარსის `ფურორს~. თუკი მისი სული სადღაც აქ დაფარფატებს, ალბათ შეძრწუნებული აიჭრება ცაში. _ სხვების არ ვიცი, მე კი ნაღდად პირველად ვხედავ. _ წელში გასწორდა კრიმინალისტი და სხვებს გადახედა. სხვებმა მხრები აიჩეჩეს _ ვითომ, ვიზიარებთო. _ თქვენ მას ყოველ შაბათს ხედავდით. პოლიტიკური ტოკ შოუ მიჰყავდა. _ ვაი დედა, ეს ხომ... ეს ხომ თინა გავაშელია! _ შეიცხადა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა და მოღრეცილი პირით ოპერატორის გვერდით, მიწაზე დაეშვა.

___

გვანცა გორდეზიანი ედუარდ თოფურიას ქელეხში იმყოფებოდა, როდესაც მის მობილურზე უცნობი ზარი დაფიქსირდა. მან ნაჩქარევად გადაყლაპა სულგუნის ნაჭერი და გაეპასუხა. რეკავდა დიმიტრი. თინა გავაშელი მოკლეს, მიწაში ჩააგდეს, ძაღლმა იპოვა...

გვანცამ მობილური დაკეცა და თავი ჩაქინდრა. _ ვინ იყო? _ მხარი გაჰკრა ქმარმა. _ ჰა? _ ვინ იყო მეთქი? _ თინა... თინა გავაშელი მოკლეს. _ ჟურნალისტი? _ ჰო, ჟურნალისტი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენი კლინიკის პაციენტი. _ გვანცამ თავი ასწია და თვალებით ვასო მოძებნა. ვასო მოწყენილი სახის იჯდა თამადის გვერდით, თითქოს ვიღაცის ხათრის მოვიდა ქელეხში და ახლა მომენტს ეძებს, რომ როგორმე შეუმჩნევლად გაიპაროს. პირი არაფრისთვის დაუკარებია, მაშინ, როცა მგლოვიარე დები _ მერიკო და ნელიკო ჭამასაც ასწრებდნენ და უფალი თამადის რეპლიკებზე თავის კანტურსაც. მაგიდებს შორის კინტაურის მოცეკვავეებივით დასრიალებდნენ თეფშებმომარჯვებული ოფიციანტები. სუფრა ჭამდა, სვამდა, ჭორაობდა... _ კლინიკა რაღა შუაშია? _ ჰკითხა ზაზამ. _ როგორ თუ რა შუაში?! გუშინწინ თინა ჩვენი კლინიკიდან გაქრა, დღეს დილის კი მოკლულს პოულობენ. არ არის შეშფოთების მიზეზი? _ შეშფოთდი, მაგრამ სხვა დროს, მაინცდამაინც ბიძახემის ქელეხში ნუ გაშლი აფრებს. _ მერე გვიან იქნება. გვანცას დიდხანს არ უფიქრია, დაუკითხავად წამოდგა და ვასოსკენ გაემართა. ზურგზე ქმრის ნათესავების შემფასებლური მზერა იგრძნო და შეეცადა რაც შეიძლება ღირსეულად გაევლო უჩვეულოდ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე. სამოსი ამჯერადაც ქმარმა შეურხია _ ფრანგული კაბა ბაცი იასამნისფერი შიფონისა და მუქი ლურჯი ხავერდის კომბინაციით. გვანცას კაბა მართლა მოეწონა, მაგრამ თავისთვის _ არა, მულისთვის. უთხრა კიდეც ზაზას _ სოფოს სტილშია, ახლა შენი ხათრით ჩავიცვამ, მერე კი სოფოს გადავულოცავო. ქმარს არაფერი უთქვამს, მაგრამ ეწყინა. აბა, გვანცას ჰკითხოს, როგორია ოსკაროსანი მსახიობივით პანაშვიდზე დეფილირება. _ საქმე მაქვს. _ გვანცა ვასოს ყურთან დაიხარა. ვასომ ზანტად დაუკრა თავი _ მზად ვარ მოგისმინოო. _ აქ არა, ერთი წუთით ფოიეში გამოდი. მარმარილოს ფილებით მოპირკეთებულ ფოიეში გრილოდა და მოხარშული თევზეულის სუნი იდგა. განაპირა კოლონასთან შედგნენ. აქედან ჩანდა დარბაზის ნაწილი, საპარადო კარი და კართან მიმჯდარი კარისკაცი. _ ვასო, თინა გავაშელის ამბავი გაიგე? _ სომეხთან ერთად რომ მოტყდა? _ არა, ვასო, მკვლელობას ვგულისხმობ. _ რა მკვლელობას? _ წარბები შეკრა ვასომ. _ თინა გავაშელის მკვლელობით იწყება ყველა საინფორმაციო გამოშვება.

_ რას მეუბნები, თინა მოკლეს? _ ვასოს ისე მოზომილად გაუკვირდა, გვანცას ეჭვი შეეპარა მის ადექვატურობაში. _ მოკლეს, ვასო, მოკლეს! და კვალი ჩვენს კლინიკასთან მიდის. _ ჩვენი კლინიკა რაღა შუაშია? _ ის ჩვენი კლინიკიდან გაქრა, უფრო სწორედ, გააქრეს. არ მჯერა გაპარვასთან თუ გათხოვებასთან დაკავშირებული აბსურდული ვერსიების. თინა ჩვენთან მოკლეს. _ გვანცა, შენ ახლა ნერვები მოთოკე და ჭკუას მოუხმე. კლინიკის კომპრომენტაციის უფლებას არავის მივცემ, თუნდაც უახლოეს ნათესავს. _ მაშინაც კი, თუკი ამ კლინიკაში დანაშაული მოხდა? _ არავითარი დანაშაული! თინა გავაშელმა საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა, დაწერა გამოსამშვიდობებელი წერილი, სადაც განმარტა კლინიკის დატოვების მიზეზი. იმის იქით რა მოხდა, არ ვიცი და არც მაინტერესებს. გვანცამ კისერი წაიგრძელა და ვასოს გადიდებულ გუგებში თავისი ანარეკლი დაინახა. _ მე მაინტერესებს. _ თქვა ხმადაბლა, მაგრამ მტკიცედ. _ არ გირჩევ. _ მიზეზი? _ კიდევ ერთხელ გიმეორებ, თუკი შენს ცნობისმოყვარეობას კლინიკის პრესტიჟი შეეწირა, სამსახურს დაკარგავ. _ რა არის სამსახურის დაკარგვა იმასთან შედარებით, რასაც თინა შეეწირა? _ რას შეეწირა თინა? _ საკუთარ პროფესიას. მას ჰქონდა ინფორმაცია ერთ პიროვნებაზე. _ ვისზე? _ პაციენტზე, ვის სიყვარულსაც აბრალებენ. _ შენ... შენ რამე იცი იმ პაციენტის შესახებ? _ ვასოს თითქოს საყრდენი გამოეცალა, წაბარბაცდა, ზურგის მიეყრდნო კოლონას, გამომშრალი ტუხები გაილოკა. _ არა. არ ვიცი. _ იცი! _ ვასოს ნერვებმა უმტყუნა, გვანცას მაჯაზე ხელი ჩაავლო და მყისიერი მოძრაობის თავისკენ გამოქაჩა. ამჯერად გვანცა წაბარბაცდა, ვასოს მიეხეთქა, მაგრამ მაშინვე უკან გახტა. _ ვასო, რა მოგივიდა! ვასომ დუნედ გაუშვა ხელი, მიბრუნდა და შუბლი კოლონას მიადო. _ მაპატიე, გვანცა... არ მინდოდა შენი წყენინება... აქეთ მამაჩემის სიკვდილი, იქით უსამართლო ანდერძი, ახლა ეს თინა დაემატა. დავიღალე, აღარ შემიძლია... ძალიან დავიღალე. _ არ მწყენია, უბრალოდ შენი გაფრთხილება მინდოდა, თუკი დასაკითხად მივიდოდნენ. _ ააა, დასაკითხად?... ჰო, მართალი ხარ... კარგია, რომ მითხარი, მადლობა, ჩემო კარგო. ახლა დამტოვე, მარტო მინდა, რა?...

გვანცამ გაგებით დაუკრა თავი და დარბაზისკენ წავიდა. კართან ზაზას შეეჩეხა. _ სად დაიკარგე? _ უკმაყოფილოდ ჰკითხა ქმარმა. _ მიდი, ვასოს მიხედე, მგონი ვერ არის კარგად. _ გადაუჩურჩულა გვანცამ და გზა განაგრძო. თამადა ხმამაღლა ითხოვდა საზოგადოების ყურადღებას _ ედუარდის მონაგარის სადღეგრძელო უნდა შეესვა. მერიკომ დელიკატურად დადო თეფშზე მოკბეხილი ლობიანი, ტუჩებზე ხელსახოცი მიიდო და ფხალეულის ათვისებით დაკავებულ დას მხარი გაჰკრა. ნელიკო უსიტყვოდ მიუხვდა, სწრაფი მოძრაობის ჩამოიქახა გიპიურის ბლუზა და ყელი მოიღერა. ძმისგან განსხვავების დები თოფურიები ფერ-ხორცისა და ჯანმრთელი იერით გამოირჩეოდნენ. უყვარდათ კარგი ჭამა, დეკოლტირებული სამოსი და მსხვილკალიბრიანი აქსესუარები. ვასო აღნაგობით მამას ჰგავდა _ ასთენიური, აწოწილი, გრძელხელება. _ რა სირბილი აგიტყდათ? _ დაჯდომისთანავე უსაყვედურა დედამთილმა. _ ვასოსთან მქონდა საქმე. _ რა დროს საქმეა, თამადა ედუარდის შვილების სადღეგრძელოს სვამს. _ სად არის ვასო? _ ხმამაღლა დასჭექა თამადამ. _ ვასო, ვასო, ვასო... _ გაისმა აქეთ-იქიდან. ქმრის მოძებნა ლიკუნამ იკისრა და თავიც კარგად გაართვა. დარბაზში სამივენი ერთდროულად დაბრუნდნენ _ ვასო, ზაზა და ლიკუნა. თამადამ ვასო გვერდით დაიყენა და კიდევ ერთხელ ითხოვა ყურადღება. ლიკუნამ ნუცის და სოფოს გვერდის დაიკავა ადგილი, ზაზა ცოლის გვერდის დაჯდა და სიგარეტი ამოიღო. გვანცამ კანის რეცეპტორებით იგრძნო მოახლოებული საფრთხე. სითამამისთვის ღვინო მოსვა და მეხის გავარდნას დაელოდა. _ გვანცა. _ უაპელაციო ხმით დაიწყო ზაზამ. _ ხო. _ მისმინე და კარგად დაიმახსოვრე: შეეშვი თინა გავაშელთან დაკავშირებული საქმის თვითნებურ გამოძიებას. დაივიწყე. _ ვასომ გამოგაგზავნა? _ ჰო. ვასომ მთხოვა. მეც ვუერთდები მის თხოვნას. _ ამიხსენი, რატომ? _ არ მაქვს ახსნა. ვასოს თხოვნა სრულიად საკმარისია. ასეა საჭირო. _ ზაზამ სიგარეტს მოუკიდა და საფერფლის ძებნაში თვალი გააცეცა. _ რას მთავაზობ, არ დავეხმარო გამოძიებას? _ კლინიკის დახურვის ხარჯზე? _ მე ვიცი ერთი: დამნაშავე უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს. _ ჯიუტად თქვა გვანცამ. _ ვის აფარებს ხელს ვასო? _ საიდან მოიტანე, რომ აფარებს?! უბრალოდ არ უნდა სამსახურის შიდა პრობლემების საჯაროდ გამოტანა. ნორმალური ამბავია, მიკვირს, როგორ არ გესმის? _ ე.ი. თინა ვითომ არ მოუკლავთ, ვითომ არ ჩაუფლავთ მიწაში... დედიშობილა, სხვათა შორის...

_ საიდან იცი ასეთი დეტალები, დილის აქეთია ბიძაჩემის გასვენებაში ვიმყოფებით. `არ შეიმჩნიო~ თავს შეუძახა გვანცამ და ისე გაწითლდა, თვალებიც კი აეწვა. ზაზა ორაზროვანი გამომეტყველებით გადმოიხარა ცოლისკენ, მხარზე ხელი მოხვია და ყურში ჩასჩურჩულა: _ ვინ დაგირეკა წეღან? _ ახლობელმა. _ სახელი არ აქვს ახლობელს? _ თათია. _ ვინ თათია? _ ვითომ არ იცი... მეჯვარე. ჩემი მეჯვარე. _ გვანცამ სიგარეტის ბოლს აუქშია და ისევ ჭიქას წაეპოტინა. _ დარწმუნებული ხარ? _ რას ნიშნავს ეს ლაპარაკი, არ მესმის... _ მათხოვე შენი მობილური. _ გააწყვეტინა ზაზამ. _ მამოწმებ? _ არა, უბრალოდ მაინტერესებს, ვისი დაქოქილი ხარ! _ არავის დავუქოქივარ, იცოდნენ, რომ თინა ჩვენი პაციენტია და საქმის კურსში ჩამაყენეს. _ არ გამამეორებინო. მომეცი მობილური. გვანცა არ განძრეულა. ახლა ვეღარც ღვინო უშველის, ვერც მორიგი ტყუილი. სკანდალი სიმწიფის ფაზაში იედიოდა. გვერდიდან დედამთილმა გამოიხედა შეშფოთებული სახით. საჯაროდ გამოტანილი ოჯახური უსიამოვნება მედეასთვის ხარაკირის ტოლფასი იყო. ქმრის ღალატს მხოლოდ იმიტომ ითმენდა, რომ ხალხისთვის სალაპარაკო არ მიეცა. გვანცა არ მოითმენს. ის ახლა ადგება და წავა. უნდა წავიდეს, მაგრამ შიშმა სკამს მიადუღაბა. მას ეშინია კაცის, რომელსაც მისი ქმარი ჰქვია, იმდენად ეშინია, რომ ვერ ინძრევა. ზაზა ხედავს მის შიშს და უარესად აწვება. _ რა ხდება, ახალგაზრდებო? _ ვერ მოითმინა დედამთილმა. _ არაფერი, დედა, უბრალოდ ვკამათობთ. _ მოუჭრა ზაზამ. _ ვერ გეტყვი, რომ შესაფერისი ადგილი შეარჩიეთ. _ ქალბატონმა მედეამ პროტესტის ნიშნად თავი მიაბრუნა და თვალებით სოფო მოძებნა. მაგრამ სოფოს არ ეცალა დედისთვის. მთელი გულისყური ემოციურად მოქაქანე ნუცისკენ მიემართა. არც `მონაგარის~ სადღეგრძელო აინტერესებდა, არც ბაბუამისის დიადი საქმეები. აწრიალებული ლიკუნა ხან ქმარს შესცქეროდა, ხან თამადას, ხანაც ნუცის მხარეს იგრძელებდა კისერს. `ბედნიერები~, შურით გაიფიქრა გვანცამ. იმათთან ყოფნა მოუნდა, ჭორაობით გართულ სამეულთან... შორს ზაზასგან, დიმიტრისგან, თინასგან, საკუთარი თავისგან... _ არ გამაბრაზო, საყვარელო. _ ტუჩებით უბრძანა ზაზამ. გვანცამ მორჩილად დადო მაგიდაზე მობილური ტელეფონი, წამოდგა და უკანმოუხედავად დატოვა დარბაზი.

___

ოც წუთში კლინიკაში იყო. ცხოველურმა შიშმა თითქმის გაუარა, მხოლოდ შინაგანად აკანკალებდა. ცუნაში უკვე დაიძრა, ზარალს მოგვიანების დაითვლის, როცა ზაზა ე.წ. მეჯვარის ვინაობას დაადგენს და თათიას ნაცვლად დიმიტრი შერჩება. რაც არის, არის! რომელი ერთი იდარდოს _ ქმრის რეაქცია, თინას სიკვდილი, ვასოს მუქარანარევი გაფრთხილება... შეფი უეჭველი ძებნილ პაციენტს აფარებს ხელს, მაგრამ გვანცა არ აპირებს სამსახურის დაკარგვის შიშით დამძიმებული სინდისით ცხოვრებას. სამსახური კი არა, ქმარზე რომ მოუწიოს უარის თქმა, არ დათანხმდება. ამ აზრმა რაღაცნაირად დაამშვიდა. ცხოვრება დევიზით: დაიკიდე და მოგეშვება, ზაზამ ასწავლა. ჰოდა, ისიც დაიკიდებს. თითქმის ჰკიდია, მაგრამ მაინც კრიჭა აქვს შეკრული _ ნერვული სტრესის უტყუარი ნიშანი. არა უშავს, ესეც გაივლის. გვანცამ აუჩქარებლად შეუხვია დერეფანში. ორდინატურაში ასეთი სურათი დახვდა: ტელევიზორს მიფიჩინებული ექიმები საინფორმაციო გამოშვებას უყურებდნენ. დღის თემა თინა გავაშელის მკვლელობა იყო. კადრში გამოჩნდა მიწაყრილზე დასვენებული თინას გვამი. გვანცამ დიმიტრის კაშნე იცნო. შეეცადა მოეთოკა ემოციები და ვიდრე კოლეგები ვაი-ვიშით იყვნენ დაკავებულები, იმ უჯრას მიადგა, სადაც თინას ე.წ. გამოსამშვიდობებელი წერილი ეგულებოდა. საბედნიეროდ, წერილი ადგილზე დახვდა. გვანცამ შეუმჩნევლად დატოვა ორდინატურა, კაბინეტში შეიკეტა, წერილი სკანერზე გადაიღო და ისევ ორდინატურას მიაშურა. როცა კლინიკაში გამომძიებელი გამოცხდდა, წერილი უკვე ადგილზე იყო, გვანცა კი ქუჩაში. რა საჭირო იყო სამსახურში ციმცინი, როცა საპატიო მიზეზი ჰქონდა _ ედუარდის ქელეხი. მისი არც მოსვლა გაჰკვირვებია ვინმეს, არც წასვლა. მედპერსონალი გამომძიებელზე გადაერთო. მაშ ასე: ახლა საჭიროა გრაფოლოგიური ექსპერტიზა, რომელსაც სულაც არ საჭიროებს გამომძიებლის სანქციას. თუკი წერილი მართლა თინას დაწერილია, გვანცა ბოდიშს მოიხდის, თუ არა _ ის მაინც ეცოდინება, რომ ადგილი აქვს კანონდარღვევას. ერევნელ სომეხად მონათლული ქართველი ძებნილის შესახებ იცის მხოლოდ მან, ვასომ და დიმიტრიმ. თინა აღარ არის ანგარიშში ჩასაგდები. თინა ცნობისმოყვარეობას შეეწირა. ვინ იცის, იგივე ბედი ელის გვანცას? გულგახეთქილი შედგა. მიმოიხედა. ღმერთო, რამ გადმოისროლა ამ უბანში... ისე გამოიარა რამდენიმე გაჩერება, ვერც გაიაზრა სად მიდის, რატომ?... შორიახლოს თათია ცხოვრობს, იქნებ ქვეცნობიერმა თავისით მოიყვანა ბავშვობის მეგობართან?! ჯიბეში წერილი მოისინჯა. არც მობილური აქვს, არც დიმიტრის ნომერი ახსოვს, რომ წერილის ასლი გადასცეს. ნაცნობი კორპუსის დანახვაზე ნოსტალგია შემოაწვა. რა კარგი იყო ბავშვობა, რა ლაღი და ხალისიანი... რამდენჯერ გამოუვლიათ გოგოებს თათიასთვის, რამდენჯერ დაუყრუებიათ ეზო ხმამაღალი შეძახილებით... თათიას ეძახდნენ და იქვე, ბებერი ნაძვის ძირში მობირჟავე ბიჭებს ეპრანჭებოდნენ. `ამოდიიით~ _ ყვიროდა აივანზე გადმომდგარი თათია. დღეს აღარც ბიჭებია, აღარც კოხტა აივნები. ბიჭები დაკაცდნენ, კოხტა აივნები აცა-ბაცად მიშენებულმა ლოჯიებმა შთანთქა, ნაძვები _ ავტოფარეხებმა. ერთი ფარეხის პატრონს ეტყობა დაენანა ხის მოჭრა და თან ჩააყოლა. ნაძვის კენწერო უხეირო საკვამლურივით ამოჩრილიყო თუნუქის სახურავიდან. ბავშვობის მეგობრის დანახვა თათიას თან გაუხარდა, თან გაუკვირდა. გვანცა არასოდეს მოდიოდა გაფრთხილების გარეშე.

