ეს სასიამოვნო ხელის ჭუჭყი

May 4, 2017 | Author: Maia Burchuladze | Category: N/A
Share Embed Donate


Short Description

მაია ბურჭულაძის დეტ...

Description

მაია ბურჭულაძე

დეტექტიური რომანი

ეს სასიამოვნო ხელის ჭუჭყი მეათე დეტექტიური რომანი ციკლიდან „დიმიტრი ძნელაძე კრიმინალისტიკის ლაბირინთებში“

გამთენიისას დიმიტრი ძნელაძე ჭექა-ქუხილის ხმამ გამოაღვიძა. მთვარეულივით წამოდგა, ფანჯარა დაკეტა და ისევ საბნის ქვეშ შეყვინთა. წვიმიან ამინდში ძილს არაფერი სჯობს, მით უფრო, თუ ნაშუაღამევს დაბრუნდი სამსახურიდან. თქმა ადვილია, ძილის შებრუნება კი ძნელი აღმოჩნდა. მეხსიერების ლაბირინთებში მიძინებული უბნები მოულოდნელად გააქტიურდნენ და ბოიკოტი გამოუხადეს ტვინიდან წამოსულ დაძინების ბრძანებას. ასე იცის გადაღლილობამ. ამ კვირაში დიმიტრის საავტორო გადაცემა `კრიმინალური ქრონიკა~ ახალი ფორმატით უნდა გასულიყო ეთერში. სარეკლამო ბილბორდები მთელ ქალაქში გამოჭიმეს, ანონსი კი აგვიანებს. ხვალეც თუ არ იქნება, დიმიტრი საქმის კურსში დააყენებს ახალ გენდირექტორს, რომელსაც... ეჰ, რომელსაც ისე ესმის ტელევიზია, როგორც მის წინამორბედს (დიმიტრის) ჩინური გრამატიკა. რა გინდა, რომ ჰქნა? ყველა წვრილმანზე დამფუძვნებელს ხომ არ შეაწუხებ? ისევ ანონსების ჯგუფს უნდა დაერიოს. რამდენიმე წუთში კი დიმიტრის აღარც გადაცემა ახსოვდა, აღარც ანონსები, აღარც დამფუძვნებელი. მაგრამ იქამდე მობილურმა დარეკა. `ვის არ ასვენებს ეშმაკი ამ დილაუთენია?~ წვიმაზე გაბრაზებულმა დიმიტრიმ საზეიმოდ განათებულ მობილურს შეუტია. `ეშმაკი~ უშიშროების პოლკოვნიკს, მიხეილ ხვედელიძეს არ ასვენებდა. _ რასა იქს ბატონი ექს დირექტორი? _ ორაზროვნად დაინტერესდა. _ ექს დირექტორი ჟურნალისტიკას დაუბრუნდა. _ ე. ი. მალე გიხილავთ ეკრანზე? _ ეკრანზე არა, კულისებში. _ რუხი კარდინალის ამბავში? _ დაახლოებით. ¬_ ვატყობ შეეგუე ჩამოლაბორანტებს. _ გესლიანი ისარი ესროლა მიხეილმა, რომელსაც აქამდე ვერ მოენელებინა პროტეჟეს ბოიკოტი. ვერ შეიშნოვა მაღალი პოსტი, `ჟურნალისტიკას დაუბრუნდა~ ბიჭი, თითქოს რაღაც წარმოუდგენელს სთხოვდნენ. პრინციპულია, მამაძაღლი. ჰოდა, იჯდეს და აკეთოს თავისი `ქრონიკა,~ ვიდრე არ მიახურავენ. _ შენ ის მითხარი, ნაღრძობი ფეხი როგორ გაქვს? _ ფეხის მოსაკითხად დამირეკეთ დალაუთენია? _ არც უმაგისობაა. შენ კარგი ფეხი გაქვს, დიმიტრი, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. დიმიტრიმ თვალები გადაატრიალა. მიხეილის ქათინაურები სხვა არაფერია, თუ არა მისი, დიმიტრის, მორიგ შარში გახვევის სურვილი. გა-მო-რიც-ხუ-ლი-ა! ¬_ რას გაყუჩდი? _ შეეხმიანა მიხეილი. _ კოჭლი და ხეიბარი თუ ხარ პირდაპირ მითხარი, დროს ნუ მაკარგვინებ. _ ვარ. პლიუს მოუცლელი. პაუზა. _ ფანჯარასთან დგახარ? _ მიხეილმა ხმაში ინტრიგა გაურია. _ არა.

_ დედას გაფიცებ, მიდი ფანჯარასთან, ოღონდ არ გამითიშო. _ მივედი. _ დიმიტრიმ საძინებლის ფანჯიდან გადაიხედა. გარეთ წვიმდა.მმანქანები შიშინით აპობდნენ ასფალტის კრატერებში აღმოცენებულ გუბეებს, გამვლელები ბრაზით უქცევდნენ გვერდს. წვიმის ნაცრისფერ ფარდაში გახვეულ გაჩერებასთან ტალახინმა მიკროავტობუსმა დაამუხრუჭა. _ როგორ მოგწონს ამინდი? _ შემპარავად დაეკითხა მიხეილი. _ რა არის მოსაწონი? _ აპრილის ოცამდე ასე იქნება. ცვალებადი მოღრუბლულობა, ქარი... _ მერე? _ მერე მონაკოში გასეირნებას გთავაზობ! _ შეახარბა მიხეილმა. _ ფირუზისფერი ზღვა, უღრუბლო ცა, კლუბები, კაზინოები, გრიმალდები... _ პრინცესა კაროლინა... _ კაცო, თუ თანახმა ხარ, ფული ჩვენზეა, კაროლინა _ შენზე. _ რაზე ვარ `თანახმა~ ხომ უნდა ვიცოდე? _ არ არის ტელეფონში სალაპარაკო, სახელმწიფო დონის საქმეა. `სახელწიფო დონის საქმე თუ მონაკოში წყდება, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.~ _ გაიფიქრა დიმიტრიმ და ჩაცმას შეუდგა. გარეთ ისევ წვიმდა. ___ 55! არააა... კირამ ფაფუკი ქოშები მოისროლა და ხელმეორედ შეხტა სასწორზე. წონის აღმნიშვნელი ნიშნული ჯიუტად აჩვენებდა 55 კილოგრამს. 2 კვირაში 2 კილოგრამი ბალერინისთვის კატასტროფაა! სულ იმ არაქისიანი შოკოლადის ბრალია, რომელიც ამასწინათ თორნიკეს მოართვეს და რომელსაც კირა საღამოობით ეპარებოდა ხოლმე. _ შენ რას იტყვი, სამანტა? _ თავის საყვარელ ცისფერთვალა კატას შესწუწუნა კირამ. _ დავჯდეთ, დიეტზე? ზანტი, კაი ჭამა-სმისგან უზომოდ გასუქებული სამანტა სულაც არ აპირებდა დიეტობანას თამაშს, ზოლიანი კუდი ვერტიკალურად მომართა და გავის ქნევით გაძვრა ოთახიდან. _ კლარას უთხარი, ხილის სალათი მომიმზადოს. _ დააბარა კირამ. _ პირველს არ მიირთმევ, გენაცვალე? _ სამზარეულოდან გააგონა კლარამ. _ დღეიდან არავითარი პირველი. მხოლოდ დესერტი. _ უპასუხა კირამ და წინასწარ განეწყო საკამათოდ. მაგრამ კლარას არ გაუპროტესტებია, არ უთქვამს, რომ ძვირფას კირას ისედაც ლანდი გასდის, რომ ორგანიზმი უსათუოდ საჭიროებს ცილოვან საკვებს, რომ ქალს უხდება მომრგვალებული ფორმები... დასანანია. კირას უნდოდა ვინმეზე ეყარა ზედმეტი კილოგრამების ჯავრი. ამ მხრივ კლარაზე დაბალი ღობე შინ არ ეგულება. მართლა და მართლა, კატასთან ხომ არ შევა პოლემიკაში? თუმცა ზოგჯერ ეჩვენებოდა, რომ სამანტას უსიტყვოდ ესმოდა მისი. განსხვავებით ქმრისგან, რომელსაც სათქმელი თუ არ დაუღეჭე, ისე ვერაფერს მიხვდება. კირამ კარის სახელური გამოქაჩა და საკმაოდ ვრცელ ოთახ-გარდერობში აღმოჩნდა. ჩვენში რომ დარჩეს, რას ერჩის ქმარს? ამდენი ბრენდული ჭინჭები ნებისმიერ ვარსკვლავს შეშურდება. თორნიკეს არაფერი ენანებოდა საყვარელი ცოლისთვის. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ხარისხიანი ტანსაცმლის შესაძენად კირა ფულს სესხულობდა და სულმოუთქმელად ელოდა გასტროლებს, რომ საზღვარგარეთ ეყიდა წამყვანი ბალერინას შესაფერისი სამოსი. დღეს კი იმდენი ფერის ფეხსაცმელი ჰქონდა, რამდენიც ხელჩანთა. ხელჩანთა კი იმდენი ჰქონდა, რამდენიც ცნობილი საფირმო ნიშანი არსებობდა მსოფლიოში. ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი სხვა აკურატულად, სეზონის მიხედვით ეწყო საბიბლიოთეკო სტელაჟების მსგავს თაროებზე. სპეციალური

ბერკეტის საშუალებით საკიდებზე ჩამოკონწიალებული კაბების და კოსტიუმების მოწევა შეიძლებოდა. კარუსელის პრინციპით. სამკაულებს, მზის სათვალეებსა და სხვა აქსესუარებს კირა სარკით შენიღბულ უჯრებში ინახავდა. გარდერობში ტრიალი კირას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა, მაგრამ რეპეტიებს იმდენი დრო მოჰქონდა, სულ გაქცევაზე იყო. არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, თორემ გაიხედავ და ვიღაც ახალგამოჩეკილი ვარსკვლავი გაგაჩოჩებს. უახლოესი ხუთი წელი კირა არ აპირებს სცენიდან ფეხის მოცვლას. რომ არა ტრამვირებული ხელი, ნახევარწლიან ტაიმ აუტსაც არ აიღებდა და შურიან კოლეგებს საჭორაოს არ მისცემდა: არიქა, კირა გაბაშვილის მზე ჩაესვენაო. მაგრამ ამქვეყნად ტყუილუბრალოდ არაფერი ხდება. სადღაც რომ გაკლდება, სხვაგან გემატება. იმ პერიოდში მან მომავალი ქმარი გაიცნო და გათხოვილი ქალის სტატუსით დაუბრუნდა სცენას. კირამ გულდასმით შეარჩია სამოსი. ფერის, ფაქტურის, ამინდის, გუნება-განწყობის გათვალისწინებით და მაკიაჟის გასაკეთებლად სააბაზანოს მიაშურა. გარდერობის არ იყოს, სააბაზანოც მისი სიამაყის საგანს წარმოადგენდა. ბინაში არსებული სამი სააბაზანოდან ერთი მის სრულ განკარგულებაში იყო. აქ მოხვედრა პირდაპირ საძინებლიდან იყო შესაძლებელი. რომ არა მეტლახიდან ამოზრდილი უნიტაზი, თავი ბარბის სათამაში სახლში გეგონებოდა. ბინაში ერთადერთი ადგილი, რომელსაც კირა იშვიათად სტუმრობდა, იყო სამზარეულო. აქაურობას კლარა განაგებდა, რომელიც წლებია ემსახურებოდა გაბაშვილების ოჯახს და კირას დედის სიკვდილის შემდეგ მის ქალიშვილს ერგო მზითვში. სამზარეულოში კირას ხილის ასორტის სალათი და ერთგული კლარა დახვდა _ ტანსრული მანდილოსანი პეკინესის მრგვალი თვალებით და უკმაყოფილოდ დაქაჩული ტუჩებით. კლარას უყვარდა კირა, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან აღიზიანებდა. ამაგი ჰქონდა და იმიტომ. ამაგი სიყვარულზე ვერაგია, რადგან პირდაპირ კავშირშია ვალდებულებასთან. კლარას ცხოვრებისეული კრედო ვალდებულებაზე გადიოდა. რომ არა ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი გრძნობა ათასჯერ გამოიკეტავდა კარს, მაგრამ კირა მის მოთუხთუხებულ ფაფაზე გაიზარდა, მის ნამღერ ძილისპირულზე, მის დაძალებულ წამლებზე... ქალბატონი მარგო, კირას დედა, მხოლოდ დირექტივების გაცემაში იყო ყოჩაღი. ეჰ, მაინც ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან... _ რას ოხრავ, კლარა? _ კირამ აუჩქარებლად დაღეჭა კუბიკებად დაჭრილი ხილი. _ კეფირი მაინც დალიე... _ მხოლოდ შენი ხათრით. გახარებული კლარა მაცივარს ეცა, კეფირი გამოიღო, ჭიქა ცხელ წყალში ჩადო, ვინიცობაა კირაჩკას ყელი არ გაუცივდეს. _ შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა? _ გული აუჩუყდა კირას. _ შენ ისეთი ქმარი გყავს, აწი შემიძლია მშვიდად მოვკვდე. _ კლარამ შემთბარი კეფირი ცილინდრულ ჭიქაში ჩამოასხა და ყოველ შემთხვევაში, პირჯვარი გადაიწერა. ღმერთმა ნუ ჰქნას, გათვალოს. კირა იმდენად დიდხანს ეძებდა მეორე ნახევარს, კლარას აღარც ეგონა, რომ გაზრდილის გათხოვებას მოესწრება. ისეთი ღირსეული მამაკაცისთვის, როგორც თორნიკეა, ნამდვილად ღირდა დაცდა. კირა მსუბუქი თავის დაკვრით შემოიფარგლა. კლარასი არ იყოს, მასაც ეშინოდა ავი თვალის. იმდენად ეშინოდა, რომ აკვიატებები დასჩემდა. მაგალითად, სავარჯიშო პუანტებს არასოდეს ტოვებდა საგრიმიოროში, ჩანთით დაათრევდა, ჯადო არ გაუკეთონო. ყველაზე მეტად კი სიბერის ეშინოდა. 34 წელი დიდი არაფერი ასაკია, მაგრამ სასცენო მაკიაჟმა სახის კანი ოდნავ მოუდუნა. მეზოთერაპიამ დიდი ვერაფერი შედეგი გამოიღო, ბოტოქსი უნდა სცადოს. ტუჩებს არ შეეხება, ჯერჯერობით მხოლოდ შუბლს. სავსე ტუჩები კირას ძალიანაც მოსწონდა, მაგრამ ერთხელ დედამ უთხრა: შენს ხასიათს შენივე პატარა, გაბაფთული ტუჩები უხდებაო. ჭკვიანი ქალი იყო ცხონებული მარგო გაბაშვილი, დასანანია, რომ ქალიშვილის გაბედნიერებას ვერ მოესწრო. თუმცა მარგოსთვის პირველ ადგილზე კირას კარიერა იყო. ქმარ-შვილს მხოლოდ ხელისშემშლელ ფაქტორად განიხილავდა. მაგრამ თორნიკე მოეწონებოდა. ის

ყველანაირად შემდგარი მამაკაცი იყო და ძალიანაც ეამაყებოდა ცნობილი ბალერინას ქმრობა. რაც მთავარია, შვილის გაჩენას არ აძალებდა. როგორც ზოგიერთები. _ არ დაგაგვიანდეს. _ შეახსენა კლარამ. კირას შეხსენება არ სჭირდებოდა. მას შეეძლო დაეგვიანა პაემანზე, მაგრამ რეპეტიციაზე _ არასოდეს! ახალი ქორეოგრაფის პირობებში, მით უმეტეს. კირას არ მოსწონდა ეს მყეფარეხმიანი ახალგაზრდა კაცი. უფრო სწორედ, არ მოსწონდა მისი ხაზგასმულად გულგრილი დამოკიდებულება ნომერ პირველი ბალერინას მიმართ. აშკარად რაღაცას ერჩოდა, მაგრამ რას, კირამ ჯერჯერობით ვერ დაადგინა. არ ტოვებდა შეგრძნება, რომ მის ზურგსუკან შეთქმულება მწიფდებოდა, რომელსაც სწორედაც ეს ახალგამოჩეკილი გენიოსი ედგა სათავეში. ფრთხილად უნდა იყოს. ახალგაზრდა ბალერინებს ღამე სძინავთ და მთავარი პარტიები ესიზმრებოდათ. კბილები გამოიხეხონ და ბოდიში მოიხადონ! ვარსკვლავობამდე ბევრი უკლიათ. ჯერ კორდებალეტში იტლინკაონ. ავტოფარეხისკენ მიმავალმა კირამ ზურგში არაკეთილმოსურმე მზერა იგრძნო. მიმოიხედა. მეზობელის ქალმა ჩაიარა საბავშვო ეტლით _ შვილიშვილს ასეირნებდა, მობილურში თავჩარგულმა აწოწილმა ვაჟმა... არაფერი საგანგაშო. სულ იმ ამბიციური ქორეოგრაფის ბრალია, ისე დააკომპლექსა, შინ და გარეთ შეთქმულება ელანდება. კირამ ავტოფარეხიდან თავისი წითელი `ალფა-რომეო~ გამოიყვანა და კარიბჭეზე ბოქლომის დასადებად დაქოქილი მანქანიდან გადმოვიდა. უკან მობრუნებულს ხელჩანთა ადგილზე არ დახვდა. გაქურდეს! აი ახლა, ამ წუთში, ვიდრე ის ბოქლომს ეჯაჯგურებოდა. უეჭველად ის მობილურში თავჩარგული ტიპის ჩადენილია. ისარგებლა მომენტით და უახლოეს სადარბაზოში მიიმალა. ამის მერე მიდი და ნუ დაუჯერებ ინტუიციას! დილას აქეთია შეთქმულების სუნი სცემს. ხო, ხო, შეთქმულებასაც სპეციფიკური სუნი აქვს: ოფლის, მტვრის, ჭაობის... მობილური კირას არ ენანება, ჯანდაბას `ვალენტინოს~ ხელჩანთაც, მაგრამ პუანტები... თილისმა-პუანტების დაკარგვას როგორ შეეგუოს?! რეპეტიციაზე რომ არ აგვიანდებოდეს, სათითაოდ შემოირბენდა სადარბაზოებს, პატრულს გამოიძახებდა, პოლიციას ფეხზე დააყენებდა, მაგრამ არ უნდოდა შენიშვნის საბაბი მიეცა ისედაც ჩასაფრებული ქორეოგრაფისთვის. მანქანა დაქოქა და წავიდა.

___ მონაკოს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ფოიეში მჯდარ დიმიტრის შეთქმულების არადა, ფულის სუნი ნამდვილად სცემდა. ფულის სუნი ასდიოდა რესეფშენთან შექუჩულ პრეზენტაბელურ ტურისტებს, მონოლითური მარმარილოს სვეტებს, კედლის ნიშაში ჩაშენებულ აკვარიუმს და იმავე აკვარიმში ზანტად მოცურავე დეკორატიულ თევზებს... `სურნელოვან~ ინტერიერში ჰარმონიულად ეწერებოდა ცნობილი ჩინოვნიკი თორნიკე გიორგობიანი, რომლის ნაკლებად ცნობილი კავშირების დასადგენად დიმიტრი თბილისიდან მიავლინეს. გასაიდუმლებული დავალების პირველ ნაწილს მან უპრობლემოდ გაართვა თავი: გაიცნო და მეტ-ნაკლებად მოიპოვა თორნიკეს ნდობა. დარჩა მეორე და მთავარი: ზემოხსენებული კავშირების დადგენა და გამოვლენა. მსუბუქი ვახშამი რესტორანში მშვენიერი საბაბია ადამიანის გულახდილ საუბარში გამოსაწვევად, მით უფრო, რომ ინიციატივა თავად სათვალთვალო ობიექტის მხრიდან მოდიოდა. ვახშამზე დიმიტრის გარდა დაპატიჟებული იყო ბიზნესმენი გოგი თოფურია. სწორედ მას ელოდნენ სპორტულად ჩაცმული დიმიტრი და ჩაჰალსტუხებული თორნიკე. ლიფტიდან თავფეხიანად თეთრებში გახვეული არაბი შეიხი გამოვიდა. თან მიჰყვა ფერად ქსოვილებში ასევე თავფეხიანად გახვეული ქალების ექსკორტი. თორნიკემ დაინტერესებული მზერა გააყოლა. ვინ იცის, შეიხის ადგილზე ყოფნა ინატრა.

დიმიტრის ინტერესის საგანი კი თორნიკეს ფსიქოტიპი გახლდათ. რა შეიძლება ითქვას ამ უზადოდ გამოწკეპილ სუბიექტზე, რომელსაც სავარაუდოდ აზრებიც ისევე საგულდაგულოდ ექნება დავარცხნილი, როგორც თმის ღერები. სიმპათიურია, თუმცა სიმსუქნისკენ მიდრეკილი. 36 წლის ასაკში რომ ლუდის ღიპი გაქვს, პერსპექტივაში კაი მოზრდილ ფაშვს უნდა ელოდო. სამაგიეროდ სარეკლამო კბილები აქვს: თეთრი, სწორი, კოხტად ჩაწიკწიკებული. იმიტომაც იღიმება ხშირ-ხშირად, შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს. ასევე ცდილობს იყოს თავდაჯერებული, მაგრამ თავისუფლების ხარისხი აკლია. სტერეოტიპებით აზროვნებს, თუმცა პროგრესულობას აწვება. _ აი, გოგიც მოვიდა! _ თორნიკემ მათკენ მომავალ ასაკოვან მამაკაცს ხელი დაუქნია. შეშუპებული ქუთუთოები და ტუჩის აპრეხილი ბოლოები გოგის კეთილ კლოუნს ამსგავსებდა. თორნიკესგან განსხვავებით გოგის ტურისტივით ეცვა. ჯვალოს შარვალი, პერანგის საყელოში ჩაფენილი ბენდენა, ნაჭრის ესპადრილები. _ არ დაიჯერებ, წეღან ჯულიეტ ბინოში ვნახე! _ ბატონი გოგი აღფრთოვანებას ვერ მალავდა. _ მაკიაჟის გარეშე ჩემს ბუღალტერს მივამსგავსე, მეთქი, აქ რა უნდა თამუნას?! პაპარაცები რომ აჩხაკუნდნენ, მერეღა მივხვდი... _ ბატონო გოგი, დიმიტრი ძნელაძე უნდა გაგაცნოთ. ჟურნალისტი. გოგი სასწრაფოდ გადმოერთო დიმიტრიზე, ენერგიულად ჩამოართვა ხელი, აღნიშნა, რომ შორიდან იცნობს, რაღაც ქათინაურის მსგავსიც ჩაიბურტყუნა. ზოგადად, კეთილგანწყობილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ბოროტი არც თორნიკე ყოფილა, მაგრამ ამ ორის ტანდემმა დიმიტრი დაადარაჯა. რა საერთო აქვს აპოლიტიკურ ბიზნესმენს ანგაჟირებულ ჩინოვნიკთან? იქნებ არც ისეთი აპოლიტიკურია, როგორადაც თავს ასაღებს? ნებისმიერ შემთხვევაში, უშიშროებამ უნდა იცოდეს, ვის ორბიტაზე ტრიალებს მმართველი პარტიის ფავორიტი თორნიკე გიორგობიანი, რომელსაც კულუარული ინფორმაციით უკვე წყალი შეუგდა და სწორედ ამ წყლის ამოსაქაჩად დასჭირდა გოგის ფულები. რაც შეეხება თორნიკეს კავშირს ლობისტურ ორგანიზაციებთან, ეს ვერსია უშიშროების მესვეურთა შეთქმულების თეორიით მოწამლულ ტვინებში დაიბადა და ჯერჯერობით ჩანასახის მდგომარეობაში იმყოფებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მმართველი პარტია არ აპირებდა ოპოზიციისთვის ადგილის მოსუფთავებას, მით უფრო, მოწინააღმდეგესთან მოკურკურე მაღალჩინოსნისთვის თავზე ხელის გადასმას. თუკი თორნიკე მართლა ორმაგ თამაშს თამაშობს, ისე მოასრიალებენ მზე მაღლა იქნება. იმ მზესაც გისოსებიან ფანჯარაში თუ დაინახავს. _ ბატონებო, მაგიდა შეკვეთილია, გთხოვთ. _ თორნიკე ჰოლის მოირდაპირე მხარეს, რესტორნისკენ დაიძრა. `ბატონებს~ თავპატიჟი არ დაუწყიათ. ყოველ შემთხვევაში, დიმიტრის კუჭი დელიკატურად ეკუმშებოდა და ორიოდე ლუკმას თუ არ შეჭამდა, მალე აგრესიულ ყმუილზე გადავიდოდა. რესტორნის დიზაინი ამპირის სტილში იყო გადაწყვეტილი, რომ არა ტონირებული სარკეები, თავი ნაპოლეონის აპარტამენტებში გეგონებოდათ. საზეიმო ბრწყინვალება იგრძნობოდა ყველა დეტალში, ბრინჯაოს ჭაღებიდან დაწყებული ნაძერწ-ნაგვირსტევი არქიტექტურული ფრონტონებით დამთავრებული. კერძების შეკვეთა თორნიკემ თავის თავზე აიღო, გოგი კი დიმიტრის მონაკოში ყოფნის მიზეზით დაინტერესდა. _ საგადახადო სისტემაზე ვამზადებ გადაცემას, ამ მხრივ მონაკო იდეალურია: ლიბერალური საგადასახადო სისტემა, მოქალაქეობის მაძიებელთა დიდი არმია... _ დიმიტრიმ წინასწარ შეთხზული ნახევარ-ქათამა ტყუილი გამოაცხო. ნახევარ-ქათამა იმიტომ, რომ მართლა აპირებდა თემატური რეპორტაჟის გაკეთებას, კამერაც კი წამოიყოლა თბილისიდან. მეტი დამაჯერებლობისთვის. _ თეთრ ბურგუნდიულზე რას იტყვით? _ იკითხა თორნიკემ. _ თევზზე კარგად მიდის.

`თევზზე~ დიმიტრი მწყრალად იყო, მაგრამ პროტესტი არ გამოუთქვამს. იმ იმედით, ზღვის პროდუქტების გარდა სხვა კერძიც იქნებოდა. მართლაც, ზურხს მოჰყვა მოცარელა ტომატით, სალათების ნაირახეობა, დესერტი ორიგინალური სახელწოდებით `შავი თვალები~ _ ქლიავი ფარშირებული კაკლითა და ნაღებით. _ `Черные глазаа…~ _ წაუმღერა ბატონმა გოგიმ. _ ნამეტანი გემრიელია კია... _ თორნიკემ ვერცხლის კოვზზე მოცახცახე ლუკმა პირში ჩაიდო და ნატარი გამომეტყველებით გადაატრიალა თვალები. _ მმმ, პირდაპირ დნება... ჩემი კირა ძირითადად დიეტაზეა, სახლში მაღალკალორიულ კერძებს არ აჭაჭანებს. მეც ხათრს არ ვუტეხავ, ვჭამ ხოლმე. ყელში ამომივიდა ცოცხალი ბოსტნეულის კნაწა-კნუწი. კაცი ვარ თუ კურდღელი? _ მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა, ბალერინა რომ მოგყავდა ცოლად. _ ღიმილით შეახსენა გოგიმ. _ ეგრე სად არის?! ღმერთი რომ ყველაფერს ერთად გვაძლევდეს, სამოთხეში გვიცხოვრია და ვერ გაგვიგია. სიმართლე ითქვას, არც მე მაწყენს დიეტა. კირა რომ არა, ორი ამდენი ვიქნებოდი, _ თორნიკემ მუცელზე ხელი მიიტყაპუნა და კიდევ რაღაცის სათქმელად მოემზადა, მაგრამ ჯიბეში აწკრიალებულმა მობილურმა ხელი შეუშალა. _ ცოლია. _ თავმომწონედ გამოაცხადა და ტელეფონი ყურთან მიიდო. იქიდან ეტყობა რაღაც ისეთი უთხრეს, რომ თავმომწონე გამომეტყველება წამში ალაგმა. მწყრალად მიაჩერდა თეფშზე დარჩენილი დესერტის ნაჭერს. _ შენ არ ინერვიულო, ჩამოვალ და ყველაფერს გავარკვევ. _ თორნიკემ მობილური გათიშა და სუფრის წევრები საქმის კურში ჩააყენა. _ ჩემს ცოლს ვიღაც ერჩის. _ `ერჩის~ რას ნიშნავს, ემუქრება? _ შეწუხებული სახითა და სავსე ყბებით დაინტერესდა გოგი. _ ირიბად, კი. თავად განსაჯეთ: წუხელ საგრიმიოროდან `აიდას~ ახალთახალი კოსტიუმი მოპარეს, სპეციალურად მისთვის შეკერილი. წარმოგიდგენიათ ბალერინა სასცენო კოსტიუმის გარეშე? ასეთი კაბები დიდი ფული ღირს... ფული იქით იყოს, შეკერვას დრო უნდა, დღე-დღეზე პრემიერაა! გიჟად არის კირა, ასეთი განერვიულებული არასოდეს მინახავს. _ შური, ძმაო, შური, არ იცი ქალების ამბავი?! _ არც კაცები ვართ ფრთიანი ანგელოზები... _ გეთანხმები. მაგრამ შურს ერთი დიდი პლიუსი აქვს: წარმატების სტიმულატორია. _ კაი, კაცო, პრემიერის წინ რომ კაბას აგაფცქვნიან, ვერაფერი სტიმულატორია. _ თორნიკემ უგემურად მოსვა თავისი ნაქები ბურგუნდიული. _ მარტო კაბაშიც არაა საქმე. ორი დღის წინ ხელჩანთაც აუწაპნიათ მანქანიდან. ფული და საბუთები უკან დაუბრუნეს, ჩანთა და პუანტები დაიტოვეს. _ ქურდი ფულს დაიტოვებდა. _ ივარაუდა დიმიტრიმ. _ ვიღაც დარეხვილი ფანი იქნება. _ მეც ეგ მაღელვებს. _ აიტაცა თორნიკემ. _ ადრე არ მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ ახლა რომ ვაანალიზებ... თორნიკე ჩაფიქრებული დადუმდა. მის მეხსიერებაში ამოტივტივდა ერთი ასეთი სცენა: კირას ავტომანქანის დამტვერილ პარფრიზზე წითელი მარკერით მიხატული კარიკატურა _ პუანტებზე შემხტარი ბალერინა და პიჯაკიანი მამაკაცი რქებით. თორნიკემ მაშინვე წაშალა ვიღაცის ბოროტი ხუმრობა, მაგრამ რამდენიმე დღეში იმავე შინაარსის ნაჯღაპნი მისი მანქანის პარფრიზზე გაჩნდა. თორნიკეს კირასთვის არაფერი უთქვმს. დიდი ეჭვი ჰქონდა, რომ მხატვრობა მის ყოფილ ცოლს, ლელას ეკუთვნის. კარიკატურა ხელმეორად წაშალა და შეეცადა მეხსიერებიდანაც ამოეშალა უსიამოვნო ინციდენტი. მაგრამ წეღანდელმა ზარმა ისევ აუშალა მოგონება. ნუთუ ექს მეუღლის ხელი ურევია მისი ახალი ოჯახის დაშანტაჟებაში? თუ ასეა, თორნიკე დაუყოვნებლივ შეუწყვეტს დაფინანსებას. მერე კი შორიდან დააკვირდება: კიდევ იქნება ქალბატონი შემოქმედებითი აღვირახსნილობის ხასიათზე?

_ ასეა, ძმაო, პოპულარობა მსხვერპლს მოითხოვს. _ დაასკვნა გოგიმ და ვინაიდან ფიქრებში წასულ თორნიკეს მისი სიტყვები არ გაუგია, დიმიტრის მიუბრუნდა. _ წეღან ბინოში რომ ვახსენე, ხო სუპერპულარულია ქალია, მე კი შემეცოდა, იცი? ესაა საქმე? ქუჩაში ვერ გამოსულა თავის გემოზე! ეგრევე პაპარაცები დაესივნენ. ჩხაკ-ჩხუკ, ჩხაკ-ჩხუკ! პაპარაცების ხსენებაზე თორნიკე ფეთიანივით შეფრთხა. თითქოს შოლტი გადაუჭრეს. საქმე ისაა, რომ პირველი ოჯახი თორნკეს ამ გოთვერანი პაპარაცების გამო დაენგრა. იმ ფოტოების გახსენებაც კი ზარავდა! _ რას იზამ, პოპულარობა თუ გინდა, ჩხაკა-ჩხუკიც უნდა აიტანო. _ თქვა დიმიტრიმ. _ მადამ ბინოშს კი არაფერი აქვს თქვენი შესაცოდი. პაპარაცი თუ არ უნდოდა, მონაკოში რა მოარბენინებდა?! წასულიყო ციხისძირში. _ ჰი, ჰი, ციხისძირი მაგარია! მე კი ასეთ ადგილებში უფრო ვისვენებ. საქართველოში ძაღლი და ღორი მიცნობს. ვისაც არ ეზარება დახმარებას მთხოვს, თითქოს ფულის საბეჭდი მანქანა მქონდეს სახლში. აქ ვისვენებ. მარტო ის რად ღირს, დაცვის ბიჭები რომ არ მაორთქლებენ ყურში. _ ასეა. მედალს ორი მხარე აქვს. _ გააჩნია, რომელი მხრიდან შეხედავ. მთავარია, კონცენტრირება გააკეთო კარგ მხარეზე. _ ყველას არ გამოსდის. _ სინდისს თუ გაურიგდები, არ გამოგივა. _ დიდი ფული სუფთა სინდისით და თეთრი ხელთათმანებით არ კეთდება. იქნებ ვცდები? _ ნაწილობრივ, ასეა. გააჩნია, მოცემულობას. _ მრავალჭირნახული ადამიანის კომპეტენციით წარმოთქვა გოგიმ. _ წვრილმანებზე კომპრომისი მოსულა, მაგრამ თუ რაღაც ისეთია, რაც ჩემს ზნეობრივ კოდექსში არ წერია, გმორიცხულია ხელი მოვაწერო. უცებ თორნიკემ თავი გარიყულად იგრძნო. ჭამის მადაც კი დაეკარგა, ჟურნალისტი და ბანკირი ზნეობაზე ფილოსოფოსობენ, თითქოს ან ერთი იყოს მამა აბრამის ბატკანი, ან მეორე. ნეტავ, რას მოიქაჩლა თავი? ეს `შავთვალა~ ვახშამი იმდენი დაუჯდა თბილისში რესტორანს დახურავდა კაცი. გაბრაზებულ გულზე სიგარეტი გააბოლა და ხელმეორედ აწკრილებულ მობილურს დასწვდა. ამჯერად არ მოღუშულა. პირიქით, ისე გაიჭიმა, როგორც ოლიმპიელი მშობლიური ჰიმნის მოსმენისას. გაისმა ნაჩქარევი ყეს, ყეს , რის მერეც თორნიკემ პიჯაკის შიგა ჯიბიდან `პარკერის~ საწერ-კალამი ამოაძვრინა და სიგარეტის კოლოფზე რამდენიმე სიტყვა მიაწერა: რუმალი. ლო-შონჟი 66.8. დიმიტრიმ თვალებით დაასკანირა მინაწერი და ვიდრე თორნიკე კოლოფს ჯიბეში იჩურთავდა, მეხსიერების უახლოეს ბუფერში გადაისროლა. _ ხომ მშვიდობაა? _ დაინტერედა გოგი და ჭიქები შეავსო. _ კი, კი, ¬_ თორნიკე ხასიათზე მოვიდა, დესერტის ნარჩენებიც კი მოასუფთავა და ყურადღებით მიაჩერდა გოგის. _ მაშინ ნუ დავარღვევთ ტრადიციას. თუ ნებას მომცემთ, სადღეგრძელოს შემოგთავაზებთ. დიმიტრიმ და თორნიკემ მზადყოფნით დააქნიეს თავები. _ მოდით, პატარებს გაუმარჯოს, ჩემი შვილიშვილის თამადობით. ჯერ ექვსი თვისაც არაა და ისე გამაგიჟა, ლამისაა ერთი დღით გადავფრინდე, ჩავეხუტო და უკან გადმოვფრინდე. _ გოგიმ ჭიქა მაგიდზე დადო, პორტმანედან ფოტოსურათი ამოაცოცა და თორნიკეს გაუწოდა. _ ნახე, რა ბიჭია? _ მაგარი. უყურე შენ, რა მხიარულია! ეს მშობლებია, არა? _ კი. ჩემი ვაჟი და რძალი. თორნიკემ მოწონების ნიშნად თავი დააქნია და ზრდილობის ამბავში ფოტო დიმიტრისაც გაუწოდა. აღფრთოვნებული ბაბუის გაწბილება არ გამოდიოდა, სულ რომ ჯოჯო ყოფილიყო სურათზე, ქათინური არ უნდა დაგეშურებინა. მაგრამ სურათზე

`ჯოჯოზე~ უარესი აღმოჩნდა: გვანცა გორდეზიანი ოჯახურ გარემოცვაში. ქალი, რომელმაც აჩუქა თავდავიწყების ერთი ღამე, მერე ხელი დაუქნია და სამუდამოდ გაქრა დიმიტრის თვალსაწიერიდან. ახლა კი ფოტოდან უმზერდა, როგორც ჩავლილი მატარებლის სიმბოლო. _ ბავშვი მართლა მხიარულია, _ აღნიშნა გოგიმ და დიმიტრის გაშეშებული თითებიდან სურათი გამოაცურა. _ რასაც ვერ ვიტყვი დედამისზე. _ დაამატა სევდიანად. _ ცუდი რძალი შეგვხდათ? _ გაგებით მოეკიდა თორნიკე. _ არა, არა, რას ამბობ, შესანიშნავი გოგოა... მე სულ სხვა რამე ვიგულისხმე. ემოციურია ძალიან. მთელი ორსულობა ტირილში გაატარა. ექიმმა დაგვამშვიდა, ფეხმძიმობის ბრალიაო. მაგრამ მშობიარობის მერე უარესად გახდა: ძუძუ გაუშრა, წონაში დაიკლო, საკუთარ ლანდს დაემსგავსა... ზაზამ, ჩემმა ბიჭმა, ნევროზი აქვს, გაუვლისო. არ დაველოდე როდის გაუვლის, მოვკიდე ხელი და აქ წამოვიყვანე. ამ დალოცვილ ადვილზე სიმშვიდეა. დაისვენოს, თვალს წყალი დაალევინოს... `ამ დალოცვილ ადგილზე, ანუ აქ. გვანცა სადღაც აქ არის! ეს სიმპათიური მილიონერი კი მისი მამამთლია!~ დიმიტრიმ საკუთარი გულისცემა გაიგო. _ ნიცაში დავტოვე, _ განაგრძო გოგიმ. _ მარტო ყოფნა ურჩევნია. ჩემს ცოლსაც უნდოდა აკიდება, რძალი თუ მიგყავს, მე რა დავაშავეო, მაგრამ მთელი ოჯახი თუ ავიბარგებოდით, რაღა აზრი ჰქონდა წამოსვლას? _ დიდხანს აპირებთ დარჩენას? _ ძლივს ამოღერღა დიმიტრიმ. _ მალტაში მაქვს პატარა საქმე. როგორც იქიდან დავბრუნდები, გავემგზავრებით. მალტა. მალტის ორდენი. გულისგარეთ გაიფიქრა დიმიტრიმ. მგონი მიხეილმა ახსენა ლობისტებთან მიმართებაში. იქ, თბილისში. მაშინ დიმიტრიმ კი ყურიც არ ათხოვა, მარაზმატიკულ ბოდვად ჩაუთვალა. ვითომ ასე სასაცილოდაა საქმე? შენ ჩავლილი მატარებელი გეგონა, შეიძლება სამოთხის ჩიტი აღმოჩნდეს... ___ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექთანს ნატო ტაბატაძეს დეჯა ვუ -ს შეგრძნება არ ტოვებდა. განსაკუთრებით გრძელ, ცივად განათებულ დერეფანში გავლისას, სადაც ცოცხალ ადამიანებსაც კი მიცვალებულის ელფერი დაჰკრავდა. ეს ყველაფერი უკვე იყო, ფიქრობდა საკუთარ ნაბიჯებს მიყურადებული ნატო. შეიძლება იმიტომ, რომ დღე იყო ასეთი, შეიძლება იმიტომ, რომ პაციენტების დიდ ნაწილს ადრეც იცნობდა და მათთან ურთიერთობა წარსულში აბრუნებდა. შიზოფრენია ხანგრძლივი დაავადებაა, ფაქტობრივად უკურნებელი. მაგალითად, კუჭის წყლულს ამოიჭრი და დამშვიდებული გულით გაეწერები საავადმყოფოდან. აქაური პაციენტები კი გადამფრენი ჩიტებივით არიან. წავლენ, წამოვლენ, ისევ ბრუნდებიან. ზოგი დიდი ხნით, ზოგიც რემისიის დადგომამდე, ზოგიც სამუდმოდ. ნაცნობ გარემოში უფრო დაცულად გრძნობდნენ თავს. იგივე მურთაზი, რომელსაც ნატომ წეღან ეზოში მოჰკრა თვალი, მათი ყოფილი პაციენტია, მაგრამ ყოველდღე დაბარებილივით ცხადდებოდა, ეზოს გვიდა, ყვავილებს რწყავდა, ნაგავი გაჰქონდა. ადმინისტაცია შევიდა მის მდგომარეობაში და მეეზოვედ გააფორმა. ახლა მურთაზს ფულს უხდიდნენ იმაში, რასაც ადრე ნებაყოფლობით აკეთებდა. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც წასასვლელი არ ჰქონდათ, თორემ დიდი ხანია გამოწერდნენ. მოხუცი ელზა პირველ პალატიდან არავის-არაფერს უშავებდა, გარდა იმისა, რომ სხვა სამყაროში ცხოვრობდა, სადაც თავს ნორჩ, ბაფთიან მოწაფედ აღიქვამდა. მისი მოხუცთა თავშესაფარში გადაყვანის საკითხი არაერთხელ დამდგარა დღის წესრიგში, მაგრამ მუდამ ჩუმი, უთქმელი ელზა სწორედ იმ დღეებში გააქტიურდებოდა ხოლმე და მთავარი ექიმიც ტოვებდა, `შეჩვეული ჭირის~ ამბავში. ელზას გარდა ერთი სტაჟიანი პაციენტიც ჰყვდათ, ოღონდ მამრობითი სქესის. სახელად მურზაყანი. ნატოს ცოტა არ იყოს ეშინოდა ამ მრისხანედ თვალებდაქაჩული ტიკიანი ბერიკაცის, რომელსაც პირქუში ჰაბიტუსის გარდა, ერთი უცნაური ახირებითაც გამოირჩეოდა: გაზეთს ვერ გადააგდებინებდი ხელიდან. ასჯერ და ათასჯერ

კითხულობდა ერთსა და იმავე ნომერს, ვიდრე ფურცლები არ შემოეფლითებოდა. აი, მერე უკვე ბობოქრობდა. ნატომ იცოდა და ახალ-ახალი ნომრებით ამარაგებდა. ელზასგან განსხვავებით მურზაყანს პატრონი ჰყავდა _ ელეგანტურად ჩაცმული ქალი, რომელიც ორ თვეში ერთხელ აკითხავდა და დეფიციტური წამლები მოჰქონდა. სამუშაო საათები დასასრულს ახლოვდებოდა. ნატომ თითქმის ყველა პალატაში შეიხედა და აღმოაჩინა, რომ ადგილზე არ არის თათია, 38 წლის პაციენტი, რომელსაც ნატო ყველაზე მეტად უთანაგრძნობდა. მასაც და მის შესანიშნავ ქმარ-შვილსაც. თათიას საპირფარეშოში მიაგნო. ნეტარი სახით იდგა პირსაბანთან და ფეხებზე წყალს ისხამდა: გინდა თუ არა ველური ორქიდეა ვარო. მომსახურე პერსონალი პირდაპირ ვერ აუდიოდა მისი წინდების გაშრობას. შეწუხებული ნათესავები კი ლამის ყოველ თვეში ყიდულობდნენ ახალ-ახალ ჩუსტებს. _ რას აკეთებთ, თათია?! _ უსაყვედურა ნატომ და წყლიანი ჩამჩა გამოართვა, _ გინდათ კიდევ ცისტიტი დაგემართოთ? _ ცისტიტი ადამიანებს ემართებათ, საყვარელო, მე ხომ ყვავილი ვარ... ნატომ თათიას მხარზე ხელი მოხვია და ფრთხილად წაიყვანა პალატისკენ. _ ამდენი მორწყვა ყვავილსაც კი ავნებს. _ ეჩურჩულებოდა გზადაგზა. _ მით უმეტეს, საღამოს. ახლა ძილის დროა. ყვავილებსაც უნდა დასვენება, ხომ ასეა? ამასობაში, სამუშაო დღე დამთავრდა. მორიგი ექთანი ქეთო კი აგვიანებდა. როგორც ყოველთვის. მიზეზად საოჯახო საქმეებს ასახელებდა ხოლმე, თითქოს ნატო ვალდებული იყო ანგარიში ქეთოს მრავალრიცხოვანი ჯალაბისთვის. გამოდის, ვინც მარტო ცხოვრობს ყველა მოცლილი ყოფილა?! ანუ მოცლილს ჭამა არ უნდა, დასვენება არ უნდა, ტელევიზორის ყურება... ტელევიზორის გახსენებაზე ნატო აღელდა. დღეს მისი საყვარელი სერიალის ფინალური სერიაა. იფიქრა, შინ მისვლისთანავე ჩავუჯდებიო: ყავით, მზესუმზირით, მორიდებული ოცნებებით... ესაა საქმე?! როგორც იქნა, ქეთო მოქოთქოთდა, თან შემოიტანა როდინში დანაყილი ნივრიანი ქინძის სურნელი. _ არ მოიხარშა ეს დასაწვავი ლობიო და შემაგვიანდა. _ მიახარა ლოდინად ქცეულ ნატოს და საკიდიდან თავისი შელახული ხალათი ჩამოხსნა. _ ქეთო დეიდა, თათიამ წყალი რომ მოითხოვოს, ჭიქით მიეცით, ბოთლით არ დაუტოვოთ, კარგი? _ ისევ მოირწყა ფეხები მაგ უბედურმა? _ დამამშვიდებელი მივეცი და დაიძინა. _ კაი, კაი... _ აპოლონ ლორიას თირკმელების შეტევა აქვს. ერთი ნემსი ღამის თორმეტ საათზე უწევს, მეორე დილის ექვზე. ხომ გაგეღვიძებათ? _ მოკლედ, შენ რომ არ გვყავდე, ჩემო ნატო, პირდაპირ დაგვეხოცებოდა პაციენტები. ყველაფერი გახსოვს, ყველას არიგებ... _ დამცინით? _ ნატომ გულღიად გაუღიმა. _ შვილო, შენ ამათ გარდა სადარდებელი არაფერი გაქვს? ახალგაზრდა ქალი ხარ, წადი-წამოდი, კინოში შედი, კაფეში... როგორმე უშენოდ მიხედავენ აპოლონის ბებერ ტრაკს. _ ჰო, მაგაზე გამახსენდა... მეხუთე პალატაში ციური რომ წევს... აი, ქობულეთელი ციური. მესამე დღეა კუჭში არ გასულა. თუ ღამის 10 საათამდე ვერაფერი მოახერხა, სანიტარს შეახსენეთ ოყნა გაუკეთოს. _ კაი. _ თუ გინდათ, მე შევახსენებ. _ აწი, შენ დარჩი ღამის სმენაში, მე სახლში წავალ, ჩემს ლოგინში მაინც დავიძინებ. _ აღშფოთდა ქეთო. ნატომ ისევ ღიმილი შეაგება და წასასვლელად მოემზადა. ხალათი გაიხადა, კარადიდან შინნაქსოვი ჟაკეტი გამოიღო, აკურატულად შეიკრა ყველა ღილი, სიძველისგან გადაპრიალებულ ხელჩანთას დასწვდა...

ქეთო უყურებდა და მსჯელობდა: თავისი ენაგატლეკილი რძალი ურჩევნია თუ ეს სულელივით გაკრეჭილი შინაბერა. ალბათ, მაინც, რძალი. თორემ ნატოსნაირ უნიათოს ქეთოს ბიჭი წიხლქვეშ გაიგებდა დღეში სამჯერ. არც ენაგატლკილს აკლებს, მაგრამ მალევე რიგდებიან, რადგან ენაგტლეკილს ენის შებრუნებაც შეუძლია და საჭიროების მიხედვით დაშაქვრაც. ნატოს თუ ხელს შეუბრუნებ, აქეთ მოგიხდის ბოდიშს: მე გამოგიწვიეო. ხასიათი აქვს ასეთი. ოჯახურმა პირობებმაც ხელი შეუწყო. უფრო სწორედ, უპირობობამ. არც დედა, არც მამა, არც გულშემატკივარი. ერთი ლოგინად ჩავარდნილი ბებია ჰყავდა და ისიც მოუკვდა. თანამშრომლები იმედოვნებდნენ, ნატო ბებიის სიკვდილის მერე მაინც გამოიხედავს თვალშიო _ ვარცხნილობას შეიცვლის, ძველმანებს გადაყრის, ახალს შეიძენს, გათხოვებისთვის მომწიფდება... შენც არ მომიკვდე! ისევ ის ნაფტალინის სუნი ასდის, ისევ ისეთი დატკეპნილი თმით დადის, ისევ ის ბურძგლებიანი ჟაკეტი აცვია, ისევ ის ძაღლისყურებიანი პერანგი, ისევ ის შავჩარჩოიანი, მობრეცილი სათვალე... ასეთს ქეთოსნაირი სტაჟიანი ბებიაც არ იკადრებდა. 36 წლის ნატო ისე გამოიყურება, თითქოს 3 თაობა გამოზარდა კალთაში. ნეტავ, სარკეში მაინც არ ბეზრდება საკუთარი თავის ყურება? ალბათ არც იყურება, თორემ წარბებს ამოიქნიდა, მამაძაღლი! არადა, ნორმალური ნაკვთები აქვს, ტანითაც არა უშავს. მოულოდნელად ქეთოს გენიალური აზრი ესტუმრა. რა იქნება ნატო თავის პრივინციიდან გადმოხვეწილ მაზლიშვილს დააჯახოს?! ამით ორ კურდღელს ერთად დაიჭერს: მის ოჯახში გაურკვველი ვადით ჩასახლებულ ნათესავსაც დააბინავებს დ ნატოს მადლსაც მოისხამს. რომ არაფერი ვთქვათ, მაზლის ცოლზე, იმ წუწკ სოფლელზე, რომელიც ათასში ერთხელ გამოგზავნილი მოსაკითხით ცდილობს ქეთოს მოთაფვლას. _ გინდა, ერთ კარგ ბიჭს გაგირიგებ? _ ქეთო ცბიერი გამომეტყველებით დაეკითხა ზურგით მდგარ ნატოს. ნატო შინაგანად დაიძაბა. გათხოვება იყო მისი აქილევსის ქუსლი. ზედმეტი შეხსენება ჩუმ ისტერიკაში აგდებდა. ეჩვენებოდა, რომ რაღაც დააშავა და ბოდიში აქვს მოსახდელი. _ გოგო, მოიხედე რომ გელაპარაკებიან! ნატო სანახევროდ მობრუნდა, ქეთომ შინაურულად ჩაუკრა თვალი და წინ გადმოიხარა. _ გათხოვება ხომ გინდა? _ არა. _ რატომ, შემოგევლე, მიწაში უნდა წაიღო ქალიშვილობა? _ ქეთომ ხითხითით ანიშნა სასირცხვო ადგილზე, ნატო ინსტიქტურად გახტა და ხელები აიფარა, თითქის ვინმე გაუპატიურებას უპირებდა. _ გაცნობას რაღა უდგას წინ, იქნებადა მოგეწონათ ერთმანეთი? ყველაფრით კარგი ვაჟკაცია, მშრომელი, დაუზარელი. ფერ-ხორცი არ აკლია და სიტყვა-პასუხი... ვიღაც ვიგინდარა კი არაა, გოგო, ნათესავად მეკუთვნის! ეგ არის, ბინა არა აქვს თბილისში, სამაგიეროდ, სამსახური აქვს. ზამთარში ღორის ხორცი არ მოგაკლდება და ზაფხულში ხილი. ჰა, რას იტყვი? ნატომ სიტყვა არ დაამთავრებინა ქადაგად დაცემულ ექთანს, ტყვიასავით გავარდა საპროცედუროდან. რატომ თვლიან ადამიანები, რომ გათხოვება ბედნიერების ერთადერთი კრიტერიუმია? ფიქრობდა დერეფანში დაწინაურებული ნატო. ქეთოს ნაქები ვაჟკაცის გარეშეც მშვენივრად გრძნობს თავს. ყოველ შემთხვევაში, იმაზე უკეთესად, ვიდრე 10-15 წლის წინ, როცა სახლიდან სამსახურამდე ფეხით აწვებოდა, რომ წამლის ფული დაეზოგა ავადმყოფი ბებიისთვის. ღვთის მადლით, სახლი აქვს, სტაბილური სამსახურიც და სრული თავისუფლებაც. იმდენად სრული, რომ ზოგჯერ გადახარშვა უჭირდა. სანამ ბებია ცოცხალი იყო, სახლი სავსე იყო მისი ოხვრით, კვნესით, შვილიშვილის მისამართით გამოთქმული საყვედურებით... იმიტომ კი არა, რომ ნატოს გაბრაზება უნდოდა, ან თავდადებას არ უფასებდა?... უბრალოდ ლოგინზე მიჯაჭვულმა ცხოვრებამ გააბოროტა. ვინმეზე ხომ უნდა ეყარა ჯავრი? ნატო ეს ესმოდა და სულგრძელად პატიობდა. ქეთომ კიდევ, ქმარიო! იმ ქმარს ჭუჭყიანი ნასკები მოჰყვება, სოფლელი

ნათესავები, სუფრის გაწყობები, დალევა... ვინ იცის, ტელევიზორსაც დაეპტრონება და სერიალების მაგივრად საძულველ ფეხბურთს აყურებინებს! მეტი საქმე არა აქვს! _ ნატო, რა გჭირს, საკუთარ თავს ელაპარაკები? ნატომ თავი ასწია და ექიმი ფსიქიატრი ნინო დაინახა. ღმერთო, რა სირცხვილია, ეტყობა ხმამაღლა წამოსცდა დანაქადნი. რას იფიქრებს ნინო ექიმი? სულიერად დაავადებულებთან ყოველდღიურმა ტრიალმა სტაბილური ფსიქიკის ნატოც კი გამოათაყვანაო. არადა, წინა თვეში პრემია გამოუწერა, მუშაობა დაუფასა, ასე ვთქვათ, ახლა კი რა გამოდის? მიაბიჯებს დერეფანში კლინიკის ერთ-ერთი გამორჩეული ექთანი და თავის თავს ეკამათება. _ არა უშავს, მეც მემართება ხოლმე. _ მიუხვდა ნინო ექიმი, მხარზე ხელი მოუთათუნა და გზა განაგრძო. ეტყობა ნატოს სახეზე ეწერა ემოციების მთელი პალიტრა, ექიმს კი ისღა დარჩენოდა წაეკითხა. აბა, რისი ფსიქიატრია? ეჰ, ყველა რომ ნინოსავით შეგნებული იყოს, განა ნატო ასეთი ბეჩავი გაიზრდებოდა?! ახლაც კოშმარივით ახსენდება გაკვეთილზე დაგვიანებულს როგორ დააწიწკნა თმა ბიოლოგის მასწავლებელმა. კლასი მეგობრულად ახარხარდა, ნატომ ცრემლნარევი ღიმილი გამოადნო. ხომ ვერ იტყოდა, რომ ბებიამისს სწორედ მისი წასვლის წინ მოუნდა კუჭში გასვლა. ლოგინად ჩავარდნილი ავადმყოფის შუადღემდე `სუდნოზე~ დატოვება კი ვერაფერი საქციელი იქნებოდა. გარეთ გამოსულმა ნატომ ჯიბეში მეტროს ჟეტონები მოიძია და ნაჩქარევად შეხტა ხალხის ამონასუნთქით გამთბარ ჰოლში. სერიალს უნდა მიუსწროს! სახლთან თონის პირი იყიდა. ისეთი ცხელი იყო, ხელს ვერ მოჰკიდებდი. გაშლილ მკლავებზე დაიდო და ეზოში შეუხვია. ცხვირთან ახალგამომცხვარი პურის სურნელი უღიტინებდა, ყველაზე მშობლიური სურნელი დედამიწის ზურგზე, რომელიც შორეულ ბავშვობაში აბრუნებდა. იმდენად შორეულში, არც კი ახსოვდა საკუთარი თავი იმ ასაკში. ახსოვდა მხოლოდ კაშკაშა ფერები და ხმები: სიცილი, კოვზის გაწკარუნება, კარადის ჭრიალი, ძაღლის ყეფა... ნატო ლიფტს ელოდა, როცა სადარბაზოში ლევიკო პატარიძე შემოვიდა _ მისი ბავშვობისდროინდელი კერპი. და არა მხოლოდ მისი. გოგოები პირდპირ აბოდებდნენ ლევიკოზე. განსაკუთებით ისინი, ვინც ერთხელ მაინც გაუსინჯა გემო პოპულრული ბიჭის ვნებიან კოცნას. თუმცაღა ყველა იბრალებდა ნატოს გარდა. ამას რომც ეთქვა, არავინ დაუჯერებდა, სიცილს დააყრიდნენ. სად ის, სათვალინი საფრთხობელა, სად უბნის ალენ დელონად მონათლული ლევიკო?! გავიდა წლები. ლევიკოს სინდრომი ყველამ მოიხადა ნატოს გარდა. ცხადია, ისეთი სიმძაფრით აღარ ეოცნებებოდა, როგორც სიყმაწვილეში, მაგრამ როცა ინტიმური ხასიათის აზრები ეწვეოდნენ, უპირველეს ყოვლისა ლევიკოს წარმოიდგენდა ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ფარული ოცნების ობიექტი დიდი ხანია დაკაცდა, ცოლ-შვილს მოეკიდა და სულაც აღარ გამოიყურებოდა უწინდელივით მომხიბლავად. გააჩნია, რა კუთხით მიუდგები. ნატოს აზრით, ხელოვანი კაცი, კერძოდ მხატვარი, დიახაც ბოჰემურად უნდა გამოიყურებოდეს. გასაპარს წვერსა და აჩაჩულ სამოსშიც თავისებური ხიბლია. მაგრამ ლევიკო ნასვამიც იყო. რასაც მოწმობდა ალკოჰოლისა და ხახვიანი ქაბაბის ოხშივარი, რომელსაც გარშემო აფრქვევდა, და ჩვეულებრივზე მაღალი ხმის ტემბრი. _ ვახ, ნატალია?! _ ისე ხმამაღლა შესძახა, სარდაფში შეყუჟულმა ვირთხებმა გაიღვიძეს. _ გამარჯობა, ლევიკო. _ სად დაიკარგე, გოგო? _ მე? მე არ დავკარგულვარ. ვმუშაობ და გვიან მოვდივარ ხოლმე. _ ხო-ო? კარგია, რომ მუშაობ. _ შენ როგორ ხარ? _ ვაცივით ვარ, ვაცივით! _ ჩაიცინა ლევიკომ და უცებ მოიწყინა. _ ავადმყოფი ვაცივით. _ დაამატა მწუხარე სახით. _ აუჩმი... ყველაფერი მტკივა, ძვლებში მამტვრევს, უჰჰჰ! _ ხომ არ გაცივდი? _ თავი გაისულელა ნატომ.

მაგრამ მისი შეკითხვა ჰაერში დაეკიდა, რადგან ლიფტი ჩამოდგა და ლევიკომ ის გალანტური ჟესტით გაატარა. _ შემახსენე რომელზე ცხოვრობ? _ ლევიკომ საჩვენებელი თითი სართულების აღმნიშვნელ ღილაკებთან დაატრიალა. _ მეექვსეზე. ნატომ წყენა ჩაყლაპა. რა გასაკვირია, რომ ნასვამმა კაცმა ვერ გაიხსენოს ზოგიერთი დეტალი? ფხიზელ მდგომარეობაში არც მოიკითხავდა, ნაჩქარევ გამარჯობას ესროდა და წავიდოდა თავის გზაზე. ნატოსთვის ესეც დიდი საქმეა, რომ გვერდით უდგას და დამნაშავესავით ჭუტავს ამღვრეულ თვალებს. მთელი წელი ეყოფა გასახსენებლად მისი გამოხედვა, მისი სუნი (თუნდაც ხახვიან-არყიანი) დაუდევრად შეხსნილი საყელოდან გამომკრთალი ბალანი... უცებ ლევიკომ ნატოს ხელზე დადებული პური შენიშნა, უცერემონიოდ წაეპოტინა, დაბრაწული ყუა მოატეხა და პირში გაიქანა. _ რა კარგი იყო, ბავშვობა, არა? _ ჰკითხა ზანტი ღეჭვით. _ კარგი იყო, ჰო. _ მხარი აუბა ნატომ, თუმცა გულში საწინააღმდეგოს ფიქრობდა. _ გარინჩა გახსოვს? _ როგორ არ მახსოვს! შაგრემანი ბიჭი, დაბალი... _ შარშან მოკვდა, საწყალი... კაიფში გაიპარა. _ უი, რას ამბობ, არ ვიცოდი. _ შეიცხადა ნატომ და პური ისე მიაბრუნა, რომ ლევიკოს მეორე ყუაც მოეტეხა. _ საიდან გეცოდინება, ხუთი წელი იქნება რაც აქედან გადავიდნენ. ლიფტი მეექვსე სართულზე გაჩერდა. სასიამოვნოდ აფორიაქებული ნატო თავის ერთოთახიანში შეხტა და პირველ რიგში სარკესთან შეყოვნდა. აღელვება მოუხდა: ლოყები ულაპლაპებდა, ტუჩები უთრთოდა, თვალები უელავდა. ხარბად დაყნოსა პური, რომელსაც წუთის წინ ლევიკოს ხელი შეეხო. მაცივარში ელოდა გუშინწინდელი ბორშჩი. არც გაუცხელებია, ისე შეთქვიფა, ნიორთან და ცხელ პურთან ერთად. სამაგიეროდ, გემრიელი ყავა მოიდუღა. ყავაში ფულის `გადაყრა~ არ ენანებოდა. რადგან ყავა არა მხოლოდ სასიამოვნო დასალევთან, არამედ ისეთ რიტუალთან ასოცირდებოდა, როგორიცაა საღამოობით ტელევიზორის ყურება. ჩვეული რიტუალით ტკბობა ნატოს გაბმულმა ზარმა გააწყვეტინა. ასე რეკავენ მათხვრები ან დაუპატიჟებელი სტუმრები. თავმოყვარე მათხოვარი ტაბატაძეების საღებავდამსკდარ კარს გვერდს აუქცევდა. სტუმრები კი ნატოს არ დაუდიოდნენ, არც დაპატიჟებული, არც დაუპატიჟებელი. ცხოვრებაში ერთადერთი მეგობარი ჰყავდა, ნონა, და ისიც ისრაელში გათხოვდა. ადრე ხშირად რეკავდა ხოლმე, მოიკითხავდა, მაგრამ ნატოსგან საპასუხო ზარს ვერ ეღირსა და თავი გაანება. ნონას ალბათ დაავიწყდა, რას ნიშნავს ხელფასიდან ხელფასამდე კაპიკების თვლა. როდის იყო მაძღარს მშიერის ესმოდა?! ზღურბლზე არც მეტი არც ნაკლები, ლევიკო პატარიძე იდგა. ნატომ სადღაც ამოიკითხა, რომ თურმე ოცნების ასახდენად დიდხანს და დაჟინებით ფიქრია საჭირო. ფაქტი სახეზეა, ოცნებაში დაბერდა ქალი! _ ლევიკო? _ მაინც გადაამოწმა. ვინიცობაა, განგებამ ლევიკოს ფანტომი გამოუგზავნა, მისი მატერიალური სხეული კი არხეინად ზის თავის სახლში. _ გაგიკვირდა? _ ირიბად ჩაეცინა ლევიკოს. _ არ შემომიშვებ? ნატომ ყოყმანით დაიხია. მისი პატარა ბინა, როგორც ყოველთვის, გაწკრიალებული იყო. ვინ ჰყავდა ამრევი? არარსებულ მტვერს დასდევდა ხოლმე ჩვრით ხელში. მაგრამ ეს მოდიდან გამოსული ავეჯი, გაცრეცილი ნოხი, მორყეული სკამები, შიშკინის ილუსტრაციებით შენიღბული გაბზარული კედლები... ლევიკოსთანა გამოსულ კაცს კი არა, ქეთო დეიდას სოფლელ ნათესავს დააფრთხობდა. ნიორი მაინც არ ჩაეხეთქა! მაგრამ ლევიკო არ ჰგავდა დამფრთხალს. ჯიბეებში ხელი ჩაიწყო, შინაურულად გაიარგამოიარა, ფანჯარასთან შედგა: _ მარტო ცხოვრობ, ნატალია?

_ კი. _ არ გწყინდება? ნატომ მხრები აიჩეჩა და გვერდულად გახედა ტელევიზორს. სერიალი იწყებოდა, ყავა ცივდებოდა, ახდენილი ოცნება თანდათან კარგავდა მაგიურ ძალას. _ რატომ არ გათხოვდი? `შენ მიყვარდი და იმიტომ~, თვალებით უპასუხა ნატომ, მაგრამ ლევიკო დაღლილი მზერა ოხშივარადენილი ყავისკენ იყო მიმართული. _ თუ გინდა, დალიე. _ მიუხვდა ნატო. ლევიკოს თავპატიჟი არ დაუწყია, ყავა მოსვა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა: _ ნატო, თხოვნა მაქვს შენთან. შეგიძლია ცოტა ხნით ჩემს შვილთან დარჩე? უსიკვდილოდ უნდა მივიდე ერთ ადგილზე, თორემ არ შეგაწუხებდი. დიდი-დიდი ორი საათი მოგაცდინო. _ და ცოლი? _ ცოლი არა კვახი! რა ხანია დავცილდით. შემცვლელიც ნაპოვნია, ასე რომ... მოკლედ, ჩემები სოფელში არიან, ბავშვი კი ავად გახდა. გუშინვე ვერ იყო კარგად, ახველებდა... ლევიკო კიდევ ამბობდა რაღაცას, მაგრამ ნატო ვერ აღიქვამდა. `დავცილდითო, შემცვლელიც ნაპოვნიაო...~ როგორ ჩვეულებრივად გაახმოვანა ეს არაჩვეულებრივი ამბავი! ნუთუ დედამიწის ზურგზე არსებობს ქალი, ვინც უარს იტყოდა ასეთი მამაკაცის სიყვარულზე? ლევიკომ ყავა დალია, შუბლზე ჩამოყრილი გრუზა თავის აქნევით გადაიყარა (მტკივნეულად ნაცნობი ჟესტი) და მწუხარე რაინდის თვალები ნატოს მიაპყრო. _ რა თქმა უნდა, დავრჩები. _ მზადყოფნით უპასუხა აჟიტირებულმა შინაბერამ. _ ყოველთვის ვიცოდი, რომ ოქროს გოგო ხარ! _ ლევიკო კმაყოფილი გაემართა გასასვლელისკენ. კართან არმისული შედგა. ყურს უკან მოიფხანა და ყოყმანით მოტრიალდა. _ ისადა... 200 დოლარს ვერ მასესხებ? _ 200 დ-დოლარს? _ ნატოს ენა დაება. _ ჰო. ერთი კვირით. _ სად მაქვს 200 დოლარი... ლევიკო ღიმილით წამოვიდა ნატოსკენ, მხარზე ხელი გადახვია, ტუჩები ყურთან მიუტანა. _ მართლა არ გაქვს? ნატომ საერთოდაც დაკარგა აზროვნების უნარი, მარტო იმ ადგილს გრძნობდა, სადაც ლევიკოს ხელი ედო. მაგრამ თავის გაქნევა ავად თუ კარგად მოახერხა. _ შავი დღისთვის... _ აჩურჩულდა ლევიკო. _ შავი დღისთვის 100 ლარი მაქვს. _ ძლივს ამოღერღა ყურებდხუჭუჭებულმა ნატომ. _ კარგი, რაც გაქვს მომეცი. დანარჩენს სხვაგან ვიშოვი. დარდი ნუ გაქვს, კვირის ბოლომდე დაგიბრუნებ. არაკაცი ვიყო. ნატომ ხელის კანკალის გამოუტანა მამასისხლად გადანახული 100 ლარი. _ რა წვრილი კუპიურებია... არა უშავს, ფული ფულია, შენ კი ჯიგარი ხარ. _ ლევიკომ ფული ჩაიჯიბა, ნაჩქარევად აკოცა ლოყაზე და გაეცალა. ნატო დარეტიანებული გაჰყვა. მარტო ამ კოცნის გამო ღირდა ფულის გაღება. ახლა სიცოცხლის ბოლომდე ექნება გასახსენებელი. ___ ლევიკოს ექვსი წლის გოგონა მარიამი ლოგინში იწვა და სათვალის ლინზებიდან აკვირდებოდა ქალს, რომელიც მამამ წარუდგინა, თვითონ კი ფარხაფურთხით სადღაც გავარდა. ქალს მოღრეცილი ფაჩუჩები და გრძელი, კუბოკრული ქვედაკაბა ეცვა. თოჯინას ჰგავდა, რომელიც დედამ საშობაოდ აჩუქა: ჩალისფერ ცოცხზე შემომჯდარი გოგო გაფშეკილი ნაწნავებით. იქნებ ეს ფაჩუჩებიანი ქალი იმ თოჯინას დედაა? ნეტავ, რომ ჰკითხოს, ეწყინება? ალბათ არა. ამას თავში რომ ჩასცხო, არ ეწყინება. მაგრამ მარიამი არ ჩასცხებს. ცემა არ შეიძლება. თოჯინა რომ თოჯინაა, ისიც არ უნდა აწვალო,

ასე დაარიგა დედამ, როცა მარიამი კნუტთან თამაშში გამოიჭირა. სინამდვილეში, მარიამს თავშიც არ მოსვლია კნუტის წვალება, უბრალოდ კუდზე ქაჩავდა, რომ თოკზე ხტუნვა ესწავლებინა. დედამ კი შარი მოსდო: აწვალებო. თავის მხრივ, ნატოც აკვირდებოდა პატარა მარიამს. რატომღაც ეგონა, ლევიკოს ულამაზესი, უნაკლო შვილი უნდა ჰყოლოდა. სათვალიანი მარიამი ჩახლეჩილი ხმითა და ღილივით პატარა, ჭორფლიანი ცხვირით მზეთუნახვებში არ ეწერებოდა. _ სკოლაში დადიხარ? _ ჰკითხა. _ წელს. _ მოკლედ უპასუხა მარიამმა. _ შენ? _ რა მე? _ შენ ვინ ხარ? _ მეზობელი. მეექვსე სართულიდან. მე და მამაშენი ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. ერთად ვთამაშობდით ხოლმე ეზოში. _ მე დედა ეზოში არ მიშვებს. _ დიდი ქალივით ამოიოხრა მარიამმა. _ გაცივდებიო. _ დედას უნდა დაუჯერო. _ შენ უჯერებდი? _ მე დედა არ მყავდა. რომ მყოლოდა, დავუჯერებდი. _ მოკვდა? ნატომ თავი დაუკრა. გათხოვების არ იყოს, ეს შეკითხვაც ჩუმ ისტერიკაში აგდებდა. ბავშვობიდან რცხვენოდა იმის აღიარება, რომ დედა არ ჰყავდა. ბებიას ვერსიას, თითქოს მისი მშობლები ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ, წყალი მაშინ შეუდგა, როცა ნატო წამოიზარდა და დამამტკიცებელი საბუთი მოსთხოვა, ფოტოსურათის ან ნებისმიერი სამახსოვრო ნივთის სახით. მაშინ ბებია გამოუტყდა: `შენი თავი მომიგდესო.~ როგორ თუ მოუგდეს, გაუკვირდა ნატოს, კატის კნუტი ხომ არ იყო, ვიღაცას კარის ზღურბლზე დაეტოვებინა. `სწორედაც,~ დაუდასტურა ბებიამ. `იმ ასაკში აღარ ვიყავი შენთვის დედობა გამეწია, ამიტომ ბებიად გავასაღე თავიო.~ _ და ახლა ზევიდან გიყურებს? _ დაინტერესდა მარიამი. _ ალბათ. _ ხედავ ხოლმე? _ ვერა. _ ქალის სახელს ვერ გათქმევინებ? _ უცებ ეშმაკური გამომეტყველებით ჰკითხა მარიამმა. _ ვერა. _ ნატოს გაეღიმა. არ ეგონა ბავშვობისდროინდელი შაირი ახლაც თუ იყო აქტუალური. _ გათქმევინე, გათქმევინე, გათქმე... _ მარიამს მოწოლილმა ხველამ სიტყვა გააწყვეტინა. გასავათებული მიწვა ბალიშზე და მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა, როდესაც სპაზმამ გაუარა. _ მე კითხვა ვიცი. _ ყოჩაღ, ვინ გასწავლა? _ დედამ. გოგონამ უკვე იმდენჯერ ახსენა დედა, ნატომ გადაწყვიტა მომენტით ესარგებლა და ლევიკოს პირადი ცხოვრების დეტალებში გარკვეულიყო: _ შენ სად გირჩევნია ყოფნა, დედასთან თუ მამასთან? _ ბებიასთან. დედა და ლევიკო სულ ყვირიან, გააწყალეს გული. _ რა აყვირებთ? _ მამა უთხრა სულ იქ მკიდიხარო. _ სად? _ ცუდი სიტყვაა, არ ვიტყვი. ნატომ პირზე ხელი აიფარა. ბილწსიტყვაობას საკუთარ თავთანაც არ კადრულობდა, არათუ 6 წლის ბავშვთან. სისულელე იყო მშობლებზე სიტყვის ჩამოგდება, იმედგაცრუების გარდა არაფერს მოუტანს. თვითონ კარგა მოზრდილი გოგო იყო, როცა მამაკაცის ასოს სლენგური სინონიმი პირველად გაიგო. ისე შერცხვა, ყურებზეც კი მიიფარა ხელები. ეზოს ბიჭებსაც მეტი არ უნდოდათ, ჩუმად მიეპარებოდნენ ხოლმე და

ყურში ჩასძახოდნენ, რომ მერე ნატოს რეაქციაზე ეცინათ. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ნატოს ეზოში ჩასვლა შესძულდა. _ მცივა. _ თქვა მარიამმა და მჭიდროდ გაეხვია საბანში. _ მაკანკალებს. ნატომ აბაბანებულ შუბლზე ხელი დაადო და თერმომტრის ძებნაში მიმოიხედა. _ მარიამ, სიცხე უნდა გაგიზომო და თერმომეტრს ვერ ვპოულობ. _ წამლებთან იდო. _ აბა, წამლები? _ კარადაშია. სამზარეულოში. წეღან ლევიკომ გამისინჯა, მერე სად წაიღო არ ვიცი. _ მამას ლევიკოს რატომ ეძახი? _ ლევიკოა და იმიტომ. ნატომ დანანებით დააქნია თავი და ოთახიდნ გავიდა. მარიამმა არ იცის, რა ბედნიერებაა როცა ვიღაცას მამას ეძახი. მისაღებ ოთახში ზეთის საღებავისა და რაღაც სპეციფიკური სუნი იდგა, რომლის წყაროს ნატომ ფანჯრასთან მიაგნო. ეს იყო დაბინდულშუშიანი აკვარიუმი ობლად მოცურავე ნარინჯისფერი თევზით და აშკარად გამოსაცვლელი წყლით. ნატომ მორიდებულად ჩაუარა კედლებზე გამოფენილი ნიუების სერიას. ლევიკო ნატოსთვის გაუგებარი, პრიმიტიული მანერით ხატავდა. რატომღაც ეგონა, რომ მას ყოფილი ცოლივით მაღალი, გამხდარი ქალები მოსწონდა, ვიწრო თეძოებითა და სერფინგის დაფასავით გაბრტყელებული მკერდით. თუ ასეა, რას ნიშნავს ნახატებზე წარმოდგენილი ტანსრული, მკერდსავსე ქალები? უფრო სწორედ, ქალი. ერთი კონკრეტული ქალი სხვადასხვა რაკუსითა და ფერთა გამით. სახეს ვერ დაუწუნებდი, სათნოც კი ეთქმოდა, ვერ მიხვდებოდი, გამოცდილი მეძავია თუ ყმაწვილობაში ჩარჩენილი დარბაისელი ქალი. ვინც არ უნდა იყოს, უსირცხვილოა! ბოქვენიც ისე პირწმინდად გაუპარსავს, თითქოს სამშობიაროდ ემზადება. ლევიკომ რომ დღესვე შესთვაზოს ცოლობა, ნატო არასოდეს დათანხმდება უხამს პოზირებაზე. თუ დათანხმდება? ცოლ-ქმრობა ხომ იმას ნიშნავს, რომ... რომ... რომ... არა, ნატო ვერაფრით წარმოიდგინა საკუთარი თავი იმ ქალის ადგილზე. ეს ოცნებაშია ადვილი რომანტიკული სცენების დახატვა, იმ სცენებშიც კი ტუჩებში კოცნის იქით არ წასულა. ქეთო დეიდა არ ტყუის, როცა მიწაში წასაღებად შემონახულ ქალიშვილობაზე მიანიშნებს. ნატომ შუბლში ხელი იტკიცა და თავპირისმტვრევით შევარდა სამზარეულოში. ამ ბინაში აშკარად ავხორცული აურა ტრიალებს, თორემ რამ მიაჯაჭვა ნახატებზე? ტიტველი მამაკაცი რომ ყოფილიყო, კიდევ ჰო, ვიღაც ძუძუებიანმა ქალმა რატომ ააფორიაქა? ნიჟარაში აკოშკოლავებული გასარეცხი თეფშების დანახვაზე ნატოს ლევიკოს გამხდარი ცოლიც დაავიწყდა და ხორცსავსე მუზაც. ამ კაცს პატრონი არ ჰყავს, გაიფიქრა უმისამართოდ გაბრაზებულმა და მაგიდაზე დაგდებულ ჩიპსის ცარიელ კოლოფს ეცა. ამას უნდა ჭამდეს ავადმყოფი ბავშვი და მარტოხელა კაცი?! მაცივარი გამოაღო. საწებელი, მაიონეზი, ტყემალი... ესაა საქმე? ვინ იცის, საბრალო ლევიკომ საჭმლის ფული ისესხა და ახლა აქოშინებული დარბის სუპერმარკეტში. ნატო რაღას აკეთებს? იმის მაგივრად თერმომეტრი მოიძიოს, სხვის მაცივარში იჭყიტება. რა უფლებით? თერმომეტრს კარადის ღია თაროზე მიაგნო. წამლების კოლოფის გვერდით. ყოველ შემთხვევაში, კოლოფშიც შეიხედა, ვინიცობაა სიცხის დამწევი დამჭირდესო, მაგრამ ტკივივილგამაყუჩებელი აბების გარდა ვერაფერს მიაგნო. თუ არ ჩავთვლით ექიმის მიერ გამოწერილ რეცეპტს მთელი რიგი მედიკამენტებით. თვალი გადავლო და ელდა ეცა: ნუთუ ლევიკოს ც ჰეპატიტი აქვს? საწყალი, საწყალი ბიჭი, იმის ნაცვლად მკაცრ დიეტაზე იჯდეს, კარცეროგენური ჩიპსებით იხეთქავს კუჭს. არა, ნატო ამას არ დაუშვებს, ის მიეხმარება გზააბნეულ კრავს გადარჩენაში! თუ საჭიროა, კაბასაც გაიხდის და ნიფხავსაც ზედ მიაყოლებს.

ნატო თერმომეტრით ხელში ფეთიანივით შევარდა საძინებელში. მარიამს ეძინა. დაცვარულ შუბლზე ოფლის წვეთები უბრწყინავდა. ე. ი. სიცხე დაუწევს. ნატომ გოგონას სათვალე მოხსნა. აქამდე უცნობმა, დედურმა ინსტიქტმა სული შეუგუბა. მარიამი ისეთი უმწეო ჩანდა, ისეთი მარტოსული... ნატოს საკუთარი თავი გაახსენდა ამ ასაკში. ამ ასაკშიც და მერეც, მერეც, როცა სკოლა დაამთავრა, სამედიცინი ტექნიკუმის სტუდენტი გახდა, ერთადერთი მეგობარი გაიცნო... ნონა ხშირად კინკლაობდა დედამისთან, მერე ნატოს ეწუწუნებოდა: დამღალა თავისი პრეტენზიებით, ერთი სული მაქვს გავთხოვდებიო. ნატო კი იმაზე ოცნებობდა სახლში დამლაპარაკებელი ჰყოლოდა, ჭკუის დამრიგებელი... ბებიას არასოდეს ჰქონდა საქმე მის პრობლემებთან, თავისი შერყეული ჯანმრთელობის გარდა არაფერი ადარდებდა. ნატოს რომ არ ემარჯვა, სკოლასაც არ დაამთავრებინებდა, შინ ეყოლებოდა გამომწყვდეული, მომვლელად. ნატო ფეხაკრეფით გავიდა სამზარეულოში. ჭურჭელი დარეცხა, დაამშრალა, გაზქურა გახეხა... ლევიკო კი არ ჩანდა. ამდენ ხანს ბაზარს მოივლიდა კაცი. გამოდის, პროდუქტების საყიდლად არ წასულა. ან 200 დოლარის რა უნდა ეყიდა? ნატომ ფანჯარაში გაიხედა. შავად ათქვეფილ ღრუბლებს ცაში იმპროვიზირებული ცუნამი გაემართათ. ფარების შუქზე მოჩვენებებივით კრთოდნენ დაგვიანებული მგზავრები. მოპირდაპირე კორპუსში ერთიმეორის მიყოლებით ქრებოდა შუქები. მისი საყვარელი სერიალი რა ხანია დამთავრდა, ნატომ კი ფინალის ნახვა ვერ მოახერხა. დილით თუ გაიმეორებენ, ეგებ სამსახურში მოახერხოს ყურება... წესით, ღამის 12 საათზე უკვე ტკბილად ეძინა ხოლმე. მაღვიძარა, როგორც ყოველთვის, დილის 7 საათზე ამცნობდა ახალი დღის დაწყებას. ლევიკო არ ჩანდა. წარმოსახვითმა ცუნამმა ამჯერად ნატოს სხეულში გადაინაცვლა და დიაფრაგმა შეუკუმშა. სად დაიკარგა ლევიკო? იქნებ მანქანამ დაარტყა და უპატრონოდ გდია ქუჩაში? იქნებ შინისკენ მომავლს ქუჩაში დახვდნენ და დანა გაუყარეს? ამ ბოლო დროს ისეთი დაძაბული ჯიბგირები დაძრწიან, შეიძლება ერთი ღერი სიგარეტის გამო შარი მოგდონ და თვალისდახამხამებაში გამოგასალმონ სიცოცხლეს. განგაშით შეპყრობილი ნატო მარიამს მიუწვა. წარმოიდგინა, რომ ეს სიცხიანი გოგონა მისი შვილია, ლევიკო კი ქმარი. რა სიამოვნებით მიემსახურება ორივეს, გემრიელ კერძებს დაახვედრებს, ტანსაცმელს გაურეცხავს, სკოლიდან მობრუნებულ მარიამს გაკვეთილებს შეუმოწმებს, შემოქმედებითი წვით გადაღლილ ქმარს საავადმყოფოს ამბებით გაახალისებს... ოცნებებში გადავარდნილ ნატოს ჩასთვლიმა. სიზმრად მეტროპოლიტენი ნახა. ვითომ ესკალატორზე იდგა და ხალხის ნაკადთან ერთად მიწისქვეშეთში ეშვებოდა. მერე სადგურზე აღმოჩნდა, ჩამომდგარი მატარებულის გასწვრივ და ვაგონში შეღწევას ცდილობდა. ჭყლეტაში ჯიკავ-ჯიკავით მიიკვლევდა გზას, აი, როგორც იქნა გაარღვია გავეშებული ზედახორა, ნახევარი ნაბიჯიც და სალონში შეაღწევს... მაგრამ კარი ცხვირწინ დაიკეტა, მგზავრებით გაძეძგილი ვაგონი კი გვირაბში გაუჩინარდა. ნატო სრულიად მარტო დარჩა დაცარიელებულ ბაქანზე. სამარისებულ სიჩუმეში ქუსლების პაკა-პუკი გაისმა. უცნობი ქალიშვილი აუჩქარებელი ნაბიჯით უახლოვდებოდა ნატოს. ეცვა ძველმოდური, თუმცა ელეგანტური პალტო პლისირებული საყელოთი დ ქვევით დაშვებული ნაკეცებით. ერთი პირობა ნატომ გაქცევა დააპირა, მაგრამ ქალიშვილი ისეთი კეთილგანწყობით უღიმოდა, მონუსხულივით გაშეშდა. უცნობი მის წინ შედგა, ამობრუნებული ხელისგული ლოყაზე ჩამოუსვა და სახე მიუახლოვა. დიდი ხნის დავიწყებულმა სურნელი ნატოს გონება გაუნათა. `დედა!~ იკივლა დისტანიურად. `ჩემი გოგონა...~ ისიც დისტანციურად გაეპასუხა. მერე ხელი ჩაჰკიდა და თვალების ანიშნა, გამომყევიო. ნატო უსიტყვოდ დაემორჩილა, მაგრამ რაღაც მომენტში იგრძნო, რომ მიწა ფეხქვეშ ეცლება, თვითონ კი ჰაერში ლივლივებს. დედაც გვერდითაა, მაგრამ ცოტა მაღლა და ზევით.