_ გვანც, რა სახე გაქვს? _ მეტყობა? თათიამ უსიტყოდ შეიყვანა თავის ოთახში. _ ვინ არის? _ შორიდან დაინტერესდა თათიას ბებია. _ ჩემთან არიან! _ ხმამაღლა გასძახა შვილიშვილმა და კარი მოხურა. გვანცამ სევდიანად შეათვალიერა ნაცნობი ოთახი. დიდად არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით კომპიუტერს და კომბალივით კაქტუსს ფანჯრის რაფაზე. კედელზე ისევ ეკიდა წოწოლაქუდიანი სათამაშო კლოუნი. უწინდელ პეწზე ვერ იყო, მაგრამ წითელი ტუჩები მაინც მეგობრულად უღიმოდა. _ მე მეგონა ქელეხში იყავი. _ თქვა თათიამ. _ მეც მეგონა. _ გვანცა კლოუნთან შედგა, გაუბედავად ჩამოუსვა თითი ოქროსფერი ძაფების გაწყობილ ქსოვილს. _ რა გჭირს? _ .... _ არ იტყვი, რა მოხდა? გვანცას ცრემლი მოერია. იდგა კლოუნის წინ და ტიროდა. თათიამ უყურა, უყურა და ტახტზე დაჯდა. ახლა ქვევიდან უყურებდა _ სიყვარულით, თანაგრძნობით, მოთმინებით... თუ ეტირება მის მეგობარს, იტიროს. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ამოქვითინების სურვილით შეპყრობილ გვანცას მასთან მოურბენია. ბოლო დროს დეპრესიულ შემოტევებს შორის ინტერვალი გაიზარდა, მაგრამ ეტყობა, ეშმაკს არ სძინავს. ცოტა ხანს ადროვა და კაბის კალთაზე გამოქაჩა. _ გვანც, ჰა, გვანც... _ მმმ... _ ეს კაბა მაგრად გიხდება. გვანცამ ამოისლუკუნა და სუსტად გაუღიმა. _ ეგრე, რა... ღიმილი გიხდება... კაბაც, ვარცხნილობაც, მაკიაჟიც... შენ კი დგახარ და ღრიალებ! ცრემლი არ გიხდება. მოდი, დაჯექი... თქვი და გულზე მოგეშვება. _ არ მომეშვება. _ გვერდით მიუჯდა გვანცა. _ აბა, რისთვის მოხვედი? _ არ მქონდა სხვაგან წასასვლელი და იმიტომ. _ ნუ მელაპარაკები ქარაგმებით, კონკრეტულად მითხარი. _ მგონი ქმარს ვშორდები. _ ჩაილაპარაკა გვანცამ. _ ზაზას? _ ზაზას. აბა, სხვა ქმარი მე არ მყოლია! _ მიზეზი? _ მიზეზს ნუ მეკითხები.

_ აბა, რა გავაკეთო? _ მითანაგრძნე. მეტი არაფერი. თათიამ მხარზე ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა. მეგობრის მყუდრო, ფუმფულა მკლავზე გვანცამ თავი დაცულად იგრძნო. _ გითანაგრძნობ, მაგრამ საქმის კურსში ჩაყენებით. _ თათია, მეშინია. _ რისი გეშინია, ნუ გადამრიე?! _ ზაზასი. _ კაი, კაცო! _ ჰო, მეშინია, ბავშვობაში, გუდიანი კაცის რომ მეშინოდა, ისე. _ შიში ცარიელ ადგილზე არ ჩნდება, რაღაც საფუძველი უნდა ჰქონდეს. _ აქვს საფუძველი. _ მართლა? _ ჰო. დიმიტრიმ დამირეკა. _ გამარჯობა! _ წამოიძახა თათიამ და ხორციან ბარძაყზე გაშლილი ხელისგული მიიტყაპუნა. _ ის არ არის, რაც შენ იფიქრე. თავისი კოლეგის თაობაზე დამირეკა, ალბას გაიგე თინა გავაშელის მკვლელობის ამბავი. _ ცხადია, გავიგე, მთელი თბილისი მაგაზე ლაპარაკობს. მერე? _ მერე ზაზამ ჩემს მობილურს კონფისკაცია გაუკეთა და ახლა რევანშისთვის ემზადება. _ შენ რისთვის ემზადები, გვანცა? _ მე... მე გაქრობა მინდა. _ ნუ, ეს უკვე აბსურდის ფილოსოფიაა... _ თათია მკვეთრად წამოდგა, მაგიდის უჯრიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და გვანცას გაუწოდა. იმან უარის ნიშნად თავი გააქნია. თამბაქოს კვამლით დარდით ჩაქრობა უაზრობად მოეჩვენა, არც იყო დიდი მწეველი, სიტუაციის მიხედვით თუ გააბოლებდა. თათიას ოჯახში მოწევა ცუდ ტონად ითვლებოდა. ლოჯიაში გამაგრებულ ბებოს შვილიშვილი სიგარეტზე რომ გამოეჭირა, სახალხოდ შეარცხვენდა და მეგობარსაც ზედ მიაყოლებდა. თათიამ სიგარეტს მოუკიდა, სარკმელი გამოაღო და ბოლი გარეთ გაუშვა. _ შენ საქმის არსი მითხარი, თორემ, ადამიანის გაქრობა-არ გაქრობის საკითხი სხვაგან წყდება. _ საქმის არსი ის არის, რომ აღარ შემიძლია მუდმივ განგაშში ცხოვრება. ზაზა მთრგუნავს. _ როდის იგრძენი თავი დათრგუნულად, დიმიტრის ზარის შემდეგ? _ თათიას ხმაში ირონია ჟღერდა.

_ დიმიტრი არაფერ შუაშია. ადრე შეიძლება იყო, დღეს სხვა სიტუაციაა... თუმცა, დღეს უფრო მეტად მეშინია. კი არ მეშინია, მონუსხულივით ვარ, რაღაცნაირად პარალიზებული, თითქოს გველმა უნდა დამგესლოს. _ გველში, რაღა თქმა უნდა, ზაზას მოიაზრებ. _ ჰო. _ ასე ვერ იტან? _ საქმეც მაგაშია, რომ ვიტან... ადამიანურად მესმის მისი, ვაფასებ კიდეც, მაგრამ სულ მეჩვენება, რომ სხვის ადგილს ვიკავებ. ეს ჩემი პიესა არ არის, თათია! ცუდად ვთამაშობ, ყალბად, უნიჭოდ... _ გვანცამ უხეშად მომუჭა კაბის კალთა და ისევ გაუშვა, _ ეს კაბა საჩემო არ არის, არც ეს ბეჭდები, არც ეს შპილკები, არც ეს გაფშეკილი თმა... ჩემი თავი მომენატრა, თათი, გესმის ჩემი? _ შენ რომ მისტირი, იმ მატარებელმა ჩაიარა. _ ვიცი, რომ ჩაიარა, მაგრამ გატირების უფლება ხომ არავის წაურთმევია?! თათიას თვალები აუწყლიანდა, ანთებული სიგარეტი სარკმელში მოისროლა და ყოყმანით შედგა გვანცას წინ. გვანცამ რბილ მუცელზე თავი მიადო. _ არაფერი მითხრა, თათია, გთხოვ არაფერი მითხრა... შენთან სულის მოსათქმელად მოვედი. მეტი არაფერი მინდა, სრულიად არაფერი...

___

შუადღემდე დიმიტრი ფეხს ითრევდა, იმის იმედით, რომ კრიმინალისტები პირველად დასკვნას დადებდნენ, ბოლოს გულმა ვერ მოუთმინა და პირადად წავიდა დანაშაულის ადგილის მოსაკვლევად. ის, რომ სინა გაუპატიურების მიზნის არ იყო გატაცებული, დიმიტრიმ იმთავითვე იცოდა და ექსპერტიზამაც დაადასტურა. მაშინ რატომ გააშიშვლეს მკვდარი? იქნება კვალის არევის მიზნით? სიჩქარეში უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს და ტანსაცმელი გახადეს _ გაძარცვის ან გაუპატიურების (ან ორივე ერთად) ინსცენირება გააკეთეს, ასე ვთქვათ. ეტყობა, თინას სულმა წასძლია და ერევნელ სომეხად დარეგისტრირებულ ჯაჯანიძეს გამოეცნაურა. მიმალვაში მყოფისთვის ეს სიკვდილის ტოლფასია. გაშიფრულმა ჯაჯანიძემ არასასურველი მოწმე მოიშორა, რაც მისი რეპუტაციის კაცისგან მოსალოდნელიც იყო. სულ სხვაა ვასილ ედუარდის ძე სოფურია _ პროფესორი, ქირურგი, მთავარი ექიმი... გამორიცხულია, მისი კომპეტენციის ადამიანს არ სცოდნოდა ვის უკეთებდა პლასტიკურ ოპერაციას. დავუშვათ, იცოდა, ფულს დახარბდა და ოპერაცია გააკეთა. მკვლელს რატომ დააფარა ხელი? ან მიმალვის საშუალება რატომ მისცა? ისევ ფულის გამო თუ ამ ორ სუბიექტს რაღაც სხვა აკავშირებს ერთმანეთთან? იქნებ ედუარდის ანდერძი შეიცავს რაღაც მინიშნებებს? მრავალშვილიანი დედა არ ჯდება საბედისწერო ქალის ამპლუაში, აქ სხვა ამბავია, სხვა... ამ ფიქრებითა და კითხვების დიმიტრი ნაცნობ თხრილს მიუახლოვდა. თხრილი ყვითელი ლენტის კვადრატში იყო მოქცეული და მართლა წააგავდა ახალგათხრილ საფლავს. დიმიტრიმ მზერა გაიმახვილა და კვადრატს რამდენიმე წრე დაარტყა. ყოველ მორიგ წრეზე მანძილს ზრდიდა, ყურადღებით აკვირდებოდა მიწას და თვალით საწყის

წერტილს ზომავდა. იარა, იარა, ზღაპრის გმირივით, ვიდრე ტალახიან მიწაზე საბურავების ნაკვალევი არ შეამხნია. შედგა. მინდორზე მანქანებს არაფერი ესაქმებოდათ, დიდი-დიდი ოქროყანიდან გადმოსულიყო გზააბნეული საქონელი. ტრასა ზევით იყო, ფერდობის თავზე. თავზეხელაღებულმა მძღოლმა კი არა მხოლოდ მანქანა, საკუთარი სიცოცხლე დააყენა საფრთხის ქვეშ როცა ტრასიდან ჩამოუხვია და ოღროხოღრო მინდორზე გაილაღა. და ეს თავზეხელაღებული მძღოლი, დიმიტრის ვარაუდით, ვასილ თოფურია უნდა ყოფილიყო. ვასილი და ჯანსუღი. პლიუს მოკლული თინა საბარგულში. გაიხსენეს ანდაზა: `ქურდს რა უნდა, ბნელი ღამეო~ და გვამი კლინიკიდან გამოაპარეს. ნაგავსაყრელზე ვერ დააგდებდნენ, ვერც ქალაქის ცენტრში დაიწყებდნენ გათხრის სამუშაოებს, ცენტრალურ ტრასაზე, სადაც ყოველ კილომეტრში ვიდეოთვალია დაყენებული, გვამის მანქანიდან გადმოტანა და სამალავის ძებნა სრული სიგიჟე იქნებოდა. ამიტომ ტრასიდან ჩამოუხვიეს და მინდორ-მინდორ მოაღწიეს აქამდე. მერე ფეხის გაიარეთ ორმოცდაათიოდე მეტრი, ფართხაფურთხით ამოთხარეს მიწა, გვამი ჩააგდეს და უკანვე მოცოცხეს. სიჩქარეში მიწის რაოდენობა ვერ გათვალეს, თორემ ძაღლი ასე ადვილად ვერ მიაგნებდა. დიმიტრიმ თვალის გამოზომა საბურავის ნაკვალევი. სიგანის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჯიპისა უნდა ყოფილიყო. ჩაიცუცქა, ხელით მოსინჯა. თითებზე ნოტიო მიწა აეკრო. თუ დროულად არ ჩაუტარდა ექსპერტიზა, გაიფიტება, ჩამოიფშხვნება და ნივთმტკიცებად არ ივარგებს. ყოველი შემთხვევისთვის, საეჭვო ნაკვალევს მობილურით ფოტოსურათი გადაუღო. ის დროა, საქმის კურსში ჩააყენოს გამომძიებელი, თუმცა გვანცასთან გადამოწმება არ აწყენს. მიწიანი ხელი შარვალზე შეიწმინდა და მობილურით მესიჯი გაგზავნა: `თუ შეგიძლია, ვასოს მანქანის მარკა მომწერე~. პასუხის მოსვლამდე კიდევ ერთხედ დაზვერა მიდამო. სულ რამდენიმე ნაბიჯში ეულად ასვეტილიყო ფუღუროთი დაღდასმული ნაძვი, თითქოს უხმობდა: `მოდი, ჩამხედე, რა იცი, რა ხდებაო.~ გულისხმას აყოლილი დიმიტრი ნაძვთან შედგა, მაგრამ ფუღუროში ჩაჭყეტვა ვერ მოახერხა _ საკმაოდ მაღლა იყო. სხვა გზა არ ჰქონდა _ ხეზე აცოცდა და ზევიდან მოუარა. ლამის იდაყვამდე ჩაჰყო ხელი და კრიახით ამოაცოცა მოცისფრო ქსოვილი. ინტერესით გაშალა. ხელში ქალის პირსახოცის ხალათი შერჩა, თოფურიების კლინიკის ლოგოთი მარცხენა მკლავზე. ღირსი არ არის ეს ხალათი გამომძიებელს ცხვირზე ააფაროს?! ვიდრე ხეზე შემომჯდარი დიმიტრი სხვადასხვა ბრუნვაში მოიკითხავდა გამომძიებლის მშობლებს, მობილურმაც დარეკა. ეკრანზე გვანცა გორდეზიანის ნომერი დაიწერა. _ ჰო, გვანცა, გისმენ. _ გაეპასუხა დიმიტრი. _ ეს მე გისმენ! _ გაისმა უცნობი მამაკაცის მუქარანარევი ხმა.

___

ნებისმიერი ჩიხური სიტუაციიდან არსებობს ერთი გამოსავალი მაინც. გვანცამ ეს გამოსავალი იპოვა და გულზე მოეშვა. ის და ზაზა უნდა დაშორდნენ. თუ ზაზა სკანდალის გარეშე დათანხმდება, ყველაფერი უმტკივნეულოდ ჩაივლის. დიმიტრის ზარი მხოლოდ საბაბი იყო, მათი გაყრის საკითხი ადრე თუ გვიან მაინც დადგებოდა დღის წესრიგში. მოჩვენებითმა ოჯახურმა იდილიამ საკუთარი თავი ამოწურა, დროა სიმართლეს ჩახედონ თვალებში. დაგვიანებულიც კია. _ ასე იმხნევებდა თავს სახლში დაბრუნებული გვანცა და თან ბარგს ალაგებდა.

ბავშვი ადრე დააძინა _ უხერხული კითხვების თავიდან ასაცილებლად. ქელეხი კარგა ხნის დამთავრებული იქნებოდა, ზაზა კი არ ჩანდა. საკეტში გასაღების გაჩხაკუნებაზე გვანცას გული შეუხტა, მაგრამ მაინც განაგრძო ბარგის ჩალაგება, მოძრაობაში ნაკლებად ჩანს ნერვიულობის ხარისხი. ჩასალაგებელიც აღარაფერი დარჩა. განსაკუთრებული მზითევი, რომლის წასაღებად სპეციალური ბრიგადის გამოძახება იქნებოდა საჭირო, არ ჰქონია. თოფურიების მორთმეული სამკაულები ყულაბაში მოათავსა და სასტუმრო ოთახში, გამოსაჩენ ადგილზე დადო _ არ იფიქრონ, ძვირფასეულობას დავხარბდიო. ზაზა კარში გაიბოტა და ამღვრეული მზერა ცოლზე გაასრიალა. `ღმერთო ჩემო, ნასვამია!~ თავში გაუელვა გვანცას და შიშით მუცელი შეეკუმშა. ზოგადად, ზაზას არ ჰქონდა ცუდი სიმთვრალე, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე რთული იყო პროგნოზის გაკეთება. ვინ იცის, რას უკარნახებს ალკოჰოლით გათამამებული ტვინი? მზარდი დაძაბულობა თუთიყუშმა განმუხტა _ ჭყივილით ამცნო ოჯახის წევრებს განავარდების სურვილი და ხარიხაზე რამდენიმე მოუთმენელი გარბენა გააკეთა. _ ვა, კუკურ?! _ ზაზა სიამოვნებით გადაერთო თუთიყუშზე, არამყარი ნაბიჯის გადაჭრა ოთახი და გალიის კარი გააღო. კუკურიმ ფრთები აიქნია, კამარა შეკრა და ყვითელ აქსელბანდად დაეშვა ზაზას მხარზე. _ ეიი, პიჯაკზე არ დამასკორო! _ დაანამუსა ზაზამ და საძინებელში გაუჩინარებულ ცოლს დამცინავი მზერა გააყოლა. გვანცა მალევე დაბრუნდა. ხელში ეჭირა გიორგის თბილი ჯემპრი და ბოტასები. _ ეს... ეს როგორ გავიგოთ? _ ზაზამ ნიკაპით ანიშნა გახსნილ ჩემოდანზე. _ მივდივარ. _ საით გაგიწევია? _ რა მნიშვნელობა აქვს... გეყრები. _ გვანცა შეეცადა რბილად ეთქვა, მაგრამ მაინც უხეშად გამოუვიდა. ეტყობა, თვითონ სიტყვას ჰქონდა უარყოფითი დატვირთვა. `გეყრები~ _ როგორც არ უნდა აბრუნო, მაინც დამამცირებლად ჟღერს. გვანცამ ბავშვის ნივთები ჩემოდანში ჩაალაგა და უაზროდ დაბორიალდა, თითქოს რაღაცას ეძებდა, კონკრეტულად რას, ვერ გაიხსენა. ძლივს შეკოწიწებული სათქმელი შიშმა შეისრუტა. _ რა თქვი? _ გეყრები, ზაზა, არ მოგესმა. _ ნუ ფაციფუცობ, თუ ღმერთი გწამს! დაჯექი და მითხარი, რა ბზიკმა გიკბინა. _ ზაზამ თუთიყუში გალიის თავსახურზე შეაგდო და სკამი გამოსწია. გვანცა აღარ გაჯიუტებულა, ტახტის კუთხეში ჩამოჯდა და ქმარს შეხედა: _ ასე გაგრძელება არ შეიძლება. უნდა დავშორდეთ. ზაზამ პიჯაკის ჯიბიდან ცოლის მობილური ამოიღო და ორაზროვანი გამომეტყველებით გაუწოდა. გვანცა არ განძრეულა. მობილურის გამოსართმევად უნდა წამომდგარიყო, მერე ისევ დამჯდარიყო, რაც იმთავითვე ჩააყენებდა დამამცირებელ მდგომარეობაში. უწინდელ შეცდომებს აღარ დაუშვებს. ის იქნება ამაყი და შეუვალი. _ მაგიდაზე დადე. _ უთხრა მშვიდად.

ზაზამ დაუჯერა, მობილური მაგიდაზე მიაგდო და სკამიანა მიჩოჩდა ცოლთან. უდავოდ მომხიბვლელი მამაკაცი იყო ზაზა თოფურია. სექსუალურიც. ფული და სტატუსი სექსუალურს ხდის მამაკაცს. ზაზას ერთიც ჰქონდა და მეორეც, და მაინც არ ჯდებოდა ცოლის კრიტერიუმში. მისი თვითკმარი მანერები, უაპელაციო ტონი, სნობიზმი, გვანცას მხოლოდ აღიზიანებდა. _ აბა, მომიყევი შენი ვერსია. _ აგდებულად თქვა ზაზამ. _ რას გულისხმობ `ვერსიაში~? _ ე. წ. მეჯვარის ზარს. _ არ ყოფილა მეჯვარე, დიმიტრი ძნელაძემ დამირეკა. _ აღიარა გვანცამ. ზაზას არც გაკვირვება გამოუხატავს, არც მრისხანება. მარჯვენა წარბი შეათამაშა. ეს იყო და ეს. _ რატომ დაგირეკა? _ თინას მკვლელობასთან დაკავშირებით. _ შენ რატომ დაგირეკა, რომელი გამომძიებელი შენ მყავხარ? _ ისე მოხდა, რომ მკვლელობის წინა დღეს თინამ დიმიტრისთან წერილი გამომატანა. _ აბა, აბა, დაწვრილების მომიყევი რა წერილზეა ლაპარაკი? გვანცა იძულებული გახდა ყველაფერი მოეყოლა. გამოძიების ინტერესი ერთია, საკუთარ ტყავის გადარჩენაზე ზრუნვა _ მეორე. ზაზამ უნდა იცოდეს _ ცოლს მისთვის არ უღალატია. ყოველ შემთხვევაში, ბოლო სამი წელი. _ არ მოუტყუებია ჟურნალისტს. _ აღნიშნა ზაზამ, როცა გვანცამ მოყოლა დაასრულა. _ ვინ ჟურნალისტს? _ ვისი ტელეფონის ნომერიც შენს მობილურზე დაფიქსირდა. _ შენ... შენ დიმიტრის ელაპარაკე? _ კი არ ველაპარაკე, დავკითხე. _ რა დასკვნა გამოიტანე? _ შენდა საბედნიეროდ თქვენი ვერსიები ერთმანეთს ემთხვევა. გაბრაზების საბაბი მაქვს, იმიტომ რომ ტყუილში გამოგიჭირე, თუმცა მაქვს პატიების საბაბიც, იმიტომ, რომ სიმართლე აღიარე. _ იცი, ზაზა, ჩემთვის აღარა აქვს მნიშვნელობა მაპატიე თუ არა. აღარ მინდა შენთან ცხოვრება, მგონი არც შენ გინდა, უბრალოდ ვერ ხვდები ამას. _ ხუმრობ, ცოლო? _ ნწუ. _ გვანცა, რა გინდა? _ მინდა მეგობრებად დავშორდეთ. _ რას ბრძანებ, მეტი არაფერი გინდა?! _ გამოაჯავრა ზაზამ. _ სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ. შემეძლო კარი მომეხურა და ისე წავსულიყავი, მე ეს არ გავაკეთე, პატივს გცემ და იმიტომ.