`რა ხდება?~ შიშნარევი სიხარულით გაიფიქრა ნატომ და ისეთი ნეტარება იგრძნო, როგორც არასდროს. _ დედა, დედიკოოო... ნატომ გაიღვიძა და სიბნელეში ლოგინში წამომჯდარი მარიამის სილუეტი დაინახა. ჩამრთველს გაჰკრა. გოგონას ხმა ჩახლეჩოდა, ქუთუთოები შეწითლებოდა, ლოყები აფორაჯებოდა... _ ჩააქრეეე... შუქი ჩააქრე... _ ატირდა მარიამი. _ თვალები მტკივააა... ნატომ პერანგი აუწია და წითლად დაკოპლილი მუცელი დაინახა. `წითელა,~ გაუელვა თავში. წესით გამონაყარი მესამე, მეოთხე დღეს ჩნდება. გამოდის, ლევიკომ ავადმყოფი ბავშვი მოიყვანა სახლში. ესეც არ იკმარა და მეზობელს გადაულოცა. არც მობილურის ნომერი დატოვა, არც კოორდინატები. რა უპასუხისმგებლობაა?! _ მარიამ, გენაცვალე, პირი გამიღე, უნდა ჩაგხედო. თუ მართლა წითელაა, წესით, პირშიც უნდა ჰქონდეს მონაცრისფრო გამონაყარი, მაგრამ გოგონამ პირის გაღება ვერ მოასწრო, უცნაური, ბლუყუნა ბგერა გამოუშვა და პირდაპირ ლოგინზე აღებინა. _ ნუ გეშინია, პატარა, ნუ გეშინია... _ ნატომ შეშინებულ ბავშვს შუბლი დაუჭირა, დამშვიდებას შეეცადა. _ მგონი ბატონები გვესტუმრენ და არ უნდა გავაბრაზოთ. პირიქით, მივეფეროთ, წითელი ნაჭრები დავანახოთ... უკეთ ხარ?... არა? მოდი მე შენ ახლა წამალს დაგალევინებ და სიცხეც დაგიწევს... _ არ მინდა წამალი. დედა მინდაა... _ ძლივს ამისუნთქა მარიამმა. _ სადაცაა მამა მოვა და დედას დაურეკავს. შენ არ ინერვიულო... აი, ასე დაწექი, პლედს მოგაფარებ და ერთ წამში გავჩნდები: წამალს ამოვიტან სახლიდან. ერთი ფეხი იქ, მეორე აქ. კარგი? მარიამმა უაზროდ შეხედა და თვალებდახუჭული გადაესვენა ბალიშზე. ნატო თანხმობას არ დაელოდა, წაბილწული საბანი სააბაზანოში დააგდო და თავქუდმოგლეჯილი გავარდა სადარბაზოში. მას არ გაუგია ლიფტის ჭრიალი, არც იქიდან გამოსული ადამიანი დაუნახავს, არც მისი ფრთხილი ნაბიჯების ხმა გაუგია... სად ეცალა ყურადღების მოსადუნებლად, ბავშვი ჰყავდა მისახედი, სხვისი ბავშვი, რომელიც უკვე საკუთარივით უყვარდა. ხუთ წუთში ანტიბიოტიკით შეიარაღებული ნატო უკან მობრუნდა. _ მოვედი! _ დაიძახა დერეფანშივე. ძლიერმა დარტყმამ კეფის არეში ადგილზე მოცელა. ტკივილი არ უგრძვნია. ვერც გააცნობიერა რა მოხდა. სიზმარში ნანახი ქალიშვილი დაბარებულივით გამოეცხადა, მსუბუქად წამოაყენა და თვალებით ანიშნა, მომყევიო. `ჩემი დედიკო...~ უკვე სხვა ცხოვრებაში გაიფიქრა ნატომ და უკანმოუხედავად გაჰყვა.

___ დიმიტრიმ პატარა მოკვლევა ჩაატარა და გაარკვია: `რუმალი~ დახურული კლუბია და რეკომენდაციის გარეშე იქ მოხვედრა ფატობრივად წარმოუდგენელია. ისმის კითხვა: ვის დაჰკარგვია მსგავსს დაწესებულებაში საქართველოს მოქალაქე თორნიკე გიორგობიანი, რომელიც არც როკფელერების შთამომავალია, არც მასონთა ლოჟის წევრი, არც ოლიგაქი. ინტერნეტში კლუბი `რუმალი~, როგორც ასეთი, არსად ფიგურირებდა, სამაგიეროდ ბლომად ამოხტა იმავე დასახელების ინდური ბლინები, რომლის მომზადების რეცეპტი დიმიტრის ასი წელი არ აინტერესებდა. მას აინტერესებდა ვინ დაურეკა რესტორანში თორნიკეს და რატომ დაუნიშნა შეხვედრა მაინცდამაინც დახურულ კლუბში. ამის დასადგენად თორნიკესთვის უნდა დაეწესებინა 24 საათიანი თვალთვალი, რაც

ფიზიკურადაც შეუძლებელი იყო და რასაც დიდი ალბათობით დიმიტრის გაშიფვრა მოჰყვებოდა. საკუთარ თავზე და სიტუაციაზე გაბრაზებულმა დიმიტრიმ კაზინოს მიაშურა. იმ იმედით, რომ თამაშს გულს გადააყოლებდა. შესვლისთანავე ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი. სილუეტი ბიზნესმენს ბორის კუზნეცოვს ეკუთვნოდა, რომელიც ჯერ კიდევ შარშან მონაკოში ემალებოდა ფინანსურ პოლიციას. აი, ვის შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია დახურულ კლუბებზე. _ ოო, დიმიტრის ვახლავარ! _ გაუხარდა ბორისს. _ ცხვირზე გატყობთ, ისევ საიდუმლო დავალებით ხარ მოვლენილი... დიმიტრიმ ტუჩზე ხელი მიიდო და ბორისი გვერდზე გაიყვანა: _ რა გაყვირებთ?! აქ კედლებსაც ყურები აქვს... _ ანუ, გამოვიცანი. _ ბორისის პირმრგვალ სახეზე კმაყოფილი ღიმილი დაიხატა. _ ამჯერად, ფრანგულ მხარეს არ წარმოვადგენ. _ ანუ დაუბრუნდით მშობლიურ ფესვებს. ნეტავ თუ გრძნობთ, რა ბედნიერი ხართ?... _ ვერა. _ გამოტყდა დიმიტრი. _ ნანობთ? _ იმედი გაუცრუვდა ბორისს. ნოსტალგიური შემოტევები იყო თემა, რომელზეც დაუსრულებლად შეეძლო ლაპარაკი. რომ არ ეზარებოდეს, სადოქტოროს დაწერდა. მაგრამ ვის აინტერესებს დევნილი კაცის სადოქტორო? სამშობლოში მისი გატყავება აინტერესებთ და არა ნოსტალგიური ჟღურტული. _ არაფერსაც არ ვნანობ, მაგრამ რომ გითხრათ, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე დავფრინავ, მოგატყუებთ. _ ეს იმიტომ, რომ არჩევანი გაქვთ. მე კი არ მაქვს არჩევანი. ან ციხე და მამული, ან აქ ფული და სამუდამო ემიგრაცია. _ ბორისმა გაბურთულ ღიპზე მსუქანი ხელები გადაჯვარედინა და უკმაყოფილოდ დაქაჩა ტუჩები. _ არჩევნი მაქვს, ფული _ არა. _ გინდა გასესხოთ? _ ფულში დიდ კაპიტალს ვგულიხმობ, თორემ ხელფასს რეგულარულად ვიღებ. _ კაპიტალი... თორემ მე რომ მაქვს, რა?! ფეხი ვერ გამიდგამს ამ ერთი ხელის დადება სამეფოდან. არა, დიმიტრი, სიმდიდრეს არ მოაქვს ბედნიერება, არა... _ კომფორტი ხომ მოაქვს. _ დამღალა ასეთმა კომფორტმა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ძარღვებში სისხლის ნაცვლად შარდი დამიდის. პენსიონერის წყალწყალა შარდი. ყოველ საღამოს კაზინოში გავდივარ ადრენალინის მცირეოდები ულუფის მისაღებად. ესაა საქმე? _ მაშინ დაბრუნდით რუსეთში. ციხეში რომ გიკრავენ თავს ისეთ ადრენალინს მიიღებთ, სიცოცხლის ბოლომდე გეყოფათ. ბორისი სიცილით ჩაბჟირდა, დიმიტრი კი პირდაპირ საქმეზე გადავიდა: _ კლუბი `რუმალი~. გსმენიათ ასეთის შესახებ? ბორისმა სიცილი შეწყვიტა და მოჭუტული მზერა დიმიტრიზე გაასრიალა. _ დავუშვათ მსმენია. _ თქვა პაუზის მერე. _ მეც მინდა ვიცოდე. არ გამიმხელთ? _ ერთ ხელ პოკერს თუ ვითამაშებთ, კი. _ თქვა ბორისმა და ხელმეორედ ახითხითდა. ___ მერე დღეს დრეს კოდის სრული დაცვით ჩაცმულ-დახურულმა დიმიტრმა ბორისს სასტუმროში გაუარა. სმოკინგში გამოპრანჭული ყელბაფთიანი ბორისი თავისი კარლსონა ტანით ისე კომიკურად გამოიყურებოდა, რომ დიმიტრიმ ქათინაურებად დაიღვარა, რომ არ გასცინებოდა. ბორისმა კი ლამის დაიჯერა, რომ გამოცხადებული ჩერჩილია. _ ჩიბუხი უნდა მეყიდა. _ წამოიძახა დანანებით. მაგრამ გვინ იყო. უკვე კლუბის ფოიეში იდგნენ, კედლის ნიშაში ჩადგმული სარკის წინ, იდუმალების აპლომბით დაწყობილ სახეებზე.

_ სულ ტყუილად ილესავ კბილებს, _ ბორისმა დიმიტრის თვალი ჩაუკრა. _ თუ გგონია აქ მასონთა ლოჟა დაგხვდება, აბჯარასხმული ტამპლიერებითურთ, ძალიან ცდები. ჯიბეგასქელებული, საკუთარ უნიკალურობაში დარწმუნებული ბებერი მამრების თავყრილობაა. თავიდან მეც რაღაც განსაკუთრებული მეგონა, ტყავიდან ამოვხტი და გავწევრიანდი. შენც არ მომიკვდე! პოზაში დგანან და ლაყბობენ. აქ მთავარია, მრავალმნიშვნელოვანი სიფათით ილაყბო და ბეგრაუნდი გაამარიაჟო. არა, არ გამოვრიცხავ რაღაც ბიზნესგარიგებების ბედიც აქაც წყდებოდეს... რაც შეეხება მსოფლიოს გადანაწილებას და მისთანებს, ეგ ამბები უფრო მაღალ ინსტანციებში წყდება. იქ მე დ შენ არავინ მიგვასუნინებს. _ აბა, რატომაა დახურული? _ ეფექტისთვის. ტუტრუცანა ქალებმა რომ ვერ შემოაღწიონ, სიტუაცია არ დაძაბონ... კლუბის დიზაინს აღმოსავლური ელფერი დაჰკრავდა: ინდური ტაძრის ბარელიეფი, დრახმის უნივერსალური სიმბოლო _ ღერძზე დამაგრებული მოძრავი ბორბალი... თუ არ ჩავთვლით ბილიარდისა და ბანქოს სათამაშო მაგიდებს. არცაა გასაკვირი. თურმე ზემოხსენებული კლუბს ინდოეთზე ფანატიურად შეყვარებულმა ფრანგმა ჩაუყარა საფუძველი, რომლის ნეშტი უკვე საუკუნეზე მეტია იმავე კლუბის ეზოში განისვენებს. დიმიტრიმ და ბორისი ბარის სკამებზე ჩამოსხდნენ, მარტინი შეუკვეთეს, თვალი გადაავლეს მერცხლისკუდა ფრაკებში გამოწყობილ კრებულს. თუმცა იყვნენ კოსტიუმიანებიც. იგივე დიმიტრი, რომელიც ტიკიანივით აბრუნებდა კისერს, ისეთ დისკომფორტს უქმნიდა ყელში წაჭერილი ჰალსტუხი. საზეიმოდ აფუთფუთებული მასიდან დიმიტრიმ ბაბუაწვერასავით სიფრიფანა მოხუცი გამოყო. _ ის ბერიკაცი მეცნობა, ხომ ვერ მიკარნახებთ საიდან? _ ხმადაბლა გადაულაპარაკა ბორისს. _ ალბათ პრესიდან. ეს ბილ მორისონია, ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი და მელომანი. საკუთარი ბენდი ჰყავს ჩიკაგოში. თავის ჭიას იხარებს სიბერეში... გვერდით რომ უდგას, დანიელ ფრიდმანია. ნავთობმაგნატი. კოლოსალურ თანხებს დებს შიდსისა და კიბოს კვლევის ფონდებში. _ მაინც რა აერთიანებთ, იდეები? _ ფული, დიმიტრი, ფული... ძმობა, იდეები, რიტუალები, სიმბოლიკები წარსულს ჩაბარდა. 21-ე საუკუნეა კარზე. რა დროის თავისუფალი ქვისმთლელებია?! _ ის ტიპი ვინ არის, ჩეგევარას წვერით? _ ალ ჰამიდი. არაბი მილიონერი. მოარულ ჭორებს თუ დაეჯერება, ტერორისტული ორგანიზაციის იდეოლოგი და სულისხამდგმელი. _ ამ ბუდიზმით დაღდასმულ გარემოში რა დარჩენია? _ ნარკოტრაფიკის მარშრუტს თუ აგვარებს. _ გაიცინა ბორისმა, მაგრამ ცოტა ხმამაღლა მოუვიდა და შეშფოთებულმა მიმოიხედა, ვინმემ ხომ არ შემამჩნიაო. აქ მიღებული არ გახლავთ ემოციური გამოსვლები. აქ ყველა კუჭში შეკრულივით დაიარებოდა. _ თქვენ თუ გგონიათ რელიგიური მოტივებით აბოლებს ასობით თვითმკვლელ ტერორიტს, ძალიან ცდებით. ასეთებისთვის რელიგია ფარია... დიმიტრი მოთმინებით უსმენდა. ბორისმა რომ იცოდეს, რამდენჯერ იყო მისი პროტეჟე ტერორიზმით შეფერილი მოვლენების ეპიცენტრში, ამ თემაზე ამდენს არ იფილოსოფებდა. მაგრამ იდეებით შეპყრობილ ბორისს მსმენელი სჭირდებოდა და ისიც გაგებით უკანტურებდა თავს. მით უფრო, თორნიკე ჯერ არ ჩანდა. _ ულვაშიანი სუბიექტი, რომელიც ბილიარდს რომ თამაშობს ლუჩანო ჯორია, იტალიელი მაფიოზი. კაზინოს ფლობს ლას-ვეგასში. ისე, რომ იცოდე ხელის ჩამორთმევას ვერ იტანს. ინფექციის ეშინია. _ ჯორებთან ხელის ჩამორთმევას არ ვაპირებ. _ გაეღიმა დიმიტრის, მაგრამ ბორისმა ვერ გაიგო იუმორი, დიმიტრის კი ახსნა-განმარტებისთვის არ ეცალა. მან თორნიკე გიორგობიანი დაინახა. ბორისმა მის მზერას თვალი გააყოლა. _ ამ ბუტონერიან ტიპს აზიხართ? _ ჰკითხა იდუმალი ჩურჩულით.

დიმიტრიმ ახლაღა შეამჩნია თორნიკეს პიჯაკის ჯიბეში თავმომწონედ ამოფურჩქული აბრეშუმის ცხვირსახოცი და იმავე ფერის ყელბაფთა. _ მე კი ვაზივარ, მაგრამ ეგ ვის აზის და რატომ, ესაა გასარკვევი. _ ადამ რეინოლდსი. ამერიკის მოქალაქე დიდი ფულითა და დიდი კავშირებით. _ რა საქმე აქვს ქართველ ჩინოვნიკთან? _ ფერად რევოლუციებს აფინანსებს, `ენჯეოებს~, ვიღაცეებს ლობირებს... _ ბორის, მე დისლოკაციის ადგილს შევიცვლი, თორემ დამინახავს და დაფრთხება. დიმიტრიმ უზარმაზარ კათხიდან მოზრდილ დეკორატიულ ხესთან გადაინაცვლა და იქიდან დააკვირდა თორნიკეს. და რაც მეტად აკვირდებოდა, მით უფრო მეტად რწმუნდებოდა, რომ მიხეილ ხვედელიძე შეცდომაში შეიყვანეს. თორნიკე ისეა გამოჩენილი მასონი, როგორც დიმიტრი _ თავისუფლი ქვისმთლელი. სისულელეა ეს ყველაფერი. საზოგადოება ერთობა, ერთმანეთს აზრებს უცვლის, ჭორაობს, ბანქოს თამაშობს, ვისკის წრუპავს... ჩვულებრივი ფართია. უბრალოდ, მასშტაბებია სხვა.

___ ნიცაში გასამგზავრებლად დიმიტრიმ პატარა, ორკაიანი `ფოლცვაგენი~ იქირავა. გზაში გვანცასთან შეხვედრის სასიამოვნო დეტალებზე ფიქრობდა, მაგრამ როგორც კი სასტუმრო ავტოსადგომზე შეუხვია, რეალობამ ყური აუწია და არცთუ სასიამოვნოდ ჩააფიქრა. რას გამოქანდა? რა დაკარგვია პატიოსან კაცს ქმარ-შვილიან ქალთან, რომლის დეპრესიის მიზეზი სავარაუდოდ თვითონაა?... რომ აღარაფერი ვთქვათ მამამთილთან ერთობლივ ქეიფზე. ვიდრე საჭესთან მჯდარი დიმიტრი საკუთარ სინდისს ეკამათებოდა, სასტუმროს სენსორებიანი კარი გვერდზე გასრიალდა და ჩამუქებული ჰოლის ფონზე გვანცას თეთრკაბიანი სილუეტი გამოჩნდა. დიმიტრის გული შეეკუმშა, ერთ დროს საყვარელი ქალი გაუცხოებული და ტრაგიკული ეჩვენა. მოკლედ შეჭრილი, რაღაცნაირად აჩეხილი თმა, სივრცეში მიმართული მზერა, იდაყვებზე შემოხვეული ხელები... ეს ასოციალური პოზა თავისთავად მეტყველებდა გვანცას სულიერ მგდომარეობაზე. ბედნიერი ადამიანები ასე არ დადიან. დიმიტრიმ მანქანიდან გადმოძრომა იკადრა, მაგრამ დაძახება ვერ გაბედა, უკან გაჰყვა. გვანცამ გაზონებს შორის მოკირწყლულ ბილიკს გაუყვა და გეზი სანაპიროსკენ აიღო. აზიელ პრინცს ჰგავდა გალაბეას თარგზე შეკერილ ფართხუნა, გრძელ კაბაში, საიდანაც თხელი წვივები და სანდლებში წაყოფილი ფეხები მოუჩანდა. თბილი გაზაფხულის მიუხედავად, საკურორტო სეზონი ნიცაში ჯერ არ დამდგარიყო. პლაჟზე კანტიკუნტად მიმოდიოდნენ ხმელთაშუა ზღვის ზომიერი ჰავის მოყვარული ტურისტები. გვანცა ზღვის ნაპირას, პირდაპირ კენჭებზე მოირთხა და სიგარეტს მოუკიდა. დიმიტრი თვალს ვერ წყვეტდა მზის სხივებით განათებულ კინკრიხოს, უმწეო ზურგს, დაწვრილებულ კისერთან აპრეხილ თმას, ჰორიზონტისკენ გაფრენილ სიგარეტის კვამლს... ვითომ უყვარს ეს ქალი? თუ უყვარს, რაღას დგას ჩაცემენტებულივით? წესით უნდა მივიდეს, მხარზე ხელი დაადოს, მოულოდნელი გამოცხადებით დაშოკოს... და მერე? მერე ეიფორია გაივლის და მწარე რეალობა დიმიტრის ხელმეორედ აუწევს ყურს. არ უნდა ჩამოსულიყო! დიმიტრიმ უდანაშაულო პალმას მუშტი დაჰკრა და ის იყო წასასვლელად მოემზადა, რომ მოულოდნელად გვანცა მობილურს გაეპასუხა. შორიდანვე ჩანდა, როგორ დაეძაბა ზურგი. მერე წამოხტა, გაბრაზებულმა წამოიძახა რაღაც და უდანაშაულო მობილური ძირს დაანარცხა.

საქმე იმაზე უარესად ყოფილა, ვიდრე დიმიტრის წარმოედგინა. ამ გოგოს არა მხოლოდ ნევროზი, ფსიქოზიც აღენიშნება. დახე, რა გავეშებული ურტყამს წრეებს მობილურ ტელეფონს. არ იცის, აიღოს თუ ბრძოლის ველზე დატოვოს პრაქტიკულად გამოშიგნული ტექნიკა. გააჩნია ტექნიკასაც. მილიონერი მამამთილის პატრონს მობილურიც შესაფერი ექნება. აიღო. მართალი ხარ, გოგონი! თანმედროვე სამყროში მობილურის გარეშე ძნელია ცხოვრება. კიდევ უფრო ძნელია უსიყვარულოდ ცხოვრება. არასასურველი პარტნიორისგან შვილის გაჩენა ხომ საერთოდაც დანაშაულია. ის, რომ კონკრეტულ მომენტში გვანცას აგრესიის ობიექტი ქმარი იყო, ეჭვს არ იწვევდა. რა უნდა გააკეთოს ამ დროს ღირსებაზე პრეტენზიის მქონე მამაკაცმა? ცხადია, გამოვიდეს ჩრდილიდან და დახმარების ხელი გაუწოდოს ქალს, რომელსაც დიდი ალბათობით მის გამო აქვს ქმართან პრობლემები. დიმიტრი არ იძროდა. გამოდის, არც ისეთი ღირსეულია, როგორადაც თავი წარმოედგინა. მშიშარაა. რადგან ნაბიჯის გადადგმა ავტომატურად ნიშნავს ძირეულ ცვლილებებს მის ცხოვრებაში. ის კი მზად არ არის. არც მაშინ იყო, როცა გვანცა სიყვარულში გამოუტყდა, არც ახლა, როცა ასეთ წამხდარს ხედავს. ამასობაში, გვანცამ სანაპირო დატოვა და ნელი ნაბიჯით გაუყვა ცენტრალურ ბულვარს. დიმიტრიმ მერეღა გააცნობიერა, რომ კვალდაკვალ მისდევს. როგორც იტყვიან, ფეხებმა თავისით წაიყვანა. ასე იყო თუ ისე, ბოლოს ორივე პატარა გზისპირა კაფეში აღმოჩნდა. თუმცა გვანცას წარმოდგენაც არ ჰქონდა მდევარზე, მან ყავა შეუკვეთა და დაზიანებულ მობილურს ჩაუღრმავდა. ზურგსუკან მჯდარი დიმიტრი მოთმინებით დაელოდა მოვლენების განვითარებას. თუ ბედისწერა ინებებს, გვანცა თავს ასწევს და მოსარკულ ვიტრინაში დიმიტრის დაინახავს. თუ არა... გვანცამ თავი ასწია და თავზარდაცემული მიაჩერდა ნაცნობ სახეს. ეტყობა სარკეს არ დაუჯერა და მოიხედა. დიმიტრიმ თვალი ჩაუკრა. ალბათ რომანტიკული ფიზიოს მოკერვა უფრო დროული იქნებოდა, მაგრამ იმ მომენტში უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა. გვანცა წამოხტა და უკანმოუხედავად გავარდა კაფედან. დიმიტრიმ მისი ყავის ფული გადაიხადა, გაოგნებულ მიმტანს ნაჩქარევი `მერსი~ ესროლა და დაგეშილივით გაჰყვა. ისევ ბულვარი, ისევ სანაპირო, ისევ თეთრკაბიანი სილუეტი ზღვის პირას. ეგ არის, მზეს შეეცვალა კოორდინატები. ჰორიზონტის თავზე ეკიდა ნარინჯისფერ ბურთად. სეირს თუ ელოდა. დიმიტრიმ გადაწყვიტა არ გაეწბილებინა კეთილი მნათობი. ზურგშექცევით მგდარ გვანცას უკნიდან ამოუდგა და ხელები შემოხვია. ისიც თითქოს ამას ელოდაო, კისერი გადააგდო და მთელი სხეულით მიენდო. არ გამოვიდა სეირი. ის, რასაც ახლა დიმიტრი გრძნობდა, არ იყო წამიერი აღმაფრენა, რომელზეც შეიძლება იშაყირო. ეს იყო რაღაც დიდი, ნამდვილი და ყოვლისმომცველი, როგორც მზის ჩასვლა, ან ამოსვლა. ან ეს უკიდეგანო ზღვა და უძირო ცა. აზრი არა აქვს თავის მოტყუებას. მისი ადგილი აქაა, ამ ქალის გვერდით, რომლის გამომეტყველებას ჯერ ვერ ხედავს, მაგრამ ყველა რეცეპტორით გრძნობს რა ხდება მის გულში. და ის, რომ დღეს ერთად არ არიან, მხოლოდ დიმიტრის ბრალია. როცა სასურველი ქალი ამბობს არას, მისი თვალები კი სხვას გეუბნება, შენ, ზრდასრულმა მამაკაცმა უნდა აიღო პასუხისმგებლობა ორივეს მაგივრად. დიმიტრიმ ეს არ გააკეთა. მან არ გააკეთა მაშინაც, როცა ილუმინატორის ფანჯრაში საქორწინო მოგზაურობაში მიმავალი გვანცა დაინახა; არც მაშინ, როცა გვანცა, უკვე სხვისი ცოლის სტატუსით ეწვია თავისი წილი სიყვარულის მისაღებად თუ წასართმევად; არც მაშინ, როცა მისი ფეხმძიმობის ამბავი შეიტყო... ნებისმიერ სიტუაციაში რისკზე გვანცა მიდიოდა, პატიოსანი კაცის მანტიაში გახვეული დიმიტრი მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობდა, თითქოს ბედნიერებას ხონჩით მოართმევდა ვინმე. ბედნიერებისთვის უნდა იბრძოლო, და არასოდეს შეგრცხვეს დამარცხების.

მოულოდნელად გვანცა დამძიმდა, მოეშვა, მოიღვენთა... მისმა დასუსტებულმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო მოწოლილ ემოციებს და წამიერად გაითიშა. დიმიტრიმ გულწასული ქალიშვილი ნელ-თბილ კენჭებზე დააწვინა და ყურის ბიბილოები დაუსრისა. გვანცამ თვალი გაახილა: _ მესიზმრები თუ მართლა შენ ხარ? _ შენ როგორ გირჩევნია? _ შენ იცი, როგორც... დიმიტრიმ ფერმკრთალ ტუჩებზე აკოცა. გვანცა ხორბლისფერ თმაზე მიეფერა. რამდენჯერ უოცნებია ამ დღეზე. პრინციპში, იმ დღიდან როცა ე. წ. ფრანგმა ექიმმა ქართულად დაილაპარაკა და თავი ნიკოს უფროს ძმად გააცნო (იხ. `უფროსი ძმა~). და მერეც, მერეც... როცა უკვე გათხოვილს ქმართან დაწოლა წამებად ექცა, ხოლო შვილის გაჩენით მოგვრილი სიხარულის გაზიარება რატომღაც მარტო დიმიტრისთან უნდოდა. _ დამპირდი, რომ არ გაქრები. _ სთხოვა გვანცამ. _ შენც დამპირდი. _ მიყვარხარ. პასუხად დიმიტრიმ ყრუდ დაიკვნესა. რომანიკული სიტუაციის მიუხედავად მასში მდედრზე დაგეშილი მამრი იღვიძებდა.

___ `მოდუნდი და მიიღე მაქსიმალური სიამოვნება~, ჲუშედეგოდ ამხნევებდა თავს ჯაკუზში გახვანჩალებული თორნიკე. რა სიამოვნებაზეა ლაპარაკი, როცა მეხსიერების სანაგვეზე გადაგდებული ფოტოსურათი პირდაპირ თვალის ბადურაზე ჰქონდა აკრული და იმ დამამცირებელ წუთებს ახსენებდა, რომლის გადატანა ყოფილის ცოლის გამო მოუწია. კირას დაშანტაჟების მცდელობა რომ არა, ასი წელი არ გაახსენდებოდა ჟურნალის ყდაზე გამოჭიმული ლელის თავდავიწყებული ტანგო იმ პაპარაცებით გაძეძგილ რესტორანში. მოცეკვავე ცოლის დაფიქსირება მისი ჩინოვნიკი ქმრის ბოსტანში გასროლილი ქვა იყო, თორემ ლელი, როგორც ასეთი, არავის ინტერესის საგანს არ წარმოადგენა. კირა რომ ყოფილიყო მის ადგილზე კიდევ ჰო... პრიმა ბალერინა საჯარო პერსონაა და მისი ცხოვრებისეული დეტალები ყოველთვისაც არის მოთხოვნა. თორნიკესთვის დღესაც საიდუმლოდ რჩებოდა ლელის მაშინდელი, სრულიად არაადექვატური საქციელი. ქალი, რომელიც არასოდეს გამოირჩეოდა სითამამით, უცებ ტანგოს ცეკვავს გათახსირებულ ლევიკო პატარიძესთან! თან ისეთი თავდავიწყებით, მხარზე ჩამოცურებული ბრეტელსაც ვერ ამჩნევს, ჩასაფრებულ ფოტოგრაფზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია... რა საქმე ჰქონდა სამი შვილის დედას ამ ხელმოცარულ მხატვართან, ვერშემდგარ ალპინისტთან, ნარკომანთან, ტუჩებდაკაპიწებულ აფერისტთან... თორნიკეს თითები არ ეყოფა ამ სუბიექტის სიგლახეების ჩამოსათვლელად. მაგრამ სათნო, მოკრძალებული ლელი, რომელსაც თექვსმეტწლიანი თანაცხოვრების მერეც კი, ქმრის თვალწინ გაშიშვლება ერიდებოდა, იმ ჩაშვებულ სირიკოს ტორსზე ხელს ადებინებს! არადა, ლამაზად ცეკვავდნენ დამპლები. თორნიკეს წარმოდგენა არ ჰქონდა, ყოფილ ცოლს თუ ასეთი გრაციოზული მოძრაობა შეეძლო. ქართული ცეკვის ილეთები ასე თუ ისე ნებისმიერმა თავმოყვარე ქართველმა ქალმა იცის. ტანგოს სულ სხვა ტემპერამენტი სჭირდება. საიდან ამოხეთქა პატიოსანი დიასახლისის ორგანიზმში ამ ტემპერამენტმა? ან ის ალენ დელონის პროვოკაია რამ გააცისკროვნა ასე? იყო თუ არა მათ შორის რამე, თორნიკემ დანამდვილებით დღესაც არ იცოდა და ცოლსაც არ მისცა თავისმართლების საშუალება. თავ-ყბა გაუერთიანა და იმავე დღეს გადაბარგდა საყვარელთან. თორნიკეს ადრეც ჰყოლია ქალები, მაგრამ ლელის მიტოვება აზრადაც არ მოსვლია. მართალია, მისი უკანასკნელი მუზა არ ჰგავდა წინამორბედებს, მაგრამ თორნიკე არც

კირას გამო აპირებდა ოჯახის დანგრევას. უბრალოდ ლელიმ არჩევანი არ დაუტოვა. სკანდალური ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ შერცხვნილი თორნიკე სამსახურშიც ვერ გავიდა, ორკვირიანი შვებულება აიღო და კირასთან ერთად მაიამიზე გადაფრინდა, რომ საზეიმო ვითარებაში კირას ხელი ეთხოვა. უნდა ითქვას, კირა უცებ არ დათანხმებულა, მოსაფიქრებელი დრო ითხოვა. თორნიკეს არც სწყენია და არც გაჰკვირვებია. ცნობილ მოცეკვავეს რა ჰქონდა ჩინოვნიკის დასაფეთებული?! ფული, პატივი, სახელი ისედაც არ აკლდა. გათხოვება რომ მისი იდეაფიქსი ყოფილიყო, მთხოვნელებზე მეტი რა ჰყავდა? რომელი ჭკუათმყოფელი კაცი იტყვოდა უარს შემდგარი ვარსკვლავის ქმრობზე?! კირას დიდხანს არ უფიქრია. თბილისში გამომგზავრებამდე თანხმობა განუცხადა, ოღონდ პირობები წაუყენა: თორნიკეს არ უნდა მოეთხოვა შვილის გაჩენა, არ გაებედა ეჭვიანობა ცნობილ თუ უცნობ თაყვანისმცემლებზე, გაგებით მოჰკიდებოდა ცოლის გასტროლებს. თორნიკე ყველაფერზე თანახმა იყო. ლელის გამოხდომის შემდეგ კირა იყო მისი მაშველი რგოლი და შელახული რეპუტაციის გარანტი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კირა არასოდეს დაიჭერს საქმეს ლევიკოსთანა საეჭვო სუბიექტებთან. ასეც რომ მომხდეს, „რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს~. ასე აღმოჩნდა თორნიკე გიორგობიანი გაბაშვილების ძველსა და დიდ სახლში. მართალია, ზედსიძის სტატუსით, მაგრამ რეკონსტრუქციას და რემონტს იმდენი დაახარჯა, სამ ბინას იყიდდა კაცი. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი იყო კირას ნება. პრაქტიკულობას ვერ დაუწუნებდი. რაც მართალი, მართალია. აბა, ლელის კაპიკი არ უჩერდებოდა ხელში, სულ ახალ-ახალ ფასიან სასწავლებლებს ჩხრეკდა წამოზრდილი შვილებისთვის, ბოლოს ლონდონსაც გადასწვდა და ქმარიც აიყოლა, თითქოს კარგად გამართული აგარაკი აწყენდათ... ხალხმა სრა-სასახლეები აიშენა წყნეთში, გიორგობანების ძველ სახლს კი გოჭი ნიფნიფაც არ იკადრებს. არა, თორნიკე შვილებს არაფერს ამადლის, მაგრამ ლელის არსებობა აშკარად უარყოფითად აისახება მათ ურთიერთობაზე. წყლის ჭავლმა თორნიკეს სასიამოვნოდ დაუბეგვა გვერდები და კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ საქმე თუ ნერვიულობაზე მიდგა, სჯობს ჯაკუზში ინერვიულო და არა ერთი ხელის დადება აბაზანაში, რომელიც დღესაც ფუნქციონირებდა მისი მშობლების ბინაში. ამ დროს, სულაც არ ყოფილან ღარიბები. უმაღლესი განათლებაც ჰქონდათ და მუშაობდნენ კიდეც. თორნიკეს ცხოვრება კი ისე აეწყო, რომ დიპლომის აღებამდე გახდა პარლამენტის წევრი. ყველას ასე არ უმართლებს. უბრალოდ თორნიკე სწორედ იმ პარტიის წევრი აღმოჩნდა, რომელმაც ბედის ირონიით გადალახა შვიდპროცენტიანი ბარიერი და ყველა არაკეთილმოსურნის ჯიბრზე საკანონმდებლო ორგანოში მოხვდა. მერე იყო თანამდეობების სერია: კომიტეტის თავჯდომარე, მინისტრის მოადგილე, ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსი... მერე მეორე წრეზე წავიდა: ისევ პარლამენტი, ჯიპები, ბრონირებული მერსედესები, დაცვები, მივლინებები, ბიზნესკლასები, ბანკეტები, ოფიციალური და არაოფიციაური შეხვედრები ღონისძიებები... ერთ ასეთ ღონისძიებაზე გაიცნო კირა და მიხვდა: ცოლის მოყვანა იჩქარა. თორნიკემ მოთენთილი სხეული გაასწორა და შამპანიურით სავსე ჭიქას დასწვდა. სასმელი წინასწარ მოიმარაგა. რომელიღაც ჰოლივუდურ ფილმში ნახა მსგავსი სცენა და თეთრი შურით აღივსო. მაგრამ იმ ფილმში ქალიც იყო. ქალი. აი, ვინ სჭირდება სრული განტვირთვისთვის. თბილისში რომ ყოფილიყო, წამში გაშანსავდა. მაგრამ აქ, მონაკოში, გამორიცხულია. შიდსის შიშით თორნიკე უცხოელ მეძავებს უფრთხოდა. ძლივს რაღაცა მიაღწია ცხოვრებაში, სირცხვილი იქნებოდა უაზრო სიკვდილი. თორნიკემ ჭიქა შეავსო და მონდომებით წაიკითხა ბოთლზე გაკრული ეთიკეტი. ნაღდი ფრანგულია, აღნიშნა თავმომწონედ. ოჰო, პირდაპირ ლუარას მინდვრებიდან! ერთი ბოთლს თბილისში გაიყოლებს და კირასთან ერთად

დააგემოვნებს, კლასიკური მუსიკისა და რომანტიკული სანთლების თანხლებით. მერე საძინებელში გადაინაცვლებენ, ბრინჯაოს ორნამენტებიან ანტიკვარულ საწოლზე... იქნებ ღირდეს ქალის დათრევა? წეღან დერეფანში მულატ დამლაგებელს მოჰკრა თვალი, ჯენიფერ ლოპესივით გაბზეკილი საჯდომი ჰქონდა მამაძაღლს, მკერდიც ისე გამომწვევად მიჰქონდა... მელოდიურმა ზარმა თორნიკეს ინტიმური წარმოდგენები დაუფრთხო. უკმაყოფლოდ დასწვდა პირსახოცზე დაგდებულ მობილურს. ვაჩე იყო, მისი მეგობრი და პარტნიორი. _ როდის ჩამოდიხარ? _ საქმიანად ჰკითხა ვაჩემ. _ ჯერ არა. _ მოგიწევს. _ ვითომ რატომ? _ ცუდი ამბებია. თორნიკე დაიძაბა. გაბზეკილი დამლაგებელი შამპანიურის შხეფების კვალდაკვალ აორთქლდა, ტვინში კი შჴშ -ის აბრევიატურა დაეხატა. _ კონტროლის პალატა გვიზის. _ აჯახა ვაჩემ. _ რას ჰქვია გვიზის? ვინ გამოაგზავნა? ეგენი გიჟები ხომ არ არიან? _ აყვირდა თორნიკემ. _ გიჟები ჩვენ გამოვდივართ, როცა ოფშორში გავყევით ზურგის ქარს. _ არ გავყვებოდით და კაი ტურას დავიჭერდით! საარჩევნოდ ფულს გათეთრება რომ უნდა ჩემგან არ გესწავლება. მანდ სხვა რამეში იქნება საქმე... _ რაში? _ ვიღაცამ ჩემი მოქესტვა გადაწყვიტა. ჩამოვალ და მიწიდან ამოვიღებ. _ ამათ რა ვუყო? _ მოქრთამე. _ რითი? _ ამჯერად ვაჩე აყვირდა. _ არ იცი, რა ქაქში ვართ? _ დდშც... _ გინება რომ საქმეს შველოდეს, მე ვერავინ დამასწრებდა. _ მოკლედ, უჩემოდ არაფერი მოიმოქმედო, მაინცდამაინც ნუ გააბაზრებ... მე კანცელარიაში გადავრეკავ, იმასთან. _ ის ვარშავაშია. _ პრეს-მდივანი? _ ინგლისში. _ დარჩა ვინმე ქვეყანაში? _ ისე გიკვირს, თითქოს თბილისიდან მელაპარაკებოდე. _ არ შეარჩინა ვაჩემ და მობილური გაუთიშა. თორნიკეს არ სწყენია. ვაჩე იყო ერთადერთი მეგობარი, რომელიც ყმაწვილკაცობიდან შემორჩა და რომელსაც უპირობოდ ენდობოდა. მხოლოდ ერთხელ დაეძაბათ ურთიერთობა, თორნიკემ კირაზე რომ იქორწინა, მაშინ. ვაჩემ არ მოუწონა ოჯახის მიტოვება, ლელის საქციელს კი გაუგებრობით ხსნიდა. თქმა ადვილია. აბა, თვითონ ყოფილიყო თორნიკეს ადგილზე?! თორნიკე უკმაყოფილო ამოძვრა ჯაკუზიდან. არ შეარგეს სიამოვნება! ისეთი პირი უჩანს, სამსახურსაც არ შეარჩენენ. ჯერ იყო და საპენსიო თანამდებობა მიუგდეს მინისტრის სავარძელზე მეოცნებე კაცს, ესეც არ იკმარეს, ახლა სკამს ედავებან. კონტროლის პალატას თავისით არ დაესიზმრებოდა მერიის იურიდიული სამსახურის შემოწმება. ზევიდან მიღებულ ბრძანებას ჰგავს. ზევით ვინ არის? თორნიკეს თანაპარტიელები. დღეის მდგომარეობით პოლიტიკური ნიშნით გადაჯგუფებულები, მაგრამ მაინც უხილავი ჭილპარით მიერთებულები მშობელი დედის მუცელზე. სარკემ თორნიკეს დედიშობილა სხეული აირეკლა. კიდევ კარგი სიმაღლე არ აკლია, თორემ ზედმეტი წონა გაცილებით თვალშისაცემი იქნებოდა. ვარჯიში უნდა დაიწყოს. საჭიროების შემთხვევაში, ლუდის ღიპს შეისრუტავს კაცი, აი, წელის არეში განფენილ ცხიმის დეპოზიტებს ვერანაირი ჩასუნთქვა ვერ გააქრობს. ხოოო... სიმაღლეს ვერ