_ შეიტენე ერთ ადგილზე ეგ შენი `პატივისცემა!~ _ ზაზამ ისე მოულოდნელად იფეთქა, რომ გალიაზე შემომჯდარი კუკური შეფრთხა და უკიდურესი შეშფოთების ნიშნად ქოჩორი გაშალა. _ ნუ ყვირი! _ ჩემს სახლში რასაც მინდა, იმას ვიზამ! უყურე ამას, დამიწყო აქ, პრავების კაჩავი! მე შენი პატივისცემა არ მჭირდება, მე სიყვარული მინდა! ამაზე თუ გიფიქრია, ქალოოო! _ არ გინდა! _ გაწიწმატდა გვანცა. _ არც არასოდეს გინდოდა, უსიყვარულოდ უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, ხელ-ფეხი გახსნილი გაქვს, რასაც გინდა იმას გააკეთებ. გგონია, არ ვიცი შენი უთვალავი რომანების შესახებ, ყველაფერი ვიცი, უბრალოდ... _ რა უბრალოდ?... უბრალოდ შენც ნაჭამი გაქვს, არა? _ ზაზამ გამომცდელად შეხედა და ვიდრე გვანცა პასუხს გასცემდა, მთელი ძალით მიანარცხა კედელს მაგიდაზე დადებული ყულაბა. ძვირფასი სამკაულები იატაკზე მიმოიბნა. სიხუმეში რკინის წკარუნი გაისმა _ ეს კუკური შეიძურწა გალიაში და ხარიხაზე გაიტრუნა. _ ჩემი უთვალავი რომანი შენი გულგრილობის დამსახურებაა. _ სიჩუმე დაარღვია ზაზამ. _ ერთი წელიწადი ვერ გამოხვედი დეპრესიიდან, პრაქტიკულად მთელი ფეხმძიმობა. როდემდე უნდა დამეთბილა ფეხები, როდემდე ამეტანა შენი ქრონიკული თავის ტკივილი _ ჩემი თავიდან მოშორების უღიმღამო მცდელობა. მიპასუხე, როდემდე? _ შეიძლება მართალი ხარ. შეიძლება კი არა, ალბათ. _ ემოციურად აიტაცა გვანცამ. _ მითუმეტეს, უნდა დავშორდეთ, რატომ ვაწვალოთ ერთმანეთი? ჩემგან გათავისუფლებას გთავაზობ, არ ვართ შესაფერისი წყვილი, განა იმიტომ, მე შენზე უკეთესი ვარ ან პირიქით, უბრალოდ უცხოები ვართ. შენ, შენი წრის ქალზე უნდა დაქორწინდე, ზაზა... ზაზამ ხმამაღალი ხარხარით გადაფარა ცოლის წინადადება: _ რომელიმე ბომონდესაზე, არა? _ თუნდაც. _ რომ მერე ნებისმიერ გამნათებელსან მიღალატოს! _ ღალატი ექიმსაც შეუძლია. ზაზამ უცებ შეწყვიტა სიცილი, ხელი აიქნია და ისეთი სილა გააწნა, რომ იატაკზე მიმობნეული სამკაული შეირხა. მოულოდნელი დარტყმისგან გვანცა ტახტის საზურგეს მიენარცხა, მაგრამ მალევე მოვიდა გონს, მკვეთრად წამოხტა და ბავშვის საძინებლისკენ გაიქცა. ზაზა გრძელი ნაბიჯების დაეწია, მკლავში ხელი ჩაავლო და ძალის შემოათრია უკან, ოთახში. _ არსად არ წახვალ, ჩემი ცოლი ხარ, ჩემი შვილის დედა! _ ხელი გამიშვი! _ არა! _ მთვრალი ხარ! ხელი გამიშვი-მეთქი, მტკივა. _ გვანცამ გაიბრძოლა, მაგრამ ზაზამ ტახტზე მიაგდო, ზევიდან შემოახტა და მაჯები დაუჭირა. _ უნდა გეტკინოს, როგორც მე მატკინე, ისე უნდა გეტკინოს შენც. _ ზაზამ სიმწრის დაელმებული სახე ახლოს მიუტანა და გამომცდელად ჩახედა თვალებში. _ გეზიზღები?

_ ჩამოდი, მძიმე ხარ... _ არ ხამოვალ. _ დამემტვრა მუხლები. ჩამოდი! ზაზამ უფრო ძლიერად მოუჭირა ლაჯებში გამომწვდეულ ცოლს. _ მიპასუხე! _ ჰო. მეზიზღები. განსაკუთების ახლა, როცა მხეცივით იქცევი. _ ის ნაზად გექცევა, არა? ის არ გეზიზღება... _ ვინ ის? _ ვითომ არ იცი, ღრმად პატივცებული ჟურნალისტი დიმიტრი ძნელაძე. _ ზაზამ კრიზაშეკრულმა წარმოიძახა საძულველი სახელი. _ ის არაფერ შუაშია დღევანდელ დღესთან. _ გუშინდელთან ხომ არის? გუშინწინდელთან ხომ არის? ჩვენს ჩაშხამებულ საფლობისთვესთან ხომ არის?! _ გაჩუმდი! _ მიღალატე? _ გადმოდი. _ მიღალატე? _ შენთვის არ მიღალატია, იმას ვუღალატე! _ ვერ მოისმინა გვანცამ. _ შენი დედა მ.....ნ! _ მაგინე, შენგან აწი აღარაფერი გამიკვირდება. _ ჯერ სად ხარ, გვანცა გორდეზიანო, ისე გაგიკვირდება, თმები ჩაგიბრუნდება, ძვირფასო! _ ზაზამ მკვეთრი მოძრაობით წაავლო ხელი ჯინსის სალტეში და თავისკენ გამოქახა. _ რას... რას აკეთებ... _ გაოგნდა გვანცა. _ უნდა გაგაუპატიურო! _ შენ ამას არ გააკეთებ, ზაზა... _ როგორც შენ იტყვი?! მე ხომ მხეცი ვარ, პირუტყვი, ჰოდა, ახლა გიჩვენებ როგორ იქცევიან ნამდვილი მხეცები. _ ზაზა, გთხოვ... _ გვანცამ უშედეგოდ გაიბრძოლა. ალკოჰოლმა, უარყოფილი მამაკაცის ბოღმამ, წინააღმდეგობამ ზაზა უარესად გაახელა: _ ფეხებზე მკიდია შენი თხოვნა, შენ მე ცხოვრება დამინგრიე, კაცობაში ჩამაფურთხე, ჩემთან იწექი და სხვაზე ფიქრობდი, ეგ ბოზობზე უარესია! _ გაჩუმდი, ბავშვი გაიღვიძებს... _ აჰა, ახლა გაგახსენდა ბავშვი? _ ზაზამ წამით შეწყვიტა ისტერიული ფორიაქი და სარკასტული ღიმილით დაიხარა გვანცას ყურთან. _ იცოდე, გაბედავ წასვლას და ბავშვის ნახვას ვერ ეღირსები.

_ რრა... რა თქვი? _ გიორგის ნახვას ვერ ეღირსები. გაგიმეორე? _ რაში გჭირდება სხვისი შვილი? _ წამოიძახა გვანცამ, მაგრამ როგორც კი ზაზას შეშლილ სახეს შეხედა, წამოძახილის შინაარსი გაიაზრა. უკან დახევას აზრი არ ჰქონდა. სათქმელი ან დღეს უნდა თქმულიყო ან არასოდეს. _ გიორგი არ არის შენი შვილი. _ თქვა დაბეჯითებით. უკანასკნელად, რაც დაინახა, იყო ჩრდილი ზაზას მოქნეული მუშტიდან. ტკივილი არ უგრძვნია, რადგან გონება დაკარგა. როცა გონს მოვიდა, აღარც ზაზა დახვდა, აღარც გიორგი. გვანცამ ხელმეორედ დაკარგა გონება.

___

წაქაძეები სოფლის ბოლოში ცხოვრობდნენ, ერთ უბადრუკ, მშენებარე სახლში. ასეთ სახლებს მათი პატრონები მთელი ცხოვრება აშენებენ და ისე კვდებიან, წლების წინ ნაყიდი სამშენებლო მასალის ნარჩენები ისევ ეზოში ყრია. ალბათ, ფინანსების ნაკლებობაზე მეტად მენტალური ფაქტორი მოქმედებდა _ სიზარმაცე პლიუს და ფუჭი ოცნება _ ეგებ გამოჩნდეს ვინმე ღვთისნიერი და შენი გასაკეთებელი გააკეთოს. უცხო მანქანის დანახვაზე ეზოში მიმოფანტული სხვადასხვა სქესისა და ასაკის ცუდად ჩაცმული ბავშვები ჭიშკარს მოაწყდნენ. ჭიშკარი პირობითად, სინამდვილეში ერთი ჟანგიანი რკინის ნაკუწი იყო, აცა-ბაცად დამაგრებული მავთულის მორღვეულ ბადეებზე. _ ჰამ! _ გულისგარეთ დაიყეფა გაურკვევილი ჯიშის ძაღლმა. _ დარეჯან წაქაძის შვილები ხართ? _ ჰკითხა დიმიტრიმ. _ ზოგი შვილი, ზოგიც შვილიშვილი. _ უპასუხა შვიდიოდე წლის ლოყებდაბრაწულმა გოგონამ. _ შენ შვილი ხარ თუ შვილიშვილი? _ შვილიშვილი. _ რა გქვია? _ შორენა. _ ბებია სად არის? _ აგერა, ბაღჩაშია. _ გოგონამ სახლის უკან გაიშვირა მოწითალო, სიცივით დასუსხული თითი. დიმიტრიმ ჭიშკარს მხარი გაჰკრა და ეზოში შეაბიჯა. _ აბა, მაჩვენე, სად არის ბაღჩა. შორენა დაწინაურდა, დანარჩენები დიმიტრის შემოეხვიან და ჯგუფურად მიაცილეს ბაღჩამდე. _ ბაბოოო, შენთან არიან. _ გასძახა შორენამ.

გოგრებთან წაკუზულმა ქალმა მოიხედა. ჩვეულებრივი გლეხის ქალი იყო, ბამბაზიის გახუნებული ხალათითა და ლაქებად გარუჯული პირისკანით. _ მადლობა, ბავშვებო, წადით, ითამაშეთ, საქმე მაქვს ბებიათქვენთან. _ თქვა დიმიტრიმ. _ ჟუვაჩკა არ გაქვს, ბიძია? _ დაეჯღანა დიდთავა, დაპატარავებული ტანსაცმლიდან ამოზრდილი ბიჭუნა. _ აი, გამომართვი, ჟუვაჩკაც მოგივათ და სასუსნავიც. _ დიმიტრიმ ოცლარიანი გაუწოდა. ბავშვები კუპიურას ჩააფრინდნენ და ხმამაღალი ყიჟინით დატოვეს ეზო. ძაღლმა გადაწყვიტა, მეც უნდა გამიხარდესო და კუდის ქიცინით გაეკიდა. დარეჯანმა თავსაფარიდან გამოჩრილი თმის ბღუჯა თითით უკან შეაძვრინა და კრიახით გასწორდა წელში. _ ეგ ფული ჩემთვის რო მოგეცა, აჯობებდა. ჟუვაჩკასა დაღეჭავ და გადააფურთხებ. ეგ რა საყიდელია?_ თქვენც მოგცემთ, დარეჯან. რამდენიმე შეკითხვაზე გამეცით პასუხი და ორ იმდენს მოგცემთ. _ ვინა ხარ, თოვლის ბაბუასეებრ რო დაგვაცხერი და ფულებს აპნევ? _ დიმიტრი ძნელაძე. გაჩვენოთ საბუთი? _ უცებ არ დავინახო! _ დარეჯანმა ჯაყვა დანა ხელში შეათამაშა და მიწაზე გაგორებულ გოგრებს დახედა. _ სულ დამაკლდა თვალსა, წეღან გოგრასა ვჭრიდი და კიღამაც თითი ზედ მივაყოლე. _ საჩვენებელ თითზე სისხლიან ნაკაწრს სული იეუბერა და ხალათის კალთაზე გაისვა. _ შენაო, სოციალურად დაუცველი ხარ და ოპერაცია უფასოდ გეკუთვნისო, მაგრამ იმოტონა საბუთები ყოფილა გასაკეთებელი, მაგათ შეგროვებას ისევ უსინათლობა მირჩევნია. _ კატარაქტა გექნებათ. _ ჰო, რაღაც ეგეთი მითხრეს, კატა რაო? _ ყურზე ხელი მიიდო დარეჯნმა. ეს ქალი არა მარტო ბრმა, ყრუც ყოფილა. სკლეროზიც თუ აქვს, ტყუილუბრალოდ მოვცდი, გაიფიქრა დიმიტრიმ. _ კატარაქტა. _ თქვა ხმამაღლა. _ რისთვინ მოსულხარ, კატარაქტა? ან იუმორი აწუხებს, ან ჭკუანაკლულია, ფიქრი გააგრძელა დიმიტრიმ და პირდაპირ საქმეზე გადავიდა: _ ედუარდ თოფურიას იცნობთ? _ ექიმი როა? _ დიახ, ექიმი. _ ვიცნობ, მაგის ოჯახმა არ გაიხარა ამ ქვეყანაზე. _ რატომ, დაგიშავათ რამე? _ აკი მაგის საავადმყოფოში მოკვდა ჩემი ბიჭი? _ შვილი მოგიკვდათ? _ შეწუხდა დიმიტრი.

_ მომიკვდა, მაშ... შიო მომიკვდა. ყველაზე წყნარი ეგა მყავდა და მაინცდამაინც ეგ წამართვა განგებამა. ერთი გოგოც მომიკვდა ფილტვების ანთებით, მაგრამ ის ორი თვის იყო, მიჩვევაც ვერ მოვასწარი. _ შიო რამდენი წლის მოკვდა? _ ცხრა წელი უსრულდებოდა. _ საავადმყოფში რატომ მოხვდა? _ მარტოკინა სიარული უყვარდა მაგ უბედურს და იმიტომ. _ უადგილო ნიშნისმოგებით წამოიძახა ქალმა და ისევ გოგრებთან დაიხარა. ყველაზე მოზრდილს მიუკაკუნა _ სიმწიფე შეამოწმა და ფეხის წვერით მსხლის ძირში მიაგორა. _ ჭალაში ჩაეძინა, მაგას მოუკვდა დედაი, ტრაქტორის ხმა ვერ გაუგია და... იმას კი, იმ ბედდამწვარ სიკოს, ტრაქტორისტსა, ბალახებში ჩაძინებული ბავშვი ვერ დაუნახია და ფეხებზე გადაურა. ინვალიდი გამიხადა საღ-სალამათი ბიჭი. _ ვერ უშველეს? _ რა ვიცი, გენაცვალე, ერთი წელი დაატარებდნენ აქეთ-იქითა, სანამ ედუარდის საავადმყოფოს არ მიაყენეს. ვითომ, ფეხის პროტეზი უნდა გაეკეთებინათ... მეხი კი დაეცათ, პროტეზი კი არა, ცინკის კუბოსი მომაყენეს _ გულმა ვერ გაუძლოო... აბა, მე მკითხონ, რა გულმა გამიძლო, როცა ეგ ამბავი გავიგე?! თანაც მეექვსეზე ვიყავი ორსულად... არა, მეშვიდეზე... თუ მეექვსეზე? _ დარეჯანმა ჯაყვა დაკეცა, იქვე ჯირკზე ჩამოჯდა და დათვლა დაიწყო, თითქოს იმაზე მნიშვნელოვანი, თუ რომელ შვილზე იყო ფეხმძიმედ შიოს სიკვდილის მომენტში, არ არსებობდა. _ მოიცა, შიოს მერე ლამარა მეყოლა, ლამარას მერე _ რამაზა... რამაზა, ნათია, ტარიელი... ჰო, ქრისტინეზე ვიყავი ორსულად. კი, ეგრეა. მახსოვს, ზაფხული იყო, პაპანაქება, აქეთ მოსავალი გვქონდა ასაკრეფი, იქით კიდენა ბავშვებია მისახედი. ეს ჩემი კაციც რო ვერ გავაგდე ქალაქში, შიოს სანახავადა... მორიდებული იყო, აცხონა ღმერთმა, ხალხში გამოსვლისა ცხვენოდა, გასულ ზამთარს მოკვდა. _ რამდენი წელი გავიდა შიოს სიკვდილიდან? დარეჯანი ხელმეორედ შეუდგა დათვლას, თითებს კეცავდა და მისანივით ბუტბუტებდა. _ თორმეტი. _ თქვა ბოლოს. _ ცინკის კუბოში რატომ ჩაასვენეს? _ დიმიტრი დარეჯანის წინ ჩაიცუცქა და მზემოკიდებულ სახეში ჩახედა. _ აკი ზაფხული იყო, პაპანაქება. ვასო ექიმმა მირჩია კუბო არ გამეხსნა, ისეთ ფინთ ფერზეა შენი შვილი, გული გაგისკდებაო. _ ვასო თოფურია გყავს მხედველობაში? პლასტიკური ქირურგი... _ ჰო... პლას... პლასტიკური. _ დარეჯანმა კოპი შეიკრა და ეჭვით შეხედა დიმიტრის. _ რა მითხარი, წეღანა, რა მქვიაო? _ დიმიტრი. _ ვასომ გამოგაგზავნა? _ არა, ვასო არაფერ შუაშია. ჩემის მოვედი, რაღაცების გარკვევა მინდოდა. _ იქნებ ჩემი შიო ცოცხალია, ჰა? _ დარეჯანმა მომლოდინე მზერა დაარჭო, თან ცბიერად მოუტა ცალი თვალი, თითქოს სტუმრის გამოჭერა სურდა.

_ არა, დარეჯან, თქვენი შიო მოკვდა. უბრალოდ, მისი ცინკის კუბოში მოთავსების მიზეზი არ მესმის. _ აკი გითხარი, ზაფხული იყო, სიცხე. დიმიტრი აღარ ჩასციებია, დაზუსტებულ ინფორმაციას კლინიკის არქივში მოიძიებს. რასაკვირველია, თუკი სოფურიებმა კვალის დაფარვის მიზნით არ გააქრეს. _ ამ დღეებში რაიმე შეტყობინება ხომ არ მოგსვლიათ? _ კი, რაღაც ქაღალდი მომიტანეს. ჩემი ბიჭი მეუბნებოდა, ისაო... ხო, ნოტარიუსი გიბარებსო. _ არ წახვედით? _ მაგისთვინა მცხელა ქალაქში ვირბინო! _ დარეჯანმა თავსაფარი შუბლზე ჩამოიფხატა და ეზოს მხარეს გაიხედა. _ დახე, რამოდენა ჯალაბი მყავს, ყველას ჭამა უნდა. საჭმელი კი არ არი. ბევრი ვართ და არ გვყოფნის. აგერა, გოგრები მოვიმარაგე, მოვხარშავ და საღამოს ვახშამი იქნებათ. ედუარდის უცნაურ ანდერძს ასე თუ ისე ნათელი მოეფინა. ვასომ რაღაც ისეთი მოიმოქმედა, რაც მამამისმა არ აპატია და ეს `რაღაც~ კავშირშია წაქაძეების ოჯახთან. _ უნდა მოიცალოთ, დარეჯან. უნდა მოიცალოთ და წახვიდეთ ქალაქში. რა იცით, რა სიურპრიზი გელით. _ გამომშვიდობებისას ურჩია დიმიტრიმ და ორმოცდაათლარიანი კუპიურა კალთაში ჩაუდო.

___

ჯანსუღ ჯაჯანიძეს თავი მაღალვატიანი ნათურისთვის მიეშვირა და მოთმინებით ელოდა ექიმის დასკვნას. ვასომ დეტალურად შეამოწმა პაციენტის სახის ყველა დეტალი და ნათურა გამორთო. _ ხუთიანზეა გაკეთებული. _ დაასკვნა ვასომ და პირსაბანის ძებნაში მიმოიხედა. _ ხო, არა? _ ჯანსუღმა ხელის სარკეში შეათვალიერა საკუთარი გამოსახულება. უჭირდა ახალ სახესთან შეგუება, მაგრამ როცა გამოსავალს არ გიტოვებენ, სხვა სახეს კი არა, შეიძლება სხვა სქესს შეეგუო. _ საღოლ, ვასო, ოქროს ხელები გაქვს, ოქროსი! აფსუსი არაა, შენი ხელების პატრონი საქარსველოში ცდებოდეს? _ შენ ის მითხარი, სად დავიბანო `ოქროს ხელები?~ _ წყალი ვედროშია, ჩამჩაც სადღაც მანდ გდია. _ დაგისხათ? _ შესთავაზა ბუხართან მიმჯდარმა ჯანიკომ. _ არა, მე თვითონ. _ ვასო, გინდა, ერთად შევუბეროთ ზაგრანიცაში? _ კისერი მოღრიცა ჯანსუღმა. _ არა, მართლა... _ არა, ჯანსუღ, `შესაბერი~ თუ იყო, აქამდეც უნდა შემებერა. მე რომ ახლა სხვაგან გადავბარგდე, მამაჩემის კლინიკა დაიშლება ფაჩიკოს გარმონივით. _ ვასო ბუხართან მივიდა და სველი ხელები ცეცხლს მიუშვირა. `უახლოესი ნათესავები ქორებივით დაიტაცებენ,~ _ გააგრძელა გულში, _ `შენობის ნაწილს ალბათ გააქირავებენ, აღებული ფულის კი უფრო მომგებიან ბიზნესს წამოიწყებენ _ გაყინული ქათმის ბარკლების შემოტანა ბრაზილიიდან. იყიდე-გაყიდე.

იოლიც არის, რისკიც ნაკლებია. სად `ნასკებში ჩატანებული ტრაკის~ ფორმაში მოყვანა, სად ქათმის ბარკალი?! არ არიან მოწოდებით ექიმები და იმიტომ. განა ვასოს არ უყვარდა ფული?! მაგრამ ვასოს სიყვარულს საფუძვლად ედო პროფესიული ინტერესი. რისკზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მიდიოდა, როცა საქმე პლასტიკურ ოპერაციას ეხებოდა და არა სასაქონლო ბარტერს. მამამ კი უახლოესი ნათესავები დაუსვა ზედამხედველებად, ხურდად _ ნიკა ღუდუშაური მიაყოლა, თითქოს ვასო იმ დონის ურჩხულია, რომ ადამიანების გატყავება სიამოვნებას ანიჭებს. შიო გამონაკლისი იყო, ის მაინც მოკვდებოდა, პერიტონიტით თუ არა, შავი მელანქოლიით. მიღებულმა ტრავმამ ისედაც ჭკუანაკლული ბიჭი საერთოდაც მოწყვიტა რეალობას. ისე ჩაივლიდა დღე, კრინტს არ დაძრავდა, ზურგშექცეული იწვა ხოლმე და ფრჩხილით კედელს კაწრავდა. ვასომ ბოლო მოუღო მის ტანჯვას, რელიგიური თვალსაზრისით ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც ევთანაზია დაკანონებულია. მშობლებს რომ შიოს დარდი ჰქონოდათ, კვირაში ერთხელ მაინც მოაკითხავდნენ საბრალო ინვალიდს. ნათქვამია, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიანო. ჰოდა, დაეპატრონენ _ ის და ჯანსუღი. ახლა ჯანიკოც შემოუერთდათ _ დიდი ეშმაკის პატარა ანასხლეტი. _ შენ როგორ ხარ, ჯანიკო? _ დაეკითხა სავარძელში გამოჯგიმულ `ანასხლეტს~. _ რა მიშავს. _ იმუნიტეტის წამლებს სვამ? ჯანიკომ თავი დაუქნია. _ რაღაც მოწყენილი მეჩვენები. _ ნაწყენი ვარ. _ ხოო? ვისზე? _ მამაჩემზე. ყველას ეპატიჟება საზღვარგარეთ ჩემ გარდა. თითქოს მოსჯილი მქონდეს თბილისში ცხოვრება. დედა მაინც ყოფილიყო ცოცხალი. _ ჯანიკომ საყვედურით გახედა მამამისს, რომელიც სულაც არ ჩანდა პოლემიკის ხასიათზე, სარკე განზე ეჭირა და ქურდულად იჭყიტებოდა ფანჯარაში. _ ვასო, მომკალი და არ მომწონს ეს ტიპები, აივლიან ორღობეში, ჩამოივლიან, აივლიან, ჩამოივლიან. რა ჯანდაბა უნდათ? _ ჩემს `ჯიპს~ თუ უტრიალებენ. _ გაეპასუხა ვასო. _ დავიჯერო, `ჯიპი~ არ უნახავთ ამ მათხოვრებს? _ სოფლელებია, აინტერესებთ ვინ ვართ, რატომ ვართ... _ მთავარია, პოლიცია არ დააინტერესონ. _ ეგ უკვე შენს მარიფათზეა დამოკიდებული, რაც უფრო მალე გაკეთდება პასპორტი, მის უფრო მალე გადახვალ საზღვარზე. _ ხო, მართლა, როგორ არის საბუთების ამბავი? _ ჯანსუღი შვილს მიუბრუნდა. _ ჩემთან რომ გაქვს პრეტენზია, შენ რაღას მიკეთებ? _ პასპორტს ერთ კვირაში დამპირდნენ. ბილეთი სტამბულამდე უკვე დავჯავშნე. _ დედა, ბიჭო, რა გაძლებს ამ დასაკარგავში კიდევ ერთი კვირა! _ ჯანსუღმა ბრაზით მიაგდო სარკე და ბუხართან მდგარ ვასოს ამოუდგა. _ იმ შენს ნათესავს რა ვუყოთ, პროფესორო?

_ რომელ ნათესავს? _ მიკროქირურგი რომ არის. ქალი. _ გვანცა? _ ჰო. ძალიან ახლო ნათესავია? _ ბიძაშვილის ცოლია, მაგაზე ახლობელი რაღა უნდა იყოს?! დარდი ნუ გაქვს, ქმარი უკვე ელაპარაკა, სრულ ჩაურევლობას დამპირდნენ. _ დარწმუნებული ხარ? _ ეჭვით დაეკითხა ჯანსუღი. _ იცი, ცოტა თავისებური გოგოა, მაგრამ ქმრის აზრს ითვალისწინებს. მეც პატივს მცემს, ბოლო-ბოლო შეფად ვეკუთვნი. _ ვასო ცეცხლს მოშორდა და გახურებული სახე გაზეთით გაინიავა. _ დამცხა, ხომ იცი... კი არ დასცხა, `ლომკის~ მოახლოება იგრძნო და ფორიაქის დასაფარად ბოლთის ცემას მოჰყვა. აი, გაისტუმრებს ამ წურბელას _ ჯანსუღს და აღარასოდეს მიეკარება ნარკოტიკს. არასოდეს! საგულისხმოა, რომ პირველად ნარკოტიკს თორმეტი წლის წინ გაუსინჯა გემო, ჯანიკოს შიოს ქსოვილი რომ გადაუნერგა, მაშინ. ეს კაცი, ნებით თუ უნებლიეთ, მისი ცხოვრების მარადიული საუდრეკი აღმოჩნდა _ უსიამოვნო და ძრწოლის მომგვრელი. დროზე უნდა მოიშოროს თავიდან, და დაივიწყოს. ვითომ, არც ყოფილა. _ `თავისებურება~ რაში მდგომარეობს? _ ხმა მიაწვდინა ჯანსუღმა. _ რა თქვი? _ მიკროქირურგი ქალბატონის თავისებურება რაში მდგომარეობს მეთქი? _ ააა... ნუ, როგორ გითხრა... ზოგადად შესანიშნავი გოგოა, თუმცა... იცი, მიჭირს ზუსტი შედარების მოძებნა. ალბათ, სწორხაზოვანი... არა, პრინციპული... ჰო, პრინციპული. მოკლედ, ასეთს თავში ვერ წამოარტყამ.

ვასოს თვალწინ დაუდგა დარბაზის ფოიეში მდგარი გვანცა. ლიკუნას წამოარტყამ, სოფოსაც, მარიკასაც... გვანცას _ ვერა. გვანცას ალბას ზაზაც ვერ წამოარტყამს. ვასომ, რასაკვირველია, არ იცოდა, როგორი `წამორტყუმული~ იყო გვანცა იმ წუთებში. მამა-შვილმა ერთმანეთს გადახედეს, ვასო კი წასასვლელად მოემზადა. სახლში სტუმრები ელოდებიან _ გუშინდელი ქელეხის გასაგრძელებლად. ლიკუნამ აიკლო მესიჯებით: ის მოვიდაო, ეს მოვიდაო, სად დაიკარგეო... ცოლს ჰგონია ვასო ანდერძზეა დაბოღმილი და სხვაგან ცდილობს გულის გადაყოლებას. წყნეთის აგარაკს ვინ დაეძებს, მკვლელობაში თანამონაწილეობა არ შეეტენოს. შიოს ამბავიც თუ გამოთხარეს, თავი ექნება მოსაკლავი! _ შენ რას იზამ, ჯანიკო, წამოხვალ ჩემთან ერთად? _ დაეკითხა უმცროს ჯაჯანიძეს. ჯანიკომ პირი გააღო, მაგრამ ჯანსუღმა დაასწრო: _ ჯანიკო ამაღამ ჩემთან დარჩება. ჯანიკომ შემცბარმა შეხედა მამამისს, იმან თვალებით ანიშნა _ მოკეტეო. ვასოს არ დაუნახავს მათი უტყვი დიალოგი, ის ქურთუკის სახელოდან გამოცურებულ კაშნეს ფერთხავდა. _ მაშინ მარტო წავალ. თუ რამეა, დამირეკე. _ ახალი ნომრიდან დაგირეკავ. _ შეახსენა ჯანსუღმა.

_ ახალი ნომრიდან, ახალი ქვეყნიდან, ახალი გვარით, ახალი სახით... _ წაიმღერასავით ვასომ და გასასვლელისკენ გაემართა. _ ჩვენში დარჩეს, ახალი ხმა დამხატავდა. _ ჯანსუღმა ხალისიანად დაჰკრა მხარზე ხელი. _ ჰა, რას იტყვი, პრაფესორო? _ ხმის გარდასახვის აპარატი კაცობრიობას ჯერ არ გამოუგონებია. _ ეჭვი არ შეგეპაროს, გამოიგონებენ, მე და შენ შეიძლება ვერ მოვესწროთ, აი, ჯანიკოს შვილები კი ასიანი მოესწრებიან. _ შვილები არა, ისა! _ ჯანიკომ შეურაცხყოფად მიიღო მამის რეპლიკა, დემონსტრაციულად აქცია ზურგი _ ცეცხლს მიეფიცხა. _ ვასო, შენ მაინც აუხსენი ამ ჩემს შვილს, რომ ცოლის შერთვა აუცილებელია. უფრო სწორედ, შვილის ყოლა. ჩვენში დარჩეს, ჯანიკო რომ არ მედგას გვერდში, არ ვიცი, რა მეშველებოდა. ვასო შეეცადა წარმოედგინა ქალი, რომელიც ამ ფანტამასას ცოლობას დახარბდებოდა, მაგრამ ვერ წარმოიდგინა. გარეგნობაშიც არ იყო საქმე. ჯანიკო შიგნიდან იყო გამოხრული, ჭიანი ვაშლივით. _ მამას დაუჯერე. _ უფერული ხმით ურჩია და კარი გაიხურა. როგორც კი ვასო გარეთ დაიგულა, ჯანსუღმა შვილთან მიირბინა: _ რას ფიქრობ ვასოს ნათესავ ქალთან დაკავშირებით? _ რასაც შენ. _ დაუფიქრებლად უპასუხა ჯანიკომ. _ აზრების სკანირება ისწავლე თუ როგორ არის შენი საქმე? _ პირდაპირი ტექსტი თუ გინდა, მოგახსენებ, არ მომერიდება _ პრინციპული მიკროქირურგი უნდა გავაჩუმოთ. _ ვასოს რა ვუყოთ, ბიჭო, პრაფესორს?! _ შეთქმულივით აჩურჩულდა ჯანსუღი. _ ვასო ისედაც ჩუმად იქნება. _ ვითომ? _ რუბიკონი გადალახულია, მამა. ვასომ ის გადალახა თორმეტი წლის წინ. დღეს ის ყველაფერზე მოაწერს ხელს. _ რუბიკონი რაღა ჯანდაბაა? _ მერე აგიხსნი. _ როდის მერე? _ როდესაც მეც გადავლახავ. _ ააა, მივხვდი... _ ჯანსუღმა ეშმაკურად ჩაუკრა თვალი და ახლოს მიუჯდა. _ მაშინ დავგეგმოს რა და როგორ, დრო არ ითმენს. _ უკვე მაქვს გეგმა. _ სად? ჯანიკომ ჩახვენებელი თითი შუბლზე მიიკაკუნა და უტუჩო პირით გაღიმება ცადა.

___

დიმიტრი გორგოლაჭებიან სკამზე დატრიალდა და ისევ მონიტორის წინ აღმოჩნდა. ეკრანზე ციმციმებდა კადრები ფარული ვიდეო ჩანაწერიდან. ამ მასალის მოსაპოვებლად `კრიმინალური ქრონიკის~ ჟურნალისტები ნემსის ყუნწში ძვრებოდნენ და ახლა, როცა მონტაჟის დრო დადგა, დიმიტრის მუშაობის ხალისი დაეკარგა. არ უნდა გაეშვა ის მაკომპრომეტირებელი ზარი, საჭიროების შემთხვევაში გვანცა თვითონ დარეკავდა. თინა გავაშელის ე. წ. გამოსამშვიდობებელმა წერილმა გუშინდელი ინციდენტის შემდეგ აქტუალობა დაკარგა. რა თავში იხლის ვასო საბურავის ნაკვალევს, თუკი გვანცას პრობლემები შეექმნება? ძალიან მალე, არათუ მუშაობის, სიცოცხლის ხალისი დაკარგა. დიმიტრის კუთვნილ მობილურში ზაზა თოფურიას განრისხებული ხმა გაისმა: _ სად არის ჩემი ცოლი? _ გვანცაზე მეკითხებით? _ დიმიტრი დაიბნა. ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ზაზა მეორედ `გააბედნიერებდა~ მოულოდნელი ზარით, ამჯერად არა მეუღლის, არამედ საკუთარი ტელეფონიდან. _ ჯერჯერობით სხვა ცოლი არ მყოლია. _ არ ვიცი. _ რა არ იცი? _ არ ვიცი, სად არის თქვენი ცოლი. _ იცი! _ დაიყვირეს იქიდან. _ რომ ვიცოდე, გეტყოდით, დასამალი არაფერი მაქვს. _ გვანცას გადაეცი, სახლში მოეთრიოს, თორემ... _ ასეთი ტონით თუ გააგრძელებ ლაპარაკს, ჩემთანაც რომ იყოს, არ გამოვუშვებდი. _ გააწყვეტინა დიმიტრიმ. წინა ჯერზე კორექტულად ილაპარაკეს, თქვენობით, შეურაცხყოფების გარეშე. ზაზამ თითქოს დაიჯერა ცოლის უდანაშაულობა, თუმცა იქვე პირობა წამოუყენა და ორმხრივ შეთანხმებასაც მიაღწიეს. ახლა რა ბზიკმა უკბინა? _ მე შენ სიტყვის კაცი მეგონე! _ სინდისზე შეაგდო ზაზამ. _ სიტყვის კაცი რომ არ ვყოფილიყავი, შენი ბიძაშვილის დაკავებაზე დღეს სანქცია იქნებოდა გაცემული. _ ან იქნებოდა, ან არა. _აშევამოწმოთ? _ შესთავაზა დიმიტრიმ. _ არა. _ პაუზის შემდეგ გაეპასუხა ზაზა. _ მაშინ, რა პრეტენზია გაქვს? _ პრეტენზია არ მაქვს. კითხვა მაქვს. _ გპასუხობ: შენი ცოლი ჩემთან არ არის. _ გიყვარს?

დიმიტრი შეყოყმანდა. რომც უყვარდეს, სად გაგონილა კაცი სიყვარულის ობიექტის ქმარს გამოუტყდეს: შენი ცოლი მიყვარსო?! _ ყოველ შემთხვევაში, მისი ბედი მაღელვებს. _ თქვა ბოლოს. უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა. _ ძალიან გაღელვებს? _ ჩააცივდა ზაზა. _ ვინაიდან მისი პატივცემული მეუღლის შანტაჟს წამოვეგე, ალბათ მაღელვებს. _ არ დამიშანტაჟებიხარ, ჩემი ბიძაშვილის ინტერესებს ვიცავდი. _ მე კი შენი ცოლის ინტერესებს. `თუ ნივთმტკიცებებს გამოამზეურებ, გვანცას პრობლემები შეექმნებაო~ _ შენი სიტყვებია. შეთანხმების თანახმად, უარი ვთქვი გამოძიების გაგრძელებაზე, იმ პირობით, რომ გვანცას პრობლემას არ შეუქმნიდი. მე შევასრულე სიტყვა, შენ _ არა. _ რა იცი? _ ზაზამ ხმას დაუწია. _ უპრობლემოდ სახლიდან არ გარბიან. გვანცა გაიქცა. ალბათ, პრობლემა შეუქმენი და იმიტომ. რა მოხდა, იჩხუბეთ? _ არ არის შენი საქმე. _ ამიერიდან არის. _ მაგით რისი თქმა გინდა? _ თუ მე ვარ თქვენი უსიამოვნების მიზეზი, ვიღებ გამოწვევას. _ იღებ, არა?! _ ნიშნისმოგებით აქირქილდა ზაზა, _ გვანცა ალბათ გვერდზე გიზის და მაგარი ამაყია შენი მოსწრებული პასუხებით. მიდი, მიაწექიო, განიშნებს, არა? _ რა სისულელეა... _ ჰო, მე სულელი ვარ, შენ _ ვაჟკაცი. მაგარი ვაჟკაცობაა, როცა საკუთარ შვილს სხვას აზრდევინებ. _ რა... რა თქვი? _ მორჩი სიაბანდობას! _ დაიყვირა ზაზამ. _ აწი აღარაფერს ვჭამ. გვანცას გადაეცი, ნახევარ საათში თუ არ გაჩნდება, დედობის უფლებას ჩამოვართმევ. _ და გათიშა. დიმიტრი გაოგნებული მიაჩერდა ჩამქრალ ეკრანს. გიორგი მისი შვილია? დიმიტრი მამაა? ზაზამ იცოდა ამის იესახებ?... და გვანცა? სად არის ამასობაში გვანცა?! შოკისმომგვრელმა სიახლემ გვანცას გაქრობის გამოწვეული აღელვება ვერ გადაფარა. გვანცას სიცოცხლე საფრთხეშია _ აი, რა არის ახლა მთავარი. დიმიტრი კიდევ ერთხელ დატრიალდა სკამზე, თავმოყვარეობას მიაფურთხა და ზაზა თოფურიას ნომერი აკრიფა.

___

პირველი, რაც გონზე მოსულმა გვანცამ დაინახა, იყო თავზე წამომდგარი ორი მამაკაცი. ერთი, შედარებით ასაკოვანი, ცხვირში ნიშადურის ამპულას ჩრიდა, მეორე _ უასაკო, ცარცისფერი ტიპი შავი სათვალის უძრავად დაცქეროდა ზევიდან.