დაუწუნებ, აი, ფეხის ზომა კი გამჩენმა დაამადლა. პროპორციაში ერხევა. კაცია თუ ჩლიქოსანი ცხოველი? თუმცა რა?... ქალებს ფული დაანახე და ჩლიქოსნებთანაც კარგად დაწვებიან. სათავისო ფული თორნიკეს ჰქონდა, მაგრამ რა თავში იხლის ცარიელ ფულს 36 წლის ამბიციური მამაკაცი? მას თავგადასავლები სწყუროდა, პოლიტიკური მოვლენების ეპიდცენტრში ტრიალი, ხაზინის დაფინანსებული მივლინებები... გოგის ასაკის რომ მოიყრება, მერეც იყოფა უაზრო ხეტიალი მსოფლიოს გამოჩენილ კურორტებზე. პრინციპში, არც ისე უაზრო, თუკი ვირეშმაკა ბანკირი მალტაში აპირებს გამგზავრებას. ნეტავ, რა დარჩენია? სხეულის და აზრების გასაგრილებლად აბანოს ხალათში გახვეულმა თორნიკემ აივანს მიაშურა. აქედან ხელისგულივით ჩანდა კლდეზე შეფენილი ქალაქი, თეთრი სასტუმრები, ფირუზისფერი სანაპირო, ველოტრასა, ფერადზოლიან ტენტებს შეფარებული კაფეები... უცებ კირა ინატრა, მისი მომთხოვნი, თვითდაჯერებული ხმის მოსმენა. ნომერი აკრიფა. _ როგორ ხარ, ძვირფასო? _ მიესიყვარულა ცოლს. _ როგორ ვიქნები უშენოდ? მომენატრე. _ ჩვეული ინტონაციით გაეპასუხა კირა. _ მეც, მეც, ისე მომენატრე, სუნთქვა მიჭირს. მითხარი, რა ჩამოგიტანო? _ შენი თავი. _ არა, მართლა... განსაკუთრებული სუნამო ხომ არ გინდა, აქ დიდი არჩევანია. _ სალვადორ დალის `ლაგუნა~ იკითხე. _ რომ არ იყოს? _ მაშინ სალვადორ დალის `პიკასოს პორტრეტი~. _ მუზეუმის გატეხვას მთავაზობ? _ ვხუმრობ, ჩურჩუტო. როდის ჩამოხვალ? _ ზეგ. მართლა მოგენატრე? _ მაინც გადაამოწმა თორნიკემ. კირას არ სჩვეოდა გრძნობების აფიშირება, ეტყობა მართლა მოენატრა თავისი `ჩურჩუტი ქმარიკო.~ _ ეჭვი გეპარება? _ არა, მაგრამ... _ არავითარი მაგრამ. მიყვარხარ, მენატრები, სულმოუთქმელად გელოდები. _ ერთი ამოსუნთქვით ჩაარაკრაკა კირამ და რეპეტიციაზე დაგვიანების საბაბით ქმარს დაემშვიდობა. რაღაც ვერ არის ისე. ცოლს აშკარად პრობლემა აქვს, თორნიკე კი ჯაკუზში ხვანჩალებს და ხორციელ ფიქრებს მისცემია. ცალტვინა მამრი! არა, ამ საქმის დინებაზე მიშვება არ ეგების. კირა პიერო არ არის, წუწუნით მოგაბეზროს თავი. ამაყია. რაც ხელს უშლის იყოს გაცილებით გულღია და შინაური. ტაქტიანიცაა: არ უნდა ქმარს მონაკოში ყოფნა ჩააშხამოს. როგორ გაუმართლა! ადგილიდან მოუცვლელად თორნიკემ მესიჯი აფრინა ერთგულ ვაჩესთან: `ჩემს ცოლს სავარაუდოდ ვიღაც ერჩის. ერთი ყოჩაღი ბიჭი შეარჩიე დაცვიდან და კუდზე დაასვი. ოღონდ კირამ არაფერი შენიშნოს~. შეფის დავალებას ვაჩემ მოკლე ჴკ –თ უპასუხა. კირასი არ იყოს, არც იმას უყვარდა ბევრი იწილო-ბიწოლო. თორნიკემ კიდევ ერთ მესიჯი გააგზავნა. ამჯერად ინგლისურ ენაზე: `ადამ, გეგმები შეიცვალა. რაც შეიძლება მალე უნდა გნახო.~ ___ გეგმები შეეცვალა დიმიტრისაც. იმის ნაცვლად რომ დარჩენილი დღეები გვანცას გვერდით გაეტარებინა, იძულებულია თორნიკე მწყემსოს. მიხეილ ხვედელიძემ არ გაიზიარა მისი ლოიალური დამოკიდებულება ზემოხსენებული სუბიექტის მიმართ, ადამ რეინოლდსის გაგონებზე კი ლამის ყურმილში გამოძვრა: სადაც ამ ბიბლიურსახელიანი სუბიექტის სახელი ამოტივტივდა, ყველგან ხავერდოვანი რევოლუცია მოხდაო.

ჰოდა, დიმიტრიც მწყემსავდა. მართალია, ჯერ მანქანით, მაგრამ თორნიკე ისეთი ტემპით აწვებოდა, დიდი შანსია ხალხმრავალ ქუჩაში დაჰკარგვოდა. ცვილის თოჯინების მუზეუმთან თორნიკემ მარჯვნივ შეუხვია, დიმიტრისაც უნდოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად! ტრანსპორტის მოძრაობის ამკრძალავმა ნიშანმა აიძულა პარკირების ადგილი მოეძებნა და ფეხით დასწეოდა ობიექტს. წკიპზე მიუსწრო. თორნიკე ბანკში შედიოდა. უბრალო ბანკში კი არა, ციურიხის სადეპოზიტო ბანკში. ჰოპლა! ამის დასადგენად ნამდვილად ღირდა მანქანიდან საჯდომის მოწყვეტა. გამოდის, თორნიკე საკმაოდ სოლიდური კაპიტალის მფლობელია. საინტერსოა, ამ მომენტში გააქვს ეს `სოლიდური~ ბანკნოტები თუ პირიქით, აქეთ ამატებს, მარტო მოქმედებს თუ ვიღაცის დავალებით?... დიმიტრიმ ბანკის მოპირდაპირე მხარეს სკვერში გადაინაცვლა და გამოსაჩენ ადგილას დაჯდა, ორი ასაკოვანი მანდილოსნის მეზობლად. ის დროა, თავი გაიშიფროს, თორემ ხვალ თორნიკე ფეხს დაჰკრავს და თბილისში გაფრინდება. უკანა რიცხვით გინდ გამოგიჭერია, გინდა არა. ისედაც, რომელი პროკურორი დიმიტრია დაკითხვა მოუწყოს. ფაქტზე უნდა წაასწროს, ფაქტზე... რეაქციას დააკვირდეს და სათანადო დასკვნები გამოიტანოს. 000 ასაკოვანი ქალბატონები ფრანგულად მეტყველებდნენ. ათიოდე წუთში დიმიტრიმ ზეპირად იცოდა მათი ოჯახური პერიპეტიები და კიდევ ერთხელ რწმუნდებოდა, რომ სიბერე გაცრუებული იმედების სასაფლაოა. ამ დროს საკმაოდ კეკლუცი ქალბატონები ბრძანდებოდნენ, ბობოქარი წარსულის ანაბეჭდით დანაოჭებულ სახეებზე. ოჯახის წევრები გაჭორეს, ავადმყოფობაზე გადავიდნენ. აქ გამოცოცხლება დაეტყოთ. ალბათ იმიტომ, რომ ოჯახური ისტორიები წარსულის გამოძახილი იყო, ავადმყოფობა კი აწმყო. გაირკვა, რომ ერთს მეტეორიზმი აწუხებდა, რის გამოც დღეგამოშვებით მიირთმევდა გვირილისა და პიტნის ნახარშს. მეორე ოთხ საღ კბილს მისტიროდა, რომელიც უსინდისო სტომატოლოგმა ძვირადღირებული პროთეზის გამო ამოუღო. კბილებიდან გულ-სისხლძარღვთა დაავადებაზე გადავიდნენ, მერე სიკვდილზე, მერე მათ წარმოდგენაში არსებულ პურიტანულ სამოთხეზე... ამასობაში, ბანკიდან კმაყოფილი თორნიკე გამოვიდა, არანაკლებ კმაყოფილი ადამ რეინოლდსის თანხლებით. ჰოპლა-2! არხეინად მჯდარი დიმიტრის დანახვაზე თორნიკე შეცბა. ვერ გადაეწყვიტა, მიესალმოს თუ არ შეიმჩნიოს. რაღაც გადაულაპარაკა ადამს, იმან სკვერის მიმართულებით გამოიხედა და სავარაუდოდ არშემჩნევის სტრატეგია დაუწუნა. რადგან მეორე წუთში თორნიკემ დიმიტრი ადამს წარუდგინა, როგორც პროფესიონალი ჟურნალისტი და ერთ-ერთი ტელეკომპანიის ექს გენდირექტორი. ვიდრე ადამი კრიტიკულ მზერას ახალგაცნობილ ქართველზე დაასრიალებდა, თორნიკე თანამემამულის სკვერში ყოფნით დაინტერესდა. _ თოჯინების მუზეუმში ვიყავი. _ იცრუა დიმიტრიმ. _ შენ? _ მეც. _ მოუჭრა თორნიკემ და გზის გადაგრძელებლად მოემზადა, მაგრამ ადამი გაჯიქდა: გინდა თუ არა უახლოვეს კაფეში თითო ჭიქა ვისკიზე გადავკრათო. დიმიტრი სიამოვნებით დათანხმდა, თორნიკემ კი ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა, თუმცა ნაძალადევ ღიმილზე ეტყობოდა დიდად არ მოეწონა ადამის ინიციატივა. მართალიც იყო, კაფეშიც იგივე განმეორდა, რაც ამასწინათ, რესტორანში. იმ განსხვავებით, რომ გოგი თოფურიას მაგივრად ადამ რეინოლდსი იჯდა, რომელმაც დიმიტრთან გააბა ზოგადსაკაცობრიო მასლაათი. თორნიკე კი იდიოტივით იჯდა. ახლაც და მაშინაც. ეს ყოვლისმცოდნე ჟურნალისტი უკვე მეორედ ამცირებდა საკუთარ თვალში. დროა ადგილზე მოაჯინოს. ასეც მოიქცეოდა, რომ არა ადამის მოულოდნელი ინიციატივა. მან დიმიტრის არც მეტი, არც ნაკლები ახალი ტელეკომპანიის შეფობა შესთვაზა. მეტიც, თორნიკეს თვალით ანიშნა, მომეხმარეო.

_ ხო, ხო, ნუ დაიბენი, _ ნაძალადევი ენთუზიაზმით აჰყვა თორნიკე. _ სერიოზულ საქმეს გთავაზობს. სიხშირე უკვე დათრეული გვაქვს. _ ქართულად მიაყოლა. ტელევიზია. აი, თურმე რაშია საქმე, მიხვდა დიმიტრიმ. ყველაფერი პაზლის პრინციპით დალაგდა. ბანკი, ფული, ტელევიზია, სიხშირე... ოპერაცია კოდური სახელწოდებით `გაები ჩიტო მახეში?~ დასასრულს უახლოვდებოდა. მიხეილ ხვედელიძეს ყოფილი გებეშნიკის ალღომ არც ამჯერად უმტყუნა. იმიტომაც ვერ უშვებებენ პენსიაზე, ახალ მთავრობასაც სჭირდება მისი სტრატეგიული ნიჭი. ახალ მთავრობას, რომელსაც მისივე წიაღში აღმოცენებული და სავარაუდოდ მათივე ფულებით გალაღებული თორნიკე ახლა ძირს უთხრის. _ ოპოზიციაში მიდიხარ? _ მიუბრუნდა თორნიკეს. _ ასე გამოდის. _ და საკუთარი რუპორი გჭირდება. _ ასე გამოდის. _ რომელ პარტიაში მიიბარგები? _ დაკითხვას მიწყობ? _ არა, ინტერვიუს ვიღებ. _ გაეღიმა დიმიტრის. _ ბევრს თუ გაახურებ, წეღან შემოთავაზებული წინადადება ანულირებული იქნება. _ პრობლემაა, ბატონებო? _ შეშფოთებული ხმით დაინტერესდა მისტერ რეინოლდმა. აშკარად დააეჭვა ქართველების ხმის ინტონაციამ. ამათ უარყოფის ნიშნად თავები ააკანტურეს. _ მაშინ ინგლისურად ილაპარაკეთ. რას იტყვით, დიმიტრი, დაგიჯდათ ჭკუაში ჩემი წინადადება? _ ერთმნიშვნელოვნად ვერ გიპასუხებთ. გააჩნია ვინ ლობირებს ტელეკომპანიას, რა მიზნით... _ მე ვლობირებ. მიზანი მარტივია _ დემოკრატიული პროცესების დაჩქარება. `და ახალი პოლიტიკური ძალის აგიტაცია-პროპაგანდა. დესერტად, გადტრიალების მცდელობა~, თავისთვის აღნიშნა დიმიტრიმ. ცხადია, ის არ აპირებდა ერთ მდინარეში ორჯერ შესვლას, მაგრამ პირდაპირ უარის დაჯახება უტაქტოდ მოეჩვენა. მოსაფიქრებლად დრო ითხოვა და თემა გადაიტანა. ზოგჯერ განყენებულ საკითხებზე ფუყე ლაპარაკით მეტი ინფორმაციის დაცინცვლა შეიძლება, ვიდრე გლობალური მიეთ-მოეთით. ___

მირანდა გიორგობიანი ფეხებთან ჩაცუცქულ შვილიშვილს თმას უწნავდა, თან ყოფილი რძლისკენ აპარებდა მზერას. ლელი გაზქურასთან იდგა და ჭადებს აცხობდა. ცომის პატარა გუნდები ტყაპუნით ეხეთქებოდა მის მარჯვე ხელისგულებს, მერე, უკვე გაბრტყელებულ მდგომრეობაში ტაფაზე განაგრძობდა შიშხინს. _ აი, ახლა ლამაზი გოგო ხარ, _ მირანდამ შვილიშვილს ფუტკრისფერ თმაზე აკოცა და წასასვლელად მოემზადა. _ ჭამე და მერე წადი, აგერ ჭადები ცხვება, ნიგვზიანი ბადრიჯანი მაქვს. ბროწეულით, შენ რომ გიყვარს ისეთი. _ სთხოვა ლელიმ. _ დარჩი, რა, ბებიკო, _ აჰყვა ეკა, მირანდას 9 წლის შვილიშვილი და მკერდზე თავი დაადო. მირანდას გული აუჩუყდა. უცნაურია, მაგრამ ყოფილ რძლთან თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობდა, ვიდრე საკუთარი შვილისა და ახალი რძლის გარემოცვაში. იმათ მოვალეობის მოსახდელად სტუმრობდა ხოლმე, აქედან კი წასვლა აღარ უნდოდა. მართალია, უფროსი ბიჭების გარეშე სახლში უჩვეულო სიჩუმე სუფევდა, მაგრამ სასწავლებლად იყვნენ წასულები, ქუჩაში კი არ ბირჟაობდნენ. _ ბიჭებს ხომ არ დაურეკავთ ინგლისიდან? _ შვილიშვილები მოიკითხა მირანდამ.

_ კი, რეზომ დარეკა. კარგად არიან, სწავლობენ, წუწუნებენ: გართობისთვის ცოტა დრო გვრჩებაო... _ უყურე შენ, მამაძაღლები! გართობისთვის ყრის მამამისი ამდენ ფულს? _ სწავლაში ჩადებული ფული არასოდეს არაა გადაყრილი. _ გაუღიმა ლელიმ და სუფრის გაწყობას შეუდგა. _ ნიკას შეყვარებულიც გაუჩენია. იტალიელი. არდადეგებზე თბილისში ეპატიჟება... _ რა დროს ნიკას ცოლია, ბავშვია ჯერ! _ შეიცხადა მირანდამ. _ ცოლი რა შუაშია, უბრალოდ მეგობრობენ. _ ქალის და კაცის მეგობრობა ვინ დაიჯერა? _ მეგობრობაში სხვა რამესაც ვგულისხმობ. _ რას? _ დაინტერესდა ეკა. _ სწავლას, სიხარულო, სწავლას. _ ლელიმ ყოფილ დედამთილს თვალი ჩაუკრა, რაც მხედველობიან არ გამორჩენია ეკას და მაშინვე ცხვირი ჩამოუშვა. მამას გავდა გოგო. ისიც ბუტია იყო ბავშობაში. ეჰ, შინაგანად ამოიოხრა მირანდამ. ვერაფრით ინელებდა შვილს ოჯახის დანგრევას. ვერც იმას იჯერებდა, რომ ლელის ქმრის ღალატი შეეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალი აუფრიალეს კეთილისმყოფელებმა. სათაურიც ისეთი ჰქონდა, სირცხვილით დაიწვა ქალი. `ცეცხლოვანი ტანგო ლელი გიორგობიანისგან~. ის, რომ მისი ვაჟი ქალებს არ იკლებდა, მირანდამ იმთავითვე იცოდა და თავის დროზე ლელის ტუქსავდა კიდეც: ტყუპები ბაღში მიიყვანე და მუშაობა დაიწყეო. მაგრამ ლელიმ როგორც ტყუპი (რეზო და ნიკა) წამოზარდა, მესამე შვილი გააჩინა და 10 კილო მოიმატა. იმ ფონზე, რომ ყოველთვისაც ფერ-ხორციანი იყო. მირანდას არაფერი ჰქონდა რძლის წონის საწინააღმდეგო, პირიქით, მის კომპლექსიას და მხიარულ ხასიათს უხდებოდა კიდეც, მაგრამ ეტყობა თორნიკეს გამხდარი ქალები მოსწონდა და ქეც მოიყვანა ბალერინა. არა, არ უნდა მისულიყო საქმე გაყრამდე. რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. თორნიკეს მტრის ხელი ურევია ამ საქმეში. ვიღაცას ყელზე დაადგა მისი შვილის თავბრუდამხვევი კარიერა და შური იძია. ვინ იცის, ტანგოს მოცეკვავე კაციც იმისი მოგზავნილია და ზედ დაყოლებული ფოტოგრაფიც. მირანდას კარგად ახსოვს ის დღე, თუმცა მას შემდეგ ერთი წელი გავიდა. გაუხარდა, როცა რძალმა უმცროსი შვილიშვილი დაუტოვა _ მეგობრის დაბადების დღეზე მივდივარო. ძალიან კარგი. წავიდეს, გაერთოს, თორემ თორნიკე მთელი დღე სამსახურშია, ეს კი გადებულია სახლსა და ეკას სკოლას შორის. წაიყვანე-წამოიყვანე, აჭამე-ამეცადინე, გარეცხედაალაგე, ქმარს დახვდი... ზედმეტი არაფერი ვარგა. თურმე რესტორანში მიიჩქაროდა, ტანგოს საცეკვავად... სამიოდე კვირაში თორნიკემ დედამისს ახალი ცოლი წარუდგინა. კირას არაფერი ჰქონდა დედამთილის დასაწუნი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საერთო არაფერი აქვთ. ხელოვნებაში მირანდა დიდად ვერ ერკვეოდა, ოჯახის წევრებთან პოლიტიკურ თემებზე ლაპარაკს თორნიკე გაურბოდა. უღიმღამო დიალოგი ცივ ზამთარსა და ადრიან გაზაფხულზე ათიოდე წუთში ამოიწურა. ბედად თორნიკეს მაიამიზე გადაღებული ფოტოსურათები გაახსენდა, თორემ ასე იჯდებოდნენ, თევზებივით. ამასობაში ჭადებიც გამოცხვა და სუფრას მიუსხდნენ. მირანდას მოსწონდა ლელის გაკეთებული კერძები. ალბად იმიტომ, რომ სიამოვნებით აკეთებდა. ხელებიც რაღაცნაირი ჰქონდა... მყუდრო, შინაურული, დადებითი ენერგეტიკით. ქმართან გაშორების შემდეგ საგრძნობლად დაიკლო წონაში, მაგრამ რატომღაც არ მოუხდა. ეტყობა მისი მომრგვალებული ფორმები პირდაპირპრორციულად აისახებოდა მის ხასიათზე. გამხდარი ლელი ცოტა გულჩათხრობილი გახდა, აღარც თვალები უციმციმებდა ძველებურად, თუმცა ყველანაირად ცდილობდა სხვების დასანახად ხალისიანი ყოფილიყო. მირანდას ძალიან უნდოდა გულახდილ ლაპარაკში გამოეწვია რძალყოფილი, მაგრამ გამბედაობა არ ყოფნიდა. სულაც სიმართლის მოსმენა აშინებდა.

_ ძალიანაც ნუ გამოძღები, ნახევარ საათში დაბადების დღეზე მიდიხარ. _ შვილს შეხსენა ლელიმ ტელევიზორი ჩართო. საინფორმაციო გამოშვება გადიოდა. _ არ მივდივარ. _ რატომ? _ არ მინდა და იმიტომ. ვერ ვიტან ამ დაბადების დღეებს. _ რატომ, ბებო, წადი, გაერთობი... _ შეეხვეწა მირანდა. ეკას სატირლად მოეღრიცა ტუჩები. მირანდამ კითხვის ნიშნით სავსე მზერა ლელის მიაპყრო. _ სულ ასეა ამ ბოლო დროს. პათოლოგიური სიმორცხე დასჩემდა. ცურვაზე სიარულს თავი დაანება, მუსიკის გაკვეთილებს აცდენს. უფლება რომ მივცე, სკოლაშიც არ ივლის. მირანდა ყელზე დაადგა ჭადის ლუკმა. ეკამ ყველაზე მძიმედ გადაიტნა მშობლების დაშორება. უფრო სწორედ, სკანდალი, რომელიც დაშორებას უძღოდა. ის, სასათბურე პირობებში გაზრდილი ბავშვი ერთ მშვენიერ დღეს ხედავს როგორ ცემს დედას გამძვინვარებული მამა, მერე ჩემოდანს ალაგებს და სხვა ქალთან მიდის. ასეთი სტრესმა შეიძლება დიდიც გატეხოს, არათუ 9 წლის ბავშვი. _ მითხარი, რა გაწუხებს, ჩემი გოგო? _ მირანდამ თავჩაქინდრულ შვილიშვილს თავზე ხელი გადაუსვა. ეკა უსიტყვოდ წამოხტა და სამზარეულოდან გავარდა. _ მე ვიცი, რაც აწუხებს. _ თქვა ლელიმ. _ ხვალიდან მუშაობას ვიწყებ და ნერვიულობს. _ მუშაობას?... _ ჰო, სამი თვეა წიგნებს ვუზივარ, გამოცდა თუ არ ჩავაბარე, ადვოკატად არავინ გამაფორმებს. იქამდე თანაშემწედ გავივლი პრაქტიკას. ვნახოთ, რა იქნება. მირანდას ახლაღა გაახსენდა, რომ რძალს იურისტის დიპლომი აქვს. დედამთილი რომ უჩიჩინებდა, მუშაობა დაიწყეო, ბავშვებზე ანიშნებდა: აი, ჩემი სამსახურიო. უსათუოდ ქმარმა უნდა მიგატოვოს, რომ წინსაფარი მოიხსნა და ხალხში გაერიო. მოულოდნელად მირანდა უსიამოვნო წინათგრძნობით აივსო. ისეთი ნაღველი შემოაწვა, ყელზეც კი ჩამოისვა ხელი, ხომ არ ვიხრჩობიო. რა თქვა ლელიმ ისეთი? მხოლოდ ის, რომ მუშაობის დაწყებას აპირებს... რას უნდა ნიშნავდეს ეს ბნელი, მახრჩობელა, ყოვლისმომცველი ენერგია?... _ აბა, რა ვქნა, როდემდე ვუყურო ხელებში სხვის ქმარს? _ განაგრძო ლელიმ. _ სხვისი ქმარი შენი შვილების მამაა. _ იმიტომაც იკლავს შვილების ნახვით. დავუშვათ, ბიჭები აქ არ არიან, ეკა რა დააშავა? ორი თვეა ბავშვი არც უნახავს, არც მოუკითხავს. მარტო ფულს აგზავნის. თითქოს ფული ყველაფერს წყვეტდეს. _ ფული რომ არა, შენი შვილები საზღვარგარეთ ვერ ისწავლიდნენ. _ სამაგიეროდ ქმარი მეყოლებოდა გვერდით. ღირსეული ქმარი და არა ბანკომატი. მირანდა უსიტყვოდ დაეთანხმა. სიმდიდრე და ღირსება ერთად ვერ ძოვენ. მით უფრო, ჩვენსავით ღარიბ ქვეყანაში, სადაც პატიოსნად გამდიდრებული კაცი ისეთივე იშვათობას წარმოადგენს, როგორც წითელ წიგნში შესატანი ფრინველი. ხელფასით რომ არ გუგუნებს მისი შვილი მონაკოში, ამას სულელიც მიხვდება. _ ეკას ვისთან იქნება ხოლმე? _ სკოლიდან ჩემი და გამოიყვანს, საღამომდე დედაჩემთან იქნება. მერე მე... _ ლელის სიტყვა გაუწყდა. მისი დაძაბული მზერა ტელეეკრანისკენ იყო მიმართული. ჟურნალისტი მკვლელობის ფაქტს აშუქებდა. ვინმე ნატო ტაბატაძე მოუკლავთ, მეზობლის ბინაში. ბინა ეკუთვნის მოქალაქე ლევან პატარიძეს, რომელსაც ამ წუთებში უკეთდება ნარკოლოგიური ექსპერტიზა. ეჭვიტანილი ამტკიცებს, რომ მან დაზარებულ ტაბატაძეს შვილთან დარჩენა სთხოვა... კადრში გამოჩნდა პოლიციელების ხელში

აფართხალებული ლევიკო, რომელიც რეანომობილისკენ მიიწევდა, სადაც გადაჰყავდათ მისი შოკში მყოფი შვილი... მიტკალივით გადაფითრებული ლელი პირმომუწული შევარდა სააბაზანოში. გული აერია. მირანდა ყველაფერს მიხვდა. ის იყო, ტანგოს მოცეკვავე. ___ ხელისუფლების ყოფილი ფავორიტის თორნიკე გიორგობიანის მონაკოში ვიზიტი ახალი მფარველისა და დიდი ფულის მოზიდვასთან არის დაკავშირებული. ასე ჩანდა დიმიტრის მოკვლევიდან, რომელსაც ამ წუთებში მიხეილ ხვედელიძე ეცნობოდა. გულის სიღრმეში უფრო რომანტიკულ სვლებს ელოდა. მასონური ლოჟები და დახურული კლუბები ეტყობა მართლა წარსულის გადმონაშთია. თავმოყვარე მზვერავმა სერიოზულად არც უნდა განიხილოს, მაგრამ რომ იტყვიან, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. მიხეილს რომ ჰკითხო, ჩვეულება ნებისმიერ გრძნობაზე უმტკიცესია. 2 წლის წინ, როცა ის იძულებით პენსიაზე გაუშვეს, ჩვეულებისამებრ დილის 8 საათზე დგებოდა ხოლმე, წვერს იპარსავდა და მერეღა ახსენდებოდა, რომ არსად ეჩქარება. თურმე 24 საათიან რეჟიმში ცოლის ყურებაც ძნელი მისაჩვევია. გაგიჟდა კაცი, ლამის სიბერეში გაეყარა საყვარელ მეუღლეს. კიდევ კარგი, დროზე დააბრუნეს, თორემ თავიდან მოუწევდა გადაჩვევა. თორნიკეს პოლიტიკური სვლები მეტ-ნაკლებად გასაგებია, მაგრამ რა კავშირშია მასთან მოკლული ექთანი ნატო ტაბატაძე, რომელსაც სამსახურშიც დადებითად ახასიათებენ და არც კრიმინალურ ქმედებაში შენიშნულა. მაგრამ ის ლევიკო პატარიძის ბინაში მოკლეს, ეს უკანასკნელი კი თორნიკეს პირველ ცოლის, ლელის მიმართ სკანდალის აგორებაშია შემჩნეული. შემთხვევითობის პირობაზე ბევრი დამთხვევაა. რაც შეეხება ლევიკო პატარიძეს, მიუხედავად ეჭვმიტანილის სტატუსისა, მის უდანაშაულობაში მიხეილს ეჭვი არ ეპარებოდა. იმავე მოსაზრება გააჟღერა პროკურორმა, რომელსაც არც ბრალეულობის დამამტკიცებელი საბუთი გააჩნდა, არც მოტივი, რის გამოც შეიძლება ლევიკოს მეზობელის ქალი მოეკლა. და მიუხედავად ასეთი ოპტიმისტური მესიჯისა, სულ ახლახანს მიხეილისთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურორმა წინასწარ პატიმრობაში დატოვა ლევიკო. სანდო წყარომ, ზევიდან განხორციელებული ზარის საფუძველზეო. ერთადერთი ადამიანი, ვინც მეტ-ნაკლებად შეიძლება ყოფილიყო დაინტერესებული ლევიკოს იზოლაციით, იყო თორნიკე, მაგრამ დღეის მდგომარეობით მას არც ის კომპეტენცია გააჩნდა, რომ `ზარები განეხორციელებინა~ და ლოგიკურად თუ მივუდგებით, არც სურვილი უნდა ჰქონოდა. თუმცა ჩაჩოჩებული ჩინოვნიკის დათქმულ დროზე ადრე თბილისში ჩამოფრენა გარკვეულწილად ეჭვებს აღძრავდა. თორნიკე თუ აქ არის, დიმიტის რაღა დარჩენია მონაკოში? მიხეილმა დაუყოვნებლივ გადარეკა: _ შენ რაღაც ნამეტანი გაგიტკბა ფირუზისფერ სანაპიროზე კოტრიალი? _ გაეშაყირა თბილისიდან. _ ჩემი მისია შესრულებულია. აწი, ჩემს ხარჯზე რამდენ ხანაც მინდა, იმდენს ვიკოტრიალებ. _ გვერდები არ დაგებეჟოს. _ მინდა გითხრა, აქ ისეთი მასაჟისტებია... _ შეახარბა დიმიტრიმ დ გვანცას მოქნილი თითები წარმოიდგინა. _ ხუმრობის გარეშე, როდის ჩამოხვალ? _ მაქსიმუმ ერთ კვირაში. _ დიმიტრის ხმა მანქანების გუგუნში დაიკარგა. _ ცუდად მესმის, სად ხარ? _ ტრასაზე, ნიცაში მივდივარ. _ ჩვენ ბოდიში. _ მიხეილმა უკმაყოფილოდ ჩაახველა. _ მოკლედ, ნიცა დაიცდის, მე აქ მჭირდები.

_ ბატონო მიხეილ, ჯაშუშობა რომ მდომოდა უშიშროებაში მუშაობის დაწყებას ვერავინ დამასწრებდა. გემშვიდობებით, თორემ დამაჯარიმებენ. მიხეილმა ნერვიულად აათამაშა მაგიდაზე თითები. დიმიტრის თვითნებობა აღიზიანებდა, თუმცა მასთან ურთიერთობა მოსწონდა. ფაინა რენევსკაიასი არ იყოს, რაც გსიამოვნებს _ ან მავნეა, ან ამორალური, ან გასუქებს. მიხეილს შეეძლო კომპრომისზე წასვლა, საჭიროების შემთხვევაში, კუდის ქიცინიც. ის საბჭოთა პროდუქტი იყო, მორჩილება და მლიქვნელობა სისხლში ჰქონდა გამჯდარი. დიმიტრი კი უმართავია. ამასწინათ, მიხეილმა საკუთარი პირით გადასცა ტელეკომპანიის დამფუძვნებლის დანაბარევი ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით: შენმა პროტეჟემ თუ ასეთი ფორმით განაგრძო სიუჟეტების კეთება, მის გადაცემას დახურვა ემუქრებაო. რაზეც დიმიტრიმ ტლინკები აყარა: `კრიმინალისტური სიუჟეტი საშობაო საჩუქარი არ არის, წითელი ლენტებით მოვრთოო~. მიდი და ელაპარაკე ამის მერე? კუთხეში თუ მოიმწყვდევ, სხვაგან გადავა, იქაც თუ შეუზღუდვ არეალს, დაჰკრავს ფეხს და ისევ საფრანგეთში გადაიხვეწება. ნიჭიერი კადრების ქვეყნიდან გადინება ქვეყნის ინტერესებში არ შედიოდა. მიხეილს კი უყვარდა თავისი ქვეყანა. მაშინაც, როცა ქარი ჩრდილოეთის უბერავდა და ახლაც, როცა ანტლანტის ოკეანიდან უბერავს. მეორე ზარი დიმიტრიმ პროკურატურაში ჩანერგილ ინფორმატორთან გაუშვა, იმ იმედით, რომ ზევიდან დარეკილი ზარის იდენტიფიკაცია მოახერხა. რაო? მიხეილი დამდუღრულივით წამოჭრა. მოკვდა? ლევიკო პატარიძე მოკვდა? საკანში? გულის შეტევით? ეს საკეკნკი პრესას დაუყარონ! მიხეილმა აღშფოთებული შეძახილებით ჰაერის შელაყლაყებას ციხეში წასვლა ამჯობინა. ადგილზე გაარკვევს, ამისთანა რა სუსტი გულის პატრონი იყო ახალგაზდა კაცი, რომ წინასწარი დაკავების საკანში განუტევა სული? ინტუიცია კარნახობდა: აქაც იდუმალის ზარის ავტორის ხელი ურევია. ციხის ეზოში ჩოჩქოლი შეინიშნებოდა. ადამიანების მცირერიცხოვანი ჯგუფი აქტიური ჟესტიკულაციითა და ხმამაღალი შეძახილებით ითხოვდა ექსპერტიზაზე ადვოკატის დასწრებას. ადვოკატი არც მეტი, არც ნაკლები ლელი გიორგობიანი აღმოჩნდა. მაღალი, მოხდენილი ქალი რენუარის სტილში. მიხეილს მოსწონდა რენუარის ქალები. ცოლიც ასეთი ჰყავდა, მტრედივით თეთრი და მყუდრო. სუნამოც სასიამოვნოდ ეცნო. მიხეილმა ჰალსტუხი შეისწორა და ქალს თავი წარუდგინა. მან უნდობლად შეხედა. ეტყობა, უშიშროება საშიშროებად აღიქვა, ვიცე პოლკოვნიკის ორფეროვანი ულვაში კი ბუნების ანომალიად. არცაა გასაკვირი, მას შემდეგ რაც თმაში ჭაღარა გაურია, მიხეილს თავად უკვირდა მარჯვენა საულვაშის სიქათქათე, მაშინ, როცა შავგრემანი მარჯვენა უწინდებურად განაგრძობდა ბიბინს. რომ ვერც შეელია, სავიზიტო ბარათის ამბავში დაიტოვა. _ რა გნებავთ? _ ჰკითხა მკაცრად. _ თქვენი დახმარება მნებავს. _ მერე დამეხმარეთ, აი, არ მიშვებენ, ადვოკატის ლიცენზია არა გაქვსო. _ მართლა არ გაქვთ? _ დღეს არ მაქვს, ხვალ მექნება. _ ლელიმ გამომწვევად შეხედა, თუმცა ხმამ გასცა. თვალების ბრიალი რომ დილეტანტიზმს ანეიტრალებდეს, ყველა დააბრიალებდა. _ გასაგებია, გასაგები, თქვენ ნუ ღელავთ. ჯერ მინდა ვიცოდე, რას ფიქრობთ ლევიკოს სიკვდილზე? _ მკვლელობაზე. _ შეუსწორა ლელიმ. _ რა გაძლევთ ამის საფუძველს? _ რატომ უნდა გენდოთ? _ იმიტომ, რომ თქვენ და ჩემი ცოლი ერთა და იმავე სუნამოს ხმარობთ. _ გულღიად გაუღიმა მიხეილმა. _ `ბუდუარი~, არა?

ლელიმ შემცბარმა დაუკრა თავი. ეს უცნაური პოლკოვნილი მისტიკურად დაყენებული ულვაშებით ბულგაკოვის ცნობილი რომანის პერსონაჟს აგონებდა. ვოლანდს არა, უფრო კატა ბეჰემოტს, რომელიც ფინალში სევდიანი პაჟი აღმოჩნდა. სხვათა შორის, კატასთან მიმართებაში იქაც უშიშროება ფიგურირებდა. შეიძლება გაგიჟდეს კაცი, კუდიან-ულვაშიანი მაქცებიღა აკლდა ყველა სიკეთესთან ერთად! _ კიდევ იმიტომ, რომ მეც არ მჯერა მკვლელობის ვერსიის. _ მიხეილმა ცბიერად მოჭუტა თვალები. _ უბრალოდ, არგუმენტი მჭირდება, ან ნივთიერი სამხილი. თქვენ შეიძლება იცით ის, რაც მე არ ვიცი. სუნამოს თანხვედრამ იმოქმედა თუ მისტიკურმა პარალელებმა, ფაქტია, რომ ლელი ერთი კოზირი გადმოაგდო: _ ლევიკოს რაღაცის გადმოცემა უნდოდა ჩემთვის და ეს რაღაც პირდაპირ კავშირშია ჩემს ოჯახთან. ტელეფონით ვერ გეტყვი, მეშინია არ ისმინებოდესო. _ გასაგებია. დიდი ხანია ლევიკოს იცნობს? _ არც ისე. _ რა ურთიერთობა გქონდათ? _ დაკითხვას მიწყობთ? _ ლელიმ კოპებშეკრული მიაჩერდა. მის თვალებში ისევ აინთო უნდობლობის ნაპერწკალი. _ მენდეთ, ქალბატონო ლელი, მენდეთ. _ შინაურულად გაუღიმა მიხეილმა. _ მე კარგი ვარ. _ დამიმტკიცეთ. მიხეილმა მოკლედ, მხედრული მანერით დაუკრა თავი, 180 გრადუსით შეტრიალდა და მტკიცე ბაბიჯით წავიდა ციხის კარიბჭის მიმართულებით. გზადაგზა თავის მაგიურ სივს უკეთებდა დემონსტრირებას. ... ნახევარ საათში ლელი მიხეილის მანქანაში იჯდა და მოსმენილის აღქმას ცდილობდა. ჯაბა დევდარიანის სახელი მას არაფერს ეუბნებოდა, მაგრამ მიხეილის ინფორმაციით ამ ადამიანმა ამანათი გადასცა მეგობარ ლევიკოს. ოფიციალური მონაცემებით, თბილი ტანსაცმელი და სიგარეტი, არაოფიციალურით _ ამანათს თან ახლდა შპრიცი კომბინირებული ნარკოტიკით, რომელიც პატიმარმა დიდი სიამოვნებით გაუშვა ვენაში და ზედოზირებით გარდაიცვალა. როგორი დასკვნაც არ უნდა გამოიტნოს ექსპერტიზამ, ფაქტი სახეზეა: ჯაბა არასასურველი მოწმის მოსაშორებლად იყო შეგზავნილი. ნარკოდმოკიდებული კაცის წამოკიდებას არ უნდა დიდი ფილოსოფია. _ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ყველაფერი მაღალი ინსტანციებიდან იმართება. _ ვარაუდი გამოთქვა ლელიმ. _ როგორც ორჯერ ორი ოთხი. _ დაუდასტურა მიხეილმა. _ მერე რას ვაკეთებთ? _ ჯაბას სანახვად მივდივართ. ლელიმ ახლაღა შეამჩნია, რომ უკვე კარგა დიდ მანძილზე გამოსცდნენ ციხის ტერიტორიას. უკან დარჩა წარსული, ლევიკოსთან დაკავშირებული ეპიზოდი, თავდვიწყებული ტანგო, ეჭვიანობისგან გონდაკარული თორნიკე, თანაგრძნობით მოვიშვიშე ნათესავები... რაღაც ახალი ეტაპი იწყებოდა ლელის ცხოვრებაში. მიუხედავად გადატნილი სტრესისა, გაცილებით საინტერესო და შინაარსიანი. ამ ახალ ცხოვრებაში, ის აღარ იქნება ქალი, რომელსაც დიახლისის სადღეგრძელოს მოსასმენად სამზარეულოდან გამოიძახებენ და მერე უკან შეაბრუნებენ: არიქა, მწვადი არ დაიწვასო. ის იქნება ლაღი და თავისუფალი, როგორც ბულგაკოვის მარგარიტა. ოღონდ ოსტატის გარეშე. მისი `ოსტატები~ არ აღმოჩდნენ სიმაღლეზე. _ ბატონო მიხეილ, ლევიკო ნარკომანი იყო? _ ახალი ამბავი! _ ჩაიცინა მიხეილმა და გამომცდელად შეხედა. _ ჩემთვის ახალია. _ ჩაილაპარაკა ლელიმ. _ როგორც ჩანს, ცუდად იცნობდით. _ ნამდვილად არ ვიცნობდი კარგად. _ და მაინც ურთიერთობდით...