_ ვინ ხართ? _ წამოიყვირა გვანცამ. _ მთავარანგელოზი მიქაელი და მისი მოადგილე. _ ასაკოვანმა ამპულა მოაშორა და ცარცისფერს თვალი ჩაუკრა. იმას ტუჩის კუთხე აეპრიხა, თუკი შეიძლება ტუხი დაერქვას ირიბად ჩამოჭრილ ხვრელს. გვანცამ მიმოიხედა _ ჩამონარეცხი წყლის დალაქავებული ზერი, გახუნებული შპალიერი, გამურული ბუხარი... _ არ ჰგავს ეს ადგილი სამოთხეს. _ გაგვიმართლა. იუმორის გრძნობა ჰქონია. _ გაუხარდა ჯანსუღს. _ გაგვიმარსლა რომელია, მამი, კარი ღია დაგვხვდა, მძევალი _ გულწასული, მეტი რა შეიძლება ინატროს პატიოსანმა გამტაცებელმა?! _ არაფერი, გარდა იმისა, რომ მძევალს ინფორმაცია დააყაჭინოს. ჰახ! _ რა საკითხთან დაკავშირებით? _ გვანცამ გაკვირვებული მზერა მამიდან შვილზე გადაიტანა. ის, რომ შედარების ასაკოვანი ჯანსუღ ჯაჯანიძეა, ეჭვს არ იწვევდა. თუმცა, რაც ნაკლებად ილაპარაკებს საკუთარ მიგნებებზე, მით უკეთესი. უფერული ხმისა და ასეთივე გამომეტყველების პატონი, სავარაუდოდ, ჯანსუღის შვილია. სავარაუდოდ კი არა, უეჭველი. რაც ყველაზე საინტერესოა, ორივეს ეტყობა პლასტიკური ოპერაციის კვალი. კვალი, რომელიც ვასო თოფურიასთან მიდის. ნუთუ მისი ხელი ურევია გვანცას გატაცებაში? _ ვითომ არ იცის! _ ჩაიცინა ჯანსუღმა. _ იცის. უბრალოდ, ტაქტიკა აქვს ეგესი. არიემჩნევის. _ გაეპასუხა შვილი. _ ვითომ მოასწრებდა ტაქტიკის ჩამოყალიბებას? ახლაღა გაფხიწა თვალები. რა გჭირს თვალზე გვანცა ექიმო, ასეთნაირად ვინ გაგიმეტა? _ ჯანსუღმა ჩალურჯებულ თვალსა და გახეთქილ წარბზე მიუთითა. _ ქმარი გაიმეტებდა, სხვა ვინ?! _ ვარაუდი გამოთქვა ჯანიკომ. გვანცამ მექანიკურად მოისინჯა დაზიანებული თვალი, თითები ააყოლა და შესიებული წარბს მიადგა. გონებაი სახლში გათამაშებული სცენები ამოტივტივდა _ ზაზას მოქნეული მუშტი, ამოყირავებული ჩემოდანი, იატაკზე მიმოფანტული ტანსაცმელი, ბავშვის ცარიელი საწოლი... _ გიორგი! _ გვანცა ფეთიანივით წამოჯდა ზრიალა ტახტზე. _ ძალიან გთხოვს, მომეცით ტელეფონი, ერთი ზარი გამაშვებინეთ, მეტი არა! _ დაწყნარდი, გენაცვალე, დაწყნარდი, ტელეფონსაც მოგცემთ და ყინულსაც დაგადებ ემაგ გემატომაზე, თუ კარგად მოიქცევი... _ ჯანსუღმა მზრუნველად გაუსწორა შმორიანი პლედი და ტახტზე ჩამოუჯდა. _ მიპასუხე, რა იცი ჟურნალისტ თინა გავაშელის შესახებ? _ თინა მოკლული იპოვეს მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. _ დაზეპირებული გაკვეთილივით ჩაარაკრაკა გვანცამ. _ ეგ ხომ ჩვენც ვიცით! შენ ის გვითხარი ვინ მოკლა, რა ვითარებაში... _ ამდენი რომ ვიცოდე, პირველ რიგში გამომძიებელს ვეტყოდი. იმაზე მეტი, ვიდრე ოფიციალურად გამოაცხადეს, ნამდვილად არ ვიცი. _ ანუ, კლინიკაში ვარაუდის დონეზეც არ გილაპარაკიათ თინას მკვლელობაზე?

_ როგორ არ გვილაპარაკია?! ეჭვმიტანილი, ერევნელი სომეხი, სწორედ ჩვენს კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს. ამბობენ, რომ თინამ მასთან ერთად დატოვა კლინიკის ტერიტორია. მერე რა მოხდა, არ ვიცი. _ გვანცამ ლაპარაკი შეწყვიტა და ვითომ დაეჭვებული ჯანსუღს მიაჩერდა. _ ვერ მივხვდი, თქვენ თინას ადვოკატი ხართ თუ ეჭვმიტანილის? _ მკვდარს არ სჭირდება ადვოკატი. _ ანუ, მკვლელს იცავთ. _ ჩვენ ვის და რატომ ვიცავთ, შენ არ გეკითხება. თუ გინდა, რომ აქედან ცოცხალმა გააღწიო, თავის აგდებას მოეშვი და ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდე. _ რაც ვიცი, იმას მოგახსენებთ, თუ ტყუილის მოსმენა გესიამოვნებათ, არც ფანტაზიას ვუხივი. _ რა ინფორმაცია გაქვს ერევნელ სომეხზე? _ ცბიერი გამომეტყველებით დაეკითხა ჯანსუღი. _ პირადად მე თვალის არ მინახავს, მხოლოდ ის ვიცი, რომ მეცხრე პალატაში იწვა, მასთან შესვლის უფლება მხოლოდ ვასო ექიმს ჰქონდა. _ თუმცა, შენმა მეგობარმა თინამ მოახერხა პალატაში შეძრომა და სათანადო დასკვნების გამოტანა. _ თინა არ ყოფილა ჩემი მეგობარი. _ მე სხვა ინფორმაცია მაქვს. _ შეცდომაში ხართ შეყვანილი, თინა მართლა არ ყოფილა ჩემი მეგობარი, ის ერთერთი პაციენტი იყო, როგორც სხვა დანარჩენი. _ აბა, ეს რა არის? _ მამის ზუგსუკან აღმოცენებულმა ჯანიკომ ცხვირსან წერილი აუფრიალა. ეს იყო თინას გამოსამშვიდობებელი წერილის ასლი, გვანცას მიერ პრინტერზე ამობეჭდილი და ხელჩანთაში დატოვებული. ალბათ იატაკზე მიმოფანტული სამკაულებიც ხელს გამოაყოლეს. ზაზა თუ დაბრუნდა, ვინ იცის, ცოლზე მიიტანოს ეჭვი _ გამქურდა, თვითონ კი სხვა კაცთან გაიქცაო. მერე ამ ფაქტს სასამართლოზე გამოიყენებს, გიორგი რომ დაიტოვოს და გვანცას დედობა ჩამოართვას. მოღალატე ცოლის ჯიბრზე ყველაფერზე წავა! თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს. გიორგი რომ სახლში ყოფილიყო, დედა-შვილს ერთად გაიტაცებდნენ. და ეს იქნებოდა ნამდვილი კატასტროფა, რადგან ბავშვით დაშანტაჟება გაცილებით შედეგიანია, ვიდრე ზრდასრული ადამიანით. კაცმა რომ თქვას, ზაზამაც შანტაჟის მიზნით წაიყვანა გიორგი. იმედია, მის ხელში გაზრდილ ბავშვს ზიანს არ მიაყენებს... ბავშვს არ მიაყენებს, მაგრამ თუ გამტაცებელმა ცოლით დააშანტაჟა, დიდად არ შეიწუხებს თავს, ჩათვლის, რომ ასეთია ღმერთის ნება _ რა მნიშვნელობა აქვს, დამნაშავე ვისი ხელით დაისჯება. გიორგის რა ეშველება დედის გარეშე... დიმიტრიმ მაინც იცოდეს შვილის არსებობა, რაღაცას მოიფიქრებდა... _ რას გაყუჩდი, გვანცა ექიმო, ენა ჩაგივრდა თუ თვალზე ლიბრი გადაგეკრა? ჩვენ ახსნა-განმარტებას ვითხოვთ. _ შეუძახა ჯანსუღმა. _ ეს არის თინა გავაშელის წერილი. _ გვანცამ იხტიბარი არ გაიტეხა. როგორმე უნდა მოიგოს დრო. ესენი მხოლოდ ინფორმაციის დატყუებით რომ არ დაკმაყოფილდებიან, ფაქტია. არც ნიღბები უკეთიათ (თუ არ ჩავთვლით, გრიმის სქელ ფენას ახალგაზრდის სახეზე), არც ნათესაურ კავშირს მალავენ. დასაკარგი არაფერი

აქვთ და იმიტომ. თინა თუ მოკლეს, გვანცას მოკვლას სინდისი დაუშლით?! უნდა დაიტოვოს უკან დასახევი გზა, რაღაც უნდა მოიფიქროს... _ წერილი რომ არის, ჩვენც კარგად ვხედავთ, მაგრამ შენს ჩანთაში რა დარჩენია თინას წერილს? _ რას ჩაიხვიეთ ეს წერილი, დედანი გამომძიებელს აქვს, ეს უბრალო ასლია. _ თქვა გვანცამ. _ რატომ აღმოხნდა შენს ჩანთაიი `უბრალო ასლი,~ ვისთან მიგქონდა? რატომ? _ კითხები მიაყარა ჯანსუღმა. გვანცამ თავი ჩაქინდრა. სჯობს ეგონოთ, რომ რაღაც იცის და მალავს, ვიდრე ყველაფერი გადმოულაგოს და აქვე მიასიკვდილონ. _ გთხოვთ, დამარეკინეთ. _ სად, პოლიციაში? _ არა, შვილს მინდა დაველაპარაკო. _ შვილს უნდა დაელაპარაკოს! _ გამოაჯავრა ჯანიკომ, წერილი მოჭმუჭნა და მეფური ჟესტის ზურგსუკან გაისროლა. _ თუ სიმართლეს იტყვის, დავარეკინებთ. _ ნება დართო ჯანსუღმა და გვანცას მიუბრუნდა. _ იტყვი სიმართლეს? _ უნდა მოვიფიქრო. მამა-შვილმა მზერები გაცვალეს. _ ჯანდაბას, მოიფიქოს. ვიდრე ჩვენ წავიხემსებთ, შეუძლია მოიფიქროს. _ ამ სიტყვებით ჯანსუღი ტახტს მოშორდა და გეზი ბუფეტისკენ აიღო. ჯანიკო კი გვანცას ყურთან დაიხარა: _ დროულად მოიფიქრე, ლამაზო, თორემ ისე დაგიმშვენებთ მეორე თვალს, ქმრის მუშტი ჩიტის გაფრენად მოგეჩვენოს. _ ახალგაზრდა კაცი ხართ, საიდან ამდენი ბოღმა?! _ ვერ მოითმინა გვანცამ. _ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს იმდენი, ბარემ ას ბერიკაცს ჩავისვამ ჯიბეში. _ უმწეო ქალის დატყვევებას არ სჭირდება დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება. _ რისკი ხომ სჭირდება? _ შუბლის ძარღვს თუ გაიწყვეტ, ყველაფერზე მოაწერ ხელს. _ მე ცხრა წლის ასაკში გამიწყდა შუბლის ძარღვი. გვანცამ სწრაფად შეხედა. ნეტავ, როგორი იქნებოდა ეს უასაკო ახალგაზრდა ცხრა წლის ასაკში?! გრიმის სქელი ფენის ქვეშ ჭირდა ნაკვთების გარჩევა, თვალები კი არ უჩანდა. _ ვინ გაგიწყვიტა? _ დაეკითხა მექანიკურად. _ ბულტერიერმა. _ მოკლედ უპასუხა მან და წელში გაიმართა.

___

დიმიტრი ძნელაძის `პეჟო~ ტროტუარზე იდგა, პირდაპირ ჭავჭავაძის გამზირზე. დაორთქლილ პარფრიზში ირეკლებოდა ნაწვიმარი ასფალტი და გუბეში მოლიცლიცე ლამპიონი. ზაზა თოფურია დიმიტრის მანქანაში იჯდა და მეტოქის მიერ მიწოდებულ ვერსიას გონებაში ხარშავდა. გვანცა გატაცებულია _ ასეთი იყო დიმიტრის ვერსია, რომელიც ზაზამ ყველა მიმართულებით აწონ-დაწონა და თავისდა სამწუხაროდ, იგივე დასკვნა გამოიტანა. სიამოვნებით გამოიჭერდა ტყუილში, მაგრამ არ ჰგავდა ეს ჟურნალისტი მატყუარას. არც მშიშარას ჰგავდა, არც უზრდელს, არც მექალთანეს, არც ჩასაფრებულს... ნორმალური, ადექვატური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ერთი ნაკლი ჰქონდა _ სხვისი ცოლი უყვარდა. შეიძლება წარსულში უყვარდა, დღევანდელი აქტიურობა კი წარსულის გამოძახილია მხოლოდ. ძნელია, სიმართლე აღიარო, კიდევ უფრო ძნელია ცოლის მოტაცებაში საკუთარი ბიძაშვილი დაადანაშაულო. _ იქნებ თავი მოიკლა? _ წამოსცდა ზაზას. დიმიტრიმ სწრაფად შეხედა და საწყის პოზიციას დაუბრუნდა. სულ ახლოს მანქანამ ჩაიქროლა, გუბეში არეკლილი ლამპიონი შეცახცახდა და კონტური მოერღვა. _ მიზეზი? _ ჰკითხა პაუზის შემდეგ. _ ბავშვი. _ ნახვა აუკრძალე? _ გავიტაცე. სამაგიერო გადავუხადე, ასე ვთქვას. _ ბავშვს თუ დედას? _ ბავშვი რა შუაშია... _ ჩაილაპარაკა ზაზამ. _ ბავშვი რომ არაფერ შუაშია, იმიტომაც ვზივარ ახლა შენს მანქანაში. _ მარტო ბავშვის გამო ზიხარ? _ ბავშვს დედა უნდა. მოღალატე, მატყუარა, უსინდისო, მაგრამ მაინც... დედა. _ მამა? _ მამა სხვაა... მე არასოდეს ვყოფილვარ იდეალური მამა, თუმცა გიორგი საკუთარი შვილივით მიყვარდა. _ ზაზამ ფანჯარას ჩაუწია და სიგარეტს მოუკიდა. _ ახლა არ გიყვარს? _ სისულელეს ნუ მეკითხები. _ არ მჯერა. _ თავი გააქნია დიმიტრიმ. _ რა არ გჯერა? _ გიორგი რომ ჩემი შვილია. _ ბარემ მეც არ მინდა დავიჯერო, მაგრამ ფაქტს ვერსად წაუხვალ. შენ რას იზამდი ჩემს ადგილას?

_ რთული სათქმელია. _ ამოიოხრა დიმიტრიმ. _ თუკი დავინახავდი ბრძოლის აზრს, მივაწვებოდი. თუ არა _ განზე გავდგებოდი. ნებისმიერ შემთხვევაში, ბავშვის ინტერესიდან გამოვიდოდი. _ უკვე აღარ ვიცი, რა შედის ბავშვის ინტერესებში... ისიც არ ვიცი, შენთან პირადულზე რა მალაპარაკებს?! წესით, ცხვირ-პირი უნდა ამომენაყა, მე კი მანქანაში ჩაგიჯექი და აქეთ გეკითხები რჩევას. ...იდიოტი ვარ. კეთილშობილი იდიოტი... კნიაზ მიშკინ, ბლინ! მდაა, უკეთესი წარმოდგენა მქონდა საკუთარ პერსონაზე. _ ზაზამ ღრმა ნაფაზი დაარტყა და ზიზღით მოისროლა ანთებული სიგარეტი. _ მე კი, უარესი. _ რა? _ იმის თქმა მინდა, რომ შენზე უარესი წარმოდგენა მქონდა. დარწმუნებული ვიყავი _ შენთან დალაპარაკება შეუძლებელია. _ და მაინც მოხვედი. _ სხვა რა გზა მქონდა?! კაცი თუ გქვია, პასუხისმგებლობის აღებაც უნდა შეგეძლოს. მე მზად ვარ გამოწვევისთვის, რადგან გვანცას ნაჩქარევი გათხოვება ჩემი ბრალია. არ უნდა დამეშვა, მაგრამ მაშინ სხვა აზრზე ვიყავი... კარგი, ეს არ არის მთავარი, რაც იყო, იყო. ერთს გეტყვი... თავის მართლების მიზნით _ არა, უბრალოდ, მინდა სიმართლე იცოდე. მე და გვანცას არც ფარული შეხვედრები გვქონია, არც სხვა სახის ურთიერთობა. ჩემთვის მიუღებელია გათხოვილ ქალთან რომანი, მითუმეტეს... მითუმეტეს, თუ ამ ქალის მიმართ სერიოზული გრძნობა მქონდა. _ დაასრულა დიმიტრიმ. _ გამოდის, გვანცამ ორივე მოგვატყუა. ან მე რას მერჩოდა ან შენ? არ მესმის ქალების ლოგიკა. ამიხსენი, რა მაზოხიზმია ერთი გიყვარდეს და სხვას მიჰყვებოდე?... ან შვილს რა გაუჩალიჩა, მომკალი და არ მესმის! სიჩუმეში ზაზას კბილების კრაჭუნი გაისმა. დიმიტრიმ არ შეიმჩნია. ყველას თავისი ტემპერამენტი აქვს. ზაზა ფიცხია, დიმიტრის შეუძლია ემოციების მართვა. ეს მისი ნაკლიც არის და ღირსებაც. _ ვერ დაგეთახმები. _ ხმა ამოიღო დიმიტრიმ, _ ქალი სუსტი არსებაა, ის ქვეცნობიერად ეძებს ძლიერ მამაკაცს, ვინც გვერდით დაუდგება, მის მაგივრად მიიღებს გადაწყვეტილებას _ სწორს, არასწორს, ეს სხვა საკითხია. ოთხი წლის წინ მე ვერ აღმოვჩნდი სათანადო სიმაღლეზე, შენ კი აღმოჩნდი. მან ძლიერი აირჩია. ეს იყო და ეს. რაც შეეხება ბავშვის ინტერესებს... არა აქვს მნიშვნელობა ვის დაუძახებს მამას, მთავარია მშვიდსა და მოსიყვარულე გარემოში იზრდებოდეს. ჩემი მამობილისთვის მამა არასოდეს დამიძახია, მაგრამ დამიჯერე, ის ჩემთვის მამაზე ძვირფასი იყო. _ შენ რა დათა თუთაშხიასავით მელაპარაკები?! ჯერჯერობით ცოცხალი ვარ და არაფრის დათმობას არ ვაპირებ. _ ზაზამ გამომწვევად შეხედა, თითქოს რეაქციაზე ამოწმებდა. _ არ მოგყვები პოლემიკაში. არც დრო გვაქვს, არც სიტუაციაა შესაფერისი. ისე არ მოხდეს, გიორგი უდედოდ დარჩეს. ზაზა უსიტყვოდ დაეთანხმა, ჯიბიდან მობილური ამოიღო, მაგრამ დარეკვა გადაიფიქრა. _ დაძარი მანქანა, სჯობს პირდაპირ დავადგე თავზე. _ ვისთან მივდივართ? _ ვასოსთან, რაღა თქმა უნდა.

___

ვასო თოფურია გაუხდელად იწვა ლოგინზე და ძილს ებრძოდა. უხერხულია, როცა სახლში სტუმრებია, შენ კი დასაძინებლად გაიპარები, კიდევ უფრო უხერხულია, როცა სუფრაზე წამდაუწუმ ამქნარებ და შილაფლავიანი მათლაფა რბილ ბალიშად გეჩვენება. არა უშავს, მოინელონ. განსაკუთრებით, პატივცემულმა დაიკოებმა... მილიონიანი აგარაკის დაკარგვა თუ მოინელეს, ძმის არყოფნასაც მოინელებენ. რიკულებიან საწოლში ვასოს ერთადერს ქალიშვილს, ანოს ეძინა. ისე საყვარლად ეძინა, ვასოს თავისი ბედნიერი ბავშვობა გაახსენდა. ცხრა საათი შესრულდებოდა თუ არა, მშობლები ძალით მიაბრძანებდნენ ლოგინში _ შენი ლიმიტი ამოიწურა, ხვალ სკოლაში ხარ წასასვლელიო. პატარა ვასიკო წინააღმდეგობას უწევდა: ხუთი წუთიცო, ანამუსებდა, ვიდრე მამა თვალებს არ დაუბრიალებდა ხოლმე. ნეტავ, დღეს შეეხვეწებოდეს ვინმე: დაიძინე ვასიკო, ხვალ სკოლაში ხარ წასასვლელიო. დღეს პირიქითაა _ ყველა ვასოს ერჩის. წეღან მერიკომ ისეთი გამგმირავი მზერა გააყოლა, თითქოს მთქნარება დანაშაული იყოს. ნეტავ, ამაზე უარესი არაფერი დაეშავებინა... ვასომ თავისი სახელი გაიგონა და ძალაუნებურად მიაყურადა სასტუმრო ოთახიდან გამოსულ ხმებს. _ დაანებეთ იმ კაცს თავი, ღამენათევია, ნანერვიულები და ეძინება. _ თავი გამოიდო სიძემ. `გაიხარე, დავით, ჯიგარი ხარ!~ სიძე შეაქო ვასომ. _ მაგის ამბავი რომ ვიცი, გაუხდელად წამოკოტრიალდებოდა ლოგინზე. _ აღნიშნა დედამისმა. _ ლიკუნა, მიაფარე რამე შენს ქმარს, ვასოს გაციება გვაკლდა ყველა სიკეთესთან ერსად, ისედაც უპატრონოდ დაგვრჩა კლინიკა. _ რძალს შეეხვეწა ნელიკო. იმავე წუთს კარი გაიღო და საძინებელში სინათლის ზოლთან ერთად ლიკუნა შემოპაკუნდა. შედგა. ქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადა და ფეხის წვერებზე გამოემართა საწოლისკენ. ვასო მოიკუნტა, თავი მოიმძინარა. ლიკუნამ მზრუნველად მიაფარა პლედი, ანოს საბანი შეუსწრა და უხმაუროდ გავიდა. ვასოს მადლიერებით გაებერა გული. რა კარგი ცოლი შეხვდა, რა მოსიყვარულე, ნაზი, ლამაზი... ცოტა ჩერჩეტია, მაგრამ არა უშავს, ქალს უხდება სიჩერჩეტე და მიამიტობა. აბა, გვანცა გორდეზიანია ქალი? ქალი კი არა, მეწინავე კომკავშირელია! პავლიკ მოროზოვი კაბაში. იდეის გამო საკუთარ მამას გაყიდის. ნეტავ, მოარჯულა ზაზამ თუ ისევ პრინციპულად დგას თავის პოზიციებზე? ისე, არც ერთი არ გამოცხადებულა ოჯახურ ვახშამზე. გოგი ბიძია აქ არის, მედიკო ბიცოლაც, წესით, ზაზა მაინც უნდა მოსულიყო. ხელის განძრევა რომ არ ეზარებოდეს, დაურეკავდა, მაგრამ ხელი თუ გაანძრია, ძილი დაუფრთხება. სტუმრების მოგუდული ყაყანი ტკბილ იავნანად ჩაესმოდა ყურში, თავი პატარა ვასიკოდ წარმოიდგინა... ვითომ ძალით წაიყვანეს დასაძინებლად, მამა თვალებს აბრიალებს, დედა ანამუსებს, უფროსი დაიკოები ნიშნისმოგებით ეჯღანებიან. ვასომ მოგონებას გაუღიმა და ძილში გადაეშვა. სიზმარში შიო ნახა, ოღონდ ლოგინში მწოლიარე კი არა, საღსალამათი. ვითომ, ის და ვასო ტოლები იყვნენ და პატარა მოედანზე ფეხბურთს თამაშობდნენ, ვასო კარში იდგა და ამაოდ ცდილობდა შიოს გასროლილი ბურთების მოგერიებას. მოედნის გარშემო აუარება მოზარდს მოეყარა თავი, რატომღაც ყველა შიოს გულშემატკივრობდა, მეკარის

მისამართით კი დამცინავი რეპლიკები ისმოდა. ვასოს ცრემლი ახრჩობდა, მთელი არსებით ცდილობდა ბურთის დაჭერას, მაგრამ შიოს თითქოს ჯადოსნური ფეხები ჰქონდა გამობმული, მისი გატყორცნილი ბურთი ბადეს არ ცდებოდა. `გოოოოლლლ...~ ერთ ხმაში ყვიროდა სტადიონი. ვასიკოს ყურები უწიოდა, ცივი ოფლი ასხამდა, სულ ცოტაც და გული წაუვიდოდა, ყველას დასანახად გაიშოტებოდა კარში და ვეღარასოდეს ადგებოდა, ვეღარასოდეს... კოშმარული სიზმრიდან მობილურის ზარმა გამოიყვანა. ვასომ შეშინებულმა მიმოიხედა, სიბნელეს თვალი შეახვია და მიხვდა _ ცოცხალია, თავის სახლში იმყოფება, საკუთარ ლოგინში... აცახცახებული სისების მოიძია მობილური. ეკრანზე ბიძაშვილის სახელი დაიწერა. _ ზაზა! _ გული ამოაყოლა ვასომ. _ რა ხმა გაქვს, ბიჭო, ქვევრიდან მელაპარაკები? _ ქვევრიდან არა, იმ ქვეყნიდან... შენ გაიხარე, ძმაო. კიდევ კარგი დარეკე, თორემ უეჭველი ვიბრიდებოდი. _ აფრენ? _ გააფრენ, როცა ხელმეორედ დაიბადები. _ ვერ გავიგე. _ ზაზა დაიბნა. _ უხ, რა ვიცი, რა ვიცი... ჩამძინებია და საშინელება დამესიზმრა, ვითომ რეალში არ მყოფნიდა კოშმარი! _ ეგ არაფერი, ორშაბათის სიზმარს არ დაეჯერება. _ ვა, უკვე ორშაბათია? _ ვასომ საათს დახედა. დრო პირველის შვიდ წუთს უჩვენებდა. მეზობელი ოთახიდან მოგუდული სიცილი ისმოდა. ვიღას ახსოვდა საწყალი ედურადი! _ ვასო, საქმე მაქვს შენთან. _ მერე ამოდი, დავილაპარაკოთ. _ არ შემიძლია. _ რატომ? _ მარტო არ ვარ. _ რა პრობლემაა, ამოიყვანე ვინც გახლავს. _ არ გამოვა. შენ ხამოდი. _ სად ჩამოვიდე ამ ახალგაღვიძებულზეეეე... _ ვასომ თავშეკავებულად დაამთქნარა და პერანგის ქვეშ ხელი შეიცურა. ნამიანი კანი ჰქონდა, თითები გაეწეპა. _ ვასო, შენს სადარბაზოსთან ვდგავარ. ხუთ წუთში აქ იყავი. მარტო ჩამოდი, გასაგებია? _ უაპელაციო ხმით უთხრა ზაზამ _ მოხდა რამე? _ მოხდა. _ მოვდივარ.

___

გვიანი ღამე იყო. წვიმის ხმაური შეშის ტკაცუნს ერთვოდა და ფსევდო რომანტიკულ განწყობას ქმნიდა. გამტაცებლები ისე დაუფარვად ლაპარაკობდნენ სამომავალო გეგმებზე, რომ ტახტის კუთხეში მიყუჟული გვანცა უნებურად ფიქრობდა სიკვდილზე. თუ გაწირეს, რაღას აყოვნებენ, სველი საქმეები ღამით კეთდება, ამინდიც ხელს უწყობთ, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ნოტიო მიწის ამოთხრა იოლია, ოქროყანაში ასვლა არ დასჭირდებათ, აქვე, ეზოში ჩაფლავენ. საბრალო თინა ძაღლმა მაინც იპოვა, გვანცას კი ვერასოდეს, ვერავინ იპოვის! დიდი-დიდი ვიდეოპატრულში გამოაცხადონ: `სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა~... `რატომ არ დაბრუნებულა? ~ იკითხავს პატარა გიორგი და თვალები ცრემლებით აევსება. ამ სცენის წარმოდგენაზე გვანცას თავად აუწყლიანდა თვალები, თავი ასწია და ჯანიკოს დაჟინებულ მზერას წააწყდა. მუქი სათვალის მიღმა რთული იყო მისი გამომეტყველების გამოცნობა, მაგრამ გვანცა მიხვდა _ უსულო საგნებს ასე არ უყურებენ. მჭიდროდ გაეხვია აშმორებულ პლედში და ფანჯარაში გაიხედა. სიბნელეში ნელა ირხეოდა სველი, გასხეპილი ტოტი, ხელის მტევანს ჰგავდა. `სარკოფაგიდან დგება მუმია, რა სიჩუმეა~... _ ძილის დროა. _ გამოაცხადა ჯანსუღმა და ზანტად წამოიმართა გაქექილი სავარძლიდან. _ მერე მიდი, დაიძინე. _ ურჩია შვილმა. _ დაიძინე კარგია, ამას რა ვუყო? _ ჯანსუღმა მძევალზე მიუთითა. _ მე ვუყარაულებ, მაინც უძილობა მაქვს. _ ღირს, რო, ძილის გატეხვა? _ ჯანსუღმა ნაზად მოიფხანა ცხვირის ძგიდე. _ თუ რამე იცის, აქამდეც გვეტყოდა. როდემდე ველოლიავოთ? _ ვეცდები მე გამოვტეხო. _ ვითომ შენთან ამოიდგამს ენას? _ ვნახოთ. _ არ შეგაბას, ბიჭო! _ ჩემი შებმა იოლი არ არის. _ ეეხ, შენ კი არა, ისეთები შეუბამთ... იმათი, მარტო სახელის ხსენება ხალხს გულებს უხეთქავდა. ლამაზ ქალებს თავიანთი ხრიკები აქვთ, ისე გაგაბრუებენ, ვერც მიხვდები. _ ჯანსუღმა შემფასებლური მზერა გვანცაზე გაასრიალა. _ შეგიძლიათ დაწყნარდეთ. არ ვაპირებ თქვენი ბიჭის გაბრუებას. ჩემი თავი მეყოფა გაბრუებული. ჯანსუღმა ყურადღება არ მიაქცია გვანცას რეპლიკას, ბრაზიანი ჩურჩულით დაიხარა შვილის ყურთან: _ ვერ გავიგე, რას ვაჯანჯლებთ? _ ინტუიცია მკარნახობს: ეს არ იქნება უკანასკნელი მოწმე. რა ვქნათ, ყველა კედელზე მივაყენოთ? _ ჩურჩულითვე გაეპასუხა ჯანიკო. _ აბა, გავუშვათ? ფეხი არ ექნება გადადგმული, პოლიციას დაგვაყენებს თავზე.

_ ასეთ საქმეში სიჩქარე არ ივარგებს, მამი. _ აბა, თავზე უნდა დაგვათენდეს?! _ ხუთ საათზე ჯერ ისევ ბნელა. _ კაროჩე, ღამის ოთხ საათამდე გაძლევ ვადას. თუ გამოტეხე, ხომ კარგი, თუ არა და, მორჩა ბაზარი! შენ თუ ფიქრობ, სისხლიანი კალოს მოწყობას ვაპირებ, ცდები. ისე დაიბრიდება, ვერც იგრძნობს. ჯანიკომ სათვალის ზევიდან ამოხედა, მაგრამ მამის გაუცხოებულ სახეში სიბრალულის ნატამალი ვერ დაინახა. თითქოს ადამიანთან მიმსგავსებული ჰუმანოიდი ედგა თავზე. _ რა გაქვს მხედველობაში, მამი? _ ნემსი. _ ააა... _ აბა, რა გეგონა! _ ჯანსუღმა მხარზე ხელის დაკვრით გაამხნევა შვილი, არაფრისმთქმელი მზერა ესროლა გვანცას და მძიმე ნაბიჯებით შევიდა მომიჯნავე კარში. ათიოდე წუთში ხვრინვამ შეაზანზარა ბუხრიანი ოთახი. გვანცა კისერმოღრეცილი მიაჩერდა დახურულ კარს. _ მაგარი ნერვების პატრონი ყოფილა მამაშენი. _ ჰო, არ უჩივის. _ შენ არ გავხარ მამას. _ სამწუხაროდ, არა. _ რატომ სამწუხაროდ, მე პირიქით მგონია. _ ვითომ? _ შენ ცოდვის გზაზე დგახარ, ის კისრამდეა ცოდვაში, ნესტოებიღა უჩანს, ნილოსის ალიგატორივით. _ ალიგატორივით. _ ჯანიკოს შედარება მოეწონა, გაცინება სცადა, მაგრამ ჩახველება უფრო გამოუვიდა. _ შენ გაქვს სამოთხეში მოხვედრის შანსი, იმას _ არა. _ მოძღვრის შემართების განაგრძო გვანცამ, თუმცა გული ყელში ჰქონდა მობჯენილი. უახლოეს საათებში, შეიძლება წუთებში, სიკვდილი ელოდა, ის კი იძულებულია კოჭი უგოროს გამტაცებელს, თანაც იმგვარად, რომ `შებმის~ ელფერი არ მისცეს. _ არც სამოთხის მჯერა, არც ჯოჯოხეთის, არც ღმერთი მწამს. _ ის კი არსებობს, მიუხედავად იმისა, გვჯერა თუ არა. _ ის რომ ყოფილიყო, პირვანდელ სახეს შემინარჩუნებდა. აკი ადამიანი ღმერთის სახე და ხატიაო? ერთი კარგად შემომხედე, რა მიგავს ხატს?... ხატი კი არა, კაბუკის თეატრის მასხარად არ გამოვდგები! ჯანიკომ სათვალე შეისწორა და შემცბარი დადუმდა. საქართველოში ვერ გამოინახა ფსიქოთერაპევტი, ვისთანაც მეტ-ნაკლებად გაიხსნებოდა. და უცებ, ასეთი გულახდილობა! გვანცა არ იყო ფსიქოთერაპევტი, ის სიკვდილმისჯილი იყო. სიკვდილმისჯილთან შეიძლებოდა გულის გადაშლა.

_ სხეული რა არის? უბრალო მატერია. _ მშვიდად უთხრა გვანცამ, _ მამაშენს, უპირველეს ყოვლისა, შენი სულის შენარჩუნებაზე უნდა ეზრუნა, და არა სახის. _ ჯანმრთელი სხეულში ჯანმრთელი სულია. ძველი ბერძნული მაქსიმაა, ალბათ გსმენია... მამაჩემმა შეუძლებელი შეძლო ჩემი სულის გადასარჩენად. სამწუხაროდ, შენი ქმრის ბიძაშვილი ვერ აღმოჩნდა სათანადო დონეზე. _ ვასომ გაგიკეთა ოპერაცია? _ ჰო. _ მე რომ მკითხო, მაღალ დონეზეა გაკეთებული. ამაზე უკეთეს შედეგს მსოფლიოს ვერც ერთი მიკროქირურგი ვერ მიაღწევდა. _ მამაჩემიც მაგას ამბობს. _ ჩაილაპარაკა ჯანიკომ. _ დონორი სად იშოვა? _ ვიღაც უპატრონო ბავშვის გვამი გამოიყენეს... და მეც მოარულ გვამს დამამსგავსეს. ჰმ! გვანცამ ტუჩი მოიკვნიტა. გვამი! აი, თურმე რა აკავშირებს ერთმანეთთან მაღალკვალიფიციურ პლასტიკურ ქირურგს და ძებნილ ბიზნესმენს. პატარა ბიჭის გვამი და იატაკქვეშ გაკეთებული პლასტიკური ოპერაცია! _ რამდენი წლის ხარ, ჯანიკო? _ ოცდაორის. რაში გაინტერესებს? თორმეტი წლის წინ ვასო მამამისის თანაშემწედ მუშაობდა, იანგარიშა გვანცამ. ედუარდმა გაიგო შვილის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ და შერისხა. ბოლომდე ვერ მოიკვეთა, მაგრამ ვერც მოინელა და ანდერძი დარეჯან წაქაძის სასარგებლოდ შეცვალა. დონორი ბიჭი უეჭველი მრავალშვილიანი დარეჯან წაქაძის ერთ-ერთი შვილია. ის ვასომ და ჯანსუღმა მოკლეს! ახლა გასაგებია ვასოს ნეიტრალური რეაქცია ანდერძთან დაკავშირებით. რა ჰქონდა სათქმელი _ ვალში ვარ ამ ოჯახის წინაშე, წყნეთის აგარაკი კი არა, ვერის სახლიც რომ მომთხოვონ, ულაპარაკოდ დავთმობო? ამ მიგნებამ ძალა მისცა და საბრძოლველად განაწყო. _ შეიძლება ცეცხლთან მოვიდე? _ დაეკითხა ბუხართან მიმჯდარ ჯანიკოს. _ რატომ? _ მცივა. _ გინდა შემაბა, არა? _ ცბიერი გამომეტყველებით დაეკითხა ჯანიკო. _ არა, რაღაც უნდა გაგიმხილო. გვანცა ნებართვას არ დალოდებია, პლედიანა მიირბინა ბუხართან და იმ სავარძელში მოკალათდა, სადაც წეღან ჯანსუღი იჯდა. _ რა უნდა გამიმხილო? _ ჯანიკომ დახურული კარისკენ გააპარა მზერა. მხვრინავი ჯანსუღი უწინდებურად ალაყლაყებდა ჰაერს. _ იცი, მამაშენმა მართლა შეუძლებელი გააკეთა: მან უდანაშაულო ბავშვი მოკლა! _ ბავშვი? მამაჩემმა? _ არ დაიჯერა ჯანიკომ. _ ვასომ ან მამაშენმა, არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა, მეტ-ნაკლები ხარისხით ორივეს მიქარული აქვს. მისმინე, ჯანიკო, კანის ქსოვილის დონორად შეიძლება

გამოდგეს ერთი, მაქსიმუმ ორი საათის მკვდარი. როგორ ფიქრობ, ბუნებაში არსებობს მშობელი, რომელიც ახალგარდაცვლილ შვილს გასატყავებლად ექიმს უსახსოვრებს? ასეთი რამ წარმოუდგენელია! _ თუკი ფულს გადაუხდიან, წარმოუდგენელი არაფერია. _ შენი დონორი ღარიბი ოჯახიდან იყო, მაგრამ არ მგონია ფულის გამო შვილი გაეწირათ. ის ბავშვი ჩვენს კლინიკაში იმყოფებოდა. _ თუ ასეა, მამაჩემი რა შუაშია?! კლინიკის პაციენტზე ვასო ექიმია პასუხისმგებელი. _ მე ვასოს ხელს არ ვაფარებ. ხელი რომ დამეფარებინა, თქვენი მძევალი კი არ ვიქნებოდი! მამაშენი იყო დამკვეთი, ვასო _ შემსრულებელი. ორივე დამნაშავეა. მათ ისარგებლეს მრავალშვილიანი ოჯახის უმწეო მდგომარეობით და უდანაშაულო ბავშვი სიცოცხლეს გამოასალმეს! _ თითქოს დამნაშავე ბავშვი არსებობდეს... _ ჩაიბურტყუნა ჯანიკომ. _ მართალი ხარ, არ არსებობს, რას ჩავიციკლე ამ უდანაშაულო ბავშვზე... _ გვანცას იმედი მოეცა, რომ ჯანიკოს ზომბირეულ ტვინში თანაგრძნობის მოლეკულა აღმოცენდა და ენთუზიაზმით განაგრძო. _ ბავშვები უცოდველები არიან, ავადმყოფობით მოკვდებიან თუ ძალადობრივი გზით მოუსწრაფებენ სიცოცხლეს, მაინც სასუფეველში მოხვდებიან. _ შენ... შენ უცოდველი ხარ, ექიმო? _ არა, მე ცოდვილი ვარ. _ არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა გვანცამ. _ როგორც ჩანს, გიფიქრია ამ თემაზე. _ ჰო, მქონდა `ბედნიერება~. _ ისეთი გამომეტყველება გაქვს, ეტყობა შენი ცოდვა სიამოვნებაზე გადის. _ ნებისმიერი ცოდვა სიამოვნებაზე გადის. _ ამოიოხრა გვანცამ და შესიებულ თვალზე ხელი მიიდო. _ მკვლელობაც? _ ქილერი რომ ქილერია, ისიც ფულის აღებისა და გაფლანგვის მონიჭებულ სიამოვნებაზე ფიქრობს, მაშინაც კი, როცა ობიექტი მიზანში ჰყავს ამოღებული. _ ქმარმა გცემა? _ ცემის არ ვუცემივარ, დამარტყა. ცხოვრებაში პირველად დამარტყა. მერე ცხოვრებაში პირველად მომიტაცეს. არა, ვიტყუები. მეორედ (იხ. დეტექტივი `უფროსი ძმა~). მაშინ გამოსყიდვის მიზნით მომიტაცეს, რაც ასე თუ ისე მაძლევდა გადარჩენის შანსს. დღეს მაქვს შანსი? _ გვანცამ ფართოდ გახელილი ნაცრისფერი თვალები ჯანიკოს მიაპყრო. მან მზერა აარიდა და რკინის მაშით ბუხარს შეუჩხიკინა. _ მაქვს შანსი? _ ჩურჩულით გაუმეორა გვანცამ. _ დღეს მოწმის სტატუსით ხარ გატაცებული. ყველაზე სანდო მოწმე ხომ იცი, როგორია? _ მკვდარი. `ნეტარ იყვნენ დევნილნი სიმართლისთვის~, არა? _ `რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა~. _ ირონიული ინტონაციით გააგრძელა ჯანიკომ. _ ამ ლოგიკით, შენ არ უნდა გეშინოდეს სიკვდილის. _ სიკვდილის ყველას ეშინია.