_ ის საინტერესო ადამიანი იყო, ნიჭიერი მხატვარი... _ არასოდეს გაგჩენიათ აზრი, რომ მოგზავნილია? ლელიმ მზერა აარიდა. გასჩენია, კი, მაგრამ იქვე დაუბლოკავს. კაცს, რომელიც მიტოვებული ქალის კომპლექსის დაძლევაში მიეხმარა, ფიქრშიც ვერ გაწირავდა. მიხეილი აღარ ჩასციებია. მით უფრო, უკვე მივიდნენ ადგილზე. ხუთსართულიანი კორპუსი, სადაც ჯაბა ცხოვრობდა, საგანგაშო ბზარებს დაეფარა. მაგრამ ხალხი ცხოვრობდა. ვიღას სილამაზის სალონიც კი გაემართა პირველ სართულზე. თმის შეჭრა: 3 ლარი. იაფია. ჯაბას ბაქანზე მეზობლის ძაღლი აყეფდა. ხმის მიხედვით, პატარა ძაღლი უნდა ყოფილიყო _ მექსიკური ნამცეცა ან ჩინური ქოჩორა. ასეთებს დიდი გული და სუსტი ნერვები აქვთ. ნებისმიერ გაფხაკუნებაზე პანიკაში ვარდებიან. ჯაბა კარს არ აღებდა. ან არ იყო შინ, ამ იმალებოდა. მაგრამ სად დაემალები უშიშროების ყოვლისშემძლე საცეცს? მიხეილმა უცერემონიოდ შეაღო კარი და გიგანტურ კატასავით შეაბიჯა ბინაში. ლელიც სუნთქვაშეკრული შეჰყვა. თუმცა ფეხის შედგმისთანავე პირზე მომუჭელი ხელები აიფარა და მომენტალურად მოიკეცა, თითქოს მუცელში ტყვია დაახალეს. `ბითლების~ პლაკატებით აჭრელებულ ოთახში პირქვე ეგდო თავგაჩეჩქვილი ჯაბა. _ დავაგვინეთ. _ დანანებით აღნიშნა მიხეილმა და უხერხულად მოხრილ მანდილოსანს ხელი შეაშველა. _ ხელწერა იგივეა. _ დაამატა ტუჩებდაქაჩულმა. ლელიმ სუნთქვა დაარეგულირა და წელში გასწორდა. ადვოკატობა თუ უნდა, სისხლის გუბეში ჩაწობილი გვამის დანახვაზე მუცლის გვრემა კი არ უნდა დაიმართოს, პირიქით, ძალა მოიკრიბოს და ცივი გონებით გაანალიზოს არსებული ვითარება. _ ნატო ტაბატაძე გყავს მხედველობაში? _ ძლივს დაიმორჩილა აკანკალებული ხმა. იმედია, მიხეილმა არ შეამჩნია. _ ჰო. იდენტური სცენაა. ქურთუკის გახდაც ვერ მოასწრო ამ უბედურმა, ეგრევე რეკეს კეფაში. დიდი ეჭვი მაქვს, აქაც ჩაქუჩი ფიგურირებდა. _ სამაგიეროდ, გზავნილის დაწერა მოასწრო. _ ლელიმ გვამის გვერდით, კედელზე სისხლით მიწერილ რიცხვებზე მიუთითა. მიხეილი გაფაციცდა, სათვალე გაიკეთა, ახალგაზრდული შემრთებით ჩაიცუცქა კედელთან. _ 2, 4, 8... _ წაიკითხა ხმამაღლა. _ გეომეტრიულ პროგრესიას ჰგავს. _ არა, ლათინური ასოებიცაა... აი, შეხედეთ, ა, ჳ... თუ ერთიანია? _ კოდი! _ წამოიძახა ლელიმ. _ ყოჩაღ, _ შეაქო მიხეილმა. _ სავარაუდოდ, ანგარიშის ნომერია. მაგრამ სად ვიპოვოთ ბანკი, რომელსაც ამ კოდს მოვარგებთ? _ რომც ვიპოვოთ, ბოლო ორი სიმბოლო ისეა გადღაბნილი, ვერ გაიგებ, ასოა და ციფრი. მიხეილმა სისხლიანი გზავნილი მობილურზე დააფიქსირა და ჯაბას ჩხრეკას შეუდგა. _ ასეც ვიცოდი! _ წამოიძახა იმედგაცრუებულმა. _ მობილური ხელს გააყოლეს. _ რატომ? _ შემოსული ან გასული ზარების მიხედვით მკვლელზე რომ არ გავსულიყავით. _ დამკვეთზე, ბატონო მიხეილ. ჯაბას რომ მკვლელის ვინაობა სცოდნოდა, პირველ რიგში, ვიდრე სისხლისგან დაიცლებოდა, მის სახელს დაწერდა კედელზე. _ გეთანხმები, მაგრამ იმასაც ნუ გამორიცხავ, რომ მიხედვაც ვერ მოასწრო, ისე გათიშეს. ეს უკვე კრიმინალისტების პრეროგტივაა. _ გამოდის, მკვლელი სახლში დახვდა... _ ლელიმ ციცქნა სამზარეულოში შეიჭყიტა და ჩაფიქრებული შედგა გვამის წინ. _ პოლიციას არ შევატყობინოთ? _ როგორც კი აქაურობას დავტოვებთ. _ უპასუხა მიხეილმა. ლელიმ გაკვირვებულმა შეხედა. _ დაკითხვებზე სირბილი გეხალისებათ? _ არა.

_ მაშინ, წავედით.

___ გამოჩნდა ნიცა. დიმიტრიმ სიჩქარეს მოუმატა და ისეთი აღმაფრენა იგრძნო, ლამის მანქანა გააჩერა და მთელი სანაპიროს გასაგონად დაიყვირა: ეჰეჰეეეი... ვითომ შეყვარებულია? და იქნებ თორნიკეს თბილისში გამომგზვრებამ გაალაღა ასე? ან ბატონი გოგის მალტაში ყოფნამ... ალბათ შეყვარებულია. ყვირილის სურვილი კი სხვა არაფერია, თუ არა მომეტებული ემოციების დაცლის მცდელობა. რადგან დადებითი ემოციებიც ისევე რთული გადასახრშია, როგორც უარყოფითი. უბრალოდ, პლიუს ნიშნით გიტევენ. მონაკო გადარჩა ჰაერის შელაყლაყებას, აი, გვანცა ნამდვილად ვერ გადაურჩება თუკი კიდევ ერთხელ დაძრავს სიტყვას ქმართან დაბრუნებაზე. დიმიტრი პირადად დელაპარაკება ბატონ გოგის, აუხსნის, რა და როგორ. ცხადია, თავზე ხელს არავინ გადაუსვამს, მაგრამ მისი და გვანცას დროში გაწელილ ურთიერთობასაც უნდა დაერქვას თავისი სახელი. როდემდე უნდა ატყუო სხვებიც და საკუთარი თავიც?! დიმიტრის მოენატრა ოჯახური გარემო, სტაბილური ყოველდღიურობა, რომელიც ზოგჯერ მოსაწყენად გეჩვენება, სინამდვილეში კი ათვლის წერტილია. თითქოს წვრილმანია, მაგრამ არის რაღაც სარკალური ცოლის ხელით მოდუღებულ ყავაში. რასაკვირველია, ყოველდღიურად ვერც ყავით აღფრთოვანდები, ვერც სექსით, მაგრამ თუკი იგრძნობ მომენტის სიდიადეს, ბედნიერი სიბერე გარანტირებული გაქვს. გარანტიის მოსაპოვებლად ბრძოლაა საჭირო, უფრო სწორედ პასუხისმგებლობის თავზე აღება. ის მზად იყო. ახლა ყველაფერი გვანცაზეა დამოკიდებული. დიმიტრიმ მანქანა სასტუმროს ავტოსადგომზე დააყენა და გვანცას მოლოდინში რადიოს აუწია. ჯო დასენს თუ აჰყვებოდა, ვერაფრით წარმოედგინა. ახლა ისეთ ხასიათზე იყო, დასენს კი არა, კირკოროვს აჰყვებოდა რამე რომ იყოს. გვანცა იგვიანებდა. სავარაუდოდ, მობილურიც დამჯდარი ჰქონდა. ოცწუთიანი ლოდინის შემდეგ დიმიტრი სასტუმროს ფოიედან გადაწყვიტა დაკავშირება. _ მუსიე ძნელაძე? _ ფრანგულად ჰკითხა რესეფშენში მჯდარმა ქალიშვილმა, როცა დიმიტრიმ ოთახის ნომერი უკარნახა. _ დიახ. _ ეს ოთახი წუხელ დაცალეს, თქვენთვის კი აი, წერილი დატოვეს. დიმიტრის სული შეეხუთა და ქუთუთოები დაუმძიმდა. უსიამოვნო წინათგრძნობათ აღსავსემ კონვერტი გახსნა. `... ვიცი, გულს გატკენ, მაგრამ დამიჯერე, შენზე მეტად მე მტკივა. ჩათვალე, რომ ეს იყო ჩვენი პირველი და უკანასკნელი თაფლობისთვე... მე ქმარ-შვილი...~ ბოლომდე არ წაიკითხა, წერილი დაანაკუწა და განადგურებულმა დატოვა სასტუმროს ფოიე.

___ კირა გაბაშვილი დიდი ხანია გამოვიდა შექსპირის ჯულიეტას ასაკიდან, მაგრამ სპექტაკლი არაერთი სეზონი იდგმებოდა თეატრის სცენაზე და მთავარ პარტიას, როგორც ყოველთვის, ის ასრულებდა. მაინც ღელავდა. უკვე მერამდენედ უსხლტებოდა ხელიდან პუანტების შესაკრავი ატლასის ზონარი. სულ იმ საძაგელი ყვითელი პრესის ბრალია. დაფიცებული ჰქონდა არასოდეს მიჰკარებოდა, მაგრამ ვიღაც ბოროტმა ჟურნალი პირდაპირ საგრიმიოროში შეუდგო და ამასაც სულმა წასძლია _ შეიჭყიტა. თურმე ნუ იტყვით, კირა გაბაშვილს აღარ შეჰფერის ნორჩი ჯულიეტას თამაშიო, წერდა ჩასაფრებული ჟურნალისტი. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! ამ იდიოტებს

ჰგონიათ, პიესის გმირისა და მისი განმასახიერების ასაკი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს! გამოდის, ჯულიეტას ურთულეს პარტიას პროკოფიევის გენიალურ მუსიკაზე 15 წლის გამოუცდელი ბალერინა უნდა ასრულებდეს?! ასეთ რისკზე არც ერთი დამდმელი ქორეოგრაფი არ წავა. ბოდიში მოიხადონ. კირას არაფერი სჭირს სამათხოვრო, კორდებალეტში სახტუნაოდ არ წამოსულა მოსკოვის აკადემიური თეატრიდან. რაც შეეხება, სცენის დატოვებას, ჯერ ადრეა. ერთადერთი, რის გამოც შეიძლება რისკზე წავიდეს, ფეხმძიმობაა. იდეა ბავშვის გაჩენის შესახებ, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, კრიტიკული სტატიის წაკითხვის შემდეგ გაუჩნდა. იყო იქ სიმართლის მარცვალი. დიდი-დიდი კიდევ ერთი სეზონი გაქაჩოს ჯულიეტობა, წლები თავისას შვება, სრულყოფილ ოჯახს კი შვილი სჭირდება. თორნიკე არ იყო იდეალური მამა, მაგრამ როცა თავის საზღვარგარეთ მყოფ ბიჭებს ელაპარაკებოდა, ტუჩები თავისით ეხსნებოდა ხოლმე ბედნიერ ღიმილში. განსხვავებით, ნაბოლარა ქალიშვილისგან. ეკასთან კონტაქტს კირასთვის აუხსნელი მიზეზით თორნიკე აშკარად გაურბოდა. ისე დიდი უკარება ბავშვი იყო, საშინელ დისკომფორტს ქმნიდა თავისი უტყვი პროტესტით. პირველი ზარი დაირეკა. სპექტაკლის დაწყებას წუთები აკლდა. კირამ საფეთქელზე ჩამოვარდნილი კულულის დასაფისირებლად უჯრაში ხელი მოაფათურა. თმის სამაგრი ადგილზე არ დახვდა ადგილზე. სამაგრს არ დაეძებდა, იაფფასიანი ბიჟუტერია იყო, მაგრამ პირადი ნივთების პერიოდული გაქრობა კირას პირდაპირ ისტერიკაში აგდებდა. იქნებ ვიღაც ჯადოს გაკეთების მიზნით იპარავს, თუნდაც თორნიკეს ყოფილი ცოლი, უფრო სწორედ, მის მიერ მოგზავნილი მსტოვარი. (ვინ იცის, ჟურნალიც მისი შემოგდებულია!) ალბათ ძალიანაც უნდა ქმარი უკან დაუბრუნდეს, მაგრამ ჯერ სარკეში ჩაიხედოს დ მერე იოცნებოს. თორნიკე გიჟი არაა ჯეირანი ძროხაში გაცვლოს. ზარი განმეორდა. კირამ ურჩი კულული მაკრატლით მოიჭრა, ჯულიეტას ნიღაბი აიკრა და ჰაეროვანი კაბის შრიალით საგრიმიორო დატოვა. დარბაზში სიურპრიზი ელოდა მეუღლის სახით. კირას გულზე მოეშვა. ის ჩამოვიდა, მისი ღიპუცა რომეო, მივლინება შეწყვიტა, სპექტაკლზე გამოქანდა... თორნიკემაც იგრძნო სცენიდან წამოსული მადლიერი იმპულსები და სიამოვნებით აწრიალდა. რა ჭკვიანური სვლა იყო პირდაპირ სპექტაკლზე გამოცხადება. ადამიანი იქ უნდა წავიდეს, სადაც მისი ნახვა უხარიათ. დედამისმა კი მთელი გზა ტვინი გაუბურღა: ეკა ჩემთან არის, უსათუოდ გამოდიო. არ უხარია ეკას ერთ დროს საყვარელი მამიკოს ნახვა და რა გინდა რომ ქნა?... ისე უყურებს ხოლმე, მამიკოს თავი უკანასკნელი გარეწარი ჰგონია. ძალიან არასასიამოვნო შეგრძნება, სხვათა შორის. რომ არა ვთქვათ, აუტანელი. კირას კი უხარია, დახე, რა მოხდენილ პირუეტი გააკეთა?... პიჯაკის ჯიბეში მობილური ვიბრირებდა. ვაჩე იყო, თითქოს ხვალამდე ქვეყანა დაიქცეოდა. თორნიკე მოთმინებით დაელოდა მორიგ სცენას და როგორც კი ჯულიეტა კულისებში გაუჩინარდა, წელში მოხრილი გაიპარა დასარეკად. _ რა გინდა, რას ამიკელი? _ მობილურს ჩაჰყვირა დერეფანში გამოსულმა თორნიკემ. _ თეატრში ვარ, დარბაზიდან ხომ არ გაგაგონებდი? _ მაიცა, აეროპორტიდან პირდაპირ მანდ დააწექი? _ გაუკვირდა ვაჩეს. _ ჰო, ვიფიქრე კირას გავამხნევებ. _ მე კი შენ გასამხნევებლად ვრეკავ. იმიტომაც აგიკელი. _ აბა, გამამხნევე! _ თორნიკემ სრული კაიფისთვის სიგარეტიც მოიმარჯვა. გამამხნევებელი ინფორმაციის მოსმენას თამბქოს კვამლი უხდება ნამეტნავად. _ შენი ცოლის შემაწუხებელი ფაქტზე გამოვიჭირე. _ მერე? _ დაჯექი და კერე! აგერ, გასკვანჭული გვიზის მანქანაში. ჩამოდი, გაგაცნობ. _ ვაჩე, ვაჩე, შე მაგარო! _ თორნიკემ სიგარეტი მოისროლა და გასასვლელისკენ დააწვა. _ მითხარი, სად ჩამოვიდე? _ თეატრის წინ ვდგევარ.

ვაჩეს მანქანაში, თორნიკეს მძღოლის გვერდით სკოჩით გაკოჭილი ხელებით იჯდა ასთენიური აღნაგობის ახალგაზრდა ვაჟი ალბინოსივით უფერული წამწამების. მის ფონზე სქელტუჩა და თმახუჭუჭა ვაჩე ავსტრალიელ აბორიგენს ჰგავდა. რომ აღარაფერი ვთქვათ ტახივით მძღოლზე. _ შენ წარმოიდგინე, საგრიმიოროდან კირას თმა მოიპარა. _ აუხსნა ვაჩემ. თორნიკემ საკუთარ ყურებს არ დაუჯერა. მაგრამ ვაჩემ ნივთმტკიცების სახით კირას ხორბლისფერი კულული დაანახა: _ სასცენო კაბაც ამის მოპარული ყოფილა! თორნიკეს ოფლმა დაასხა. კაბის მოპარვას შეიძლება ჰქონდეს ლოგიკა. გაყიდი მაინც, ფულს გაააკეთებ. რომელი წმინდანი კირაა, რომ მისი კულული მოიპარო? თორნიკემ არც აცია, არც აცხელა, დამნაშავეს თმაში წვდა და თავისკენ გამოქაჩა: _ რაში გჭირდება ჩემი ცოლის თმა? მიპასუხე, თორემ პარფრიზზე მიგასხმევინებ ტვინს. _ მიყვარს. _ თავგანწირულად დაიხრიალა ბიჭმა. თორნიკემ და ვაჩემ ერთმანეთს გადახედეს, მძღოლმა გასაპარსი ლოყა მოიფხანა. უხერხული პაუზა ჩამოვარდა, რომელიც ისევ თორნიკემ დაარღვია, როც გაკვირვებისგან ჩავარდნილი ენა ამოიდგა. _ იმას თუ უყვარხარ? პასუხმა საერთოდაც დაშოკა: _ როგორ ვეყვარები, როცა არც მიცნობს! _ ყვინჩილასავით მაღალი, მყივანა ხმით წამოიძახა ბიჭმა. ისედაც ჰგავდა წყალში ამოვლებულ ყვინჩილას. უხერხულიც კია ასეთზე ხელის გასვრა. მით უფრო, თუ პირადად არ იცნობს ტრფობის ობიექტს. თორნიკემ ხელი მოადუნა, მაგრამ ბოლომდე არ გაუშვია. _ რა გქვია? _ მირზა. _ მირზა, გენაცვალე, ერთი ამიხსენი, ეგ რანაირი სიყვარულია, როცა საყვარელ ქალს ქურდავ? _ არ ვქურდავ, უბრალოდ... კოლექციისთვის მინდოდა. _ კოლექ... მოიცა, მოიცა, კირას ნივთებს კოლექციის გამო იპარავ? ბიჭმა თავი ააკანტურა და შეკრული თითებით ცხვირის წვერზე მოკანკლე ცინგლი მოიწმინდა. _ კირას ფანი ხარ? _ ფანი არა იხვის ტოლმა! _ ვერ მოთმინა ვაჩემ. _ ამას რაც სჭირს, ელემენტალური ფეტიშიზმია. ფეტიშისტია ეს მედუზის ნაბიჭვარი. თორნიკემ ბიჭს ზიზღით გაუშვა ხელი. ფეტიშისტი. რატომ აქამდე არ მოაფიქრდა? _ რაც გინდა ის დამიძახეთ. მე ის მიყვარს. _ ამოისლუკუნა მირზამ და თავი მხრებში ჩამალა, თითქოს ისე ვერ მისწვდებოდნენ. _ რა ვუყო ახლა ამას? _ უმისამართოდ, შეიძლება ითქვას, უბოროტოდაც ჩაილაპარაკა თორნიკემ. _ ფსიქიატრიულშია ეგეთების ადგილი. _ ხმა ამოიღო აქამდე გაჩუმებულმა მძღოლმა. _ თუ კირა მომაკითხავს ხოლმე, თანახმა ვარ. _ სულ გათავხედდა ფეტიშისტად მონათლული. _ სხვას თუ აკითხავს, მე რით ვარ ნაკლები? კირა კეთილია... _ ვის აკითხავს? სად? _ დადარაჯებული ხმით იკითხა თორნიკემ. დანარჩენებიც კისერმოღრეცილები მიაჩერდნენ. ეს რაღაც ახალია. _ მოხუცს აკითხავს ხოლმე. ფსიქიატრიულში. _ სტყუი! _ რატომ უნდა მოგატყუოთ, ზეპირად ვიცი კირას განრიგი. _ რა, იწერ ხოლმე? _ კი, მე ყველა წვრილმანი მაინტერესებს. _ ბოდავს რაღაცას... _ ეჭვი შეეპარა ვაჩეს. _ ამას ახლავე გავარკვევთ. _ დაბეჭდა თორნიკემ. _ ერთი, შენი მისამართი უკარნახე ამ კაი კაცს. _ მძღოლზე ანიშნა მირზას.

ის შეიშმუშნა. ეტყობა არ მოეწონა სახლში ექსკურსიის პერსპექტივა, მაგრამ ისე დაქაჩეს უკნიდან, ლამის სკალიანა მოაძრეს ესედაც მეჩხერი თმის საფარი. დანებდა. სხვა რა გზა ჰქონდა. კარი მირზას დედამ გააღო, ჭორფლიანმა ქალმა ხერხემალზე მიკრული მუცლით, რომელზეც გაქონილი წინსაფარი ულაყლაყებდა. სოლიდური მამაკაცების ქალი დანახვაზე შეცბა. არ იცოდა, წყენოდა თუ გახარებოდა. _ ნუ გეშინია, დედი, ჩემთან არიან. _ დაამშვიდა მირზამ და ექსკურსნტებს ბინაში შეუძღვა. ბინაში მყარად იდგა მოხარშული კომბოსტოს სუნი. ისე მყარად, დანა რომ მოგექნია, კომბოსტოს ნაჭერი შეგრჩენოდა ხელში. დაორთქლილ ფანჯრებზე აცა-ბაცად დაკიდული ლილისფერი ფარდები და ჭერიდან დაშვებილი თავკომბალა ნათურა თავისთავად მეტყველებდ, რომ კირას ფანი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობდა. მირზამ შარვლის უკანა ჯიბიდან გასაღები ამოიღო და კომბოსტოს სუნით დარტიანებული მამაკაცები თავის ოთახში შეიყვანა, უფროს სწორედ მავზოლეუმში, სადაც ერთი კირას მუმია არ ესვენა, თორემ მთელი კედლები მისი აფიშებით იყო აჭრელებული. ზოგი სიძველისგან გვერდებმორღვეული, ზოგიც შედარებით ახალი. შუშიანი მაგიდის ქვეშ ჟურნალებიდან ამოჭრილი ფოტოები და სტატიები განთავსებული... მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავად აიდას კოსტუმში გამოპრანჭული მანეკენი გამოიყურებოდა, პლასტმასის ღიმილით უსიცოცხლო სახეზე. ფეხზე კირას ხელჩანთიდან მოპარული თილისმა-პუანტები ეცვა, თავზე ეხურა ფერადი ბისერებით მოსურმული ქუდი გრძელი ფოჩებით. სავარაუდოდ, მირზას საჩუქარი. ყოველ შემთხვევაში, ეს იაფფასიანი გოიმობა თორნიკეს კირას თავზე არ შეუნიშნავს. მაკიაჟის კუთხით ფლომასტერით შეტანილ კორექტივებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. კირას სასცენო მაკიაჟი მკვეთრად განსხვავდებოდა ყოველდღიურისგან, მაგრამ ამ უდღეურ ფეტიშისტს ეტყობა მოსწონდა მწვანედ შეღებილი ქუთუთოები. _ კიდევ რა გაქვს? _ მკაცრად იკითხა თორნიკემ. მირზამ თავი ჩაქინდრა. ტყუილის თქმაც რომ არ ეხერხებოდა ამ უბედურს. _ სჯობს გამოამზეურო, ვიდრე აქაურობა დამილეწავს. _ წვრილმანებია. _ მაინც? _ თმის სამაგრი, მზის სათვალე, ბიუსჰალტერი... _ მირზამ თაროდან ფერადი კოლოფი ჩამოიღო და დამფრთხალი მზერა ვაჩეზე გადაიტანა. რაც არ უნდა იყოს, უცხო კაცია. ვაჩეს ერთი გადახარხრება ქვეყანას ერჩია, თუმცა მიხვდა სიტუაციის უხერხულობას და ზურგშექცევით დადგა. კირას ლიფი ასი წელი არ აინტერესებდა. ლელისა რომ ყოფილიყო, კიდევ ჰა! _ ბიუსჰალტერი სად დაითრიე? _ გამოშტერდა თორნიკე. _ სააბაზანიდან მოვიპარე, თავი ინკასატორად რომ გავასაღე, მაშინ. ეს და სუნამო, კირას გეფიცებით, მეტი არაფერი. _ მეორედ ჩემი ცოლის სახელი არ ახსენო! ამას უყურე ერთი... _ მაპატიეთ. _ ნაბიჭვარი ეს... _ დიახ. _ დაეთანხმა მირზა. _ მადლობა მითხარი, რომ პოლიციაში არ მიგათრიე. _ გმადლობ, ბატონო თორნიკე. _ ანუ, იცი, ვინც ვარ? _ რა თქმა უნდა, მე კირასი ყველაფერი ვიცი. _ თუ იცოდი, როგორ გაბედე, შენი... _ თორნიკემ მირზა საყელოთი დაითრია, თუმცა იქვე გაუშვა, თითქოს დასვრას მოერიდა. გვერდულად გახედა ფანჯარასთან მდგარ ვაჩეს. რაღაც საეჭვოდ პასიურობა მისი მუდამ აქტიური მეგობარი. დელიკატურ მომენტებს თუ მოერიდა.

_ ის სია მომეცი, დღის განრიგი სადაც გიწერია და გააჯვი აქედან. _ მე ჩემს სახლში ვარ. _ შეახსენა მირზამ და სკრეპით შეკრული ფურცლების დასტა გადასცა. _ აქ ბოლო ექვსი თვის მონაცემებია. ადრე ზეპირად ვიმახსოვრებდი, მერე გადავწყვიტე სისტემაში მომეყვანა. თორნიკე კოპებშეკრული მიაჩერდა ფურცლებს. ფსიქიატრიული საავადმყოფო. კირა ყოველ თვეში ფსიქიატრიულში დადის, ქმარმა კი არაფერი იცის ამის შესახებ. ვიღაც მირზამ იცის, ამან _ არა. მჩხვეტავმა ტკივილმა გულის არეში თორნიკე ადგილზე გააშეშა, თითქოს დანა გაუყარეს და რამდენჯერმე დაუტრიალეს. ორგანიზმს მიაყურდა. ტკივილი მალევე აილაგმა, უსიამოვნო შეგრძნება კი დარჩა. ეს სტრესული სიტუაციები ერთხელაც იქნება ფეხებს გააფშეკინებს. თავს უნდა მიხედოს, ექიმს გაესინჯოს, თორემ უკან მორჩება კირაც, პოლიტიკაც და ზედ დაყოლებული ტელევიზიაც. ისევ ფურცლებს ჩაუღრმავდა. _ ეს რგოლები რაღას ნიშნავს? _ ჩავარდნილი დღეებია. როცა ვმუშაობ, ცხადია არ ვარ საქმის კურსში. _ ჰმ, მუშაობს კიდეც! _ ნიშნის მოგებით ჩაიქირქილა თორნიკემ. _ პარფრიზზე კარიკატურების დაჯღაპნაში ფულს გიხდიან, არა? _ რომელ პარფრიზზე? _ მირზა დაიბნა. ხშირ-ხშირად აახამხამა უფერული წამწამები. _ ჩემი და კირას მანქანის პარფრიზზე. _ არა, არა... წარმოდგენა არ მაქვს რაზე ლაპარაკობთ. პირველად მესმის. მართლა... თორნიკემ ვაჩეს შეხედა, იმან თვალებით ანიშნა, არ ტყუისო. _ მოკლედ, აფიშები დაიტოვე, მოპარული ნივთები პარკში ჩაყარე და მეორედ არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა! _ თორნიკემ, ყოველ შემთხვევაში, მირზას მუშტი მოუღერა და ასეც დარჩა _ მოხრილი იდაყვით. ჩხვლეტია ტკივილი ხელმეორედ დაეძგერა და ყოვლისმომცვლელ შიშში გადაიზარდა. მადლობა ღმერთს, ვერავინ შეატყო. მირზა მანეკენის გახდით იყო დაკავებული, ვაჩე ცალყბა ღიმილით ადევნებდა თვალს შეყვარებული ფეტიშისტის ფაციფუცს. ___ შინ მისვლისთანავე დიმიტრიმ ჩემოდანი ოთახში შეაგდო და ტანსაცმელს დაახარისხებდა, მიხეილ ხვედელიძეს დაურეკა. _ ბატონო პოლკოვნიკო, თქვენ განკარგულებაში ვარ. _ მე კი მექისის განკარგულებაში ვარ. იფ, იფ, იფ... დიმიტრიმ მობილურს დახედა, ნომერი ხომ არ შემეშალაო. ვერაფრით წარმოიდგინა უშიშროების პოლკოვნიკი მექისის განკარგულებაში. _ რამ დაგაბნია, შეკაცო, აბანოში ვარ აბანოში, აბანოში! _ ჩაიხითხითა მიხეილმა. _ ხომ არ შემომიერთები, რელაქსის ამბავში... თუმცა შენ ისეთ ადგილზე იყავი, არ მოიკლებდი მაგ სიამოვნებას. ჰიხ! _ შემოგიერთდებით. _ გადაწყვეტილება მიიღო დიმიტრიმ. მექისე თუ ჩამოჰბანდა მონაკოში დაგროვილ ემოციურ შლაკებს. გამოფრენის წინ ტრანკვილიატორი დალია და მთელი გზა ეძინა, მაგრამ თბილისში ჩამოსვლისთანავე მიხვდა: სულ რომ ლეთარგიული ძილი გამოაცხოს, მაინც შეურაცხყოფილი გაიღვიძებს. ასე უგულოდ, უაპელაციოდ, უსინდისოდ არც ერთ ქალს არ გადაუვლია მისი თავმოყვარეობისთვის. შეიძლება ითქვას, გვანცამ ყველა იმ ქალის ჯავრი იყარა, ვისაც ოდესმე დიმიტრის გამო უდარდია. თუ ასეა, შეერგოს. დიმიტრი შეეცდება დიდი მსუქანი წერტილი დაუსვას მათ ურთიერთობას. დასმულიც ჰქონდა, გოგი რომ არ გამომხტარიყო თავისი საოჯახო ფოტოსურათით და სულელური გულახდილობით. ერთ საათში ნამგზავრი დიმიტრი გოგირდის წყლით გაპიპინებულ აუზში ნებივრობდა და მსუნაგ მზერას მარმარილოს პარაპეტზე სახელდახელოდ გაშლილი სუფრისკენ აპარებდა, სადაც თავს იწონებდა გამოშიგნული ვობლა, არყისა და ლუდის ბოთლები. ზეწარში გახვეული მიხეილ ხვედელიძე თევზიან ხელებს იბანდა და რომაელი პატრიცის სიდინჯით აცნობდა დიმიტრის თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

_ სამი გვამი ათ დღეში მეტისმეტია. _ აღნიშნა დიმიტრიმ და მოთენთილი სხეული აუზიდან ამოიტანა. ვობლის მადისაღმძვრელი სურნელი დედუქციური აზროვნების ბუფერს უბლოკავდა და პავლოვის ძაღლს ამსგავსებდა. ახლავე თუ არ დააკმაყოფილა აწრიალებული კუჭნაწლავი, ალბათ ყეფას დაიწყებს. _ ოთხი. _ შეუსწორა მიხეილმა. _ მეოთხე ვიღაა? _ წუხელ ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდა კაცის გვამი იპოვეს. ვინმე მირზა შავლაყაძე. უბედური შემთხვევა პრაქტიკულად გამორიცხულია. ეჭვი მაქვს, ვიღაც მიეხმარა კლდიდან დაშვებაში. დიმიტრიმ წელს ქვევით ზეწარი შემოიხვია და მოსეირნე ნაბიჯითა და ნერწვით სავსე პირით სუფრას მიუახლოვდა. _ ეს ახალი გვამი... რამე კავშირშია დანარჩენებთან? _ ახალი გვამი, სანამ გვამი გახდებოდა, კირა გაბაშვილის ფანკლუბის წევრი იყო. _ მიხეილმა არყით სავსე ჭიქა მიაწოდა. დიმიტრიმ ბოლომდე დაცალა, გვამების ამბავში. _ ვაა, შენ არ ხუმრობ. _ გაუკვირდა მიხეილს. პირველად ხედავდა დალევის ხასიათზე მოსულ ჟურნალისტს. _ არ ვხუმრობ. _ დაუდასტურა დიმიტრიმ. ეს სხვებს აწუხებს შავი იუმორი, ბოღმიანად გაიფიქრა და თვალწინ გვანცას თეთრი მკერდი დაუდგა. ჯანდაბას! იმდენი უნდა დალიოს, მისი მკერდი კი არა, სახსენებელი დაავიწყდეს. მე შენ გეტყვი ისეთი ძუძუ აქვს, ხელში ვერ ჩაგეტიოს. _ ძალიან კარგი. გვიქეიფია და ეგ არის! _ ყაბულსა ვარ. _ მოკლედ, ჩემო დიმიტრი, გვამები მე არ მეხება, მაგაზე კრიმინალისტებმა იმტვრიონ თავები, მაგრამ თუ ეს გვამთაცვენა თორნიკე გიორგობიანის მოძრაობასთანაა კავშირში, პირველ რიგში დაზვერვას მოსთხოვენ პასუხს. მეთანხმები? _ 100 %-ით. და პრიმა ბალერინა რა ჩიტია? _ მთლად უცოდველი ჩიტი არ უნდა იყოს, თუმცა ბუზს არ იფრენს თავზე. ინკოგნიტოდ დადის ფსიქიატრიულში, პარიკით, შავი სათვალით... _ იქნებ ფსიქიატრთან დადის და უტყდება, ვინმეს სულიერად ავადმყოფი არ ვეგონოო. ხომ იცით, ჩვენი ქალების ამბავი... _ არა. _ გააწყვეტინა მიხეილმა და ჭიჭები შეავსო. _ ვიღაც მოხუცთან დადის, იქაური პაციენტია. _ მაშინ რა აქვს დასამალი? _ მაგას შენ გაარკვევ, როცა მოიცლი. ხვალ, ზეგ, მაგრაამ ძალიანაც ნუ გაწელავ. არ მინდა ჩემი სივებით დავფრთხო იქაური ექიმები. ჯერ ექთნის მკვლელობა ვერ მოუნლებიათ, ახლა მნახველების გამოძიებით დავაცხრეთ... _ ანუ, ნატო ტაბატაძეც იქ მუშაობდა... _ დიმიტრიმ ჩაფიქრებულმა მოიყუდა ლუდის ბოთლი. _ ეს ცვლის საქმის ვითარებას. წრე თანდათან ფართოვდება: კირა, თორნიკე, ნატო, ლევიკო, ჯაბა, მირზა, ლელი... ამ ადამიანებს რაღაც აკავშირებთ. _ თევზი მიატანე, თორემ მალე მოგეკიდება. _ უკვე მომეკიდა. დიმიტრი თევზს მიეძალა და არც სასმელი დაიკლო. გიგას, მის გამზრდელ მამობილს უყვარდა შებოლილი თევზი მოხარშულ კარტოფილთან ერთად. ლაშქრობაში რომ მიდიოდნენ ხოლმე, ეს იყო მათი საგზალი. გიგაზე დედაც გაახსენდა, რომელიც ამაოდ ელოდა პარიზში ვაჟიშვილის ჩამობრძანებას. რა დიდი დრო უნდოდა მონაკოდან საფრანგეთში ჩაღწევას, დიმიტრი კი პირდაპირ თბილისში გამოქანდა. ვერ იყო ბიჭი ხასიათზე, შეყვარებულმა დაადო. _ მშობლებს გაუმარჯოს! _ დიმიტრიმ არაყი დაისხა და ამღვრეული თვალებით ჭიქას დააკვდა.