_ მე _ არა. _ სიცოცხლე მოგბეზრდა თუ რატომ? _ არა. _ ჯანიკომ მაშა მოისროლა და მკვეთრად მოტრიალდა. _ ნამდვილი შიშის გამოცდილება მაქვს და იმიტომ. ცოცხლად შეჭმის შიშის! დღესაც ყურში ჩამესმის იმ ბულტერიერის ღრენა... ვხედავ ჩემი ხორცის ნაფლეთებს მის კბილებში... დამიჯერე, ეს სიკვდილზე უარესია. ისე მოვკვდები, უკან არ მოვიხედავ. _ და არაფერზე დაგწყდება გული? _ არა. ვიდრე ჩემი გარეგნობა და ჩემი სურვილები ორი, ურთიერთგამომრიცხავი პოლუსებია, ჩემგან შორსაა ბედნიერება. _ მეტისმეტად ხარ ჩაციკლული გარეგნობაზე. ისეთიც არაფერი გჭირს. _ გვანცა ოდნავ გადაიხარა და ახლოდან დააკვირდა უმცროსი ჯაჯანიძის სახეს. _ ამდენი გრიმის დადებას, სოლარიუში გარუჯვა სჯობს, უფრო მოგიხდება. _ სხვათა შორის, ვცადე. _ უცებ გაშინაურდა ჯანიკო, _ იცი, რაშია საქმე, დაკემსილი ადგილები რუჯს არ ექვემდებარება და ობობას ქსელის ეფექტს ქმნის. სახე კი არა, რაღაც აბსტრაქტული ნახატი გამოდის. _ მერე რა, ახლა მოდაშია პირსინგი. აბსტრაქციაც. შეიძლება სათვალე მოიხსნა?... ნუ დაიძაბე, უბრალოდ, როგორც ექიმს, მაინტერესებს თვალების მდგომარეობა. ჯანიკომ უნდობლად შეხედა, მაგრამ გვანცა ისეთი გულწრფელი ინტერესით უყურებდა... გამომწვევად მოიხსნა სათვალე და მედუზასავით უფერული თვალები დაანახა. _ მე უარესს ველოდი. _ დაამშვიდა გვანცამ. _ ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს?! _ თუ აქედან ცოცხალმა გავაღწიე, ნაოპერაციევი ადამიანების ფოტოებს გიჩვენებ და დარწმუნდები. დამიჯერე, ჯანიკო, თუკი საკუთარ კომპლექსებს დაამარცხებ, შენზე ქალების კონკურსი გამოცხადდება. _ გააჩნია ქალებს... მამაჩემის გარიგებული ქალები მე არ მომწონს. მე ვინც მომწონს, იმას არ მოვეწონები. ალბათ. _ დააყოლა გულდაწყვეტილმა. _ შენ როგორი ქალები მოგწონს? ჯანიკომ ისე შეხედა, თითქოს პირველად დაინახა. _ შენნაირი. _ თქვა და ღიმილის მსგავსმა მიმიკამ გადაურბინა სახეზე. _ ჩემნაირი? _ გაუკვირდა გვანცას. _ მე... მე ასაკით არ შეგეფერები, თანაც ქმარი მყავს. იმედია, ჯერ ისევ მყავს. _ ქმარი, რომელიც გცემს. _ ღირსი ვიყავი. მის ადგილზე, მეც იგივეს გავაკეთებდი. შეიძლება მომეკლა კიდეც. _ ღალატობდი? გვანცამ ამოიოხრა. პოტენციურ მკვლელთან გულითადი საუბრების გამართვა ვერაფერი გამოსავალია, მაგრამ ფაქტია _ თუკი აქამდე არ მოუკლავთ, ეს პირველ რიგში ჯანიკოს დამსახურებაა. ქალური ინტუიცია კარნახობდა _ ჯანიკოს ის მოსწონდა... როგორც ქალი, როგორც თანამოსაუბრე, შეიძლება, როგორც მძევალი. ასეთებიც ხდება. მართალია, უფრო მელოდრამატულ ფილმებში, მაგრამ რით არ არის გვანცა გორდეზიანის ცხოვრება დროში გაწელილი მელოდრამა?! ჯანიკოს დედა არ ჰყავს,

მუტრუკი მამა ვერ შეუვსებს ინტელექტუალურ შიმშილს, მისი ქედმაღლობის პატრონს არც მეგობრები ეყოლება. ღირს ნიადაგის მოსინჯვა, თავის გადასარჩენად ყველაფრის მოსინჯვა ღირს. _ ფიზიკურად არა, სულიერად. _ ნაგვიანევად უპასუხა გვანცამ. _ სხვა გიყვარდა და სხვასთან ცხოვრობდი? _ დაახლოებით. _ იმ მეორეს, არ უყვარდი? _ ვუყვარდი, მაგრამ გარდაცვლილი ცოლი უფრო უყვარდა. _ ქმარს უყვარხარ? _ ახლა გამოჩნდება, ვუყვარვარ თუ არა. თუ მიხსნის ტყვეობიდან, მართლა ვყვარებივარ, თუ არა და... ამ დროს ჯანსუღის ოთახში მობილურმა დარეკა. ხვრინვა შეწყდა, საწოლი აჭრიალდა, გაისმა ჯანსუღის ბუბუნი, რომელიც პერმანენტულად გადაიზარდა ყვირილში. _ ... ეგ შენი ფანტაზიებია, ვასკა! რომელი გამტაცემელი მე მნახე, ფანჯარაში გახედვის მეშინია! ნუ იმუქრები თუ ძმა ხარ... ვინ დამინახა, რა დამინახა, ვააბშე არ ვიცი შენი ბიძაშვილის სახლი... ჯანიკო ხომ მყავს, ინდიანა ჯონსი! მოდი და შეამოწმე, ვინც არ იეამოწმოს! ღამე სუ ვერ მოხვალ, დილით მობრძანდი, ბატონო, დაგხვდებით... დავაი, რა, სულ კარგად მეყოლე! კარი მოფრიალდა და ოთახში გამძვინვარებული ჯანსუღი შემოიჭრა. ბუხართან მიმჯდარი წყვილის დანახვაზე უარესად განრისხდა. _ ამას აქ რა უნდა? _ შეუღრინა შვილს. _ შესცივდა. _ თავი იმართლა ჯანიკომ. _ არა უშავს, მოითმენდა. _ მამი! _ ხომ გაგაფრთხილე, ქალებს მოერიდე მეთქი, განსაკუთრებით ასეთებს _ წმინდანის თვალებითა და ეშმაკის ფეხებით. _ ჯანსუღმა გამანადგურებელი მზერა ესროლა მძევალს. გვამცამ წამოდგომა სცადა, მაგრამ ჯანიკომ ხელის მოძრაობით შეაჩერა და მკაცრად შეხედა მამამისს. ჯანსუღმა ხელი ჩაიქნია. არ ღირდა სიტუაციის გამწვავება. აგერ, ვასო ლამის ყურმილში გამოძვრა: თმის ბეწვი რომ ჩამოუვარდეს ჩემს ნათესავს, პოლიციაში მივდივარ აღიარებითი ჩვენებითო. სად არის წამსვლელი, მარტო ტელეფონში ბღავილი შეუძლია... ვასო არ წავა, აი, ქალბატონი მიკროქორურგის ქმარი კი ასიანი წავა. დასწყევლოს ეშმაკმა, არასასურველი მოწმეები მრავლდება სარეველა ბალახივით. ჯანიკო მართალია, ყველას კედელთან ვერ მიაყენებ. კომპრომისზე უნდა წავიდეს, ამ ქვეყნიდან უნდა წავიდეს, ჯანდაბაში უნდა წავიდეს! ჯანსუღმა გამეტებით მისცხო კედელს წიხლი. _ არ იტყვი, რა ხდება? _ შესძახა ჯანიკომ. _ გეგმები ჩაიშალა, აი, რა ხდება! _ გვანცასთან დაკავშირებით?

_ ჰმ, უკვე გვანცაა! _ ასე ქვია და... _ მძევალს სახელი არა აქვს! _ უყვირა ჯანსუღმა, _ მძევალი უსულო საგანია. შენს თვალებში კი სიბრალულს ვხედავ. ჩვენს სიტუაციაში სენტიმენტები გამორიცხულია, მერე შეიცოდე, როცა მამაშენი საზღვარს გადაკვეთავს. _ მერე გვიან არ იყოს. _ არ იქნება გვიან, გიმეორებ, გეგმები შეიცვალა. სასწრაფოდ უნდა ავიბარგოთ. _ ჯანსუღმა შუბლი დაორთქლილ ფანჯარას მიადო და სიბნელეს გახედა. _ ეს წვიმაც თითქოს ჩემს ჯიბრზე ასხამს. მართლაც, გარეთ ისევ წვიმა გუგუნებდა. ჩაშავებულ ხეებზე შერჩენილი ფოთლები წვეთებთან შეხებისას დენში შეერთებულებივით ძიგძიგებდნენ. _ სად უნდა ავიბარგოთ ამ ყიამეთში, მანქანაც არ გვყავს. _ შენიშნა ჯანიკომ. _ აბა, რა ვქნა, ქვეიაფსია პრაფესორს დავაშანტაჟებინო თავი? _ ვასო გაშანტაჟებს? _ ხო. ეჭვი აქვს, რომ ჩვენი გატაცებულია. _ მერე, შენც დააიანტაჟე. ჯანსუღი ფანჯარას მოწყდა და ჩაფიქრებულმა გაიარ-გამოიარა. თასმამორღვეული, ტალახიანი ბათინკები ეცვა, კუბოკრული ფლანელის პერანგი _ ლოგინში წოლისგან დაჭმუჭნილი და სიჩქარეში აცა-ბაცად შეკრული. მამასთან შედარების ჯანიკო მგლოვიარე ლორდივით გამოიყურებოდა _ შავი შლაპა, მოტკეცილი ჯემპრი, შავი მოკასინები.... _ სხვათა შორის, კარგი იდეაა. _ ხმამაღლა მსჯელობდა ჯანსუღი. _ ვიდრე ახალი პასპორტით ხელში საზღვართან არ ვიდგები, ექიმი ჩვენთან დარჩება და ვასოც ვერ გაფხაკუნდება. გაფხაკუნდება და კაი ტურასაც დაიჭერს _ ნაწილ-ნაწილ გავუგზავნი საყვარელი ნათესავის ორგანოებს! იქნებ გამოადგეს პლასტიკურ ქირურგიაში. რას იტყვი, ჰა? _ პასტორტი ხუთ დღეზე ადრე არ იქნება, იქამდე სად მივდივართ? _ ევას პავაროტში. მე რა ვი... ზაფხული რომ იყოს, ტყეში დაბანაკდებოდა კაცი. ამ ღამიანად, ამ თავსხმაში, ვის უნდა დავადგე თავზე?... კაი, ყავას დავლევ და რამეს მოვიფიქრებ. გათენებამდე გვაქვს დრო. თქვენ დალევთ? _ ჰო, დავლევთ. _ ორივეს მაგივრად უპასუხა ჯანიკომ და მზადყოფნით წამოიმართა. _ მე მოვადუღებ. _ ნუ გეშინია, არ მოვწამლავ შენს ექიმს. ჰა, ჰა, შენ გარეშე არ მოვწალავ. _ სიცილით დაამატა ჯანსუღმა და თაროდან ყავის ქილა ჩამოიღო. _ კაი, მოდი, მოადუღე, მე იქამდე ჩეჩმაში გავისეირნებ... ვაი, დედა, რა გავა ამ თავსხმაში... არა, რა, სოფლის დედა ვატირე მე, როგორ ცხოვრობს აქ ხალხი... ჯანსუღმა კაუჭიდან ხაკის დალაქავებული საწვიმარი მოხსნა და ბუზღუნით გავიდა გარეთ. ჯანიკომ ხსნადი ყავა ერთჯერად ზიქებიი ხამოასხა. ერთი ჭიქა გვანცას მიაწოდა, მეორე _ მამისთვის განკუთვნილი _ მაგიდაზე დადო, მესამიდან _ თვითონ მოსვა და გვანცას მიუჯდა. გულითადი საუბრის აღდგენა აღარ უცდიათ. ჯანსუღის გამოჩენამ გაფანტა

დროებით აღმოცენებული ნდობის ნაპერწკალი. მართალია, ოთახში არ იმყოფებოდა, მაგრამ მისი გრავიტაციული ენერგია აქ ტრიალებდა. სიჩუმეში ათი-თხუთმეტი წუთი გავიდა. ყავა დაილია და როცა დაძაბულმა მოლოდინმა პიკს მიაღწია, კარი ჭრიალით გაიღო. გამოჩნდა ჯანსუღი _ შუბლზე შემხტარი სველი წარბებით, გაკოჭილი ხელებითა და საფეთქელზე მიდებული იარაღით. _ შედი, რაღას აყოვნებ! _ ზურგსუკან უბრძანა ვიღაცამ. ნაცნობი ტემბრის გაგონებაზე გვანცა ადგილზე შეხტა. ჯანსუღ ჯაჯანიძის უკან დიმიტრი ძნელაძე იდგა.

___

კლინიკის ბინადრებს ტკბილად ეძინათ. მხოლოდ პლასტიკური ქირურგის ვასილ თოფურიას კაბინეტში ენთო შუქი. იქ ორნი ისხდნენ _ ვასო და ზაზა. ვასომ ეს-ესაა დაასრულა თავისი ბიოგრაფიის სამარცხვინო ფურცელის მოყოლა და განაჩენის მოლოდინში გაისუსა. _ არ ვიცი, რა გითხრა. ენა ჩამივარდა, სიტყვებს ვერ ვპოულობ. _ ჩაილუღლუღა ზაზამ. _ რა უნდა მითხრა... მეც ვიცი, რომ შევცდი, კი არ შევცდი, შევცოდე, მაგრამ თორმეტი წლის წინ სხვა ჭკუაზე ვიყავი, თავი ლამის მამაჩემზე მაგარი მეგონა. _ გამოდის, ედუარდმა იმთავისვე იცოდა ყველაფერი. _ მიხვდა, მაგრამ გვიან იყო. მკვდარს ვერ გააცოცხლებდა... შიო განწრული იყო, პერიტონიტი ჰქონდა დაწყებული, მაგრამ მე... მე არ უნდა ჩავრეულიყავი ღმერთის კომპეტენციაში. ჩემი ანოს ტოლი იყო საცოდავი, ისე მოკვდა, მოფერება არავისგან ღირსებია. მამა _ ლოთი, დედა _ ქრონიკულად ფეხმძიმე... გოჭებივით ყრიდა შვილებს, უსიყვარულოდ, უპასუხისმგებლოდ, თითქოს კუჭში გადიოდა... მე რომ მკითხო, ეგეთებს საშვილოსნოს ამოვაჭრიდი, აი, ქუჩის ძაღლებს რომ აჭრიან ხოლმე ცივილიზებულ ქვეყნებში. _ თორმეტი წელი ატარებდი ამხელა ჯვარს? ვინმესთვის გადაგეშალა გული, მოძღვართან მაინც მისულიყავი. _ იცი, რა, ზაზა, რომ გითხრა, თორმეტი წელი ღამე არ მძინებია მეთქი, მოგატყუებ. არ იყო ასე. როცა ახვარი ჯანსუღი მეორედ გამოჩნდა, აი, მაშინ დამენძრა. მივხვდი _ ჭიპლარით ვარ მიბმული საკუთარ ცოდვას, ერთ მშვენიერ დღეს ჯანსუღი რომ გაქრეს, მე მაინც ვერ გავთავისუფლდები. _ ჯანსუღი უნდა გაქრეს. ორი აზრი არ არის. _ ვერა, ზაზა, ჯანიკოს ამას ვერ გავუკეთებ. იმ ჩემი ცოდვით სავსეს მამის გარდა არავინ ჰყავს. ჯანსუღს რომ რამე დაუშავდეს, პირველი ჯანიკო ჩამიშვებს. მაგისგან რა მიდის, რო?... თორმეტი წლის წინ ბავშვი იყო, გადაწყვეტილება მამამისმა მიიღო, ის დაემორჩილა. დღეს რომ ხელს უმართავს, ჩვეულებრივი ამბავია, მის ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა. _ სამაგალითო შვილი რომ არის, გავიგე, ისე რა წარმოადგენს, ურთიერთობაში? _ ფორიაქის დასაფარად ზაზამ ბრელოკი შეათამაშა _ მანქანის გასაღებზე გასაყრელი მინიატურული იეფელის კოშკი. ამასწინათ, პარიზიდან ჩამოიტანა ერთი ჩემოდანი ბრელოკები. სუვენირებად დაარიგა. _ უჟმური, კომპლექსიანი, მამამისზე ორიენტირებული ფანტომასი...

_ ქალებზე თუა ორიენტირებული, ქალებზე? _ ვერ მოითმინა ზაზამ. გვანცა თუ ასეთი მონსტრების ხელშია, ან დახვდება ცოცხალი დიმიტრი ძნელაძეს, ან _ არა. _ არა, არა, გაუპატიურება და რაღაც ეგეთები გამორიცხულია. _ ხელები გაასავსავა ვასომ. _ ამ მხრივ, მშვიდად იყავი, სექსუალური მანიაკები არ არიან. მოკვლა თუ უნდოდათ, სახლში ვინ უშლიდათ? ისედაც გარისკეს, როცა გულწასული მძევალი ჯერ სადარბაზოში გაათრიეს, მერე იქიდან მანქანაში... ვასომ უცებ შეწყვიტა ლაპარაკი და თვალებმოჭუტული მიაცქერდა თავჩაქინდრულ ბიძაშვილს: _ ზაზა, შემომხედე! ექიმი ვარ და იცოდე, ვერაფერს გამომაპარებ. ცოლი ჩემ გამო შემოგელახა თუ იყო სხვა მიზეზიც? ზაზას თავი არ აუწევია. _ დავიჯერო, გულწასული ქალი მიატოვე და ჩემთან გამოქანდი? _ განაგრძო ვასომ. _ შენთან არ გამოვქანებულვარ, გიორგი დედაჩემთან დავტოვე და იმასთან გავქანდი. _ ჟურნალისტთან? _ ჰო. _ `იმას~ სახელი არ აქვს? _ ნუ, დიმიტრი ჰქვია. _ უხალისოდ თქვა ზაზამ. _ ერთი ამიხსენი, რა შუაშია ვიღაც დიმიტრი გვანცას გატაცებასთან? _ ბიჭო, თინა გავაშელმა თავისი კოლეგის, დიმიტრის სახელზე დაწერა წერილი და გვანცას გაატანა გადასაცემად. ის წერილია თავი და თავი, თორემ თინას მკვლელობა ჯანსუღს ხახვივით შერჩებოდა. _ არ შერჩა, რო? _ მხრები იაჩეჩა ვასომ. _ ვნახოთ. _ თინას მკვლელობასთან მე მართლა არაფერ შუაში ვარ, პოსტ ფაქტუმ გამაგებინა იმ დედამოხნულმა ჯანსუღამ. გვამის გადამალვაში მივეხმარე. ამას ვაღიარებ. სხვა რა გზა მქონდა? დამხრჩვალ ქალს პროზექტურაში ხომ არ გავაქანებდი? _ დაახრჩო? _ ჰო. როგორც კი თინამ გაშიფრა, დამირეკა და პირდაპირ პანაშვიდიდან მომხსნა. სხვათა შორის, იმ საღამოს კლინიკაში შენი ცოლიც იმყოფებოდა. მერე, როცა გვანცა წავიდა, მე და ჯანსუღი თინას დაველაპარკეთ. პირდაპირი ტექსტით ავუხსენით ყველაფერი და ისიც თითქოს დაგვთანხმდა _ კრინტს არ დავძრავო. მაგრამ ჯანსუღმა ეტყობა არ დაუჯერა. ჩემი წასვლის შემდეგ თურმე ხელმეორედ ესტუმრა თინას, მუქარის ძალით ის ავადსახსენებელი, გამოსამშვიდობებელი წერილი დააწერინა და მოკლა. _ თუ ასე ბუზებივით ხოცავს არასასურველ მოწმეებს, რა გარანტია მაქვს, რომ გვანცას... _ ზაზას ხმა ხაუწყდა, ჩაახველა. _ დაწყნარდი, გთხოვ. იმედი ვიქონიოთ, რომ დიმიტრი მიასწრებს და იმ უბედურ ჯანიკოს არაფერს ავნებს. სიტყვის კაცი ჩანს. ჟურნალისტისგან გამკვირვებია. _ ვნახოთ, ვნახოთ. _ ჩვენში დარჩეს, ზაზა, როგორ გარისკა იმ კრაზანების ბუდეში მისვლა, მარტო, დამხმარე ძალის გარეშე?