_ შენ გენაცვალე, _ მოუწონა არანაკლებ ამღვრეულმა მიხეილმა და დიმიტრის ცოცხალ მშობლებს თავისი გარდაცვლილები მიაყოლა. მერე ისევ საქმეზე გადავიდნენ, მერე ისევ დალიეს, მერე აუზში გაგრილდნენ, თითქოს რაღაცები დაგეგმეს, მაგრამ ისე მოეკიდათ სასმელი, თორნიკე ლევიკოში აერიათ, ჯაბა მირზაში და ვიდრე ერთი ადგილის გადაღებსაც დაკარგავდნენ, დაიშალნენ. ___ ნამთვრალევზე შეუძლოდ ყოფნა ჩვეულებრივი ამბავია. ყოველ შემთხვევაში, ადამიანების 90 % -ს ყველაზე ცოტა თავი სტკივა. მაგრამ დიმიტრის თავის ჩათვლით ყველაფრი სტკიოდა. კანიც კი. ჭერში ჩამოკონწიალებული მოცისფრო კონფიგურაცია თავდაპირველად ადამიანის მკლავი ეგონა და ცოტა არ იყოს შეეშინდა კიდეც. კარგად რომ დაკვირდა, ჭაღზე ჩამოცმული მისი პერანგი აღმოჩნდა. დიმიტრიმ გვერდი ეცვალა. იქ უარესი იკებანა დახვდა: სავარძელის საზურგეზე დასკუპული შავი ნავი, რომლის სიღრმიდან ფლაგშტოკის მაგვარი რაღაც ამოზრდილიყო. თვალები მოისრისა. შავი ნავი შავი ფეხსაცმელი აღმოჩნდა, ფლაგშტოკი _ ვისკის ბოთლი, რომელიც კაცმა არ იცის საიდან მოათრია. ანუ არაყით დაიწყო და ვისკით დაამთავრა. საინტერესოა, როგორ მობობღდა სახლამდე. ის რომ ასეთ დღეშია, მიხეილს რაღა მოუვიდოდა, ასაკშია კაცი. საშინლად უნდოდა წყლის დალევა და ამავდროულად გადასხმა. ორივე ერთად და თითოეული ცალ-ცალკე. კონტრასტული შხაპიც დაამშვენებდა. დიმიტრიმ სამივე პროცედურა ჩაიტარა და შუა ოთახში გახირული ჩემოდნიდან ტანსაცმლის ამოლაგებას შეუდგა. თან წუხანდელი საუბრის ნაკუწების აღდგენას შეეცადა. განახლდეს თორნიკე გიორგობიანზე თვალთვალი. ამჯერად მობილურში ჩამნტაჟებული მიკროსკოპის მეშვეობით. ეს ერთი. მიხეილს დაევალოს ლელი გიორგობიანთან შეხვედრის ორგანიზება. ეს ორი. გაიჩხრიკოს ლევიკო პატარიძის ბინა. სამი. დადგინდეს ფსიქიატრიულში მყოფი ბერიკაცის ვინაობა. ესეც ოთხი. ჩემოდანი დაცრიელდა. დიმიტრიმ უკმაყოფილოდ დახედა იატაკზე დახვავებულ გროვას. გასარეცხებს ავტომატში შეაგდებს, სუფთებს _ კარადაში... თანამედროვე მამაკაცს სულაც არ სჭირდება ცოლი. ფაქტიურად მშრალ სარეცხს გიგდებს ავტომატი. თოკებზე გაფენა კი დიმიტრის არ უტყდება. დასვრილი თეფშები დაგიგროვდა? ჩააწყვე ჭურჭლის სარეცხ მანქანაში და წადი არხეინად სამსახურში. სტოპ! მანქანა! ავტომანქანა. 248 ა ჳ… ჯაბას სიკვდილისწინა მინაწერი მანქანის ნომერია და არა ბანკის კოდი, როგორც მიხეილი ვარაუდობდა. წელში გაწყვეტილი ჳ შეიძლება ასოც იყოს და ერთიანიც, მაგრამ მარკის გარეშე მაინც ძნელია თბილისში მანქანის იდენტიფიკაცია. თუმცა შეუძლებელი არაფერია. როგორც ჩანს, ჯაბამ არ იცოდა მკვლელის ვინაობა, მან იცოდა მხოლოდ მანქანის ნომერი. მარკის დაწერა კი არ დასცალდა. სამწუხაროა. დიმიტრიმ ყავა მოიდუღა და ტელევიზორი ჩართო. საინტერესოა, რამდენად დაეტყო მისი პოსტიდან წასვლა ტვ-21-ის ბადეს. ერთხანს უყურა. ისეთიც არაფერი მომხდარა. უბრალოდ საინფორმაციო გამოშვება შედარებით დავარცხნილ ფორმატში მაუწყებლობდა. ეტყობა, გააფრთხილეს ჟურნალისტები, ზედმეტად არ იფაფხუროთო და ისინიც პიონერული შემართებით მოწესრიგდნენ. ეგრე, დიმიტრიც კი გააფრთხილეს, ჯერჯერობით მიხეილის პირით, მაგრამ თუ არ დაემორჩილა, დიდი ალბათობით კარზეც მიუთითებენ. მერე რა? კარში გასვლაც შეიძლება და უკან შემოსვლაც. პოლიტიკური თვალსაზრისით დიდი სისულელე იქნებოდა დიმიტრისთან კონტრაქტის გაწყვეტა. ჟურნალისტი ცხრათავიანი გველეშაპივითაა, ერთს მოაჭრი, სხვა ამოვა. კარს მიუხურავ? ფანჯრიდან შემოვა;

ფანჯარას მიუხურავ? სარკმელში გამოძვრება. რაც მეტია ზეწოლის კოეფიციენტი, მით მეტია გათავისუფლების მცდელობა. მაგრამ ზევით არ ესმით ეს მარტივი ჭეშმარიტება. ტვ-21 დაირქვეს, ვითომ საუკუნის უკვდავსაყოფად, ფსიქოლოგიურად კი მე-20-ში ჩარჩნენ, საკუთარი თავისუფლება აშინებთ, სხვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. საინფორმაციო გამოშვებას კულტურის ბლოკი მოჰყვა. სიუჟეტი იყო ოპერისა და ბალეტის თეატრში სეზონის განახლებაზე. აი, თავად პრიმამ გაიელვა მიზანმიმართულ ნახტომში. ინტერვიუ ქორეოგრაფთან, კულისებში მოფარფატე ბალერინები... და უცებ უკანა ფონზე ჩაქუჩს მოჰკრა თვალი. პატარა, მინიატურულ ჩაქუჩს, რომლითაც ერთერთი ბალერინა პუანტების ცხვირს უჭეჭყავდა. ლაზათიანად დაჭეჭყა, თითებით სირბილე შეამოწმა, ჩაქუჩი იქვე დატოვა, გრძელ მერხზე და დანარჩენებს შეუერთდა. დიმიტრიმ შუბლზე ხელი იტკიცა. ჩაქუჩი ბალერინისთვის იგივეა, რაც… ჟურნლისტისთვის მიკროფონი! პუანტების წვერი ვარჯიშისას დეფორმირდება ხოლმე და გასწორებას საჭიროებს. პრიმა ბალერინას კირა გაბაშვილს სრულიად შესაძლებელია საკუთარი ჩაქუჩი ჰქონოდა ხელჩანთაში და ამ ჩაქუჩით ჯერ ნატოსთვის გაუჩეჩქვა თავი, მერე ჯაბას მიდგომოდა... არა, ჯაბას ვერ მოკლავდა. უბრალოდ ვიღაცამ მისი ჩაქუჩი ძიებისთვის კვალის ასარევად გამოიყენა, რომ ყველაფერი ერთ კაცს დაბრალდეს. უფრო სწოედ, ქალს. დიდი ალბათობით პირველი მკვლელობა სპონტანურად მოხდა, მეორე და მესამე _ დაგეგმილად. მეოთხეზე ფიქრის თავი დიმიტრის არ ჰქონდა. მიხეილთან დარეკა: _ მკვლელი კირაა. _ ჰმ! _ მას თანამზრახველი ჰყავს. _ ყველაფერი ტელეფონში უნდა ჩამიკაკლო? _ აყვირდა მიხეილი. 5 საათზე შეხვედრა დათქვეს. დიმიტრიმ დამშვიდებული სინდისით დალია ყავა და დამძიმებილი სინდისით გავარდა სამსახურში. კაცმა რომ თქვას, ღირსია გამოაპანღურონ. მართლა და მართლა, როდის უნდა შეწყდეს უშიშროების დავალებებზე სირბილი? მზვერავია თუ ჟურნალისტი? დრო იმაზე ჩქარა გავიდა ვიდრე დიმიტრი ელოდა. საღამოს 5 საათზე ადგილზე იყო. ადგილზე იყო მიხეილიც, უფრო სწორედ თავის მანქანაში იჯდა თორნიკე გიორგობიანის პირველ ცოლთან ერთად. ცოტა თვალები ჰქონდა შეშუპებული, თორემ სხვა მხრივ ბახუსის კვალი არ ეტყობოდა. ძველი ყაიდის კაცი იყო, ჭამა-სმაში გამოცდილი და საკუთარი შესაძლებლობის ზედმიწევნით მცოდნე. აბა, დიმიტრის ახლაც ძვლებში ამტვრევდა. ამინდიც ხელს უწყობდა. ჩამუქებულ-ჩამოწლაწული ღრუბლები გოროზად დეფილირებდნენ ქალაქის თავზე, თითქოს ფსიქოლოგიურად გამზადებდნენ მოსალოდნელი წარღვნისთვის. _ გაიცანი, დიმიტრი ძნელაძე. ჩემი მარჯვენა ხელი. _ წარადგინა მიხეილმა. _ მე ჟურნალისტი მეგონა. _ გაუკვირდა ლელის. იცნო. _ ჩვენ ვმეგობრობთ ჟურნალისტებთან. _ მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა მიხეილმა და უცებ დასერიოზულდა. _ კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი, რომელიც ლელის ახლახანს გაახსენდა და რომელსაც პირადად მოგახსენებს. თუ არ შეწუხდებით, გაიმეორეთ, მადამ, მინდა მუსიე დიმიტრიმაც გაიგოს. ლელი არ დაზარდა. გაიმეორა: _ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ლევიკომ ასეთი ფრაზა მითხრა: მე შენ ისეთ ავანტიურაში გაგხვიე, რომ ყველაფერს გავაკეთებ სამართლიანობის აღსადგენათო. მეგონა რესტორნის ფოტო ჰქონდა მხედველობაში, ვუთხარი კიდეც, დაივიწყე მეთქო. რაზეც მიპასუხა, რომ ის ფოტო ჟურნალია, ნამდვილი კინო სახლში მიდევსო. სულ ეს იყო. _ ააა, გასაგებია... ამ `კინოს~ წასაღებად ბრძანდებოდნენ იმ ღამეს ლევიკოს სახლში. _ მიხვდა დიმიტრი. _ კომპრომატი იქნებოდა: ვიდეო ან აუდიო კასეტა, ფოტოსურათი...

_ შეიძლება. _ ამოიოხრა ლელიმ. _ მაგრამ ჩემ შესახებ არ იქნებოდა, რადგან ასეთი მასალა ბუნებაში არ არსებობს. არც ვიდეოს სახით, რაც ჩანაწერის... მიუხედავად იმასა, ვინ-რაზე ჭორაობს. დიმიტრი არ ჩასციებია. მაშინვე დაუჯერა. ქალები ასეთი ხმითა და პროფილით არ ტყუიან. ამ მხრივ მისი და მიხეილის აზრები სრულ თანხვედრაშია. თორნიკე კი მართლა უტვინოა თუ ასეთი ქალი იმ ჩაქუჩიან ვობლაში გაცვალა. _ აი, ლევიკოს ბინის გასაღები. _ მიხეილმა მეტალის რგოლზე ჩამოცმული აცმა შეათამაშა. _ თქვენ ორს მოგიწევთ არასანქცირებული ჩხრეკის ჩატარება ლევიკოს ბინაში. მეც სიამოვნებით შემოგიერთდებოდით, მაგრამ არ შემიძლია, სტატუსი არ მაძლევს უფლებას... ნუ მიყურებთ პროკურორის თვალებით, ამ ეტაპზე ჩემი გაშიფვრა ჩაშლით ემუქრება მთელ ოპერაციას. _ თუ რამეა, იმედია, ადვოკატად მაინც დაგვიდგებით. _ ცალყბად ჩაიცინა დიმიტრიმ. _ არაფერიც არ იქნება. თავს ნუ ისაწყლებ, მუსიე, ეგეთები გადაგიტანია? ლელი და დიმიტრი დიმიტრის `პეჟოში~ გადასხდნენ და წვიმამაც დასცხო. ირგვლივ ყველაფერი განაცრისფერდა, შხაპუნა ხმებით აივსო. _ მუსიეს რატომ გეძახის? _ დაინტერესდა ლელი. _ მაშაყირებს თავისი ჭკუით. _ მე მეგონა, რაღაც კავშირი გქონდათ საფრანგეთთან. _ მქონდა. რამდენიმე წელი ვცხოვრობდი. _ აუხსნა დიმიტრიმ. _ ასეც ვიფიქრე. რაღაცნაირად გამოიყურებით... არ გავხართ აქაურს. _ ეს კარგია თუ ცუდი? _ არც კარგი, არც ცუდი. უბრალოდ მოცემულობაა. ლევიკო პატარიძის ეზოში ორი ნაგაზი სველდებოდა: შავი და მატყლისფერი. თითქოს მათ გამოჩენას ელოდნენო, სადარბაზომდე მიაცილეს და კართან შედგნენ. მიპატიჟებას თუ ელოდნენ. _ საწყლები. _ შეეცოდა ლელის. _ იქნებ ლევიკოს და ჯაბას სულები არიან? _ მკვლელი და ჯალათი ერთად? არა მგონია... თანაც ერთი დედალია. _ მაშინ ნატო იქნება. ლელიმ სუსტად გაიღიმა. დიმიტრი ცდილობს დაძაბულობა განმუხტოს, რისთვისაც დიდი მადლობა, მაგრამ ტყუილუბრალოდ ირჯება. ლელი პირველად სტუმრობდა ლევიკოს, თუმცა არაერთხელ მიუღია მიპატიჟება. მაშინ ვერ გარისკა. ეტყობა, ისევ თორნიკეს ცოლად აღიქვამდა თავს. აი, დალუქული კარი, რომელსაც ჯერაც ეტყობოდა პატრონის ნათითურები. ის მოკვდა, ნათითურები კი დარჩა. ის იქამდე მოკვდა, ვიდრე ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. რა მნიშვნელობა აქვს რა მოკლავდა: ნარკოტიკი თუ შავი მელანქოლია? ლელიმ სინდისის ქენჯნა იგრძნო. მას შეეძლო ლევიკოს გადარჩენა, შეეძლო, მაგრამ არც უცდია. აქეთ იყო საშველი. ნუთუ ტრაგედია უნდა დატრიალებულიყო, რომ კარი მიეხურა წარსულისთვის და ახალი ცხოვრება დაეწყო?! ამასობაში, დიმიტრიმ კარი გააღო და ლელიმ ლევიკოს თვალით დანახული საკუთარი თავი დაინახა. ის თითქმის ყველა ნახატზე ფიგურირებდა, უფრო სწორედ მისი ორეული, მისი ვერშემდგრი ეგო, მაცდური და ბავშვური, როგორც ბოტიჩელის ვენერა. კიდევ კარგი ლევიკო არ ხატავდა რეალისტური, ყველასთვის გასაგები მანერით, თორემ დიმიტრი უეჭველად იცნობდა. თუ უკვე არ იცნო... აგერ, მოჯადოებულივით დგას მოლბერტზე შემოდებული დაუმთავრებელი ნახატის წინ, ცელქად უთამაშებს ტუჩის კუთხე. რა სირცხვილია... დიმიტრიმ ლელის დაჟინებული მზერა იგრძნო და სახე გაასწორა: _ საიდან დავიწყოთ? _ იკითხა საქმიანად. _ ის მაინც მიკარნახეთ, რას ვეძებთ? _ ინფორმაციას, რომელიც ზედაპირზე არ იდება. უნდა ვეძებოთ... _ დარწმუნებული ხართ, რომ ნატოს მკვლელმა ხელს არ გააყოლა?

_ მაშინ რა აზრი ჰქონდა ლევიკოს მოკვდინებას? მას ჰქონდა სამხილი ვიღაცის წინააღმდეგ. იმიტომაც გააქრეს. კაბინეტიდან დაიწყეს. აქ ისეთი ბოჰემური ქაოსი დახვდათ, ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა. სტელაჟებზე წიგნების გარდა უწესრიგოდ ეყარა საღებავები, ფუნჯები, მასტეხინები... ერთი განყოფილება თანამედროვე ტექნიკას ჰქონდა დათმობილი _ ტელევიზორი, მაგნიტოფონი, დიქტოფონი, კამერა... თითქმის ყველაფერი, კომპიუტერის გარდა. სავარაუდოდ, კომპიუტერი სამართალდამცავებმა წაიღეს. _ ტყუილად ვკარგავთ დროს. _ უშედეგო ძებნის შემდეგ გამოაცხადა დიმიტრიმ. _ აქაურობა უჩვენოდაც კარგად მოუჩხრიკავთ. ჩვენ გვინდა არასტანდრტული სამალავი. რაღაც ისეთი, რაც ადვილი ხელმისაწვდომია და არც ისე თვალშისაცემია. _ აკვარიუმი. _ გაახსენდა ლელის. _ მისაღებში მოვკარი თვალი. კაბინეტიდან მისაღებში გადაინაცვლეს. დიმიტრიმ ლელის ხათრი არ გაუტეხა, დესაუზე შემოდგმულ აკვარიუმში ჩაიხედა. დაყნოსა. _ აქ ცოტა ხნის წინ იყო თევზები. იყო? _ დაეკითხა ლელის. _ არ ვიცი, მე აქ პირველად ვარ. დიმიტრიმ სწრაფად შეხედა. ლელიმ თვალი გაუსწორა. რა ჰქონდა დასამალი, მართლა პირველდაა. მგონი დაუჯერეს. _ სად გაქრა თევზები? _ ჩაიციკლა დიმიტრი. _ ალბათ ვიღაც ღვთისნიერმა სახლში წაიღო, ან ზოომაღაზიაში ჩააბარა. _ თევზები წაიღო, საჭმელი დარჩენია. _ დიმიტრიმ აკვარიუმის უკან, ლამაზად მოჭიქულ ქოთანში ხელი მოაფათურა. ჯერ ზედაპირულად, მერე უფრო ღრმად, თითქმის იდაყვამდე. ლელი გაფაციცებული აკვირდებოდა. დიმიტრის ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს დიდი ხნის ძებნის შემდეგ ნატვრის თვალს მიაგნო. გასწორდა. მის მოქნილ თითებში დიქტოფონის ციცქნა კასეტამ გაიელვა. _ ხედავთ? _ საიდან დაასკვენით რომ ეს სწორედ ისაა რასაც ვეძებდით? _ ეს რომ ის არ იყოს, აქ არ დამალავდა. _ დიმიტრიმ მოჭიქულ ქოთანზე ანიშნა და კაბინეტიდან დიქტოფონი გამოიტანა. _ შევამოწმოთ? ლელიმ გულისფანცქალით მიაყურადა. გაისმა ხმები: ქალის და კაცის. ქალი: სხვათაშორის, არ არის ურიგო ქალი. პრინციპში, გემოვნების საკითხია. არ გამოვრიცხავ, შეგიყვარდეს კიდეც. ჰა, ჰა... კაცი: აწი მე რომ ვინმე შემიყვარდება... ქალი: რატომაც არა?! მთავარია სურვილი... კაცი: ჩემი სურვილი, როგორც ყოველთვის, არ ემთხვევა ჩემს შესაძლებლობას. ქალი: მე ისე დაგაფინანსებ, რომ დაემთხვას. უფულო და გაღლეტილი ხომ ხედავ, საკუთარ ცოლსაც აღარ უნდიხარ... კაცი: შენ? ქალი: ნუ ვეცდებით გაბზარულის გამთელებას, ლევიკო... დავრჩეთ მეგობრებად. დაიმახსოვრე: ყველაზე კარგი მეგობრები ყოფილი საყვარლები არიან. მე ჩემი გზა მაქვს, შენ _ შენი, ასე რომ... კაცი: შენი გზა უსათუოდ სხვისი ოჯახის დანგრევაზე გადის? ქალი: დასანგრევი უნდა დაინგრეს, შენ უბრალოდ წაეხმრები. და რაც უფრო მალე წაეხმარები, მით უფრო მალე დაიფარება შენი ვალი. კაცი: მე კი წავეხმარები, მაგრამ ის თუ წამოეგება?... ოჯახი მარტო ყელში ამოსული ცოლი არ არის. საერთო ქონება, საერთო შვილები, მიჩვევა... ქალი: გეთანხმები. ამიტომაც გვთავაზობ ჩემეულ ვარიანტს. ერთხელ იცი რა წამოსცდა? იმდენად იდეალური ცოლი მყავს, არაკაცობა იქნებოდა მისი მიტოვებაო. ერთადერთი, ღალატს ვერ ვაპატიებდიო, იქვე დასძინა. ღალატიო, ლევიკო, გესმის? შენი ამოცანაა შეაცდინო იდეალური მანდლოსანი ლელი გიორგობიანი. კაცი: რომ არ მომცეს?

ქალი: შენ სულ მოცემაზე ხარ, რა?!... რა აუცილებელია საქმე ლოგინამდე მიიყვანო? ერთი კინკილა ფოტოსურათი სრულიად საკმარისია თორნიკეს ასაგდებად. შენ მომხიბლავი მამაკაცი ხარ, ლევ, ნიჭიერი მხატვარი... რა უნდა ერთი სქელტრაკა დიასახლისის შებმას? კაცი: მე კი შევაბამ, მაგრამ შენ რაში გჭირდება გამოსირებული ჩინოვნიკი? ტვინის მაგივრად თივა უყრია თავში. ქალი: სჯობს თივა ეყაროს, ვიდრე კოკაინი. კაცი: ჰო, კაი, კაი, შენღა მაკლიხარ, რა... არა, მაინც რაში გჭირდება? არ დავიჯერებ, რომ გიყვარს. ქალი: საქმეს სჭირდება ასე. კაცი: რომელ საქმეს? ქალი: სახელმწიფო საქმეს, თუ ასე გაინტერესებს. კაცი: მაგოიმებ? ქალი: მოვრჩეთ ამაზე. აი, ფული. იმედია, ვენაში არ გაუშვებ და ცხვირში არ ჩაიყრი. დანარჩენს კომპრას რომ დამიდებ, მერე... კასეტამ ერთხანს იტრიალა და გაჩერდა. ლელი თავჩაქინდრული იჯდა. დიმიტრი ჩუმად უთანაგრძნობდა, მაგრამ ლელის გაუგრძელდა შეურაცხყოფილ ქანდაკებად ჯდომა, დრო კი არ ითმენდა. რაც არ უნდა იყოს სხვის სახლში იყვნენ შემოპარულები. _ ალბათ ხვდებით ვინ იყო ლევიკოს თანამზრახველი? _ ვხვდები. სიჩუმეში რაღაც უცხო ჩქამი გაისმა. ამოოხვრას ჰგავდა. ლელიმ და დიმიტრიმ ერთდროულად მიაბრუნეს თავები. თურმე კიდევ ერთი მსმენელი ჰყოლიათ. თორნიკე გიორგობიანის სახით. ის შეძრწუნებული ადგა კარის ღიობში, ეტყობა მოსმენილის გააზრებას ცდილობდა. მერე ადგილს მოწყდა, ჩქარი ნაბიჯით მივიდა ლელისთან და არც მეტი, არც ნაკლები, მუხლებზე დაემხო. `არტისტი~, შეამკო დიმიტრიმ და ვიდრე თორნიკე მონანიებას განასხიერებდა, მისი ხელიდან გამოცურებულ ფურცელს დასწვდა. კონკრეტული თვისა და რიცხვის გასწვრივ მისამართები ეწერა, მათ შორის ლევიკო პატარიძის. ხშირად მეორდებოდა ოპერისა და ბალეტის თეატრი. კირას გადაადგილების გრაფიკს ჰგავდა. ბედი არ გინდა? რაღა მაინცდამაინც ამ თავსხმაში მოუნდა ცოლის ნაკვალევზე გასეირნება... სულ სხვა აზრები უტრიალებდა თავში ლელის. ის ხშირად ფიქრობდა ამ დღეზე, გონებაში ათასნაირ ვარიანტებს ქარგავდა, თუმცა ფინალი ყველგან ერთნაირი იყო: შერცხვენილი თორნიკე ოჯახს უბრუნდება, ლელი კი დიდსულოვნად პატიობს. და აი, ეს დღეც დადგა, მას კი არაფერი აქვს საპატიებელი. აღარ უყვარს და იმიტომ. მეტიც, აღარ მოსწონს. რაც გაცილებით უარესია. ეს კაცი, რომელმაც სახლში ჯდომა და შვილების გაზრდა ნაკლად ჩაუთვალა, მის თვალში სრული არარაობაა. ადრე ასე არ ფიქრობდა. პირიქით, გამართლებას უძებნიდა ქმრის მრავალრიცხოვან რომანებს, რომელთა შესახებ `კეთილისმყოფელებისგან~ დანამდვილებით იცოდა. მერე რა? ფიქრობდა მაშინ, მოიმწვანილებს და დამიბრუნდება. მერე ლევიკო გამოჩნდა და ლელი მიხვდა, რომ თავს იტყუებდა. თურმე შეიძლება იყო სასურველი ქალი მაშინაც კი, როცა ფქვილში ამოგანგლული ხელებით შვილის გაკვეთილს იბარებ. ლევიკოს ასეთი მოსწონდა. მერე რა რომ მოგზავნილი ყოფილა? მან შეასრულა თავისი მისია, ალბათ ის დაწყევლილი ფულიც აიღო, მაგრამ ლელიზე ხელის აღებას არ აპირებდა. ამას ნახატებიც ცხადყოფს. ის მოდიოდა სახლში და მას, ლელის ხატავდა და არა იგივე კირას. _ აი, ამ სიით დავრბივარ მთელი დღე. ლელი შეფრთხა. თორნიკეს ფეხზე ადგომა და დიმიტრისთვის ფურცლის ჩამორთმევაც მოესწრო. ახლა საქმიანად იფერთხავდა შარვალს. _ ის შობელძაღლი ფეტიშისტი რომ არ გამომეჭირა, დღესაც ჭურში ვიჯდებოდი. _ თორნიკეს უცებ სახე შეეცვალა. _ ეეე, მგონი ახლაც ჭურში ვზივარ, ხო იცი?... თქვენ

საიდან იცნობთ ერთმანეთს? _ დადარაჯებული მზერა დიმიტრიდან ლელიზე გადაიტანა. _ ხალხო, გამაგებინეს, რა ხდება ჩემ თავს? სამსახურში კონტროლის პალატა მიზის, ყოფილი ცოლი იგნორს მიკეთებს, ახალი ცოლი ზურგსუკან ინტრიგებს ხლართავს... თორნიკე სიტყვა გაუწყდა, მისი მზერა კედელზე გამოფენილმა ნახატებმა მიიპყრო. ლელისთან მსგავსებამ დაშოკა თუ იმის წარმოდგენამ, რომ მისი ცოლი, თუნდაც ყოფილი, მხატვართან პოზირებდა, ფაქტია რომ გამწარებული შემობზრიალდა და ვიდრე სიტყვებში მოაქცევდა მოთუხთუხე ემოციებს, დიმიტრიმ დაასწრო: _ მარტო ინტრიგებს? კირა მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. _ ხუმრობ, დიმიტრი? _ მომენტალურად ჩაცხრა. _ სამწუხაროდ, არა. _ მკვახედ უპასუხა დიმიტრიმ. _ როგორ მკველობაში... ვის მკვლელობაში? _ შენ ეტყობა, მართლა ჭურში ზიხარ, თორნიკე. დამშვიდდი და მოგვისმინე... ___ მოსმენილის მერე რაღა დაამშვიდებდა, მისი ცოლი მკვლელია! საყვარელ ქალს შეიძლება მკვლელობაც კი აპატიო, აფექტის მდგომაეობაში მაგალითად, მაგრამ ჯაშუშობა _ არასდროს! რაც მთავარია, კირას არაფერში სჭირდება მისი პატიება. იმ უბრალო მიზეზით, რომ ის შეყვარებულს თამაშობდა. ასე აქვს ნაბრძანები. ზევიდან. ახლა თორნიკე თამაშის ჯერი დადგა. მასაც ნაბრძანები აქვს. ზევიდან არა, დიმიტრიმ ურჩია ასე, ვიდრე დამკვეთის ვინაობა გაირკვევაო. ძნელი ყოფილა თამაში. აფრუმ, კირას გაძლებას! ასე ფიქრობდა ლოგინში გატრუნული თორნიკე, თან სააბაზანოში შესულ კირას აყურადებდა. _ განმარტოების ადგილზე მივდივარ. _ პოეტურად ესროლა ცოლმა და ფეხის წვერებზე გაემართა ფრიად არაპოეტურ პროცედურებზე. `გაგკარი განმარტოებაში~, შეუკურთხა თორნიკემ, თითქოს ბალერინები ფეკალიების ნაცვლად ფაბერჟეს კვერცხებს ატყლაშუნებდნენ უნიტაზში. მაგრამ თორნიკე ისეთი აღფრთოვანებული იყო ხოლმე გამოჩენილი ცოლის არამიწიერი ტალანტით, საპირფარეშოში შესვლა ერიდებოდა: უხერხულმა ხმებმა რ დააფრთხოს ჩაიკოვსკის მუსიკაზე გაზრდილი ცოლიო. ერთი წუთით არ დაუშვია, რომ კირასთვის ის ჩვეულებრივი ბანკომატია, რომელიც დროგამოშვებით შეიძლება სექს მანქანად გამოიყენო. ეს კი ყველგან ტრაბახობდა: რა ქალმა გამომარჩია, შეხედეთ, დატკბით, გულზე გასკდით... კრეტინი აღმოჩნდა და იმიტომ გამოარჩია. რომელი ჭკუათმყოფელი გაეყრებოდა ცოლს, რომ ოჯახი შეექმნა ქალთან, ვისთვისაც მშობლიური სახლი მორიგი სასტუმროს ნომერია. განა ნორმალურია, როცა სამსახურიდან მოსულ ქმარს კარს შინამოსამსახურე გიღებს, ბავშვების ნაცვლად _ სიმსუქნისგან გაბერილი კატა გეწეპება. სიყვარულის გამო უარესსაც მოითმენდა კაცი, მაგრამ კირას ის კი არა, მისდამი აღფრთოვანება უყვარდა. და ფული, ფული... ეს კი ხბოსავით ბღაოდა და ცუგასავით კუდს აქიცინებდა, მაშინ, როცა ლევიკო პატარიძე კი მის დაწუნებულ ცოლს ხატავდა, ხატავდა, არ იღლებოდა. დდშც. ზეპირად ხატავდა და ნატურიდან? ეს კითხვა მთელი საღამო სტანჯავდა თორნიკეს. გული უჩერდებოდა, როცა ლელის სხვა კაცთან წარმოიდგენდა. კირაზე არასოდეს უეჭვიანია, ყოფილ ცოლზე კი ეჭვიანობს. აქვს საეჭვიანო და იმიტომ. ვინ არის კირას უფერული ფანი ლევიკო პატარიძესთან შედარებით? მოხარშული ლოკოკინა. კი ბატონო, ლევიკო აფერისტიც იყო, ავანტიურისტიც, კოკაინსაც ყნოსავდა და ათას მამაძაღლობაში იყო შემჩნეული. და მიუხედავად ყველაფრისა, ის პოპულარობით სარგებლობდა ქალებში. აგერ, პრეტენზიული კირაც მისი ყოფილი საყვარელი ყოფილა. და ასეთი ბეგრაუნდის პატრონი ლევიკო, ფაქტობრივად სიცოცხლის ფასად ურეკავს ლელის და საკუთარი ცოდვების შესახებ მიანიშნებს. ნუთუ შეუყვარდა?

ნუთუ ლევიკომ სამი შვილის დედაში დაინახა ის, რაც მას, თორნიკეს გამოეპარა? ნუთუ ლელი მისთვის სამუდამოდაა დაკარგული? თორნიკემ ყრუდ ამოიგმინა. რომ შეიძებოდეს საკუთარ თავის გაროზგვა, ვერავინ დაასწრებდა, მაგრამ რა ხეირი? რაც შეეხება ლევიკოს ცოდვებს... ის მიხვდა ვისი ხელი ურევია მეზობელი ნატოს მკვლელობაში. რასაკვირველია, კირასი, რომელიც მას კასეტით აშანტაჟებდა. სავარაუდოდ, ფულის გამოძალვის მიზნით. არც ისაა გამორიცხული, კირას დაპირებული ჰონორარი სრულად არ გადაეხადა (ო, რა გოთვერანი ქალია!). საქმე გაჩარხული იყო, ფოტო გამოქვეყნებული, თორნიკე დათრეული. ლევიკო კი წარსულის გადმონაშთია, `მავრმა გააკეთა თავისი საქმე, მავრს შეუძლია წავიდეს~. რას წარმოიდგენდა, რომ უარყოფილი `მავრი~ მათ ვერაგულ გეგმას კასეტაზე იწერდა! პარფრიზის მხატვრობა კი სხვა არაფერია, თუ არა კირასთვის გაგზავნილი მუქარისშემცვლელი მესიჯი (და არა ლელის შურისძიება, როგორც გონებაბნელებულ თორნიკეს ეფიქრებოდა). რეაქციამაც არ დააყოვნა. კირა მიხვდა: თუ კასეტას არ დაითრევს, შანტაჟი დროში გაიწელება და მის რეპუტაციას წყალი შეუდგება. ლევიკოს არყოფნაში ის შეიპარა მის ბინაში და სრულიად მოულოდნელად გადააწყდა ნატო ექთანს, რომელმაც ის იცნო. მიდი და აუხსენი რა დარჩენია პრიმა ბალერინას მონარკომანო მხატვრის ბინაში! რა გარანტიაა, რომ ინციდენტმა პრესაში არ გაჟონოს და დამკვეთის სახელი არ ამოატივტივოს? ჩიხში მომწყვდეულ კირას ხელჩანთიდან ამოაქვს ბალერინას მუდმივი ატრიბუტი _ პუანტების ჩაქუჩი და უდანაშაულო ნატოს თავს უჩეჩქავს. თორნიკეს ფიქრის ძაფი გაუწყდა. სააბაზანოდან კირა გამოვიდა, თან გამოიტანა ხარისხიანი პარფიუმის სურნელი. თორნიკე ცხოვრებაში პირველად გააღიზიანმა მისმა სუნებმა. რაღაში გინდა ძილისწინა შხაპი თუკი ორი იმდენი კრემ-ლოსიონი უნდა მიითხიპნო? სუნი იქით იყოს, ამას გაუძლებს, მაგრამ რა გაათენებს ღამეს მკვლელის გვერდით? იქნებ ღირდეს ადამის საქმის კურსში ჩაყენება? იმედისმომცემმა ფიქრმა წამით გააუელვა შიშით დადამბლავებულ ტვინში და იქვე დაბლოკილ იქნა. ადამი დაუყოვნებლივ მოსთხოვს პრესკონფერენციის მოწვევას, რაც კიდევ უფრო დაეჭვებს ისედაც ჩასაფრებულ სამთავრობო გუნდს. არის კი შესაფერისი სიტუაცია? ხელისუფლების შიგნით იგრძნობა გარკვეული რყევები, მაგრამ სანამ არ რყევებისგან მიწისძვრა ამოხეთქავს, გაცლა სჯობს, ნანგრევებში რომ არ მოჰყვე. სეირის გამო არ ღირს რადიკალური ნაბიჯების გადადგმა. _ გძინავს? _ ნიავივით დაიჩურჩულა ცოლმა. თორნიკემ თავი მოიმძინარა. ახლა რომ ხმა ამოიღოს, ასიანი გაიყიდება. მაგრამ კირა არ აპირებდა დიალოგის გამართვას, ყოველ შემთხვევაში ქმართან, ის უხმაუროდ გასხლტდა ოთახიდან. ცოტა ხანში კი თორნიკეს მისი მოგუდული ხმა მოესმა. დიდხანს არ უფიქრია, საბანი მოისროლა და ფეხაკრეფით წავიდა ხმაზე. სამზარეულოში განმარტოებული კირა ვიღაცას ელაპარაკებოდ. უფრო სწორად, ანგარიშს აბარებდა: _ სისულელეა, არაფერიც არ იცის. აჭარბებ... რას იზამს, სძინავს არხეინად... მერამდენედ გითხრა, არ ვიცი სად ინახავს. ალბათ თავში. ყოველ შემთხვევაში, კომპიუტერში და მობილურში არაფერია... მონაკოზეც გამოვკითხე, მაგრამ ზედაპირული ინფორმაციის გარდა ვერაფერი დავტყუე... პირდაპირი ტექსტით რომ ვუთხრა, მაშინვე დავიწვები... კარგი, მოვიფიქრებ რამეს. ვერ დაგპირდები, მაგრამ ვეცდები. დღეს, ხვალ, რ ვიცი... `რას მოიფიქრებს, რა უნდა გამომტყუოს?~ თორნიკე თავზარდაცემული შეიყინა სამზარეულოს კართან. ცივ მეტლახზე, ფეხშიშველა, ტრუსების ამარა, უწეოდ ჩამოყრილი მკლავებით... უცხო ხმებმა წამში გამოიყვანა გამყინვარების მდგომარეობიდან. კირა რაღაცას ნაყავდა. ლობიოსთვის ნოირს რომ არ დანაყავდა ნაშუაღამევს მისი აზიზი ცოლი, ფაქტია. მაგრამ ქმრის მოკვდინებამდე თუ მივიდოდა, ამას კი ვერ წარმოიდგენდა. აბა,

რაში სჭირდებოდა დაფხვნილი აბის ჯეზვეში ჩაყრა? აჰა, ყავა და შაქარიც მიაყოლა. ხვალ გაზქურაზე შემოდგამს და მზრუნველი ცოლივით მიართმევს. მერე დაჯდება და დაელოდება, როდის გადმოუვა პირიდან დუჟი საყვარელ ქმარიკოს. არა, ამ ეტაპზე მისი მოკვლა არ დგას დღის წესრიგში. ჯერ ინფორმაცია აქვს დასატყუებელი. რა აბია ასეთი, რომელიც ადამიანს გულახდილობის ხასიათზე აყენებს? თორნიკე საკუთარი კბილების კაწკაწმა გამოაფხიზლა. თურმე დენზე შეერთებულივით კანკალებს. და ვიდრე კბილებს რახარუხს ალქიმიკოსად ქცეული კირა გაიგებდა, საძინებლისკენ მოკურცხლა. საბანში გახვევამ ვერ უშველა. კანკალს შიგნიდან აეტანა და ორგანოებიც ჩაერთო: გული, ღვიძლი, თირკმელები... ყურადღების გადატანა სცადა, გულში მურმანის არიაც კი წაიმღერა: `ამაღამდელო ღამეო, ნუ გათენდები მალეოოო...~ კირა შემოვიდა, ვითომც არაფერი, ლოგინში შემოძვრა და ზურგზე აეკრო. თუმცა გველნაკბენივით გახტა უკან. მერე ისევ მოჩოჩდა, მხარზე დაადო ხელი, ოდნავ შეანჯღრია: _ რა გემართება, საყვარელო, ერთიანად კანკალებ... თორნიკე ფეთიანივით წამოჯდა, თითქოს ეს-ესაა გაიღვიძა. _ ავად ხარ? რამე ვირუსი არ იყოს... _ ჰა? _ ვაიმე, არ გადამდო, ხვალ სპექტაკლი მაქვს... _ რა ხდება, გათენდა? _ თავი გაისულელა თორნიკემ. _ არა, ღამეა ჯერაც. _ კირა შუბლზე შეეხო. _ უი, რა ცივი ხარ? ხომ არ კვდები, თორნიკე? `აი, სად არის შენი ნამდვილი სახე! ვერ მოგართვი, ქალბატონო, ცოცხალი ვარ და შენნაირს ცხრას გავისტუმრებ ციხეში.~ გულში გპასუხა თორნიკე და თავი გასწია. კირას ერთ დროს საყვარელი თითებიდან ისეთი უარყოფითი ენერგეტიკა მოდიოდა, თითქოს გატყავებული ბაყაყი შეეხო. _ ცუდი სიზმარი ვნახე და... _ იცრუა თორნიკემ და მეტი დამაჯერებლობისთვის დაამთქნარა. _ გინდა ცხელ ყავას დაგალევინებ, გაგათბობს... _ ყავა სულ გამიკრთობს ძილს. კაი, დავწვეთ, იქნებ დამეძინოს. _ კეთილ სიზმრებს გისურვებ, საყვარელო. _ თქვა კირამ, ზურგი შეაქცია და ორიოდე წუთში ისეთი თანაბარი ფშინვა ამოუშვა, თითქოს 5 წუთის წინ ქმრისთვის საწამლავი არ დაენაყოს. რა თქმა უნდა, თორნიკეს შეუძლია ამ წუთშივე დაურეკოს დიმიტრის და ცოლის `საგმირო საქმეები~ გაატელევიზოროს, მაგრამ ვაიდა, ჯეზვეში ისეთი სახიფათოც არაფერია? ჰა, ჰა! თუ ასეა, დადგეს და კირამ მიირთვას. თორნიკე ფრთხილად წამოდგა. სახლის შორეული ფლიგელში კლარა ხვრინავდა. კატა არ ჩანდა, ის გასიებული სარდელი, თორემ ამ გაბრაზებულ გულზე ერთი კარგად ამოაპანჩურებდა. რა უნდა ამ სახლში, უცხო ადამიანებთან და ცხოველებთან, მტრულ გარემოცვაში? როდის გახდა ის, თავმომწონე თორნიკე გიორგობიანი უსარგებლო, როგორც ამოღებული კბილი, რომელმაც შეასრულა თავისი ფუნქცია და უკანმოუხედავად იქნა გადაგდებული სანაგვეზე. ჯერ არ იქნა, რაღაცას გამოსტყუებენ და მერე მოისვრიან. ნეტავ შეიძლებოდეს ყველაფერს მიაფუთხოს და შინ დაბრუნდეს, თავი ლელის კალთაში ჩადოს, გაუცხოებულ ეკას მიეფეროს... მერე ყველანი ლონდონში გადაფრინდნენ, ტყუპების სანახავად. როგორც ლელი ოცნებობდა. მან კი, ხურუშიანმა მამრმა, ლელის მაგივრად კირას აუსრულა ყველა ოცნება. კი არის საწამლავის ღირსი! `ამაღამდელო ღამეოო...~ რას ჰქვია, ნუ გათენდები?! რაც შეიძლება მალე უნდა გათენდეს, რომ კირას ჩაფიქრებული ავანტიურა გამოაშკარავდეს.

___ _ დილა მშვიდობისა, საყვარელო, _ მზის სხივებში გახვეული კირა ფანჯრის რაფაზე იჯდა და ისე გულღიად უღიმოდა, ერთი პირობა თორნიკემ იფიქრა, რომმ წუხანდელი კოშმარი მხოლოდ დაესიზმრა, რომ ყველაფერი ძველებურადაა, ის წავა სამსახურიი, კირა _ რეპეტიციაზე, საღამოს თეატრში გაუვლის... კირამ ფანჯრიდან პირდაპირ ლოგინზე ისკუპა, თორნიკეს ლოყები თითებში მოიქცია, შუბლზე აკოცა. _ არ გაქვს სიცხე. მე კი გული გამისკდა, ვირუსი ხომ არ შეეყარა მეთქი. გინდა ყავა მოგიტანო? პირდაპირ ლოგინში... თორნიკემ ნაძალადევად გაიღიმა. არაფერიც არ დასიზმრებია, ჯეზვე საეჭვო ფხვნილით პატიოსნად დევს სამზარეულოში და თავის ჯერს ელის. _ მოდი, ნუ დავარღვევთ ტრადიციას, ცუდად მაქვს დაცდილი. ყავის ლოგინში მორთმევა ჩემი პრეროგატივაა. _ თორნიკე კირას ზევიდან მოექცა, მოკლედ აკოცა ტუჩებში და ზმორებით წამოდგა. _ რა სიცოცხლე ხარ... _ გული აუჩუყდა კირას. _ ჯეზვე გაზქურასთან დევს, წყლის დასხმაღა უნდა. _ შენც ხომ დალევ? _ შეჰღიმილა თორნიკემ. _ არ მითხრა, რომ უჩემოდ დალიე, თორემ მეწყინება. _ მე ხსნადს დავლევ, თურქული ამ ბოლო დროს გულს მიჩქარებს. _ არის, მბრძანებელო! `შენ ჩემი გული უნდა ნახო,~ ფიქრობდა სამზარეულოსკენ მიმავალი თორნიკე. შეიძლება ითქვას გული ხელით ეჭირა, ისე უფართხალებდა. აი ჯეზვეც. თაროზე _ კირას ჭიქა. თორნიკემ ღრმად ჩაისუნთქა, ჯეზვეს შიგთავსი კირას ჭიქაში ჩაყარა, ზევიდან ხსნადი ყავაც დაამატა, მდუღარეც დაასხა და ფარხაფურთხით შეუდგა თავისთვის ახალი ყავის მოდუღებას. ხუთ წუთში ის უკვე საძინებელში იყო. ორი სხვადასხვა ჭიქითა და სრული ქაოსით გონებაში. ეტყობა, კირაც ნერვიულობდა, მოჭიმული იჯდა საწოლზე, ქამა სოკოსავით გადაფითრებოდა სახე. კანიც რაღაცნაირად მობოშებოდა. ტუჩის კუთხეებში გარინდული თხელი ნაოჭი სიბერის მაუწყებელ პირველი მერცხლია. კირასთანა ქალისთვის ასაკი ყველაზე ვერაგი მტერია, მას ვერც მოატყუებ, ვერც მოქრთამავ, ვერც საწამლავს შეაპარებ. ასაკი თვალებიდან აჭყიტავს, თვალი კი სულის სარკეაო, ძველები ამბობენ. _ ხომ კარგად ხარ, ფერმკრთალი მეჩვენები... _ შეწუხდასავით თორნიკე. _ მართლა? _ შეიცხადა ლირამ. _ ეტყობა მაგნიტური დღეა, რაღაც ვერ ვარ ენერგიაზე, არადა, რეპეტიციაზე ვარ წასასვლელი. _ ყავას დალევ და გაგივლის. _ დაამშვიდა თორნიკემ და ჭიქა გადააწოდა. სვენებ-სვენებით სვამდნენ, თორნიკე ცდილობდა ანეკდოტების მოყოლით დაეფარა მოწოლილი მღელვარება. იმის წარმოდგენაზე, რომ კირა შეიძლება მის თვალწინ კომაში ჩავარდეს, ისეთ პანიკაში აგდებდა, საკუთარი ოფლის სუნს გრძნობდა. თავის მხრივ კირაც აკვირდებოდა თორნიკეს რეაქციას და მექანიკურად წრუპავდა თავის წილ ყავას, ვიდრე ბოლომდე არ დაცალა და თავი შეუძლოდ არ იგრძნო. _ სული მეხუთება, ავდგები, პირს დავიბან... _ ჩაილაპარაკა თავისთვის და წამოდგომა სცადა. _ მაგნიტური დღეა. _ სარკასტულად შეახსენა თორნიკემ, მაგრამ კირას არ შეუმჩნევია მისი ტონი, პირი მოაღო და ისე უცერემონიოდ დაამთქნარა, პრიმა ბალერინას რომ არ ეკადრება. ნუთუ დასაძინებელი აბი შემომაპარა? გაუელვა ცოლის ვარდისფერ სასას ჩაჩერებულ თორნიკეს. ერთი აბით ასე არ ითიშებიან, ქალს ზეზეულად სძინავს! ვითომ ჩაძინებული ქმრის დაკითხვა ჰქონდა განზრახული? ვნახოთ, ვინ-ვის დაკითხავს.

თორნიკე შეეცადა გონებაში ჩამოეყალიბებინა მთავარი კითხვები, თითიც კი მიიკაკუნა შუბლზე, მაგრამ ბალიშზე გადასვენებული კირას ბუტბუტი უფრო საინტერესოდ ეჩვენა. სმენად იქცა. _ დედა, მეტი აღარ შემიძლია. გთხოვ, თავი დამანებე, დედა... კირა აშკარად ბოდავდა. რა შუაშია დიდი ხნის წინ გარდაცვლილი სიდედრი მარგო დღევანდელ სიტუაციასთან? _ კირა? _ ხმადაბლა დაუძახა თორნიკემ. _ დრო მინდა. დრო მომეცით. ცოტა დრო... _ რისთვის? _ დრო, დრო... ამაღამ ვკითხავ. დრო მომეცით... _ ვის ჰკითხავ? _ თორნიკეს. _ რა გაინტერესებს? _ კოდი. _ რისი კოდი, კირა? _ ბანკის. თორნიკეს გული შეუხტა. აი, თურმე რაშია საქმე, კირას დავალებული აქვს კოდის გაგება. ვიღაცამ იცის მისი საბანკო ანგარიდის იესახებ და კირას საშუალებით ფულის მოხსნა განუზრახავს. უცნობი აბი სავარაუდოდ ფსიქოტროპული ნივთიერება პიპნოზის ეფექტით, რომელიც გთიშავს და გალაპარაკებს. ასეთები აფთიაქში არ იყიდება. ვიღაცამ მიაწოდა. ზემო ინსტანციიდან. _ ვინ დაგავალა კოდის გაგება? _ თორნიკე შეეცადა რაც შეიძლება მაგიური ჟღერადობა მიეცა ხმისთვის, რომელმაც დილის აქეთია ისე დააღალატა, დროგამოშვებით სადღაც ეპარებოდა, ხულიგანი ბავშვივით. _ იმან. _ იყო პასუხი. _ ვინ იმან? _ იმან. `მიწიდან ამოვიღებ~, გადაწყვიტა თორნიკემ, მაგრამ ჩხვეტია ტკივილმა გულის არეში მაშინდელივით გააშეშა. ათამდე დაითვალა. მოეშვა. ასე თუ გაგრძელდა აქეთ ჩავა მიწაში და გაუხსნელი დანაშაულის დარდსაც თან ჩაიყოლებს. დიმიტრი! აი, ვინ სჭირდება. ლელისთან კურკურს სჯობს კირას დაკითხვაში მოეხმაროს და ყავიანი ჭიქა ლაბორატორიაში წააცუნცულოს. რახან შეერჭო სხვის საქმეში, კეთილი ინებოს და ბოლომდე მიიყვანოს. თორნიკე მობილურს დასწვდა. _ ჩემთან უნდა მოხვიდე. სასწრაფოდ. ახლა, ამ წუთში... ეტყობა, ისეთი ხმა ჰქონდა, რომ დიმიტრი შეიძლება ითქვას, მოფრინდა. მაგრამ იქამდე კლარა დაიხატა მტვერსასრუტით. მართალია ჯერ მისაღებ ოთახში, მაგრამ რაღაც საბაბით დროულად თუ არ გააბრძანებს შინიდან, მათ საძინებელს მოადგება და მთელ გეგმებს ჩაუფუშავს. თორნიკემ ასდოლარიანი კუპიურა მოიმარჯვა და რაც შეიძლება არხეინი გამომეტყველებით დაიხატა მისაღებში. _ კლარა, ბაზარში ხომ არ გაისეირნებდი? _ ბაზარში რა მინდა, სავსეა მაცივარი. _ კლარამ მტვერსასრუტი გამორთო და გაკვირვებულმა ამოხედა უჩვეულოდ აცუნცრუკებულ თორნკეს. _ მაცივარი სავსეა ხაჭოსი და იოგურტებით. რამე კაცური საზმელი მინდა. მაგალითად, ჩაქაფული. დეზერტირებში ხბოს ხორცს იყიდი, ტარხუნა, მწვანილებს, ტყემალი არ დაგავიწყდეს... _ კირას არ აგვიანდება? _ უკვე დააგვიანდა. _ ორაზროვნად გაუღიმა თორნიკემ. კლარამ გაგებულად დააქნია თავი, ფული გამოართვა და ისე სწრაფად გაქრა სახლიდან, თორნიკემ მიხედვა ვერ მოასწრო. _ მიაუ! _ თავისი არსებობა შეახსენა სამანტამ.

`შენღა მაკლდი!~ დისტანციური მესიჯი გაუგზავნა თორნიკემ. `წადი, შენი!~ იმავე სტილში გაეპასუხა კატამ და ზურგი შეაქცია. ამასობაში `მოფრინდა~ დიმიტრიც. თორნიკემ ერთი ამოსუნთქვით მოუყვა კოშმარული ღამის შესახებ და საძინებელში შეუძღვა. კირას თითქოს ეძინა, მაგრამ აშკარად გამოფხიზლების ნიშნები ეტყობოდა, ინტენსიურად ამოძრავებდა ქუთუთოების ქვეშ შემალულ თვალის კაკლებს. დიმიტრიმ პირველ რიგში ჭიქა დაყნოსა. _ პარკში ჩამიგდე, _ სთხოვა თორნიკს და კირას პულსი გაუსინჯა. _ მკვლელობის შესახებ დაკითხე? _ არა, ვერ მოვასწარი. _ კირა, გესმის ჩემი? _ დიმიტრი ქალის საწოლთან დაიხარა. _ დიახ. _ ნატო ტაბატაძეს იცნობ? _ დიახ. _ საიდან? _ წამალს ვაძლევდი, ბიძაჩემისთვის. _ ვინაა ბიძაშენი? _ პაციენტი. ფსიქიატრიულის. _ სახელი, გვარი. _ მურზაყან გაბაშვილი. _ მამის ძმა? _ არა, დედის. თორნიკე შეცბა. წარმოდგენა არ ჰქონდა ვიღაც მურზაყანის არსებობაზე. ან რა იყო აქ დასამალი? კიდევ კარგი ჭიქები შეცვლა, თორემ ეს გულახდილობის აბი სადეპოზიტო კოდს კი არა, პირველ კლასში ნასწავლ ლექსს ათქმევინებდა. _ რა წამალს აძლევდი, კირა? _ დედამ დამიტოვა. _ რატომ? _ იმიტომ. _ რატომ მიგქონდა? _ ახლა სხვა მხრიდან მოუარა დიმიტრიმ. _ იმიტომ. _ ვინ მოკლა ნატო ტაბატაძე? _ იმან. შემთხვევით. _ ვინ `იმან~? _ იმან. _ იმას სახელი არ აქვს? _ მე. _ შენ მოკალი? _ ჩვენ. _ ორნი იყავით? _ ჰო. _ შენი ჩაქუჩით? _ ჰო. _ ჩაქუჩი ვის ეჭირა? _ იმას. _ რატომ წევს ბიძაშენი ფსიქიატრიულში? _ გიჟია. _ ვინ გითხრათ? _ დედამ. _ კირას სატირლად მოეღრიცა ტუჩები. _ დედა, გთხოვ, დამანებე თავი... კლარა, კლარა, უთხარი, თავი დამანებოს... შენ უთხარი, მე არ დამიჯერებს. ოი, დავიღალეე... დიმიტრიმ თორნიკეს გახედა.

_ კლარა მოახლეა. _ დაიჩურჩულა იმან. _ ჩათვალე, ოჯახის წევრი. კირა მისი გაზრდილია. _ კირას დედა ვინ იყო? _ ფსიქიატრი. _ მამა? _ მამა არ ჰყავდა. დიმიტრი თავი დააქნია და დაკითხვა განაგრძო: _ კირა, ვინ მოკლა ლევიკო? _ ჯაბამ. _ ჯაბა ვინ მოკლა? _ იმან. _ ვინ არის `ის~, სახელი არა აქვს? კირა თვალის გახელას შეეცადა, რაღაც მომენტში მოახერხა კიდეც, მაგრამ ფოკუსდაკარგული გუგა შუბლისკენ გაცოცდა, ქუთუთოს ქვემოდან კი მოყვათალო სკლერამ გამოანათა. _ კირა, თორნიკე ვინ არის? _ ქმარი. _ გიყვარს ქმარი? _ კი. _ ლევიკო გიყვარდა? _ ძალიან. ადრე. _ შენი დავალებით გაიცნო ლევიკომ ლელი? _ ააა... ლელიიი... _ გრძლად წაუმღერა კირამ და წარბები შეათამაშა. დიმიტრიმ კითხვა გაუმეორა. _ არ მეგონა თუ შეუყვარდებოდა... მართლა. _ ვის? ვინ? _ ვერ მოითმინა თორნიკემ. _ ლევიკოს ლელი. _ ლევიკოს ლელი შეუყვარდა? _ დიახ. თორნიკემ ყრუდ ამოიგმინა. მისი ფარული ეჭვები დადასტურდა: ლელის და ლევიკოს შორის რაღაც იყო. რაღაც გაცილებით ამაღლებული და ნამდვილი, ვიდრე მას და კირას შორის. ეს `რაღაც~ იმ მოცეკვვე ფოტოდანაც იგრძნობოდა და საერთოდ... სწორედ ამან გააგიჟა მაშინ თორნიკე, ამან აცემინა ლელი, ამან ჩაალაგებინა ბარგი... _ კირა, ვინ დაგირეკა წუხელ? _ დაკითხვა განაგრძო დიმიტრიმ. _ იმან. _ გეშინია იმისი? _ მეშინია, კი. _ რატომ? _ მან ყველაფერი იცის. _ რა იცის? _ ყველაფერი. _ რა ჰქვია? კირამ ტუჩები ააცმაცუნა, მაგრამ სიტყვა ვერ დასძრა. სამაგიეროდ თვალები გაახილა და საკმაოდ აზრიანად მიმოიხედა. კაცებმა შეთქმულის მზერები გაცვალეს. დაკითხვას თუ არ შეწყვეტენ, უახლოეს წუთებში კირა საბოლოოდ გამოფხიზლდება და ესენიც საბოლოოდ გაიშიფრებიან. _ ჩემი წასვლის დროა. _ თქვა დიმიტრიმ. _ გაცილება არ მინდა. ამას მიხედე, პულსზე ხელი გეჭიროს მაინც... დიმიტრი საძინებლიდან გამოვიდა, მაგრამ მაშინვე არ წასულა. მისაღებ ოთახში ტელეფონის აპარატი დაითრია, მარჯვედ ჩააუსკუპა შიგნით მოსასმენი მემბრანა და მხოლოდ ამის მერე გაიხურა კარი.

___ ექსპერტიზის ლაბორატორიიდან დიმიტრი პირდაპირ ფსიქიატრიულში დააწვა. მთავარმა ექიმმა, მომხიბლავმა ქალბატონმა სიმონა სინიორეს თვალებით, ნატო დადებითად დაახასიათა და რატომღაც მის მძიმე ბავშვობაზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა დიმიტრის მსგავსი არაფერი უკითხავს. როგორც ჩანს, ნინო ექიმი ფროიდით იყო გატაცებული. _ მძიმე ბავშვობაში რას გულისხმობთ, ობოლი იყო? _ იყო, კი. _ დაუდასტურა ექიმმა. _ თუმცა ობლობა პანაცეა არ არის. ეგრე კონკიაც ობოლი იყო, მაგრამ უფლისწულს გამოჰკრა ხელი. როცა ადამიანი ნაცემი ძაღლის თვალებით გიყურებს, მიზეზი ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. _ რამე კონკრეტული იცით? _ მე ის ვიცი, რომ ნატო მოწაფეობის დროიდან ლოგინად ჩავარდნილ ბებიას უვლიდა. უჭირდა ფიზიკურადაც და მატერიალურდაც, მაგრამ მისი წუწუნი არავის გაუგია. ძალიან პოზიტიური ადამიანი იყო, ძალიან... _ ნინომ დანანებით გააქნია თავი, თუმცა მაშინვე მკაცრად დაალაგა ნაკვთები. ემოციების დემონსტრირება ფსიქიატრისთვის არ არის კარგი ტონი. სულაც დაავიწყდა, რომ მის წინ ჟურნალისტია და არა პაციენტი. _ ვისი რეკომენდაციით მოხვდა ნატო ფსიქიატრიულში? _ ბებიამისი, სანამ ლოგინად ჩავარდებოდა, აქ მუშაობდა, სანიტრად. სანიტრად, თავისთვის გაიმეორა დიმიტრიმ. ბებია სანიტარი, შვილიშვილი ექთანი, აქეთ გაბაშვილების მთელი კლანი: მურზაყანდან დაწყებული მარგოთი დამთავრებული. ამ ადამიანებს რაღაც აკავშირებთ ერთმანეთთან და ყველას ერთად ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან. ზევიდან თუ კირას ინკოგნიტო `მბრძანებელს~ დავუმატებთ ინტრიგის მთელი პირამიდა გამოდის. კირა შეიძლება ბოროტმოქმედია, მაგრამ არც ისეთი უსისხლო ერთმანეთის მიყოლებით აჩაქუჩებდეს არასასურველ მოწმეებს. მას აქეთ აშანტაჟებენ. ვინ და რატომ? პასუხგაუცემელმა კითხვებმა პირდაპირ დემონსტრაცია მოუწყვეს შუბლის არეში: სტვენით, ტრანსპარანტებით, დაფდაფების ცემით. დიმიტრიმ წყლიდან ამოსული ძაღლივის გააქნია თავი. ასე თუ გაგრძელდა, მალე თვითომ გახდება ლამაზთვალება ფსიქიატრის პაციენტი. _ სანიტარი ბებო მოესწრო მურზაყან გაბაშვილს? _ მაგდენი არ ვიცი, არც ისე დიდი ხანია რაც აქ ვმუშაობ. _ მაშინ არც მარგო გაბაშვილი გეცოდინებათ... _ პირველად მისმის. ვინ არის? _ იყო. გარდაიცვალა. დიმიტრიმ კირა გაბაშვილის ფოტოსურათი გააწოდა: _ ეს ქალი გეცნობათ? ნინომ ჯერ ფოტოს შეხედა, მერე დიმიტრის, მასხრად ხომ არ მიგდებსო. _ ეს ხომ კირა გაბაშვილია, ბალერინა... _ გამოიცანით. მარგო, კირას დედაა. სხვათა შორის, თქვენი კოლეგა. _ ვერ ვხვდები საით მიგყავთ, დიმიტრი... _ რამდენადაც ვიცი, მურზაყანს თვეში ერთხელ უცნობი ქალბატონი აკითხავს, ძვირადღირებული წამლები მოაქვს... _ დიახ. ზოგადად ჩვენ ვუზრუნვლყოფთ პაციენტებს საჭირო მედიკამენტებით. თუმცა არც გარედან დახმარებაზე ვამბობთ უარს, მით უფრო, როცა საქმე დეფიციტურ მედიკამენტებს ეხება. _ შეგიძლია ამიწეროთ ის ქალბატონი? _ იცით, ერთხელ მოვკარი თვალი და რაც დამამახსოვრდა, იყო შავი სათვალე და შავი თმა. _ პარიკი.

_ პარიკი? რა შუაშია პარიკი?... ააა, ალბათ თქვენსავით ცნობისმოყვარე ჟურნალისტებისგან თავის დასაცავად. _ ქალბატონმა ნინო კეკლუცად გადაიწია საგულდაგულოდ დავარცხნილი თმა. იდეალური ფორმის ყურები აღმოაჩნდა. საყურის ნაკვალევის გარეშე. დიმიტრის არ მოსწონდა ჩამოწლაწული ბიბილოები და პირსინგიანი ქალები. გათხოვილია თუ გაშორებული? უფრო გაშორებული. ქმარიანი ქალის პირობაზე მეტისმეტად მოვლილია. იქნებ ღირს თავის მოგიჟიანება, პაციენტის ამბავში... _ წარმოიდგინეთ კირა გაბაშვილი, რომელსაც უკეთია პარიკი და სათვალე. ჰგავს? ნინომ კიდევ ერთხელ დახედა სურათს. ყოყმანით აიჩეჩა მხრები: _ დავუშვათ, ჰგავს. თუმცა დარწმუნებით თქმა გამიჭირდება. _ ანუ არ გამორიცხავთ, რომ კირა გაბაშვილი და მურზაყანის ნათესავი ერთი და იგივე პიროვნებაა. ¬_ არა. _ თავი გააქნია ექიმმა და სწრაფად ადგა. _ შემოვლაზე მაგვიანდება. _ შეიძლება ვიცოდე რომელ პრეპარატებს იღებდა მურზაყანი? _ ყველაფერი ანკეტაში წერია. რეგისტრატურაში მიბრძანდით, მე გავაფრთხილებ და მოგცემენ. ნინო ექიმი ტელეფონს წაეპოტინა, დიმიტრი სამადლობელი თავის დაკვრით გამოეთხოვა. ათიოდე წუთში ის პაციენტ გაბაშვილის გვერდებმომბალ ანკეტას ეცნობოდა: `გაბაშვილი მურზაყან გერასიმეს ძე. დაბადებული ქ. თბილისში... პროფესიით გეოლოგი. დიაგნოზი: ბიპოლარული აშლილობა... მმმ... გამოხატული მანიაკალური დეპრესია... მადის დაქვეითება, ზედაპირული ძილი კოშმარული სიზმრების თანხლებით, წუხილის, შფოთვის, დანაშაულის განცდა, ინტერესის დაკარგვა ფიზიოლოგიური აქტებისა და გარშემომყოფთა მიმართ, დაუძლურება, არაფრის კეთებისკენ მიდრეკილება... მმმ... პოტენციის დაქვეითების ფონზე სექსუალური ლტოლვის გააქტიურება... ააა... ფსევდო-ტკივილები... პერიოდული აკვიატებები: გაზეთების დახევა, საჩივრის დაწერა მაღალ ინსტანციაში გაურკვეველი წარმოშობის საფლავის ექსჰუმაციის მოთხოვნით... ოჰო! მედიკამენტოზური მკურნალობა... ანტიდეპრესანტები, ფსიქოტროპული... სეზონური გამწვავება... რეციდივი... მდააა...~ ანკეტას მთელი თხუთმეტი წლის განმავლობაში ხელს აწერდა მკურნალი ექიმი ფსიქიატრი მარგალიტა გაბაშვილი. მარგო! დიმიტრიმ ანკეტა ჩააბარა და პაციენტთან გასაუბრების მიზნით მეორე სართულზე ავიდა. მურზაყან გაბაშვილი გამხდარი, დაფანჩულწარბიანი ბერიკაცი აღმოჩნდა, ინსულტისგან მოღრეცილი პირითა და გრძელი, მომჩვარული ხელებით. დიმიტრი ბევრს ეცადა, მაგრამ მურზაყანმა ვერც საკუთარი და, მარგო გაიხსენა, ვერც დისშვილი კირა. სამაგიეროდ, სამი წლის ასაკში გარდაცვლილი ქალიშვილი გაახსენდა და ისე განრისხდა, დიმიტრიმ ძლივს გაასწრო პალატიდან. შემდეგი პუნქტი იყო საპროცედურო. დიმიტრიმ ქსოვით გართული ექთანი ჟურნალისტის აკრედიტაციით შეაშინა და დაუყოვნებლივ მოსთხოვა ნატო ტაბატაძის პირადი ნივთები, თუკი ასეთი მოიპოვებოდა. ასაკოვანი ექთანი სახელად ქეთო მკვირცხლად წამოხტა, კარადიდან პარკი გამოიღო და დამნაშავესავით აიტუზა მაგიდასთან. თეთრი ხალათი ჯიბეზე ამოქარგული ინიციალების, `ნესკაფეს~ წითელი ჭიქა, კოვზი, ტკივილგამაყუჩებელი აბების ფირფიტა... სულ ეს იყო მოკლული ნატო ტაბატძის ავლადიდება. დიმიტრის ყურადღება კონვერტივით დაკეცილმა პატარა ფურცელმა მიიპყრო. მურზა _ ეწერა გაკრული ხელით. შიგ რამდენიმე აბი აღმოჩნდა, რომელსაც დაუყოვნებლივ გაუკეთა კონფისკაცია, ატუზულ ქეთოს გამოემშვიდობა და საექსპერტო ლაბორატორიაში გაქანდა. აბები კოდური სახელწოდებით `მურზა~ დიმიტრიმ ექსპერტს დაუტოვა და ის იყო წასასვლელად მოემზადა, რომ ლაბორანტმა დილით დატოვებული ჭიქის შიგთავსის დასკვნა დააწია: ბატონი მიხეილის დავალებით ნონსტოპის რეჟიმში ვმუშაობთო.

ძალიან კარგი, გაუხარდა დიმიტრი და ადგილიდან მოუცვლელად დიწყი კითხვა. ...ბენზოდეაზეპინების ჯგუფის ნივთიერება, რომელიც იწვევს თავის ტვინის ინტოქსიკაციას. ჰიპნოზური ზემოქმედების გამო მისი ფართო მოხმარება აკრძალულია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით გასაგებია, რა ალაპარაკებდა ნახევრადმძინრე კირას. თუკი აბი `მურზაც~ იგივე შემადგენლობისაა, სრულიად ნათელია საცოდავი პაციენტის მდგომარეობა. საქმე სხვა რამეშია... რაში დასჭირდა მარგოს საკუთარი ძმის ფსიქიატრიულში გამომწყვდევა? აი, სად არის ძაღლის თავი დამარხული. `გათხრების~ საწარმოებლად დიმიტრიმ მიხეილ ხვედელიძესთან გაქუსლა. ___ `...გამომძიებელს ან პროკურორს, რომელიც პირს ბრალდებას წაუყენებს და დაკითხავს, როგორც ბრალდებულს, შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს დაპატიმრების შესახებ ბრძანებულების გაცემის თაობაზე.~ _ დაპატიმრების შესახებ ბრძანებულების გაცემის თაობაზე... _ ლელიმ ხმამაღლა გააჟღერა წაკითხული. ვერ უშველა. ტვინი პროცესორი არ არის, რაც მოგესურვება ჩაყარო და დამახსოვრება უბრძანო. ტვინს დასვენება სჭრდება და არა ულტიმატუმის წაყენება: გინდა თუ არა ღამის 12 საათამდე 12 თავი უნდა დაიზეპიროო. 10 მაინც ეთქვა, ან 7... ლელიმ სისხლის სამართლის კოდექსის სახელმძღვანელო დახურა და თვალხუჭული გადაწვა სავარძლის საზურგეზე. რა მოხდება აქვე დაიძინოს... ვიდრე ადგება, ლოგინს გაშლის, ტანსაცმელს გაიხდის გამოფხიზლდება კიდეც. ეს დღეები ისედაც ფრთხილი ძილი აქვს, პატარა გაფაჩუნებაზე ეღვიძება და საკუთარ გულისცემას აყურადებს. სულ სხვაა ზეზეულად თვლემა. ნირვანასთან მიახლოვებული მდგომარეობაა. არც იქით ხარ, არც აქეთ. სადღაც შუა პორტალში ხარ გაჩხერილი... ჰოდა, ნირვანაში მყოფმა ლელიმ ვერ დაინახა მის ბინაში შემოპარული ნიღბიანები. მხოლოდ მაშინ გაახილა თვალები, როცა ცხვირში მძაფრი სუნი მოხვდა. გაახილა, მაგრამ ვერაფერი დაინახა. სახეზე ქლოროფორმით გაჟღენთილი ქსოვილი ჰქონდა აკრული. ერთი კი გაფართხალდა და მაშინვე გაითიშა. ___ _ ფეხზე დგახარ? _ მიხეილი იყო. დიმიტრი ფეხზე არ იდგა. ის სკამზე იჯდა, სამსახურში, და იმის ნაცვლად მომავალი გადაცემა დაეგეგმა, ინტერნეტში ბიპოლარული აშლილობის მიზეზებს ეცნობოდა. იქ თეთრზე შავით ეწერა: ეს დაავადება ხშირად ერთი ოჯახის ფარგლებში მიმდინარეობს. კვლევები მიუთითებენ გენეტიკურ კომპონენტზე, სტრესულმა გარემომ ან ნეგატიურმა ცხოვრებისეულმა მოვლენებმა შესაძლებელია იმოქმედონ გენეტიკურ და ბიოლოგიურ მოწყვლადობაზე და წარმოქმნან აშლილობა. პრინციპში, ყველაფერი ემთხვევა. წარსულის კარმა არ ასვენებს გაბაშვილების შთამომავლებს. _ დავუშვათ. _ თქვა ხმამაღლა. _ დაჯექი, ისეთი ამბავი უნდა გითხრა, მეშინია არ წაიქცე. _ მიხეილმა მრავალმნიშვნელოვნად ჩაახველა. _ კირას დედა, მარგო გაბაშვილი საბჭოთა უშიშოებას ყურებით ჰყავდა დაჭერილი. ჰახ! დიმიტრი გაოგნებული წამოიმართა. ასეთ ინფორმაციას ბოლთის ცემით თუ გადახარშავდა. _ მოკლედ, მე შენ არქივის მასალებს გადმოგიკოპირებ და მეილზე გამოგიგზავნი. გაეცანი და დღის მეორე ნახევარში შემეხმიანე. _ თქვა მიხეილმა. _ რა იყო, შე კაცო, ენა ჩაგვარდა? _ მგონი კი.

_ მაშინ მეორე ამბავსაც მოვაყოლებ და შეგიძლია საღამომდე დამუნჯდე. ეს წუთია ლაბორატორიიდან დამირეკეს: ნატოსგან ამოღებული აბები და ყავის ჭიქის შიგთავსი იდენტურია. მსგავსი შემადგენლობის მედიკამენტებს სუკში საეჭვო პირებსა და დისიდენტებზე ცდიდნენ. ზოგჯერ გამოტეხვის მიზნით, ზოგჯერ ცნობიერების შესარყევად. მათი ხანგრძლივი მიღება ტვინის ინტოქსიკაციას იწვევს. _ მიხეილმა პაუზა გააკეთა. _ რას გაიყუსრე? მე აქ ქადაგად დავეცი, შენგან კი ზმუკი არ მეღირსა. _ ვფიქრობ. _ შენ თუ იმას ფიქრობ, რომ მე, როგორც სუკის ყოფილ თანამშრომელს, მაქვს მიღებული მონაწილეობა მსგავს მამაძაღლობაში, სულ კარგად მეყოლე. _ მოულოდნელად გაწიწმატდა მიხეილი. _ რატომ ბრაზობთ? _ ნერვები მეშლება და იმიტომ! იმის გამო რომ საბჭოთა დაზვერვაში ვმუშაობდი, მთელი ცხოვრება ბოდიშების მოხდა მიწევს. დავიღალე, იცი?... გავალ პენსიაში და კისერი გიტეხიათ ყველას. მიხეილმა მობილური გათიშა. დიმიტრი დაბნეული მიაჩერდა ჩამქრალ ეკრანს. იყო სიმართლის მარცვალი მიხეილის ნათქვამში. მსგავსმა აზრმა მართლა გაუელვა თავში, მაგრამ პრეტენზიის წამოყენება თავშიც არ მოსვლია. ის ვინც ფლობს წარსულს, ფლობს აწმყოსაც და მომავალსაც. ეს არის რეალობა. სამწუხარო თუ საბედნიერო, სხვა საკითხია. ცხადია, მიხეილი არ არის უცოდველი კრავი, მაგრამ არც დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური სპექტრია წმინდა ძროხა და არც ჟურნალისტი დიმიტრი ძნელაძე. ასე, რომ `პირველმა იმან ისროლოს, ვინც უცოდველია~. უნდა გადაურეკოს მიხეილს, შემოირიგოს. ის იყო მობილური ჩართო, რომ მეილზე შეტყობინება მოვიდა. მიხეილისგან იყო, არქივის ქსეროასლები. ეტყობა გადაუარა გაბრაზებამ. დიმიტრი კი ბუტიაა, დიდხანს მიჰყვება ხოლმე ბრაზი. აი, ახლა რომ კარი გაიღოს და გვანცა შემოვიდეს პატიების სათხოვნელად, ცოცხალი თავით არ აპატიებს. კარი მართლაც გაიღო, მაგრამ გვანცას მაგივრად პროდიუსერი ეფემია მესხი შემოვიდა ფურცელზე ჩამოწერილი თემებით. _ მომავალი გადაცემის თემებია. დღეს თუ არ გავიარეთ, ხვალ გვიან იქნება. _ ერთ საათში, კარგი? _ სთხოვა დიმიტრიმ. _გგუშინაც მითხარი, ერთ საათშიო და სადღაც აორთქლდი. ცდებიან ჟურნალისები, ბარემ გავუშვებდი სიუჟეტების გასაკეთებლად. _ ერთი საათი არაფერს წყვეტს. ფეხს არ მოვიცლი, ვიდრე არ გავივლით. ეფემია უკმაყოფილოდ გაეცალა, დიმიტრიმ კი მეილი გახსნა. ცოტა ხანში აღარც გადაცემა ახსოვდა, აღარც ნუსხა, აღარც დანაპირები... საერთოდაც მოსწყდა რეალობას. ამ წუთში ის თემების ნაცვლად, მარგოს ცხოვრებას `გადიოდა~. და-ძმა გაბაშვილებს შორის უსიამოვნება მაშინ დაიწყო, როცა მურზაყანმა შვილიან ქალზე გადაწყვიტა დაქორწინება. ქალს ნანა ერქვა. პროფესიით გეოლოგი იყო, ისევე როგორც მურზაყანი. ერთმანეთი ექსპედიციაში გაიცნეს, შეუყვარდათ... მაგრამ მარგომ ფეხები გააფიჩინა: ჩვენი მშობლების სახლში შვილიანი ქალის ფეხი არ იქნებაო. მურზაყანი იძულებული გახდა ახალშერთულ ცოლთან და გერთან ერთად ბინა ექირავებინა. მალე ქალიშვილი ეყოლათ: ნატო. ოჯახური იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. ნატო ოთხი წლის იყო, როცა ნანა ავად გახდა და სულ რამდენიმე თვეში ლეიკემიით გარდაიცვალა. ეს ორმაგი დარტყმა იყო მურზაყანისთვის. ცალკე ახალგაზდა ცოლს დარდობდა, ცალკე _ ობლად დარჩენილ ბავშვს. სოსო, ნანას უფროსი ბიჭი, მამამისმა წაიყვანა გასაზრდელად, მურზაყანი კი შვილთან ერთად მშობლების სახლში დაბრუნდა. მარგომ იმთავითვე აითვალისწუნა ძმისშვილი. ეს პატარა გოგო თავისი ახლომხედველი თვალებითა და პათოლოგიური სიმორცხვით არაფრით ეწერებოდ გაბაშვილების ოჯახურ ინტერიერში. მურაყანი მზრუნველი მამის როლში ჩამდგარი მურზაყანიც საშინლად აღიზიანებდა. ის უნდა ყოფილიყო ნომერ პირველი ადამიანი ძმის ცხოვრებაში და არა ვიღაც მდაბიოს ნაშიერი. ის თუ არა, მისი მომავალი შვილი მაინც.

მარგო სერიოზულად ჩაფიქრდა გათხოვებაზე. ვითომ რა სჭირს დასაწუნი? მაღალი, ტანადი, არისტოკრატული მიხვრა-მოხვრით, ექიმი... იმ დროს დიდად ფასობდა ექიმის დიპლომი. მართალია უფრო თერაპევტებზე იყო მოთხოვნა, მაგრამ არც ფსიქიატრს აკლდა გულისა და ხელის მაძიებლები. მაგრამ მარგო საუკეთესოს ეძებდა და ამ ძებნაში ბალზაკის ასაკმაც მიუკაკუნა. მამიდის არაკეთილმოსურნე დამოკიდებულება ობოლი ძმისშვილის მიმართ მურზაყანს არ გამორჩენია მხედვლობიდან. დაისვა საკითხი ბინის დაშლაზე. აქ მარგომ მეორედ გააფიჩინა ფეხები: ვიდრე ცოცხალი ვარ ბინის გაყიდვაზე არც იოცნებოო. მურზყანმა გამოსაცდელი ვადა მისცა: ან შეეგუები ნატოს არსებობას ან სასამართლოს ძალით გავიტან ჩემს წილსო. მარგოს არც ერთი აწყობდა, არც მეორე. ადგა და დაფეხმძიმდა. ლატვიელი ექიმისგან, რომელიც იურმალაში, ექიმთა დახელოვნების კონფერენციაზე გაიცნო და თბილისში ჩამოსვლისთანავე დაივიწყა. იმდენს კი ხვდებოდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი საკურორტო ინტრიგა ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. ან რაში სჭირდებოდა გათხოვება, მას მხოლოდ შვილი უნდოდა. უფრო ნატოს მურზაყანის ჯიბრზე ვიდრე თავისთვის. ძვირფასი ძამიკო სულ ტყუილუბრალოდ იმედოვნებს, რომ მარგო მისი კოშისფერი ქალიშვილის შეყვარებას შეძლებს. მით უფრო ახლა, როცა საკუთარს ელოდება: მამასავით ოქროსკულულებიანს, დედასავით ჯიშიანს. ვიდრე მურზაყანი ცოცხალია, ნატოს ბავშვთა სახლში ჩაბარებზე ლაპარაკი ზედმეტია. ღვიძლ ძმას კი მარგო სასიკვდილოდ ვერ გაიმეტებს. პირიქით, მან უნდა აიღოს შეფობა დისშვილზე და ისეთივე ახლობელი გახდეს მისთვის, როგორც საკუთარი შვილისთვის. ისე მოხდა, რომ ნატოს გამო მურზაყანმა უარი თქვა ძალიან საინტერესო ექსპედიციაზე _ დამტოვებელი არ ჰყავდა. ეს რომ მარგო გაიგო, კიდევ ერთხელ გადაფიჩინდა. ამჯერად მიზანდასახულად: რას ჰქვია უარს ამბობ, პატარას მე მივხედავ, მამიდა ვარ ბოლოს და ბოლოსო. საბრალო მურზაყანმა იფიქრა: `არიქა, მეშველა, ჩემი დის ყინულის გული გალღვაო~, ქალიშვილს დაემშვიდობა და გაემგზავრა თავის ექსპედიაში. იქიდან ჩამოსულს ნატო გარდაცვლილი და უკვე დასაფლავებული დახვდა. სინამდვილეში ნატო არ მომკვდრა, მარგომ ის გააშვილა. ფსიქიატრიულში ერთი მარტოხელა, გაჭირვებული სანიტარი ქალი მუშაობდა: ნელი ტაბატაძე. სწორედ მას გაურიგდა მარგო, დაპირდა რა ერთოთახიანი ბინის ჩუქებას. ნელის მომგებიანად ეჩვენა ფსიქიატრის წინადადება (თვითონ ნათესავთან იყო შეკედლებული), მაგრამ ასაკი ხელს არ უწყობდა თავი ბავშვის დედად გესაღებინა და ბებიის ამპლუაზე შეთანხმდნენ. ასე მოხვდა ოთხი წლის ნატო ნელი ტაბატაძესთან. დარდისგან შეშლილ მურზაყანს მარგომ დასამშვიდებლები დააყარა, მაგრამ უბედურმა მამამ ეჭვი აიღო და შვილის საფლავის ექსჰუმაცია მოითხოვა. მარგომ საჭიროდ ჩათვალა უფრო ძლიერ პრეპარატებზე გადასულიყო და `აკვიატებული იდეებით~ შეპყრობილი ძმა ფსიქიატრიულ კლინიკაში გააქანა, სადაც ის დის მეთვალყურეობის ქვეშ გაივლიდა `მკურნალობის~ კურსს. ვიდრე ფსიქოტროპული წამლებთ გაბრუებული მურზაყანი პალატაში ბუზებს ითვლიდა, მარგომ შვილი გააჩინა, თავის გვარზე ჩაწერა და ძიძაც გამოძებნა: კლარა. გავიდა წლები. მარგოს დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ არავინ-არაფერი იცოდა და ალბათ ვერც ვერასოდეს გაიგებდა, რომ არა ერთი მოულოდნელი გარემოება... ერთ მშვენიერ დღეს გამოჩნდა ბონდო, მურზაყანის გარდაცვლილი ცოლის, ნანას პირველი ქმარი, რომელსაც ახლაღა გაახსენდა ყოფილი ცოლის ქალიშვილის არსებობა. მარგო ისე დაზაფრა ამ კაცის გამოჩენამ, პირდაპირ არაადექვატური გახდა ეს დარბაისელი ქალი. შიშმა გონება დაუბნელა და იმის ნაცვლად მოსვლის მიზეზი ეკითხა, აგრესიულ შეტევაზე გადავიდა. არადა, ბონდოს ვიზიტს სრულიად მარტივი ახსნა ჰქონდა. მას უნდოდა ნახევარდა გაეცნო თავისი ერთადერთი ვაჟის, სოსოსთვის.

იმ უბრალო მიზეზით, რომ ახალგაზრდები შემთხვევით სადმე არ გადაჰყროდნენ ერთმანეთს და ღმერთმა ნუ ქნას, მათ შორის გრძნობა გაჩენილიყო. მარგოს გულზე მოეშვა, როცა საქმის არსს ჩასწვდა და ასეთი მიღებით ნაწყენ ბონდოს ნატოს `გარდაცვალების~ მისეული ვერსია უამბო. იმან თავაზიანად მოუსმინა, მაგრამ არ დაუჯერა. ბონდოს, ფიზიოგნომიკაში დახელოვნებულ უშიშროების ჩინოვნიკს, ყურადღებიდან არ გამორჩენია მარგოს არც ერთი მიმიკა. ტყუილს კილომეტრზე გრძნობდა, როგორც ზვიგენი სისხლს. ეს ქალი კი აშკარად ცრუობდა. ბონდოს შეეძლო ქუდი დაეხურა და სახლში წასულიყო. არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. მაგრამ მეძებრის თანდაყოლილი ალღო და გამორჩენაზე მომართული ფსიქიკა კარნახობდა: ამ საქმიდან სარგებელის ნახვა შეიძლება. სულ ერთი კვირა დასჭირდა საქმის გამოსაძიებლად. მოქმედი ფსიქიატრის სათავისოდ გამოყენება იყო ნებისმიერი თავმოყვარე `კაგებეშნიკის~ ვარდისფერი ოცნება. ასე გახდა მარგო სუკის აგენტი. ჯერ სიტყვით, მერე საქმით. პირველი საქმე ასეთი იყო: დააკავეს დისიდენტი ქალბატონი თამარ ცეცხლაძე და უშედეგო დაკითხვის შემდეგ ფსიქიატრიულში გაამწესეს. `ანტისაბჭოთა ელემენტის~ ზედმეტი ხმაურის გარეშე გაჩუმება ბონდომ მარგოს დააკისრა. მან რასაკვირველია შეიცხადა, ჰიპოკრატეს ფიციც კი მოიშველია, მაგრამ ბონდოს სასაცილოდ არ ეყო მისი არგუმენტი: ქალი, რომელმაც საკუთარი ძმა საგიჟეთისთვის გაიმეტა, ცოცხალი დისშვილი გარდაცვლილად გამოაცხადა, ვიდრე ჰიპოკრატეს ახსენებს პირში წყალი გამოივლოსო. მარგომ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. მით უფრო, ამხანაგი ბონდო ბატონი მურზაყანისთვის უშიშროების ლაბორატორიებში დამუშავებული სპეც აბების მოწოდებას დაჰპირდა, რომლებიც თანდათან, მაგრამ შეუქცევადად იწვევს გონების პარალიზებას. ესეც არ იკმარა და აბსოლუტური ნდობის მოსაპოვებლად მარგოს ყველაზე სუსტ წერტილს შეეხო. კირა. ის ისეთი გაიზარდა, როგორზეც მარგო ოცნებობდა: ლამაზი, ნატიფი, თბილისის საბალეტო სკოლის ერთ-ერთი პერსპექტიული აღსაზრდელი... კლარა ხომ პირდაპირ განძი აღმოჩნდა: კირას დახვეწილი მანერები და თავდაჭერის უნარი ძიძის დამსახურებაა. ბონდო თუ სიტყვას არ გატეხს და კირას მოსკოვის საბალეტო სკოლაში გადაყვანაში შეეხიდება, მარგო ეშმაკს მიჰყიდის სულს. ჰოდა, მიჰყიდა. თამარ ცეცხლაძე ფსიქიატრიულში გარდაიცვალა. დიაგნოზი _ ჰიპერტონიული კრიზი. ამ ორის თანამშრომლობა წლები გაგრძელდა, ვიდრე მარგომ უფალს არ მიაბარა ცოდვით დამძიმებული სული, გადასცა რა მურზაყანის გამოთაყვანების ესტაფეტა ქალიშვილს. დაახლოებით იგივე გააკეთა პენსიაზე გასულმა ბონდომაც. სიკვდილით არ მომკვდარა, მაგრამ სოსოს, თავის ერთადერთ ვაჟს, გაბაშვილების ოჯახის საშინელი საიდუმლო გაანდო და ამჯერად კირას დაშანტაჟების განახლებული სქემა დაუსახა. სოსოს გული არ შესტოკებია, არც ნახევარდის გაცნობით დაინტერესებულა, პირიქით, ენთუზიაზმით გააგრძელა მამის დაწყებული სარფიანი საქმე. დიმიტრის უცებ შეეცოდა კირა. სულგამოცლილი, იმთავითვე სხვის ჯიბრზე ჩასახული, საკუთარი დედის მიერ ბოროტების იარაღად ქცეული, ბიძაშვილის მკვლელი...