ზაზა ხმას არ იღებდა. დიმიტრის მისამართით ნათქვამი ქათინაური გულზე ხეთქავდა და საკუთარ თვალში ამცირებდა, ვასო კი, თითქოს ჯიბრზე, არ ცხრებოდა: _ მე, მაგალითად, ვერ გავრისკავდი... _ ვინც არ რისკავს, შამპანურს არ სვამს. _ ცალყბად ჩაიცინა ზაზამ. _ ზაზ, ერთი კითხვა მიტრიალებს თავში და ნუ ახტები შენებურად. _ ვასო დაინტრიგებული გამომეტყველებით გადმოიხრა მაგიდაზე. _ დავაი, მკითხე. _ მმმ... `შამპანურში~ გვანცას ხომ არ გულისხმობ? ზაზამ იქამდე მომუჭა ბრელოკი, ვიდრე კანი არ დაეკაწრა, მერე მთელი ძალით მოიქნია და კედელს ესროლა. კედელი შეიჭყლიტა, ბათქაშის ნაფშხვენები გასაღებთან ერთად ჩამოცვივდა იატაკზე. ვასომ თვალი გააყოლა, მაგრამ საყვედური არ დასცდენია. _ მითხარი და მოგეშვება. _ უთხრა ბიძაშვილს. ზაზამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. _ რომანი აქვს? დუმილი. _ მომიყევი, ჩემზე უარესი რა უნდა გჭირდეს?! _ ჩემამდე ჰქონდათ. დიმიტრი ძნელაძე ის კაცია, ვინც გვანცა ჩეჩნების ტყვეობიდან გაათავისუფლა. _ ააა... _ უყვარს. _ კბილებში გამოცრა ზაზამ, თუმცა ხმა გაებზარა. _ ვის... ვინ უყვარს? _ ვერ მიხვდა ვასო. _ ჩემს ცოლს უყვარს დიმიტრი ძნელაძე. ამ ჯერზე ვასოს ჩაუვარდა ენა. ერთხანს გაუნძრევლად იჯდა, სრულიად შოკირებული ბიძაშვილის მოულოდნელი აღსარებით. _ მძიმე ღამეა. _ თქვა ბოლოს. _ რაღა ღამეა, თენდება უკვე. _ ზაზამ ფანჯარაში გაიხედა. მონაცრისფრო ბინდბუნდში თეთრად იკვეთებოდა სანაპიროს მოაჯირზე ჩამომჯდარი თოლია. ზაზას მის ადგილზე ყოფნა მოუნდა. _ წვიმამაც გადაიღო. _ ხმა მიაწვდინა ვასომ. _ ჩემი წასვლის დროც მოვიდა. _ გაგიჟდი, სად უნდა წახვიდე ასეთ მდგომარეობაში?! მე შენ ახლა ისეთ რამეს შემოგთავაზებ, ხელად მოგიხსნის სტრესს. ვასო ფაციფუცით დაწვდა კლინიკის გერბიან ფურცელს, ციცქნა პაკეტიდან თეთრი ფხვნილი გადმოაპირქვავა და ხელის მისაპატიჟებელი ჟესტი გააკეთა. _ კოკას ყნოსავ, ბიჭო? _ გაუკვირდა ზაზას. ვასო დაიხარა, ცალ ნესტოთი შეისრუტა კოკაინის პორცია, ცხვირი მოისრისა და მეორე ნესტოსაც სცა პატივი.

_ აბა, რა ვქნა, გავაფრინო? მოდი, გასინჯე, ყველაფერს დაგავიწყებს. _ გასინჯული მაქვს, არ მინდა. _ ზაზა მძიმედ წამოდგა, იატაკზე დაგდებულ ბრელოკს დაწვდა, სული შეუბერა და უკანმოუხედავად დატოვა კაბინეტი. ათ წუთში სანაპიროზე იყო. თოლია ისევ იქ დახვდა. ადამიანის მოახლოებაზე რეაქცია არ ჰქონია, მთელი გულისყურით მიჩერებოდა მღვრიე მტკვარს _ საკბილოს თუ ეძებდა. `გინდა, გავცვალოთ ადგილები?~ დისტანციურად დაეკითხა ზაზა. `არ მინდა~ თოლიას არც მოუხედავს. `რატომ?~ `ადამიანად ყოფნა ძნელია~ `ადამიანად დარჩენაა ძნელი~ ზაზამ მოსეირნე ნაბიჯით გაუყვა სანაპიროს.

___

მიზანსცენა ასეთი იყო _ გვანცა ტახტზე, ჯანიკო ბუხართან, დიმიტრი და ჯანსუღი მაგიდასთან _ ერთმანეთის პირისპირ. _ საქმიანი წინადადების მოვედი. _ დაიწყო დიმიტრიმ. _ მძევალი მოდის ჩემთან, თქვენ მიდიხართ ქვეყნიდან. თუ თანახმა ხართ, გადავიდეთ დეტალებზე. ჯანსუღმა დაკვირვებით შეხედა სახეში. დაუპატიჟებელ სტუმარს გასაპარსი ლოყები, დაღლილი თვალები და აგდებული გამომეტყველება ჰქონდა. წვიმისგან დასველებულ თმაზე ჟანგისფერი დაჰკრავდა, ხმაში კი ბრძანებას მიჩვეული ადამიანის ინტონაცია იკითხებოდა. _ რატომ უნდა დაგიჯეროთ, თქვენი სახელიც არ ვიცი, თუმცა... თუმცა მეცნობით. _ თქვა ჯანსუღმა. _ სრულიად საკმარისია, რომ მე გიცნობთ. დანარჩენი მეორეხარისხოვანია. თქვენს ვაჟს უთხარით, წრიალს თავი დაანებოს, მეც შეიარაღებული ვარ. _ დიმიტრიმ პოზა არ იეუცვლია, ისე წარმოთქვა ეს სიტყვები. ჯანსუღმა შვილს თვალები დაუბრიალა, იმან ნაჯახისკენ გაწვდილი ხელი უკან წაიღო და ბრაზით შეისწორა სათვალე. _ თუ ეგეთი ვაჟკაცია, რატომ ვასო არ გამოცხადდა საკუთარი პერსონით? _ ჯანსუღი ისევ უცნობს მიუბრუნდა. _ მე არ მითქვამს, თითქოს ვასო ვაჟკაცია, არც ის მითქვამს, რომ თავისუფლად გადაადგილების საშუალება აქვს. _ მძევლად გყავს აყვანილი? _ დროებით. _ ეგ როგორ გავიგოთ? _ თუ ჩემი გეგმა იმუშავებს, ვასოს გაათავისუფლებენ. _ მე კი ციხეში მიმაბრძანებენ, არა? _ ჯანსუღი არაბუნებრივად გადაიზნიქა, ზურგზე შეკრული ხელები მეტის საშუალებას არ აძლევდა.

_ სიამოვნებით მიგაბრძანებდით, მაგრამ ვასოსთან ვალში ვარ. არ გამოვა ეგ ამბავი. _ ჰმ, მიმაბრძანებთ და ვასოსაც თან წავიყოლებ. _ ნიშნისმოგებით დაემუქრა ჯანსუღი. _ არა მხოლოდ ვასოს. თქვენ საკუსარი შვილიც ჩაითრიეთ ავანტიურაში. _ მე არავის ჩავუთრევივარ, დიდი ხანია სრულწლოვანი ვარ! _ ადგილიდან წამოყელყელავდა ჯანიკო. _ ძალიან კარგი, ასეთ შემთხვევაში, კანონის სრული დაცვით მიუჯდებით მამათქვენს. _ შვილი არ აგებს პასუხს მამის შეცდომებზე. _ თავი გამოიდო აქამდე გაჩუმებულმა გვანცამ. _ არც დედის. _ ჩაილაპარაკა დიმიტრიმ. _ რა? _ ვერ გაიგო გვანცამ. _ შენ გაჩუმდი. შენთან სხვა ლაპარაკი მექნება. _ მოაკეტინა დიმიტრიმ. გვანცამ ტუჩები მოიკვნიტა და შეურაცხყოფილი დადუმდა. ჯანსუღმა ვერაფერი გაიგო და მხრების აჩეჩვით შემოიფარგლა, ჯანიკო რაღაცას მიხვდა და თვალები აფორიაქდა. _ თენდება. სიტყვა თქვენზეა, ბატონო ჯანსუღ. _ ვითომც არაფერი, განაგრძო დიმიტრიმ. _ არ მჯერა. _ ჩემი არ გჯერათ? _ არ მჯერა, რომ ვასოს გამო კანონდარღვევაზე მიდიხართ. _ ვინ გითხრათ, რომ ვასოს გამო მივდივარ?! მე ჩემი ინტერესები მამოძრავებს. _ რა ინტერესები? _ რატომ უნდა დავაკმაყოფილო თქვენი ცნობისმოყვარეობა? _ დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ არ მატყუებთ. _ არ ვაპირებ თქვენს გადარწმუნებას. მე ვაყენებ პირობას, თქვენ _ ან მეთანხმებით, ან _ არა. _ დავუშვათ, არ დაგეთანხმეთ. _ პოლიციის გამოსაძახებლად ღილაკზე თითის დაჭერაა საკმარისი. _ დიმიტრიმ მობილური აჩვენა. _ რატომ არ აჭერთ? _ სიტყვა მაქვს მიცემული. _ თანახმა ვარ. _ მძიმედ ამოიოხრა ჯანსუღმა და ჰაერი ამოაქშუტუნა. _ არ დაუჯერო, მამი! _ განწირული ხმით შეჰყვირა ჯანიკომ და ადგილიდან წამოხტა. _ გასული არ იქნება, ეგრევე ჩაგიშვებს! საზღვარზე დაგიჭერენ, დაგაპატიმრებენ, ციხეში ჩაგალპობენ!

_ ხმა გაიკმინდე, შენ არავინ გეკითხება! _ დასჭექა ჯანსუღმა და მრისხანედ წამოიმართა სკამიდან. _ ახლა არ მეკითხება, როცა... როცა... _ ჯანიკოს ენა დაება, შეშასთან მიგდებულ ნაჯახს ხელი დაავლო და შეშლილი სახით დადგა ბუხართან. _ არ ესროლო! _ დაიყვირა გვანცამ, როცა იარაღმომარჯვებული დიმიტრი დაინახა. _ ჯანიკო, გადააგდე ნაჯახი, გთხოვ! _ არ მომეკარო! გვანცამ არ დაუჯერა, მხრებიდან ჩამოცურებულ პლედს გადააბიჯა და ჯანიკოსთან მიირბინა. ვინმეს რომ ფანჯარაში შემოეჭყიტა, იფიქრებდა თეატრის მსახიობები გადიან რეპეტიციას. ჯანიკოს შავად აწოწილი ფიგურაც თითქოს სპეციალურად დააყენეს ცეცხლის ფონზე, უფრო დამაჯერებელი რომ გაეხადათ ტრაგიკული სცენა. _ არაფერი მიჰქარო, შვილო! _ წამოიყვირა ფერდაკარგულმა ჯანსუღმა. _ მიქარავს და მივასხმევინებ ტვინს. _ გააფრთხილა დიმიტრიმ. გვანცა ჯანიკოს წინ დადგა. _ არ ჩაგიშვებს. მე გაძლევ გარანტიას. _ უთხრა თანაბარი, მშვიდი ხმით, მაჯაში ხელი მოჰკიდა და ნაჯახი გააშვებინა. ჯანიკო არ გასძალიანებია, მოჯადოებულივი პრინცივით იდგა ბუხრის წინ და გაშეშებულ მზერას გვამცას არ აცილებდა. გვანცამ კისერში ხელი ჩაიცურა, ოქროს ჯვარი შეიხსნა და ჯანიკოს ხელში ჩაუდო. _ ჩემგან გქონდეს... დაგიფარავს. _ სუსტად გაუღიმა და რობოტივით წავიდა კარისკენ. დიმიტრიმ იარაღი დაუშვა და უკანა სვლით გაჰყვა.

___

თბილისს უახლოვდებოდნენ, როდესაც გვანცამ ნავსი გატეხა და გაჭიანურებული დუმილი დაარღვია: _ როდემდე ვიყოთ გაბუტულები? _ ვიდრე არ მოვინელებ. _ მოკლედ უპასუხა დიმიტრიმ. _ რა გაქვს მოსანელებელი? _ ჩემი შვილის არსებობა დამიმალე, ამით ყველაფერია ნათქვამი. გვანცამ ერთი მხრივ შვება იგრძნო _ მისი ცხოვრების საიდუმლოს ფარდა აეხადა, მეორე მხრივ _ იმედგაცრუება. რატომღაც ეგონა, რომ დიმიტრი სიხარულით ცას ეწეოდა, მის სიხარულს გვანცაც გაიზიარებდა და ყველაფერი ისე დასრულდებოდა, როგორც რომანტიკული ჟანრის ფილმებში. რეალობამ კი ისეთი არარომანტიკული სილა გააწნა, ზაზას მოქნეული მუშტი დაავიწყა. _ იქნებ გაქვს არგუმენტირებული ახსნა, სიამოვნებით მოგისმენ. _ თქვა დიმიტრიმ. _ მე შენ მიყვარდი. სხვა არგუმენტი არ გამაჩნია.

_ მე გიყვარდი, შვილი კი სხვას გაუჩინე, არა? _ ნუ დამამადლი ერთ მოპარულ ღამეს. მაშინ დაფეხმძიმებაზე არ მიფიქრია, უბრალოდ, ისე მოხდა, რომ შენგან დავრჩი ფეხმძიმედ. _ დარწმუნებული ხარ? _ შეხედავ გიორგის და მიხვდები. _ მგავს? _ დიმიტრის ხმა დაუთბა. _ კი, ძალიან. გაჩუმდნენ. ნაწვირ ტრასაზე მანქანის ჭაჭანება არ იყო. სველი, ჩაშავებული ხეები უღიმღამოდ აცილებდნენ დიდი სიჩქარის მქროლავ `პეჟოს~. თენდებოდა. დიმიტრიმ ფარები გამორთო და საბურავების შხუილით შეიჭრა ჯერაც ჩაძინებულ ქალაქში. _ სად მომიყვანე? _ ყოველ შემთხვევაში იკითხა გვანცამ, როცა მანქანა დიმიტრის სადარბაზოსთან გაჩერდა. _ სახლში. _ ეს შენი სახლია. _ დღეიდან, ჩვენია. _ არა, დიმიტრი, ვიდრე ბავშვს არ დავიბრუნებ, შენთან გადმოსვლაზე ლაპარაკიც ზედმეტია. _ ეს საკითხი გადაწყვეტილია, დარდი ნუ გექნება. _ რა არის გადაწყვეტილი? _ სწრაფად შეხედა გვანცამ. _ ბავშვის საკითხი. ახლა ალბათ ეძინება, როგორც კი გაიღვიძებს, ზაზა შემატყობინებს. _ როგორ, ასე ადვილად შეელია?... არ მჯერა. _ ადვილად არა, ალბათ გაუჭირდა, მაგრამ შენი და ვასოს გადასარჩენად, დათმობაზე წავიდა. _ შენ... შენ რა დათმე, დიმიტრი? _ გვანცა ფრთხილად შეეხო ხელზე. გული უგრძნობდა, დიმიტრის გაბუტვის მიზეზი უფრო ღრმა უნდა ყოფილიყო, ვიდრე წეღან წაყენებული პრეტენზია. _ ყველაზე ღირებული, რაც გამაჩნდა _ პრინციპები. აღარაფერს ვამბობ სამსახურზე. _ იმის თქმა გინდა, რომ ჟურნალისტიკიდან მოდიხარ? _ როგორ შემიძლია დავრჩე ჟურნალისტიკაში, როცა ჩემი კოლეგის მკვლელობაზე დავხუჭე სვალი. _ დიმიტრი... ახლა გვიანაა? _ გვიან არ არის, ჯერჯერობით, ორივე დამნაშავე თბილისშია, მაგრამ სიტყვა მაქვს მიცემული. _ ვისთვის გაქვს მიცემული სიტყვა, ნაძირალა ვასოსთვის? _ პირველ რიგში, ზაზასთვის, თუმცა ვასოც იქ იყო. _ რატომ მოიქეცი, ასე?

_ წინააღმდეგ შემთხვევაში, ვასო არ მეტყოდა შენს ადგილსამყოფლს, ზაზა ბავშვს არ დათმობდა... შენ თუ მოგკლავდნენ, საკუთარი შვილის ნახვას თუ ამიკრძალავდნენ, გავკარი ეგეთ პრინციპებს. _ დაგაშანტაჟეს? _ არა. შეხვედრა ჩემი ინიციატივით მოხდა. დანარჩენი ჯენტლმენური შეთანხმების ამბავი იყო. _ რომ არ მოგვცეს ბავშვი? _ მოგვცემს. _ დაბეჯითებით თქვა დიმიტრიმ. _ რატომ ხარ დარწმუნებული? _ ვენდობი. _ ვის, ზაზას? _ გაუკვირდა გვანცამ. _ ჰო. მე ის მომეწონა. _ იქნებ შერიგებაც მირჩიო?! _ ძალიანაც რომ მოინდომო, არ შეგირიგდება. _ ცალყბად ჩაიცინა დიმიტრიმ, _ მე ის მიკვირს, ამდენს ხანს როგორ გიძლებდა. ერთი დღე ვერ ვიგუებ ქალს, რომელშიც ეჭვი მეპარება. _ მე არ მიმიცია ეჭვიანობის საბაბი, ყოველ შემთხვევაში, ბოლო სამი წელი. _ კაცები არც ისეთი სულელები არიან, როგორც ქალებს ჰგონიათ. უბრალოდ, ზოგჯერ თავს ისულელებენ. ესეც თავდაცვის ერთ-ერთი ხრიკია. _ კლინიკიდან რომ წამოვალ, ფაქტია, მაგრამ იმ ქალაქში, სადაც შეიძლება ზაზას გადავეყარო, არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებ. _ არ მოგიწევს. ზეგ პარიზში მივფრინავთ. _ დიმიტრიმ ისე უბრალოდ თქვა, თითქოს ამინდის პროგნოზი ამცნო. _ გაიმეორე! _ გვანცამ საკუთარ ყურებს არ დაუჯერა. _ ზეგ პარიზში მივფრინავთ. არც ჩემთვის არის იოლი თბილისში დარჩენა, გიორგისთვისაც უკეთესი იქნება. პარიზში ბინა მაქვს, იმედია, სამსახურსაც ვიშოვი. _ დიმიტრი... _ გვანცა ახლოს მიჩოჩდა, მხარზე თავი დაადო და მორცხვად ამოხედა ქვევიდან. _ დიმიტრი, შეიძლება, გაკოცო? _ ნწუ. _ რატომ? _ ახლა რომ კოცნის უფლება მოგცე, კონტროლს დავკარგავ და მეზობლების დასაცინად გავიხდი თავს. იმავე წუთს განაპირა სადარბაზოდან ძაღლიანი კაცი გამოვიდა, ღრმად შეისუნთქა ნაწვიმარი ჰაერი და გეზი იპოდრომისკენ აიღო. _ სახლში რომ მივალთ, მაშინ? _ აწი მთელი ცხოვრება შენს განკარგულებაში ვარ. _ დიმიტრიმ საკეტიდან გასაღები ამოაძრო და გვანცას ანიშნა, მანქანიდან გადმოსულიყო.

ლიფტში კი არ შევიდნენ, შეცვივდნენ. ოთხი წელი ჰქონდათ ასანაზღაურებელი, ერთმანეთის მონატრებაში გასული ოთხი დაკარგული წელი. შეიძლება, სულაც არ იყო დაკარგული, ბუნებაში ხომ არაფერი იკარგება, ხიდან ჩამოვარდნილი ფოთოლიც კი ნეშომპალად იქცევა და ნიადაგისთვის სარგებლობა მოაქვს. ამ ლოგიკით, ოთხი წელი სერიოზული კაპიტალია, წინ კი მთელი ცხოვრება ჰქონდათ _ უნებლიე ცოდვის დამძიმებული, პრინციპებშელახული, სამშობლოს მოწყვეტილი, მაგრამ მაინც ცხოვრება.

დასასრული 2010 წელი

View more...

Comments

Copyright ©2017 KUPDF Inc.
SUPPORT KUPDF