___ კაბინეტში თბილოდა, მაგრამ თორნიკეს მაინც შინაგანად აკანკალებდა. კანკალი პანიკური შიშით იყო გამოწვეული, შიში იმ ღამის დასჩემდა, როცა მიხვდა, ვისთან გაუტარებია `დაუვიწყარი~ დღეები. ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი ვაჩე ხმას არ იღებდა, მაგრამ მისი გვერდით ყოფნა დამამშვიდებლად მოქმედება თორნიკეზე. `ოჯახს ნუ დაანგრევ, ბიჭო, ცოლ-შვილი შენი

თავია, ტარაკანა ხომ არ ხარ მოწყვეტილი თავით იცხოვროო~, აფრთხილებდა მეგობარი. მაგრამ ვინ დაუჯერა?! ისე გადახტა ერთი ლოგინიდან მეორეში, ტარაკანიც რომ არ იკადრებს... _ ჰე, არ იტყვი, რა გჭირს? _ ვერ მოითმინა ვაჩემ. _ დილის აქეთია ცხვირიდან ძმარი ჩამოგდის. _ ჰო, რა ვიცი, მეძინება... _ წუხელ არ გეძინა? `უთხრას-არ უთხრას, უთხრას-არ უთხრას...~ უფრო კი. სჯობს მისგან გაიგოს, ვიდრე სხვებისგან. თორემ მერე რა შემოირიგებს... ვაჩეც თუ გაებუტება, თავის აქვს ჩამოსახრჩობი. ერთადერთი ადამიანია, ვისაც შეუძლია შემოულაწუნოს, ძმაკაცობის ამბავში. ერთი გულიანი შემოლაწუნება ნაღდად დაამშვენებს და მზარდ განგაშს გაუფანტავს. არადა, რა სამარცხვინო მოსაყოლია... ზუსტად იცის რასაც ეტყვის ვაჩე: მეტის ღირსი ხარ, ძმაო, აკი გაფრთხილებდიო... პირში თუ არ ეტყვის, უეჭველი გაიფიქრებს. _ მოკლედ, როცა დაგჭირდება, აქვე ვარ, სამსახურში. _ ვაჩე ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა და შარვლის ჯიბეში ჩაწყობილი ხელებით გაემართა კარისკენ. _ მოიცა. _ დააწია თორნიკემ. ვაჩე მოტრიალდა. მთელი მისი პოზა, მხრების სიგანეზე გაშლილი ფეხებიდან დაწყებული შემტევად წამოწეული კორპუსით დამთავრებული, ცხადყოფდა: ეს ადამიანი მყარად დგას მიწაზე და მისი გვერდზე გადადგმა-გადაჩოჩება შეუძლებელია. ვაჩესნაირ ქმარს კირა ამდენს ვერ გაუბედავდა, თუმცა ცოლადაც არ გაჰყვებოდა. ქალებს თორნიკე მოსწონდათ, ადრეც, ახლაგაზრდობაშიც და რაღა დასამალია, ახლაც. ვაჩეს რატომღაც უფრთხობდნენ. იმიტომაც დარჩა უცოლოდ. _ ვაჩე, ცოლი რატომ არ გყავს? _ მაგის საკითხავად მომაბრუნე? _ არა, არა, _ ხელები აასავსავა თორნიკემ. _ მოდი, დაჯექი, შენსავით მაინც ვერავინ გამიგებს... ვაჩემ სკამი გამოსწია, თვალებში შეხედა მეგობარს და კომპეტენტურად დადუმდა. თორნიკემ ყველაფერი უამბო, ლევიკოს ბინაში მისვლით დაწყებული, აბით გაბრუებული კირას დაკითხვით დამთავრებული. ვაჩე წარბშეკრული უსმენდა, შიგადაშიგ ყბის ძვალს ათამაშებდა, აღშფოთების ნიშნად, მაგრამ ერთხლაც არ გაუწყვეტინებია. თორნიკე ბოლომდე დაიცალა, ენის ქვეშ ვალიდოლი ამოიდო და მეგობრის ვერდიქტს დაელოდა. ს _ ვითომ საჭირო იყო ჟურნალისტის ჩართვა? _ იკითხა ვაჩემ. _ მე არ ჩამირთავს. ისე მოხდა, რომ თვითონ აღმოჩნდა ჩართული. დიმიტრი კარგი ბიჭია, სანდო. _ ეგ მიამიტობა დაგღუპავს როცა იქნება. _ შენ მაინც ნუ მგრუზავ, რა... ისედაც გლახათ ვარ. _ თლიფინით მიუგო თორნიკემ და ვალიდოლი გაღეჭა. _ რას მირჩევ? _ შენს ადგილზე მოვხევდი. _ სად? _ ლონდონში, ბიჭებთან. _ ვიდრე დამკვეთის ვინაობას არ გავიგებ, გამორიცხულია. _ კირა? _ კირას ციხეში ჩავალპობ. _ ვერ ჩაალპობ. _ თავი გააქნია ვაჩემ. _ ვითომ რა დამიშლის? _ ჩაგიშვებს. უსათუოდ რამე კომპრა ექნება შენზე. თუ ჩალპობაა, ერთად ჩავლპებითო, და თან წაგიყოლებს. გინდა, შეგიკვეთო ბილეთი? _ ლელის გარეშე არსადაც არ წავალ, _ თორნიკემ სახე მოისრისა და აწითლებული თვალები ვედრებით მიაპყრო ვაჩეს. _ როგორ გგონია მაპატიებს?

ვაჩეს პასუხის გაცემა არ დასცალდა. თორნიკეს მობილურმა დარეკა. _ რა-ა? _ იღრიალა თორნიკემ და გულზე ხელი წაივლო. _ რა? _ წამოხტა ვაჩე. თორნიკე გაფითრებული მიაჩერდა ჩამქრალ ეკრანს: _ ლელი მოიტაცეს. _ როგორ, ვინ? _ ღმერთო, რა დავაშავე... _ შენ ალაოდ ხო არა ხარ? _ დაუყვირა ვაჩემ. _ რა დროს თავში ხელებს წაშენაა, შენი შვილების დედა მოიტაცეს, მე მაგათი დედა... გამოსასყიდს ითხოვენ? _ არა, კოდს. _? _ ანგარიში მაქვს შვეიცარიის ბანკში. _ გამოტყდა თორნიკე. _ დიდი თანხაა? _ ხო. ტელეკომპანიის გახსნას ვაპირებდი. მეთქი, დიმიტრის გენდირექტორად დავნიშნავ, შენ მოადგილედ. არჩევნებისთვის მინდოდა მომესწრო... _ კარგი რა, თორნიკე, კარგი რაა... არჩევნების დროა ახლა? _ აღშფოთდა ვაჩე. _ პირველ რიგში ლელია გამოსახსნელი! _ იქნებ, ისიც მიკარნახო, როგორ გამოვიხსნა? კოდის ნომერი დავუმესიჯო და არხეინად დაველოდო როდის გაანეიტრალებენ ლელის?... _ ჩვენც ნუ დაველოდებით, ვიმოქმედოთ... მამაჩემის ახლობელი უშიშროებაში მუშაობს, გინდა... _ მე უკეთესი ახლობელი მყავს. _ თორნიკემ მობილური მოიმარჯვა და დიმიტრი ძნელაძესთან დარეკა. ... 15 წუთში კირას სახლის ეზოში ორი მანქანა გაჩერდა. დიმიტრის `პეჟო~ და ვაჩეს `შკოდა ოქტავია~. თორნიკემ კაცები ერთმანეთს გააცნო და გასაღები მოიმარჯვა. _ აწი სამსახურში გამოსულიყავი, აქ რას მომარბენინებდი? _ უსაყვედურა დიმიტრის. _ მეზიზღება აქაურობა. _ ასე საჭირო. _ მოუჭრა დიმიტრიმ და უკან მიიხედა. ნაცნობი წვა ბეჭების არეში სხვა არაფერია, თუ არა გაფრთხილება: სადღაც ახლომახლო უარყოფითი ენერგეტიკაა. წყაროს დიმიტრიმ მიუხედავად თვალების ცეცებისა ვერ მიაგნო. პურის ნამცეცების კენკვით გართულ მტრედებს ხომ არ დაერეოდა, გინდა თუ არა თქვენგან მოდის საფრთხეო? _ კლარა? _ სახლში შესვლისთანავე დაიძახა თორნიკემ. არავინ გაპასუხებია. _ კიდევ კარგი. _ შვებით ამოისუნთქა და ისევ დიმიტრის მიუბრუნდა. _ აბა, გელოდები... დიმიტრი არ გაპრანჭულა. უცერემონიოდ დაითრია გაბაშვილების ტელეფონის აპარატი, ჩამონტაჟებული მოსასმენი ფრჩხლით ამოტყორცნა და სპეციალურად წამოღებულ დიქტოფონში ჩააცურა. _ გთხოვთ, ბატონებო. _ მიმართა გაოგნებულ ბატონებს. ბოლოდან პირველი ზარი `ატეესიდან~ იყო. ვირტუალურმა ხმამ აბონენტს საქალაქთაშორისო დავალიანების შესახებ ამცნობა. მეორედ კლარამ ვიღაც ქალი მოიკითხა; მესამედ კირამ მოიკითხა ვიღაც კაცი. ეს უკვე საინტერესო ჩანდა. დიალოგი ასეთ რეჟიმში წარიმართა. კირა: როგორ მიდის საქმეები? კაცი: ნორმალურად. წავკისში ავიყვანეთ, აგარაკზე. ახლა სიტყვა შენს ქმარზეა. ან კოდი ან ცოლი. ჰახ! კირა: ყოფილი ცოლი. კაცი: ყოფილია თუ რაც არის, მისი შვილების დედაა. კირა: დედა თორემ... უყვარს საერთოდ ვინმე? კაცი: შენ უყვარხარ.

კირა: ჰო, მე მაღმერთებს... იცი, ზოგჯერ მეცოდება. კაცი: მეც. ზოგჯერ. ხო, მართლა იმის დაწვა ხომ არ დაგავიწყდა? კირა: იმავე დღეს დავწვი. ვიდრე იმ საძაგელ ფეტიშიტს შევხვდებოდი. კაცი: მაინც როგორ გაიმეტე... არ მეგონა, იცი?... წარმომიდგენია, რა გაკვირვებული მოკვდებოდა. კირა: გაკვირვება ვერ მოასწრო, ისე დაეშვა ქარაფიდან. კაცი: ოო, სასტიკი ხარ, ჩემო ბალერინა, რა სასტიკი, ვინც არ გიცნობს... კირა: სისასტიკეზე ბავშვობიდან ვარ აცრილი. მოვრჩეთ ამაზე. შენ ის მითხრი პროკურატურაში რა ვერსიას ამუშავებენ? კაცი: რომელ გვამთან დაკავშრებით ინებებ ვერსიას? კირა: შენებზეც მე ვიდარდო? მე მირზა მაინტერესებს. კაცი: ჩაქუჩი შენია და... მკვლეობის იარაღია, მაინც... კირა: აკი, გადააგდე? კაცი: ვხუმრობ, გოგო, რა მოგივიდა? რაღაც მომენტში დიმიტრის მოეჩვენა, რომ მამაკაცის ხმა ეცნობა. თავი ასწია და თორნიკეს შეშლილ თვალებს წააწყდა. ვაჩე! ხმა ვაჩეს ეკუთვნის. ხმაც და `კოდა ოქტავიაც~ სანომრე ნიშნით: 148 Аჳ... ჯაბას სიკვდილისწინა გზავნილი! მერე ყველაფერი წამებში მოხდა. ვაჩემ ერთი დატყმით ნოკდაუნში ჩააგდო თორნიკე და დიმიტრისთვისაც მოიცალა. მისი ძვლოვანმა მუშტმა მილიმეტრებში ჩაუშხუილა დიმიტრის ყბას და ჰაერი შეალაყლაყა. მორიგე თავდამსხმას დიმიტრიმ ამოყირავებული სკამი დაახვედრა. მეორე წამს აფართხალებული ვაჩე სკამის ფეხებით კედელზე აღმოჩნდა მილურსმული. დიმიტრიმ მადლობა შესწირა კარატეს მასწავლებელს, რომელმაც თავის დროზე ეფექტური ილეთების გარდა ორთაბრძოლის ფსიქოლოგიური ასპექტებიც ასწავლა. _ შენ საიდანღა გამოტყვერი, შენი დედაც... _ ამოიხავლა ვაჩემ. დიმიტრიმ სკამის ფსკერს ფეხიც მიაშველა, თავისუფალი ხელით კი ჯიბიდან მობილურის ამოღებას შეეცადა. _ მოვილაპარაკოთ, კაცი არა ხარ? _ ვაჩემ თხოვნაზე გადავიდა. _ კაცი რომ ვარ, იმიტომაც არ ველაპარაკები არაკაცებს. _ თორნიკეს თუ ელაპარაკებოდი? თუ თორნიკე ჩემზე ნაკლები არაკაცია? _ ის შენ მეგობრად გთვლიდა. _ იმიტომაც მომიტეხა ფული! შვეიცარიის ბანკში დააბინავა და დააჯდა კრუხივით. _ შენ მის ცოლთან შეკარი პირი... _ მე სახელმწიფოს დავალებას ვასრულებდი. თორნიკე მოპარული ფულის მძლავრი ოპოზიციური ფრთის შექმნას აპირებდა. _ სახელმწიფოს დავალებით გამოასალმე სიცოცხლეს ნატო ტაბატაძე, ლევიკო, ჯაბა, მირზა... _ დიმიტრი ისეთი გამეტების მიაჭირა სკამის კიდე კისერზე, რომ ვაჩემ თვალები გადმოკარკლა და ხროტინი დაიწყო. _ დიმიტრი არ მოკლა... _ დაიკვნესა გონს მოსულმა თორნიკემ და სისხლით მითხუპნილ ცხვირ-პირზე ცხვირსხოცი მიიდო. _ ვიდრე არ დაველაპარაკები, არ მოკლა ეგ სატანა, ეგა... სკამს გაეშვი, იარაღი მაქვს აგერ. თორნიკემ წელზე მიმაგრებული კობურიდან `ვალტერის~ სისტემის შავი პისტოლეტი ამოიღო. _ სატანა შენი სიდედრია. _ მიახალა ვაჩემ. _ მამაშენის პატრონს რომ სხვისი სიდედრი გაუკვირდება?! _ თორნიკეს მაგივრად უპასუხა დიმიტრიმ. _ ჰო, რას მომჩერებიხარ?! სოსო არ ხარ? ბონდო ვაჩეიშვილის შვილი? _ მერე რა, რომ ვარ... _ რა შუაშია ჩემი სიდედრი და ბონდო ბიძია? _ თორნიკემ პისტოლეტი დაუშვა. _ გამაგებინეთ, რა ხდება?

გაუგებრობაში მყოფ თორნიკეს დიმიტრიმ იარაღი გამოგლიჯა და მოკლედ გააცნო სად და როდის გადაიკვესა ვაჩეიშვილებისა და გაბაშვილების გზები. _ მოიცა, ნატო ამის ნახევარდა იყო? _ ვაჩეზე ანიშნა თორნიკემ. _ და კირას ბიძაშვილი. _ დაამატა დიმიტრიმ. _ არ ვიცოდი ჩემი და თუ იყო! _ ისტერიულად შეჰყვირა ვაჩემ და ნიკაპზე გადმომხტარი დორბლი მკლავით მოიწმინდა. _ მერე გავიგე, როცა აღარ იყო ცოცხალი. _ დაამატა ჩამქრალი ხმით. _ ჩვენ არ გვინდოდა ნატოს მოკვლა. წესით სახლში არავინ არ უნდა დაგვხვედროდა, ლევიკო კაზინოში გვეგულებოდა... და უცებ ვიღაც ქალი. კირამ იცნო ბიძამისის ექთანი... ჩანთიდან ჩაქუჩი ამოიღო და მომაწოდა, გათიშეო. _ სამუდამოდ გათიშეო, არა? _ დიმიტრის ნერვებმა უმტყუნა. ის იშვიათად უწევდა ხმას, მაგრამ ამ ნაძირალას ცინიზმმა წყობიდან გამოიყვანა. მართლმსაჯულების რომ არ ეშინოდეს, აქვე გაასხმევინებდა ტვინს. ვაჩემ არაფერი უპასუხა. _ ლევიკოს სახლში კასეტას ეძებდით? _ ჰმ, ეგეც გცოდნიათ. _ ვაჩემ დამცინავად გახედა თორნიკეს. _ მაგას მიმალავდი, ძმაკაც? _ კითხვაზე მიპასუხე. _ დიმიტრიმ კედელზე მილურსმულ ვაჩეს სკამი მოაშორა. პისტოლეტოს დამიზნებით დაკმაყოფილდა. _ ჰო, კასეტას ვეძებდით. ლევიკო კირას აშანტაჟებდა: თუ თორნიკეს არ მიატოვებ, ჩანაწერს მოვასმენინებო. _ ლევიკოს კირა უყარდა? _ გაუკვირდა თორნიკეს. ვაჩემ ზიზღნარევმა ჩრდილმა გადაურბინა სახეზე: _ უტვინო კაცი ხარ შენ თორნიკე გიორგობიანო, ყოველთვისაც უტვინო იყავი. შენ გარდა ვის რაში სჭირდებოდა ის ბროლის ბალერინა? უბრალოდ ლევიკოს ლელი შეეცოდა... რატომღაც ეგონა, თუ კირა შენ მიგატოვებდა, ოჯახს დაუბრუნდებოდი. რაც ერთგვარი შეღავათი ყოფილიყო ლელისთვის. _ ვერ გავიგე... _ ვერც ვერასოდეს გაიგებ. მთელი ცხოვრება ბრმა და ყრუ იყავი! ანგელოზივით ცოლი სახლში გეჯდა, შენ კი ღამის პეპლებს დასდევდი. ხფთუი! თორნიკემ ისე შეხედა, თითქოს ვაჩეს სახეზე მესამე თვალი აღმოაჩინა. _ შენ ლელი გიყვარს... _ ჩაილაპარაკა მოულოდნელი მიგნებით შეძრულმა. _ ყოველთვისაც გიყვარდა. ვიდრე მე გამომყვებოდა ცოლად მაშინაც... რა იდიოტი ვარ! ღმერთო, რა იდიოტი ვარ. ვაჩე დაელმებული მიაჩერდა საკუთარი ფეხმაცმლის წვერებს. _ და ახლა სამაგიეროს მიხდი. _ თავის ქნევით განაგრძო თორნიკემ. _ იმის გამო მიხდი, რომ ლელიმ ჩემზე გააკეთა არჩევანი. _ სამაგიეროს არაკაცობის გამო გიხდი. ის ფული ორად უნდა გამტყდარიყო. ასეთი იყო შეთანხმება. შენ მე გადამაგდე. უფრო სწორედ, ფეხებზე დამიკიდე. ვერც გაიაზრე, ისე გადამაგდე. ძმაკაცობაში უფროს-უმცროსობა არ მოსულა, ბიჭო, ძმაკაცობა თანასწორობაზე დგას. მაგრამ შენ ყოველთვის საკუთარ თავში შეყვარებული ნარცისი იყავი. ეს ორი იდიოტი სავარაუდოდ წინასაარჩევნოდ მოტეხილ ფულს ედავება ერთმანეთს, მიხვდა დიმიტრი. ბომბი თემა იქნებოდა გადაცემისთვის. რომ არა თორნიკეს ფაქტორი. კაცს რომ ერთხელ გაუწვდი დახმარების ხელს, მერე ტელევიზორში ვერ გამოაჭენებ. ესაა ჩვენი მენტალობა. არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი ვართ. პატიება და მსგავსი სენტიმენტები გენეტიკური კოდის დონეზე გვაქვს შესისხლხორცებული. და სანამ ამ სენტიმენტალური ბრბოდან სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდება, დედამიწა კიდევ ძაააალიან ბევრ ბრუნს გააკეთებს მზის გარშემო. _ მამაშენმა დაგეგმა ეს ოპერაცია? _ მიხვდა თორნიკე. _ როგორ მიხვდი? _ ჩაიქირქილა ვაჩემ, მაგრამ მაშინვე ხველა აუტყდა. ტუჩები დაენერწყვა, ცხვირზე წვლინტი დაეკიდა. ძალიან ცუდი სანახავი იყო სულ რაღაც 15 წუთის წინ `შკოდაში~ გამოჯგიმული კაცი.

_ ნაბიჭვარი გებეშნიკი! _ ნაგვიანევად იყვირა თორნიკემ, მაგრამ დაძაბულობისგან ცხვირიდან სისხლისდენა განუახლდა, ტახტის კიდეზე ჩამოჯდა, კისერი უკან გადააგდო. _ ნაბიჭვარი თავი გაბია. _ პასუხი არ დაუგვიანა ვაჩემ. _ ისეთმა ფურმა ჩამწიხლოს, ჩემზე მეტს რომ იწველება. უყურე ამას, გაბლატავდა... თუ კოდს არ დადებ, წასულია ლელის საქმე. მამაჩემი რა კაცია, ეგ დიმიტრის ჰკითხე. თავს მოჭრის ლელის და პრეზენტაბელურად შეფუთული ყუთით გამოგიგზავნის. _ იგივეს გავუკეთებ კირას, თქვენს დავერბოვკებულ ინფორმატორს. _ მოიფიქრა თორნიკემ, მაგრამ ვაჩემ ცივი წყალი გადაასხა: _ უი, როგორ შეგვაშინე?! _ უსირცხვილოდ შესცინა. _ ვის დაჰკარგვია ეგ შენი კირა, ბიჭო! რაც გინდა ის წააჭერი. თორნიკემ იგრძნო, როგორ ურტყამს თავში სისხლი. ცალკე შეურაცხყოფისგან, ცალკე უმწეო ბრაზისგან. რაღაც მომენტში სიბრალულიც კი იგრძნო კირას მიმართ. ქალი, რომელსაც თავი დედამიწის ჭიპი ჰგონია, თურმე არავის სჭირდება მისნაირი ბედოვლათის გარდა. მაშინ, როცა ლელიზე მთელი ნადირობაა გამოცხადებული. რა აქვს მას ისეთი, რაც თორნიკემ ვერ დაინახა? _ ვინ დგას მამაშენის უკან? _ ჰკითხა რაც შეიძლება მრისხანედ. _ მამაჩემი. _ იყო ვაჩეს პასუხი. გამოდის, თორნიკეს პოლიტიკური ნიშნის არ დევნიან. კირასი არ იყოს, არც ის მიაჩნიათ ღირსეულ მეტოქედ, მისგან მხოლოდ ფული უნდათ. მეტი არაფერი. ნუთუ ასეთი არარაობაა?! _ ლელი რომ ჩემი ცოლი ყოფილიყო, ერთი წამით არ დავფიქრდებოდი. _ სინდისზე შეაგდო ვაჩემ და რეაქციას დაელოდა. _ მერე ვინ გითხრა რომ ფიქრობს? _ ინიციატივა აიღო დიმიტრიმ და თორნიკეს მიუბრუნდა. _ გამოიცვალე ეგ სისხლიანი პერანგი. წავკისში მივდივართ. თორნიკე ბარბაცით გაემართა საძინებლისკენ. უცებ მოუნდა დიმიტრისნაირი ძმაკაცი ჰყავდეს: გულადი, ერთგული, რისკიანი... ადრე ვაჩეც ასეთი ეგონა, მაგრამ ეს კედელთან მიყენებული კაცი მისი ვაჩე არ არის, ეს სოსო ვაჩეიშვილია. ბონდოს ძე. ___ ფაქტია, რომ სოფელში იყო. ამას მოწმობდა ძაღლს ყეფა, საქონლის ბღავილი, გისოსებიანი ფანჯრიდან დანახული პეიზაჟის ფრაგმენტი: ვაშლის ყვავილით გადაპენტილი ეზო, ბალახში გამკრთალი ყაყაჩოების ქუდები, ასკილის ბუჩქი ღობის ძირში... შორს, ჰორიზონტზე თრიალეთის დაკბილული ქედი იკლაკნებოდა. ე. ი. თბილისის შორიახლოს იმყოფება. ოთახში, სადაც ის გაამწესეს, ვოლიერის ოდნავ შესამჩნევი სუნი იდგა, რომელსაც სავარაუდოდ ცუდად გამოყვანილი დათვის ტყავი გამოსცემდა. დათვს თავი არ ჰქონდა, კედელიდან ამოზრდილ ჯეირანის ფიტულს კი ტანი. ლელის თავიც ჰქონდა, ტანიც და გონებაც უჭრიდა, მაგრამ რად გინდა? წარმოდგენა არ აქვს სად იმყოფება და რატომ? პირველი, რასაც მიხვდა: სახლის პატრონი ნადირობითაა გატაცებული. მეორე _ ასაკოვანია. ახალგაზრდებს სად სცალიათ ტყე-ტყე დათვების სადევნებლად. ისედაც, ნადირობით გატაცება, მით უფრო ცხოველების გაფიტულება, წარსულის გადმონაშთია. და რას აძლევს ეს ცოდნა? გასატყავებლად ხომ არ მოიტაცეს ამხელა ფილარმონია ქალი?! ასეც რომ იყოს, რა?... იქნებ სიკვდილი გაცილებით უნივერსალურია, ვიდრე სიცოცხლე. თუკი შეიძლება ლელის სიცოცხლეს სიცოცხლე დაერქვას. შვილები შესანიშნავია, მაგრამ ისინი გაიზრდებიან და გაფრინდებიან. ბიჭები ფაქტობრივად უკვე გაფრინდნენ. აი, გოგო ცოდოა დედის გარეშე, ნორმალური მამა მაინც ჰყავდეს გვერდით. ლელი სახეზე ხელები აიფარა და პირმოკუმული ატირდა. როცა სული მოითქვა, ოთახში ორნი იყვნენ. პირქუში ბერიკაცი ყალყზე შემდგარი ასიმეტრიული წარბებით და შედარებით ახალგაზრდა ქონდრისკაცი.

ქონდრისკაცმა ბერიკაცს სკამი მოუმარჯვა, დაჯდომაში მიეხმარა და უკან დაუდგა. ასეთ პოზებში გასულ საუკუნეში ფოტოსურათებს იღებდნენ. მე შენ გეტყვი, ფონი არ ჰქონდათ შესაბამისი, აქეთ დათვი, იქით ჯეირანი. იატაკზე თუშური ფარდაგი მცენარეული ორნამენტებით. _ სანერვიულო არაფერია. _ თქვა პირქუშმა. ბებრული, გატეხილი ხმა ჰქონდა, სამაგიეროდ თვალები უელავდა ახალგაზრდა მგელივით. _ გავიგებთ რაც გვაინტერებს და გაგიშვებთ. _ მკითხეთ, რაღას უცდით. _ ლელიმ ცრემლები მოიწმინდა და უზურგო ტახტის კიდეზე ჩამოჯდა. _ ჭამას ხომ არ ინებებთ? _ არა, გმადლობ. _ ჩაი, ყავა, კაკაო... _ კაკაო? _ გაუკვირდა ლელის. _ კაკაო ბავშვობის მერე არ დამილევია. _ ეტყობა კარგი ბავშვობა გქონდათ. მე ბავშვობაში ყველაფერი მაკლდა, მათ შორის კაკაო. ახლა დანაკლისს ვინაზღაურებ. დღეში სამჯერ ვსვამ. _ კაცმა ხრინწიანად ჩაიცინა. უფრო სწორედ, ტუჩის კუთხე აპრიხა, მორიელივით. _ კაკაო მოუტანე ქალბატონს. _ უბრძანა ქონდრისკაცს, რომელიც წამში მოსწყდა ადგილს და მეორე ოთახში გაუჩინარდა. _ რა გინდათ ჩემგან? _ შენგან არაფერი. შენი ქმრისგან. ააა, თურმე რაშია საქმე. თორნიკე წარმოადგენს ამათი ინტერესის საგანს. ეტყობა, არ იციან რომ სხვა ოჯახი აქვს. _ მისამართი შეგეშალათ. _ წამოიძახა ნიშნის მოგებით. _ ჩემს ქმარს სხვა ცოლი ჰყავს. მე მისთვის არაფერს წარმოვადგენ... _ ვნახოთ, ვნახოთ... _ კაცმა მხრებზე მოგდებული მაუდის ჟაკეტი შეისწორა და სკამის საზურგეზე გადაწვა. აშკარად სახსრების ტკივილს უჩიოდა. სიარულიც უჭირდა და როგორც ჩანს, ჯდომაც. _ მისი ამჟამინდელი ცოლი ცნობილი ბალერინა კირა გაბაშვილია... ბერიკაცმა ისე გაუღიმა, ლელის გააჟრიალა. იცის, ყველაფერი ზედმიწევნით იცის და იმაზე მეტიც, ვიდრე საჭიროა. ლელის მოეჩვენა, რომ ეს მგლისთვალება სუბიექტი მის აზრებს სკანირებას უკეთებს. წვაც კი იგრძნო შუბლის არეში. გაუკეთოს! ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. ლელის ერთადერთი აზრი აქედან გაღწევა და დედამთილთან დატოვებული ბავშვის ნახვაა. სრულიად ტრივიალური, ქალური სურვილი. _ თორნიკემ უახლოესი გარემოცვის ფული მიითვისა და შვეიცარიის ბანკში გადამალა. _ ფული! ნუთუ ყველაფერი ფულით იზომება? _ ლელიმ სიმწრით გააქნია თავი. _ არ მითხრა, ფული ხელის ჭუჭყიაო. არ დავიჯერებ. _ ჩაიქირქილა ბერიკაცმა და თითები გაატკაცუნა. _ თუკი ასე ვფიქრობ? _ ნამეტანი სასიამოვნო `ჭუჭყი~ ყოფილა თუკი მის მოსაპოვებლად შეგიძლია ღირსებას მიაფურთხო, მეგობარი დააღალატო... _ ვინ მეგობარი? _ ჩაეკითხა ლელიმ. მისი კითხვა ჰაერში დაეკიდა. ოთახში ქონდრისკაცი შემოვიდა კაკაოს ჭიქით ხელში. ლელის დაუდგა და უწინდელი ადგილი დაიკავა. _ მე დიდი ხანია ვიცნობ თორნიკეს, _ სინანულით განაგრძო კაცმა. _ ჯეელობაში კარგი ბიჭი, მაგრამ უმწიფარი მოხვდა პოლიტიკაში, ფსიქოლოგიურად გატყდა. ეს ყველა ახალგაზრდა ჩინოვნიკის ჯვარია. ნებისმიერ ასაკს თავისი კოდესი აქვს. მათ ნაადრევად მიიღეს ის, რასაც ნორმალურ ქვეყნებში წლები სჭირდება. ეს იაფფასიანი სადისტები ძალიან ძვირი დაუჯდება ქვეყანას, ძალიან ძვირი... დალიე კაკაო, ნუ გერიდება. ლელიმ კაკაო მოსვა. ვითომ თორნიკეს გულისხმობდა ეს მართლა სადისტი? მოუწყვია აქ ფიტულების გამოფენა და კიდევ თორნიკეს აკრიტიკებს. ლელიმაც იცის,

რომ ქმარყოფილი წმინდანი არაა, რომ არც ისეთი გარეწარია გამორჩენის მიზნით ადამიანი მძევლად აიყვანოს. მანქანის ძრავის ხმაზე სამივემ ფანჯრისკენ მოღრიცეს კისრები. ლელიმ დიმიტრის `პეჟო~ იცნო და ცოტას დააკლდა სიხარულის ყიჟინა დასცა. იმავე წამს მოხუცის ჯიბეში მობილური გამოცოცხლდა. ლელიმ არ იცოდა, რა უთხრეს იქიდან, მაგრამ ბერიკაცის გაქცეული ნაკვთები თავისთავად ცხადყოფდა, რომ კარგი არაფერი. წამოიწია, მხრებზე მოგდებული ჟაკეტი მოისროლა და ქონდრისკაცს ხელით ანიშნა, ფანჯარასთან მიმიყვანეო. _ წინკარში გადი და მანქანა მიზანში ამოიღე. ვიდრე ნიშანს არ მოგცემ, არ ესროლო. ჩემი სოსო ჰყავს მძევლად ნაბიჭვარ თორნიკეს და მის ამფსონს. სოსო! ლელის გონება გაუნათდა. სოსო ვაჩეიშვილი, თორნიკეს სკოლის მეგობარი მეტსახელად ვაჩე. ეს ბებერი მონსტრი კი ბონდოა, ვაჩეს მამა! ალბათ დიმიტრიმ და თორნიკემ ვაჩე მძევლად აიყვანა. რა საშინელებაა... ლელი ფანჯარას მიუახლოვდა და ყურები ცქვიტა. მეორე ოთახიდან ჩახმახის ტკაცუნი მოესმა. ეს ქონდრისკაცი ასრულებდა შეფის ბრძანებას. ბონდი კი ისევ მობილურს მიუბრუნდა: _ გისმენ. რისი თქმა გინდოდა?... ბონდო ბიძია არ უნდა მაგას! _ მოულოდნელად აფეთქდა. _ ბიძია-ბაბუა მაშინ უნდა გაგხსენებოდა სხვის ფულს რომ იჯიბავდი... რაო, ჩემი არ არის?... ჩემი და ჩემი შვილის რამ გაყო, შე ღორის გაგდებულო, შენა! ენას კბილი დააჭირე და მისმენე. იტყვი კოდს, მიიღებ ლელის. არ იტყვი, მიიღებ ლელის თავს. ლელი გაოგნებელი მზერა ბონდისკენ გააპარა, ხომ არ ხუმრობსო. ყბის კანკალზე ეტყობოდა, რომ არა. რა ეხუმრება? იქ, გზისპირას მდგარ მანქანაში მისი შვილის ჰყავდათ მიზანში ამოღებული. _ ააა, შენი ვარიანტიც გაქვს? _ ბოროტად ჩაიქირქილა ბონდომ. _ აბა, ჩამოაკრისტალე... კოპებშეკრულმა მოუსმინა, მერე კი სოსოსთან დალაპარაკება ინება. _ მამა შენ და ზახრუმა! _ ისე დაიყვირა, ნაოჭებით დაღარული ლოყები აუცახცახდა. _ როგორ მოახერხე, ბედოვლათო! ხმა, კრინტი არ გავიგო... თანახმა ვარ, სხვა გზა დამიტოვე? მოსაკლავი კი ხარ, მაგრამ ჩემი ხელით, ჩემი... კარგი, დამალაპარაკე ის პარაზიტი... თორნიკე. ვინ!... ბონდო ფანჯარას მოშორდა და მობილურიანა მეორე ოთახისკენ გაემართა ქონდრისკაცის შესამოწმებლად. ის წინკარში ჩასაფრებულიყო, როგორც ჰქონდა ნაბრძანები. _ უჩემოდ ნაბიჯი არ გადადგა. _ ესროლა ჩრდილივით ადევნებულ ლელის და მობილური ყურთან მიიდო. _ თორნიკე, სოსოს თმის ღერი რომ ჩამოვარდეს, პასუხად ლელის აჯაფსანდალს მიიღებ. იმ შენს ნაპარნიკსაც უთხარი, ტრაკი დააყენოს, თორემ დავტოვებ ღრძილებით. ახლა კარგად მისმინე: შემოდიხარ ეზოში, ხუთ ნაბიჯს გადადგამ, იქ ჩემი კაცი დაგხვდება, კოდს ეტყვი და ფეხს არ მოიცვლი, ვიდრე კოდის სისწორეს არ გადავამოწმებ. ოცამდე დავითვლი და ვიწყებ. ბონდომ მობილური დაკეცა და დამცინავად გახედა ლელის: _ აკი ფეხებზე ვკიდივარო? `ეჰ, სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ვარდენ...~ _ ამ სიტყვებით ბონდიმ ლელი წინ გაიგდო, წინკარში გამოვიდა და ეშმაკმა უწის საიდან აღმოცენებული პისტოლეტი ფერდებსშუა ატაკა. _ დაითვალე, შენს გაზრდას... ლელიმ ოცამდე დაითვალა. მერე ოცდაათამდე, ორმოცამდე... თორნიკე კი არ ჩანდა. _ ასეც ვიცოდი, ჩაიკუკა შენმა ძვირფასმა ქმარმა. _ არაა, ჩემი. კირა უნდა აგეყვანათ... ლელიმ სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, რომ ჭიშკარში ჯერ თორნიკე გამოჩნდა, მერე ვაჩე, ბოლოს დიმიტრი - ვაჩეზე დამიზნებული პასტოლეტით.

_ ამხანაგო ბონდო, _ შორიდან დაიძახა დიმიტრიმ. _ თქვენი პირობა ძალაშია, მაგრამ მცირეოდენი კორექტივების შეტანა დაგვჭირდა. ვიდრე თორნიკე და ლელი სამშვიდობოს არ იქნება, ვაჩეს ვერ გამოვუშვებ. _ ეს ვინ ჩემი ფეხებია... _ ჩაილაპარაკა ბონდომ და ლელის წინ უბიძგა. _ გამომევი. _ ესროლა მოაჯირთან ჩამუხლულ ქონდრისკაცსაც. _ არაფერი მიჰქარო, მამა, _ დაიყვირა ვაჩემ. _ მანდ გაჩერდი და დაუჯერე რასაც გეტყვიან. ბონდოს სამეული გაჩერდა. ჭიშკართან შექუჩულებს თორნიკე გამოეყო. რობოტივით მოდიოდა, გულზე მიდებული ხელითა და არაბუნებრივად გაჭიმული ფეხებით. რომ არა მწუხარე გამომეტყველება, იფიქრებდი გზადაგზა ჰიმნს უსმენსო. ხუთი ნაბიჯი გადადგა და გაჩერდა. აქეთა ფლანიდან ქონდრისკაცი დაიძრა. ორი ნაბიჯიც არ ექნებოდა გავლილი, რომ თორნიკემ უცნაური მოძრაობა გააკეთა: წელში მოიხარა, წაბარბაცდა და პირქვედამხობილი გაიშოტა ვაშლის ყვავილით გადაპენტილ ბალახზე. _ ვინ ისროლა? _ ბოლო ხმაე იბღავლა ბონდომ. დიმიტრიმ იარაღი დაუშვა და წამებში გაჩნდა თორნიკესთან. გადმოაბრუნა, ქუთუთო გადაუწია, ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა, გულის მასაჟი გაუკეთა... ლელი ჩაბეტონებულივით იდგა. რაღაც არაბუნებრივი, გამაყრუებელი სიჩუმე იდგა ირგვლივ. შეიძლება იმიტომ, რომ სროლის ხმას ელოდა და ვერ გაიგო. თუ მაინც გაისროლეს? არააა... დიმიტრიმ ბალახზე დაეხეთქა და უმწეო ბრაზით მოღრეცილი პროფილი ცისკენ მიმართა. თითქოს ზევიდან ელოდა შველას. თორნიკე აღარ არის, მიხვდა ლელი. ის არ მოუკლავთ, ის თავისი სიკვდილით მოკვდა... ახლა, ამ წუთას, ამ გაზაფხულზე... ერთი წლის შემდეგ თბილისში ისევ წვიმდა. პრაქტიკულად ყველაფერი შეიცვალა ამინდის გარდა. თორნიკეს სიკვდილმა კირა აიძულა შეცვლილი გვარ-სახელით გადახვეწილიყი საზღვარგარეთ. ვაჩე ციხეში იხდის სასჯელს, ლოგინად ჩავარდნილი ბონდო სიკვდილს ნატრობს და არ კვდება. ლელი შვილებთან ერთად ლონდონში გადაბარგდა საცხოვრებლად, სახლის ყიდვას და იქ დაფუძვნებას აპირებს. იმ დილით კი დიმიტრიმ ლელისგან მესიჯი მიიღო. უფრო სწორედ, ანგარიშის ნომერი. სავარაუდოდ, ლელიმ თავისი ინიციატივით გადაწყვიტა პატივი ეცა ადამიანისთვის, ვინც პირნათლად შეასრულა თორნიკეს დანაბარები და მის ყოფილ ცოლს სრულიად უანგაროდ გაუმხილა საბედისწერო კოდის ნომერი. დიმიტრიმ თავი უხერხულად იგრძნო. ის სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში. პრინციპში, არ ეკუთვნის. მეორე მხრივ, თუკი შემთხვევითობა კანონზომიერების ერთ-ერთი რგოლია, რატომაც არა?!

დასასრული 2004

View more...

Comments

Copyright ©2017 KUPDF Inc.
SUPPORT KUPDF